მთავარი,სიახლეები

თურქი ემიგრანტი ექიმების წყვილი, რომელთა შექმნილ ვაქცინას მსოფლიო ელის

10.11.2020 •
თურქი ემიგრანტი ექიმების წყვილი, რომელთა შექმნილ ვაქცინას მსოფლიო ელის

9 ნოემბერს გერმანულმა კომპანია BioNTech-მა და ამერიკულმა კომპანია Pfizer-მა გაავრცელეს განცხადება იმის შესახებ, რომ მათ შექმნეს ახალი კორონავირუსის ვაქცინა, რომლის ეფექტურობა 90 პროცენტია. 2020 წლის იანვრიდან, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ეს ყველაზე ოპტიმისტური განცხადებაა, რომელმაც მილიარდობით ადამიანს მისცა იმედი, რომ მალე კორონავირუსის პანდემიას კაცობრიობა დაამარცხებს.

ვაქცინის ტესტირება ნოემბრის მესამე კვირამდე გაგრძელდება, შემდეგ კი პრეპარატი მარეგულირებლებს გაეგზავნება დასამტკიცებლად. გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა უკვე განაცხადა, რომ გერმანია ვაქცინის 100 მილიონ დოზას მიიღებს პირველ ეტაპზე, 2021 წლის პირველ კვარტალში.

კორონავირუსის ვაქცინა, რომელსაც ახლა მთელი მსოფლიო იმედით ელის, გერმანულმა კომპანია BioNTech-მა გამოიგონა, რომელიც იმუნოლოგმა უღურ შაჰინმა დაარსა ცოლთან, იმუნოლოგ ოზლემ თურეჯთან და ყოფილ მასწავლებელთან, ავსტრიელ კიბოს ექსპერტთან, პროფესორ კრისტოფ ჰუბერთან ერთად.

უღურ შაჰინი თურქეთში დაიბადა, იგი 4 წლის იყო, როცა მისი მშობლები გერმანიაში გადავიდნენ საცხოვრებლად და „ფორდის“ ქარხანაში დაიწყეს მუშაობა. მედიის ცნობით, შაჰინის მამა მუშა იყო, უღური კი ექიმობაზე ოცნებობდა.

შაჰინმა სამედიცინო განათლება კიოლნის უნივერსიტეტში მიიღო. გერმანულ მედიასთან ის ამბობს, რომ დღის 4 საათამდე ლექციებზე იჯდა, შემდეგ კი გვიან ღამემდე ლაბორატორიაში მუშაობდა და ველოსიპედით მიდიოდა სახლში.

სწავლის დასრულების შემდეგ შაჰინმა იმუნოლოგიისა და ონკოლოგიის მიმართულებით დაიწყო მუშაობა ჯერ კიოლნის, შემდეგ კი ზაარლანდის უნივერსიტეტში, სადაც გაიცნო მომავალი მეუღლე, ოზლემ თურეჯი, სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი, სტამბოლიდან გერმანიაში ემიგრირებული ექიმის შვილი.

2001 წელს ცოლ-ქმარმა დაარსა კომპანია Ganymed Pharmaceuticals-ი, რომელიც ონკოდაავადებების პრეპარატებზე მუშაობდა. ამ კომპანიაში ჩადეს მსხვილი ინვესტიცია გერმანელმა მილიარდერმა ძმებმა, შტრუნგმანებმა. „ფორბსის“ ცნობით, 2016 წელს ეს კომპანია იაპონურმა  Astellas Pharma-მ იყიდა 1,4 მილიარდ დოლარად.

2008 წელს კი წყვილმა, პროფესორ ჰუბერთან ერთად  კომპანია BioNTech-ი დააარსა, კვლავ ძმები შტრუნგმანების ინვესტირებით. მედიის ცნობით, BioNTech-ს დღემდე მრავალი კვლევა აქვს ჩატარებული. 2019 წელს კომპანიამ დადო ხელშეკრულება გეიტსების ფონდთან აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის მკურნალობის კვლევაზე, 2020 წელს კი ცნობილი გახდა, რომ BioNTech-მა გააფორმა ხელშეკრულება ამერიკულ ფარმაცევტულ გიგანტთან, Prifzer-თან SARS-Cov-2 ვაქცინის შესამუშავებლად.

„ფორბსი“ წერს, რომ ჯერ კიდევ თებერვალში უღურ შაჰინმა დაურეკა კატრინ იანსენს, Prifzer-ის ვაქცინების კვლევის განყოფილების უფროსს, და უთხრა, რომ მისი კომპანია მუშაობდა ახალი კორონავირუსის ვაქცინაზე და ჰკითხა, დაინტერესდებოდა თუ არა Prifzer-ი თანამშრომლობით. „მეკითხები? რა თქმა უნდა, გვაინტერესებს!“ – უპასუხა იანსენმა.

ამერიკული კომპანია დათანხმდა 1 მილიარდი დოლარით დაეფინანსებინა პირველი ხარჯები ვაქცინის შექმნისა და პირველადი წარმოებისთვის. „ფორბსის“ ცნობით, ავანსის სახით BioNTech-მა 185 მილიონი დოლარი მიიღო. მაშინ, როცა საზღვრები და ავიამიმოსვლა შეჩერებული იყო, საჭირო მასალა გერმანიიდან აშშ-ში Prifzer-ის ხელმძღვანელების კერძო თვითმფრინავით გადაჰქონდათ.

„ევრონიუსის“ ცნობით, BioNTech-ში, შაჰინის ზედამხედველობით, ვაქცინაზე ორი კვლევითი ჯგუფი მუშაობდა პარალელურად, კვირაში 7 დღე, უფრო სწრაფი შედეგის მისაღწევად. ექიმებს აფრთხილებდნენ, ესარგებლათ მხოლოდ პირადი ავტომანქანით, რათა არ ინფიცირებულიყვნენ და მუშაობა არ შეჩერებულიყო.

ამჟამად უღურ შაჰინი მაინცში ცხოვრობს, 55 წლისაა და BioNtech-ის ოფისში ყოველ დილას ველოსიპედით მიდის. „ფორბსის“ ცნობით, მისი ქონება 2,1 მილიარდს აღწევს და იგი 100 ყველაზე მდიდარი გერმანელის სიაშია.

„დოიჩე ველეს“ ცნობით, ამჟამად BioNTech-ში მუშაობს 1300-ზე მეტი ადამიანი 60-ზე მეტი ქვეყნიდან და თანამშრომლების ნახევარზე მეტი ქალია.

გუშინ და დღეს შაჰინის შესახებ ბევრს წერს თურქული მედია, რომელიც შაჰინის თურქულ წარმოშობას უსვამს ხაზს. მედია ასევე ციტირებს ქრისტიან ოდენდალს, ევროპული რეფორმის ცენტრის მთავარ ეკონომისტს, რომელმაც ემიგრაციასთან კავშირში ტვიტერზე დაწერა, რომ წლების წინ შაჰინის მამა „ფორდის“ ქარხანაში სამუშაოდ ჩავიდა, მისი შვილი კი შესაძლოა გახდეს ადამიანი, რომელიც პანდემიას დაასრულებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: