მთავარი,სიახლეები

ქვიარაქტივისტი ბათუმიდან, რომელმაც პრემია „კატო“ მიიღო

01.12.2020 • 1575
ქვიარაქტივისტი ბათუმიდან, რომელმაც პრემია „კატო“ მიიღო

„ვმუშაობ ერთ-ერთ ყველაზე ჩაგრულ ჯგუფთან, ქვიარადამიანებთან. ყოველდღიურად მიწევს ვინერვიულო ადამიანებზე, რომლებიც უკიდურეს საფრთხესა და სიღარიბეში არიან, მდგომარეობაში, რომელშიც მეც ვიყავი.

პანდემიის პირობებში ძალადობის სიხშირე, სიღრმე და სიმწვავე იმატებს. მინდა მათ ვუთხრა, რომ ერთ დროს მეც მეგონა, რომ რაც ჩემს თავს ხდებოდა, ჩემი ბრალი იყო. მეგონა, რომ ეს მხოლოდ ჩემს თავს ხდებოდა. ეს ასე არ არის.

რეალობა, რომელშიც ცხოვრება გვიწევს, უსამართლოა, ჩვენგან დამოუკიდებელი პრობლემებით გამოწვეული უსამართლობა, მაგრამ ეს უსამართლობა ექვემდებარება შეცვლას. ამისთვის მნიშვნელოვანია როგორმე თავი მოვიმაგროთ, მოვითხოვოთ დახმარება. მე მინდა ვუთხრა მათ, რომ აქ არიან გმირი, მებრძოლი ქალები, რომლებიც მზად არიან გაგიწიონ დახმარება. მათ შორის ვიქნები მეც და ჩვენ ეს უნდა შევძლოთ, უნდა გადავრჩეთ, რადგან ვჭირდებით ერთმანეთს და ვჭირდებით ქვეყანას,“ – ეს იყო ქვიარაქტივისტის, მარიამ ქაჯაიას სიტყვა კატო მიქელაძის პრემიის გადაცემისას.

მარიამ ქაჯაიამ პრემია „კატო“ 29 ნოემბერს მიიღო. ქალთა ემანსიპაციისთვის მებრძოლი კატო მიქელაძის სახელობის პრემიას „ქალთა ფონდი საქართველოში“ 2013 წლიდან ყოველ წელს გადასცემს ერთ უფლებადამცველ ქალს საქართველოში.

მარიამი ბათუმში „იდენტობის“ რეგიონულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს. იგი წლებია ქვიარაქტივისტია და სხვადასხვა სექსუალური ორიენტაციის ადამიანების უფლებების დაცვაზე მუშაობს.

მარიამი „ბათუმელებს“ ესაუბრა ადამიანებზე, ვისთანაც ყოველდღიურად უწევს მუშაობა, სისტემურ პრობლემებზე, რაც ქვიარ და არაქვიარ ადამიანებს თანაბრად აქვთ, იმაზე, თუ რა გავლენა მოახდინა პანდემიამ ისედაც მოწყვლად ჯგუფებზე და რატომაა მნიშვნელოვანი პრობლემების დასაძლევად საუბარი, გამოცდილების გაზიარება, როცა საქმე სიღარიბეს, უთანასწორობას, ძალადობას და მსხვერპლობას ეხება.

მარიამ ქაჯაია: ქვიარადამიანებისთვის მეგობრები ხშირად ერთადერთი მხარდამჭერები არიან. მიმოსვლის შეზღუდვამ სოციალიზაციის ეს ერთადერთი შესაძლებლობაც შეუზღუდა მათ პანდემიის პირობებში.

ადამიანებს, ვისთანაც მე ვმუშაობ, რიყავენ ოჯახებიდან, მათ მხარს არ უჭერენ და ნათესავები უპირისპირდებიან. სამწუხაროდ, ესაა მათი ყოველდღიურობა. ბევრს მეგობრისთვის ესემესის მიწერის საშუალებაც არ აქვს და მთელ დღეს ატარებენ ოჯახთან, რომელიც ძირითადად რაღაც ფორმით მოძალადეა, არ მოსწონთ მათი თვითგამოხატვა, მუდმივად ახსენებენ, რომ არ არიან ისეთები, როგორსაც საზოგადოება ელის მათგან, რომ იყვნენ. ამას ემატება ფიზიკური ძალადობის შემთხვევები, რაც ძალიან გახშირდა.

ბოლო სამ დღეში ოჯახში ფიზიკური ძალადობის 3 მძიმე შემთხვევა იყო ქვიარადამაინებზე. სამივე ლესბოსელი გოგოა.

მათ არ იციან როგორ უნდა გამოვიდნენ ამ ყველაფრისგან, ღელავენ ოჯახის სხვა წევრებზეც. ვცდილობ ისინი დავარწმუნო, რომ ძალადობის ნორმალიზებით და დუმილით პრობლემები არ მოგვარდება. მესმის, რომ არ გვაქვს გამართული სერვისები და სახელმწიფოს არ შეუძლია მყისიერი, ღირებული დახმარების გაწევა მათთვის. პოლიციისთვის მიმართვისაც ერიდებათ ქვიარ ადამიანებს, მათგან დახმარების მიღების იმედი არ აქვთ.

ჩვენთან, ძირითადად, ოჯახებში ადამიანები არ არიან ერთმანეთის მხარდამჭერები. ჰეტეროსექსუალი ქალებისთვისაც მოძალადეა ხშირად ოჯახი. ნაცვლად იმისა, რომ ოჯახი იყოს უპირობო სიყვარულის, ზრუნვის და მხარდაჭერის სივრცე, ეს არის ჩაგვრის ინსტიტუტად ქცეული, პირობებით დასაზღვრული, ხშირად მანკიერი ურთიერთობების ფორმა, სადაც ხშირად თავს ბედნიერად არავინ გრძნობს, რა თქმა უნდა, არც მოძალადე.

ბედნიერი ადამიანები არ ძალადობენ.

ეს არ არის ცხოვრება – გაწერილი გქონდეს თითოეული თეთრი, რომ შიმშილისგან გული არ წაგივიდეს.

უფიქრია კი სახელმწიფოს ქვიარადამიანების თავშესაფარზე? რომ ეფიქრა გაიაზრებდა კიდეც რა საფრთხის წინაშე შეიძლება იდგნენ ადამიანები მათი სექსუალური, გენდერული იდენტობის გამო.

არამარტო ქვიარების, ზოგადად რიგირთი ადამიანებისკენ არაა მიმართული სახელმწიფო რესურსი. პანდემიაში უსამსახუროდ დარჩენილს როგორ უნდა ეყოს 200 ლარი ეს არ აქვს სახელმწიფოს გააზრებული. ხომ წარმოუდგენელია ადამიანმა თვიდან თვემდე თავი ირჩინოს ამ თანხით.

ეს ანტისოციალური სახელმწიფოა. მას რიგითი ადამიანების ბედი არ აინტერესებს.

პოლიტიკური კლასების, პარტიული ელიტების ინტერესების გატარებითაა დაკავებული სახელმწიფო, პარტიული ელიტები კი ერთმანეთთან მშვენივრად არიან შეთამაშებულები და რესურსს ინაწილებენ, მთელი ძალაუფლება მათ ხელშია. ჩვენ მათი რესურსების მეათედიც არ შეგვიძლია გვქონდეს.

არის ასეთი ორგანიზაცია – „თემიდა“, რომელიც ისევ მოხალისეთა ძალისხმევით ცდილობს მოაგროვოს ქვიარადამიანების თავშესაფრის ასაშენებლად სახსრები. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ხშირად არ იციან ადამიანებმა თავი სად შეაფარონ თავი, ცხოვრობენ ჯგუფებად, 3-4 ინაწილებს ხოლმე ერთ პატარა ოთახს. აქამდეც სამსახურების კაპიკებით ირჩენდნენ თავს და დღეს საერთოდ არ იციან სად წავიდნენ. ისევ ერთმანეთის გვერდით დგომით გააქვთ თავი. ეს ჩემთვის სანიმუშო და სამაგალითოა, მაგრამ ეს არ არის ცხოვრება – გაწერილი გქონდეს თითოეული თეთრი, რომ შიმშილისგან გული არ წაგივიდეს.

მარიამ ქაჯაია. ფოტო: FB

სისტემა ცდილობს წარმოაჩინოს, რომ თითქოს ლგბტ ადამიანები ღუპავენ საქართველოს და არა სიღარიბე და შიმშილი.

ძალიან რთულად წარმომიდგენია, რომ ჩაგვრის მსხვერპლებმა უცებ რაღაც მოითხოვონ და რეალობა შეიცვალოს ქვეყანაში. მეეჭვება, რომ რადიკალური ცვლილებების მოხდენა მცირე დროშია შესაძლებელი. ჩვენც, ორგანიზაციებიც ძალიან სუსტები ვართ, რადგან არ გვაქვს დიდი რესურსი, თუნდაც ადამიანური.

პირველი რაც გვჭირდება, ერთმანეთის გვერდით დგომაა – ქვიართემსაც, საზოგადოებასაც, ჩაგრულ ჯგუფებს, რითაც და როგორც შეგვეძლება. მეორე არის ის, რომ ორგანიზაციებს თავიანთი პასუხისმგებლობა აქვთ და უნდა სთხოვდნენ მუდმივად სახელმწიფოს უზრუნველყოს ცხოვრების, განვითარებისთვის თანასწორი პირობები.

ბევრი საერთო პრობლემა გვაქვს, პირველ რიგში სიღარიბე, ხარისხიან განათლებასა და ჯანდაცვაზე არახელმისაწვდომობა. ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი ხომ ყველას თანაბრად გვეხება?

ის, რაც მე მაწუხებს, აწუხებს ვაშლის გამყიდველსაც ბაზარში. ჩვენ ერთმანეთს ხელოვნურად გვაპირისპირებენ, ამის მიღმა უნდა გავიხედოთ და გავაცნობიეროთ – ეს ჩვენი ნამდვილი დაპირისპირება არ არის, ჩვენ არ განვსხვავდებით ერთმანეთისგან, პირიქით – ერთ მხარეს ვართ ჩვენი პრობლემებით.

უბრალოდ, ძალაუფლების მფლობელი სისტემა ცდილობს ერთმანეთის საწინააღმდეგოდ მოგვმრთონ და წარმოაჩინონ, რომ თითქოს ლგბტ ადამიანები ღუპავენ საქართველოს და არა სიღარიბე და შიმშილი.

ამ დაპირისპირებაში ვიღაცები თავს ინიშნავენ, როგორც პროგრესულები, მეორე ნაწილი „ბნელებად“ ირაცხებიან. მიდის ეს ცრუ დაპირისპირება ბნელებად მონათლულებსა და პროდასავლურად თავმომწონეებს შორის.

ისე წარმოგვაჩენენ ქვიარადამიანებს, თითქოს დასავლეთიდან ვიყოთ ჩამონერგილები – ბევრ ჩვენგანს დასავლეთის ქვეყნებში ფეხიც არ დაუდგამს. არ ვიზიარებთ „ბნელებად“ დასავლელებად და პროგრესულებად მონიშვნის რიტორიკას, რადგან ჩვენ ვართ ჩვენ.

ეს ხელოვნურად წარმოქმნილი დაპირისპირების კედელი და ბარიერები გასანგრევია. რადიკალურ ცვლილებებს მხოლოდ ცალკე, ქვიარჯგუფი ვერ მოიტანს. ერთად უნდა ვიბრძოლოთ საერთო უთანასწორობის წინააღმდეგ სხვადასხვა დონეზე. არ ვართ ჩვენ ისეთი ხალხმრავალი ერი, რომ თითოეულმა, რაღაც იდენტობით გაერთიანებულმა ჯგუფმა შეძლოს რადიკალური ცვლილებების მოხდენა. ერთად დგომა, გააზრება სჭირდება იმას, რომ ჩვენ, ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქეები არ ვართ და არც შეიძლება ვიყოთ ერთმანეთის მტრები.

სიღარიბე არ არის ჩვენი ბრალი, ამიტომ არც მასზე საუბარია სირცხვილი. ეს იმ სოციალური უთანასწორობის ბრალია, რომელშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება.

ერთ დროს მეც ვიკავებდი თავს სიღარიბეზე, ჩაგვრაზე ლაპარაკისგან. ეს ამ ქვეყანაში სირცხვილად ითვლება.

ნეოლიბერალურ სამყაროში არსებობს მითები, რომ წარმატებას ცალკეული ინდივიდები აღწევენ მხოლოდ საკუთარი ძალისხმევის შედეგად, რომ არსაიდან შესაძლებელია სიმდიდრის, კეთილდღეობის შექმნა. მითები ბილ გეითსზე, ბიძინა ივანიშვილზე, რომ ღარიბი იყო და თავისით გამდიდრდა და ა.შ.

გვაჯერებენ, რომ თუ ვინმე წარმატებულია ეს მხოლოდ მისი დამსახურებაა, თუ წარუმატებელია – ესეც მისი ბრალია, თითქოს წარმატების განმაპირობებელი გარემოებები არც არსებობდეს.

ორი მსგავსი შესაძლებლობების თანატოლისგან ერთი აღწევს წარმატებას მეორე – ვერა, ერთი იღებს ნორმალურ განათლებას მეორე – ვერ.

 სიღარიბე ჩაკეტილი წრეა. სიღარიბე ართულებს და აფერხებს განათლების მიღების შესაძლებლობასაც, რეგიონებში მცხოვრებ ბავშვებს, რომლებსაც მიწაზე უწევთ შრომა არ აქვთ სრულფასოვან თუნდაც სასკოლო განათლებაზე ისეთი ხელმისაწვდომობა, როგორც ქალაქში მცხოვრებ ბავშვებს. არ აქვთ რეპეტიტორთან სიარულის საშუალება, ჩვენი განათლების სისტემა კი რეპეტიტორებზე დგას.

საჯარო სკოლა, სადაც სწავლა უფასოა, ვერ უზრუნველყოფს დღეს სათანადო და ღირებულ განათლებას, მდიდარს შეუძლია ხუთ წელიწადში იმდენი გადაუხადოს კერძო სკოლაში შვილს, მთელი ცხოვრება რომ ვერ ხარჯავს ღარიბი ამ ქვეყანაში.

ელიტები ისე წარმოაჩენენ სოციალურ უთანასწორობას, თითქოს მათი წარმატება იყოს პრივილეგირებულობა, თითქოს ყველაფერი საკუთარი ძალისხმევის შედეგად ჰქონდეთ და არა განმაპირობებლების, მდგომარეობის წყალობით.

სახელმწიფოა პასუხისმგებელი უზრუნველყოს თანაბარი შესაძლებლობები, მოგვცეს დასაქმების, განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა, დაგვეხმაროს, როცა ჩვენს ჯანმრთელობას სჭირდება.

ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის არქონა მიზეზია იმის, რომ დაბალანაზღაურებად სამსახურში უწევთ ადამიანებს შრომა და არ გეძლევა აღარასდროს სიღარიბიდან ამოსვლის შესაძლებლობა.

განსაკუთრებით რთულია ეს ქალების შემთხვევაში. სიღარიბე ფემინიზებულია. საზოგადოებაში, სადაც კაცები არიან პრივილეგირებულები, ქალები კიდევ უფრო ღარიბები არიან, რაც უფრო დაბალია ქალის სოციალური ცხოვრების დონე, მით მეტადაა ის ჩაგვრის მსხვერპლი.

რაც უფრო იწევს ქალის სოციალური ცხოვრების დონე დაბლა, მით უფრო იზრდება მისი ჩაგვრაც.

ერთმანეთთან საუბარი უნდა შევძლოთ ყველამ, ფართო საზოგადოებამ, რომ სისტემურად დავინახოთ პრობლემები და არა ინდივიდუალური ჯგუფების პრობლემებად.

მხოლოდ ასე შევძლებთ პრობლემების პირველწყაროს დანახვას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: