„ეს სპეცრაზმი აარა, ჩვეულებრივი საპოლიციო ძალებია, შსს-ს წარმომადგენლები არიან. უბრალოდ, როტაცია ხდება პერიოდულად,“ – უთხრა „ბათუმელებს“ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა კოტე ანანიაშვილმა. მას აჭარის მთავრობის სახლთან ახლოს, თეატრის წინ პოლიციის მანქანების და სამართალდამცველების ახალი მობილიზების შესახებ ვკითხეთ.
პოლიციის მანქანების გვერდით დგას ლურჯი ავტობუსიც.
აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციები გრძელდება. დღეს აქ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ აქციის 4 მონაწილე დააკავეს, ერთი ადამიანი კი დაშავდა. ადმინისტრაციული წესით დაკავებულების საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოს ჯერ არ განუხილავს.
დაპირისპირება აქციაზე მას შემდეგ დაიწყო, როცა აქციის მონაწილეებმა დღესაც ჰელიუმის ბუშტები გაუშვეს თორნიკე რიჟვაძის სამუშაო კაბინეტისკენ.
დღეს, პირველ დეკემბერს, საპროტესტო აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლის წინ სავაჭრო ჯიხურების ჩადგმას აპირებენ მათთვის, ვინც პანდემიის დროს ამოქმედებული შეზღუდვების შედეგად უმუშევარი დარჩა.