21 აგვისტოს ბათუმში განახლებული კაფე „ფანტაზია“, რომელსაც ბათუმში ძირითადად „რვაფეხას“ უწოდებენ, საზეიმოდ გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმის მერთან და აჭარის მთავრობასთან ერთად. „რვაფეხას“ გახსნას არ ესწრებოდნენ ის ადამიანები, რომელთაც ბათუმის „რვაფეხა“ დანგრევას გადაარჩინეს.
რომ არა ბათუმელი აქტივისტების, კულტურული მემკვიდრეობის დამცველების აქტიურობა და აქციების სერია, „რვაფეხას“ 2014 წელს დაანგრევდნენ და ამ ადგილას სასტუმრო „ჰილტონი“ ორ საცურაო აუზს ააშენებდა.
კაფე „ფანტაზია“, იგივე „რვაფეხა“, ბათუმის ბულვარში გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა და მალევე იქცა ბათუმის სავიზიტო ბარათად. მოზაიკით მოპირკეთებული უცნაური ფორმის შენობა არქიტექტორ გიორგი ჩახავას და მხატვარ ზურაბ კაპანაძის ესკიზის მიხედვით შეიქმნა.
2012 წელს კაფე „რვაფეხა“ უკვე გაჩანაგებული და ფაქტობრივად, საზოგადოებრივ საპირფარეშოდ ქცეული იყო. მისი განახლების გეგმა არსებობდა, თუმცა გეგმა მხოლოდ იდეის დონეზე რჩებოდა.
2014 წელს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ „რვაფეხას“ დანგრევა ემუქრებოდა, ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დამცველებმა აქციები დაანონსეს. „ბათუმელების“ არქივში ამ აქციების შესახებ არაერთი მასალა იძებნება.
„ბოლო პერიოდში გვესმის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კაფე “ფანტაზია” არ ექვემდებარება აღდგენას, რეაბილიტაციასა თუ რემონტს. ადგილობრივი ხელისუფლების ორაზროვანი განცხადებები გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს ძეგლის მიზანმიმართულ დისკრედიტაციასთან. ამავდროულად ფარული თუ ნახევრად ღია მოლაპარაკებები კიდევ უფრო ამძაფრებს ეჭვს იმის შესახებ, რომ რვაფეხას მიმართ მიზანმიმართული სახელისუფლებო კამპანია მიმდინარეობს. ბათუმელებო და არა მხოლოდ, გთხოვთ მობრძანდეთ შაბათს 14:00 საათზე, კაფე “ფანტაზია” დასაცავად“, – ეს განცხადება „რვაფეხას“ დამცველებმა 2014 წლის 3 დეკემბერს გაავრცელეს ფეისბუქზე.
იმავე შაბათს ბათუმში, „რვაფეხასთან“ აქცია გაიმართა მოთხოვნით – ბათუმმა შეინარჩუნოს კაფე „რვაფეხა“, რომელიც წლების განმავლობაში იყო ქალაქის სავიზიტო ბარათი და მიენიჭოს მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ამ აქციას მაშინ ბათუმის მერი და უმაღლესი საბჭოს რამდენიმე დეპუტატიც შეუერთდა.
2015 წლის თებერვალში „რვაფეხას“ საკითხზე აჭარის მთავრობა საზოგადოება „ბათომის“ წევრებს და აქტივისტებს შეხვდა, თუმცა „რვაფეხას“ გადარჩენის საკითხი დროში გაიწელა, შენობას ძეგლის სტატუსი არ მიანიჭეს და მხოლოდ 2016 წლის ბოლოს გახდა ცნობილი, რომ გადაწყვეტილება მიღებული იყო და „რვაფეხას“ სავარაუდოდ ფონდი „ქართუ“ აღადგენდა.
„რვაფეხას“ აღდგენა 2017 წელს დაიწყო. 2018 წელს აჭარის ბიუჯეტიდან „რვაფეხას“ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოსაწყობად 197 606 ლარი დაიხარჯა. მოკლე ხანში ცნობილი გახდა ისიც, რომ „რვაფეხა“ თავდაპირველი სახით ვერ აღდგებოდა – ამის შესახებ „ბათუმელებს“ მხატვარ-მონუმენტალისტმა თემურ მჟავანაძემ უთხრა, რომელმაც გასული საუკუნის 80-იან წლებში „რვაფეხას“ მოზაიკით მოპირკეთებაზე იმუშავა.