თეონა გურგენიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგისტრატურაზე სწავლობს. სტუდენტი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მის მსგავსად, სხვა ბევრი სტუდენტი აღმოჩნდა ფინანსური პრობლემების წინაშე, რადგან დამატებითი შეზღუდვების ამოქმედების გამო, სტუდენტებმა სამუშაო დაკარგეს. შესაბამისად, ვერც სწავლის საფასურს ვერ იხდიან.
„დაიხურა კაფეები, მაღაზიები და სხვადასხვა ობიექტი, სადაც ბევრი სტუდენტი იყო დასაქმებული. მე, პირადად, ბევრი სტუდენტისგან მოვისმინე, რომ ორთვიან უხელფასო შვებულებაში გაუშვეს. ამ მდგომარეობაში მყოფი სტუდენტები მოვითხოვთ, რომ უნივერსიტეტებმა გადაგვივადონ სწავლის გადასახადი, ან შეგვიმცირონ“, – ამბობს თეონა.
სწავლის გადასახადის შემცირების ან გადავადების თემა სტუდენტურ ჯგუფებშიც განიხილება აქტიურად – ბევრი სტუდენტი წერს, რომ რადგან დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის გამო უნივერსიტეტებმა დაზოგეს კომუნალური თუ სხვა ხარჯები, ადმინისტრაციებმა უნდა იფიქრონ სწავლის საფასურის შემცირებაზეც.
„როცა უნივერსიტეტის შენობაში ვსწავლობდით გვქონდა გათბობა, ინტერნეტი, ვსარგებლობდით ბიბლიოთეკით, დაახლოებით 8 კორპუსი ექნება ხომ უნივერსიტეტს და ამ კორპუსების გათბობის და განათების ხარჯები ხომ მოაკლდათ? სტუდენტებს ისიც კი არ ესმით, რატომ იხდიან ონლაინსწავლების დროს იგივე გადასახადს, რასაც პირდაპირის დროს ვიხდიდით. ის მაინც გვითხრან, რა თანხა დაზოგეს ამ პერიოდში“, – ამბობს თეონა გურგენიძე.
მისი თქმით, ილიაუნს ჰქონდა განცხადება, რომ თუკი სტუდენტს სწავლის საფასურის გადავადება სურდა, 28 ნოემბრამდე უნდა მიემართა ადმინისტრაციისთვის.
„ბევრმა ვერ მოახერხა განცხადების შეტანა. მოგვიანებით დაამატეს შაბლონი, თუმცა ეს ეხება მხოლოდ იმ სტუდენტებს, ვისაც გადანაწილებული ჰქონდა სწავლის გადასახადი და ვადების შეცვლას ითხოვდა.
მე, პირადად, პირველი სემესტრის გადასახადი შევიტანე, მაგრამ დეკემბრის ბოლოს 375 ლარი უნდა შევიტანო და ვფიქრობ, რომ ამ თანხის გადახდა გამიჭირდება. მსგავს მდგომარეობაშია ბევრი სხვა სტუდენტიც“, – გვეუბნება თეონა.
„ბათუმელები“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს აღნიშნულ საკითხზე დაუკავშირდა და ჰკითხა – აპირებენ თუ არა სტუდენტების თხოვნის გათვალისწინებას ფინანსურ შეღავათებთან დაკავშირებით. თუმცა, უნივერსიტეტს ამ დრომდე არ გაუკეთებია რაიმე განმარტება.
რაც შეეხება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვეუბნებიან, სწავლის გადასახადების გრაფიკსა თუ შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, სტუდენტმა უნივერსიტეტს ოფიციალურად უნდა აცნობოს და მისი განცხადება ინდივიდუალურად განიხილება.
„ბათუმელები“ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტსაც დაუკავშირდა, სადაც ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კახა კუპატაძე გვეუბნება, რომ უნივერსიტეტს დისტანციური სწავლების პერიოდში ხარჯები არ დაუზოგავს და თითქმის იგივე ხარჯები აქვს, რაც პირისპირ სწავლის პერიოდში ჰქონდათ.
„ხარჯებს ვერ ვზოგავთ, რადგან შესაძლოა სტუდენტი შენობაში არ დადის, მაგრამ ადმინისტრაცია და სხვა სამსახურები მუშაობენ და ახლაც კი ჩართულია გათბობაც და ელექტროენერგიაც. აკრედიტაცია-ავტორიზაციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, თუ 3 წლის წინ 5-6 კორპუსში გვქონდა გათბობა, დღეს 12 კორპუსში გვაქვს. ესეც დამატებითი ხარჯია. ეპიდემიიდან გამომდინარე გაიზარდა სადეზინფექციო საშუალებების ხარჯებიც.
გარდა ამისა, ის სტუდენტები, ვინც ლაბორატორიებში მუშაობენ და პრაქტიკულები აქვთ, მოდიან უნივერსიტეტში. ის სტუდენტებიც მოდიან, ვისაც ცნობები სჭირდებათ, დოკუმენტები, ინვოისები, ზოგი სოციალურ ბაზაშია და დაფინანსებისთვის სჭირდება ცნობა. ასე რომ, ხარჯებს უნივერსიტეტი ვერ ამცირებს“, – გვეუბნება კახა კუპატაძე.
მისი თქმით, სტუდენტებს სწავლის გადასახადი 4 ნაწილად აქვთ გაყოფილი. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ამ გადანაწილებულ თანხას მაინც ვერ გადაიხდიან, უნივერსიტეტი კიდევ შესთავაზებს გადავადებას.
„ეხლა ჩვენ სტატუსი შევუჩერეთ 50-მდე სტუდენტს და ისიც იმათ, ვინც არც ონლაინ ესწრებოდა ლექციებს, არც განცხადებით მოუმართავს, არც სოციალურმა დახმარებამ იმოქმედა, არც სტუდენტური დახმარების პროგრამამ. მათ არანაირი აქტივობა არ უფიქსირდებათ ლექციებზე და არც განცხადებით მოუმართავთ, ამიტომ შევუჩერეთ სტატუსი.
ის სტუდენტი, ვინც სახელმწიფო დახმარების არცერთ კატეგორიაში არ მოხვდა, მათ ასევე შესთავაზებს უნივერსიტეტი მათზე მორგებულ გადახდის გრაფიკს. ასეთი დაახლოებით 2 500-მდე სტუდენტი გვყავს და აქედან ათასზე მეტმა უკვე მოგვმართა განცხადებით“.
კახა კუპატაძის თქმით, თუ სტუდენტი აქტიურია, 50 ლარიც რომ შეიტანოს სწავლის გადასახადი დათქმულ დროს, დარჩენილ თანხას უნივერსიტეტი მაინც გადაუვადებს და სტატუსს არ შეუჩერებს.
სწავლის გადასახადის შემცირების მოთხოვნით პეტიციას ავრცელებდნენ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც, რაზეც 2 341 სტუდენტმა მოაწერა ხელი. ბსუ-ს ადმინისტრაციის პოზიციაა, რომ ფინანსური პრობლემების შემთხვევაში სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს ადმინისტრაციას და მისი საკითხი ინდივიდუალურად განიხილება.
ფოტო: ბსუ-ს twitter-დან