მთავარი,სიახლეები

რა გაძვირდა და რამდენით – პროდუქტის ფასები ლარის გაუფასურების შემდეგ

22.07.2019 • 3324
რა გაძვირდა და რამდენით – პროდუქტის ფასები ლარის გაუფასურების შემდეგ

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ერთ-ერთი სუპერმარკეტის კონსულტანტი – სევერიან ხინკილაძე რძის პროდუქტებს ეტიკეტს უცვლის. „რძის პროდუქტები უკვე 10 თეთრით გაძვირდა და შესაცვლელიაო,“ – ამბობს ის და რძის პროდუქტების მაცივრის თაროზე ჯერ კიდევ შემორჩენილ ძველ ფასებს მაჩვენებს. ბოლო პერიოდში ლარის გაუფასურების და საკვები პროდუქტების გაძვირების გამო ფასების ეტიკეტებს ახლა თითქმის ყველგან და ყველაფერზე ცვლიან.

რძის პროდუქტები 10 თეთრით გაძვირდა

„ყველაფერი გაძვირდა, ზოგ პროდუქტს 20 თეთრი დაემატა, ზოგს – 50. მაგალითად, შაქარს აქამდე ლარ-ნახევრად ვყიდდით, ახლა კილო შაქარი 1 ლარი და 70 თეთრია, მაკარონი 50 თეთრით გაძვირდა, ბრინჯი და წიწიბურა არ გაძვირებულა. ბრინჯი ისევ ლარი და 60 ღირს, წიწიბურა – 1 ლარი და 80 თეთრი. ენერგეტიკული სასმელი „ბუმიც“ გაძვირდა 20 თეთრით, პური არ გაძვირებულა ჯერ და ესაა მთავარი,“ – ამბობს სევერიან ხინკილაძე.

ამ და სხვა სუპერმარკეტების კონსულტანტების თქმით, ყველაზე მეტად ფასის ზრდა გაყინულ პროდუქტებზე აისახა. მაგალითად, გაყინული ქათმის საშუალო ფასი ახლა 7 ლარიდან იწყება. კონსულტანტების განმარტებით, ბოლო ორი თვის განმავლობაში გაყინული ხორცის პროდუქტებზე ფასი საშუალოდ 1 ან 2 ლარით გაიზარდა.

„რასაც მაღალი ფასი ჰქონდა, ის არ გაძვირებულა. მაგალითად, ზეთი დიდ ბოთლებში 17 ლარი და 50 თეთრი რომ ღირდა, ახლაც იგივე ფასი აქვს. მაგრამ 2 ლარით გაძვირდა მზესუმზირის ის ზეთი, რომელიც 13 ლარი და 50 თეთრი ღირდა. ღარიბი ფენისთვის გაძვირდა ისევ ცხოვრება“, – გვითხრა ერთ-ერთი სუპერმარკეტის კონსულტანტმა, დავით ვერძაძემ.

ივლისში შაქარი 20 თეთრით გაძვირდა.

საკვები პროდუქტების გაიაფებაზე საუბრობენ ბათუმის აგრარული ბაზრის მოვაჭრეები. „გახედეთ რიგებს, მყიდველი არავინაა და ვინ მოუმატებს ფასს,“ – ირწმუნებიან აქ.

საქონლის რბილ ხორცს აგრარულ ბაზარში საშუალოდ 17-19 ლარად იყიდით, ქათმის ხორცის ფასი კი 6 ლარი 50 თეთრიდან იწყება. „6 ლარშიც გამოვაო,“ – გვითხრა მოვაჭრემ, როცა დახლს მოვშორდით. ვენერა გორგაძის თქმით, ერთი თვის წინ კილოგრამ ქათამს საშუალოდ 7 ლარად ყიდდა.

ბაზარში იმერული ყველი საშუალოდ 8 ლარი ღირს, სულგუნი – 12 – 14 ლარი. „მარტო სულგუნს მოვუმატეთ თითო ლარი, ზაფხულია და ვითომ მაინც გაიყიდებაო,“ – დასძენენ ყველით მოვაჭრეები.

ნიგვზისა და ბოსტნეულის გამყიდველების თქმით კი, ლარის გაუფასურება მათ დახლებს არ შეხებია: კილოგრამი ნიგოზი 15 ლარი ღირს, ქართული ნიგოზი – 20. კარტოფილის საშუალო ფასი – 1 ლარი და 20 თეთრიდან იწყება.

მერყევია კიტრისა და პომიდვრის ფასები. მაგალითად, იზოლდა ქოქოლაძე ამბობს, რომ სახლის კიტრს გასულ თვეში 2 და 3 ლარად ყიდდა, ახლა კი, სახლის კიტრის ფასი ლარ-ნახევარია, სათბურის – 70 თეთრი. აგრარულ ბაზარში კილოგრამი პომიდვრის შესაძენად 2,50 – 3,50 ლარი დაგეხარჯებათ.

 

ლარმა მორიგი მკვეთრი გაუფასურება გასული თვის მეორე ნახევრიდან დაიწყო. ამჟამად 1 დოლარის შესაძენად  2.88 ლარის გადახდა მოგიწევთ ბათუმის ქუჩებში.

გუშინ, 21 ივლისს, კიდევ ერთხელ – 4-5 თეთრით გაძვირდა ბენზინიც. შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია, რა გავლენას იქონიებს ბენზინის გაძვირება საკვებ პროდუქტებზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: