მთავარი,სიახლეები

გაძვირდება თუ არა პური – რას გულისხმობს ფქვილის სუბსიდირების პროგრამა

01.12.2020 • 1649
გაძვირდება თუ არა პური – რას გულისხმობს ფქვილის სუბსიდირების პროგრამა

პურზე ფასები რომ არ გაიზარდოს მთავრობამ განაცხადა, რომ ფქვილის სუბსიდირებას გეგმავს. სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით კი, სუბსიდირებული 50-კილოგრამიანი პირველი ხარისხის ხორბლის ერთი ტომარა ფქვილის ფიქსირებული ფასი 53 ლარით განისაზღვრა.

პროგრამა, რომელიც ფქვილის სუბსიდირებას ითვალისწინებს და 4 თვის განმავლობაში იმოქმედებს, მთავრობამ 30 ნოემბერს დაამტკიცა.

თუმცა, სუბსიდირება არ გულისხმობს იმას, რომ 50-კილოგრამიანი პირველი ხარისხის ფქვილი ბაზარზეც 53 ლარი ეღირება.

ამ ხარისხის და რაოდენობის ფქვილი უკვე გაძვირებულია და ის, მაგალითად, ბათუმში 63 ლარი ღირს [გაძვირებულია უმაღლესი ხარისხის ფქვილიც. 50-კილოგრამიანი ტომარა, რომელიც 58 ლარი ღირდა დღეს 68-70 ლარი ღირს].

„10-15 დღის წინ პირველი ხარისხის ფქვილის 50-კილოგრამიან ტომარას 52 ლარად ვყიდდი. ახლა ფასი 63 ლარია. დოლარის და ხორბლის გაძვირების გამო მოიმატა ფასმა ყველა სახის ფქვილზე. არ ვიცით, შეიძლება კიდევ გაძვირდეს“, – გვითხრა ერთ-ერთმა გამყიდველმა.

რას ითვალისწინებს ფქვილის სუბსიდირების პროგრამა?

სუბსიდირების პროგრამით შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ფქვილის იმ მწარმოებელმა, რომელსაც 2020 წლის 1-ელ დეკემბრამდე, ბოლო 90 დღის განმავლობაში, ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით რეალიზებული აქვს არანაკლებ 3 000 ტონა ფქვილი.

ამასთან, პროგრამით სარგებლობის შემთხვევაში, ამ მეწარმეს უფლება ექნება სუბსიდირებული ფქვილი მიყიდოს მხოლოდ და მხოლოდ პურის იმ მწარმოებელს, რომელსაც უკანასკნელი 90 დღის განმავლობაში [სექტემბერ-ნოემბერში], ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით, შესყიდული აქვს არანაკლებ 120 ტონა ფქვილი.

ანუ, თუ მეწარმე, რომელიც პურს აცხობს და ბოლო 3 თვეში არ აქვს შესყიდული მინიმუმ 120 ტონა ფქვილი, ის სუბსიდირებულ პირველი ხარისხის ფქვილს [50-კილოგრამიანს] 53 ლარად ვერ იყიდის.

ბუნებრივია, თუ ფქვილი კიდევ გაძვირდა, მცხობელი/მეწარმე, რომელიც გაძვირებულ ფქვილს იყიდის და სუბსიდირებული ფქვილს ვერ შეიძენს, ის პურს კიდევ უფრო გააძვირებს.

როგორც პურის ერთ-ერთმა მწარმოებელმა „ბათუმელებს“ უთხრა, მას დღეს შემოაქვს პირველი ხარისხის ფქვილი, 50-კილოგრამიანი 57 ლარად, რომელსაც პანდემიამდე 47 ლარად, შემდეგ კი 54 ლარად ყიდულობდა. მისივე თქმით, ეს ფქვილი საცალო ქსელში არ იყიდება; იმისთვის, რომ პურის ფასი არ გაეზარდა, პურს 50 გრამი წონაში დააკლო.

ვინ ისარგებლებს ფქვილზე სუბსიდიით, ვის ექნება შესაძლებლობა შეიძინოს ფქვილი 53 ლარად და როგორ იმოქმედებს კონკურენტულ გარემოზე – ეს მას შემდეგ გამოჩნდება, როცა პროგრამით სარგებლობისთვის მეწარმეები სოფლის განვითარების სააგენტოს მიმართავენ და ბენეფიციარები შეირჩევა.

პურზე ფასის შენარჩუნება, სუბსიდიის გარეშე ვერ მოხერხდება – ამის შესახებ საქართველოს  ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამ და პურის მრეწველთა კავშირმა საქართველოს მთავრობას 27 ნოემბერს მიმართეს.

მთავრობამ მეორე დღესვე, 28 ნოემბერს, ფქვილის სუბსიდირების შესახებ განაცხადა, პროგრამა კი, 30 ნოემბერს დაამტკიცა.

აღსანიშნავია, რომ ჯამში 10 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი პანდემიის დასაწყისში ვალუტის კურსის ცვლილების გამო რამდენიმე სასურსათო პროდუქტზე ფასების ზრდის შესაჩერებლად და ცალკე ხორბლის იმპორტის სუბსიდირებისთვისაც [მიუხედავად ხორბლის სუბსიდირებისა და მარაგების შექმნისა, ხორბლის ფქვილი და პური მაინც გაძვირდა].

ამ თემაზე ვრცლად:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/292304/

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: