მთავარი,სიახლეები

რა შემთხვევაში გადავა უცხოეთიდან ჩამოსული პირი თვითიზოლაციაში 8-დღიანი კარანტინის ნაცვლად 

21.10.2020
რა შემთხვევაში გადავა უცხოეთიდან ჩამოსული პირი თვითიზოლაციაში 8-დღიანი კარანტინის ნაცვლად 

საქართველოში უცხოეთიდან ჩამოსული პირი თუ სასაზღვრო პუნქტში წარადგენს ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის საბუთს, ის კარანტინის ნაცვლად დაექვემდებარება თვითიზოლაციაში გადასვლას.

შესაბამისი ცვლილება იზოლაციისა და კარანტინის წესებში დღეს, 21 ოქტომბერს, შევიდა და დღესვე ამოქმედდა.

უცხოეთიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეს თუ PCR კვლევის საბუთი არ ექნება, მას სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევს.

ახალი ცვლილებით:

  • „უცხო ქვეყნიდან ჩამოსულმა პირმა სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინოს საქართველოში ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი, რის შემდგომაც ექვემდებარება თვითიზოლაციაში გადასვლას;
  • PCR ტესტის არმქონე პირი ექვემდებარება საკარანტინო სივრცეში გადასვლას“.

PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთის მქონე „პირის მიერ ივსება სპეციალური განაცხადი  ვებგვერდზე – www.stopcov.ge  განთავსებული ელექტრონული აპლიკაციის მეშვეობით.“ – აღნიშნულია კანონში.

კანონში არ არის დაზუსტებული, რომ PCR კვლევის დამადასტურებელ საბუთში კვლევის შედეგი უნდა იყოს უარყოფითი, რომ პირი კარანტინის ნაცვლად გადავიდეს თვითიზოლაციაში. ან რა ხდება მაშინ, როცა შედეგი არის დადებითი. „ბათუმელები“ განმარტებისთვის საქართველოს მთავრობას დაუკავშირდა.

„თუ უცხოეთიდან ჩამოსული პირის PCR კვლევის შედეგი იქნება დადებითი, ამ შემთხვევაში ეპიდემიოლოგები და ჯანდაცვის წარმომადგენლები საზღვარზე გადაწყვეტენ – ამ პირმა მკურნალობა კოვიდკლინიკაში გააგრძელოს, კოვიდსასტუმროში თუ თვითიზოლაციაში, ანუ ბინაზე“ – გვითხრეს მთავრობის ცხელ ხაზზე.

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ იმის შესახებ, რომ 21 ოქტომბრიდან საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ქვეყანაში PCR ლაბორატორიაში აღებული ტესტის ნეგატიური პასუხის საფუძველზე შემოვიდნენ და გადაინაცვლონ თვითიზოლაციაში, გუშინ, 20 ოქტომბერს განაცხადა.

აღნიშნული გადაწყვეტილება 15 ოქტომბერს დააანონსა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, თუმცა მან ამ წესის ამოქმედების ვადად ნოემბერი  დაასახელა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: