მთავარი,სიახლეები

ორი პირი დააკავეს აქციაზე აჭარის მთავრობის სახლთან

01.12.2020 • 872
ორი პირი დააკავეს აქციაზე აჭარის მთავრობის სახლთან

აჭარის მთავრობის სახლის წინ მიმდინარე აქციაზე აქციის ორი მონაწილე  დააკავეს. აქტივისტებმა მთავრობის სახლთან ჰელიუმის ბუშტები მიიტანეს და მის გაშვებას ცდილობდნენ, რა დროსაც, დაპირისპირებისას, პოლიციამ აქციის ორი მონაწილე დააკავა.

„მეჭირა ბუშტი და რატომ მომვარდა 50 პოლიციელი?“ – ჰკითხა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ აჭარის პოლიციის უფროსს კოტე ანანიაშვილს.

„გაუშვი ბუშტები, არ არის პრობლემა“, – უპასუხა  ანანიაშვილმა მას. თუმცა პოლიციის უფროსმა იქვე დაამატა, რომ აქციის მონაწილეები ბუშტების გაშვების დროს არ უნდა ავიდნენ ტროტუარზე და არ უნდა გაარღვიონ პოლიციის კორდონი. პოლიცია ტროტუარის იმ ნაწილს იცავს, რომელ მხარესაც აჭარის მთავრობის  თავმჯდომარის კაბინეტის ფანჯრები გამოდის.

გუშინ, 30 ნოემბერს, გამართული აქციის დროს, სწორედ ბუშტების გაშვების გამო დააკავეს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.  ჰელიუმის ბუშტებზე, იყო წარწერა, რომლითაც აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს ხალხთან გამოსვლისკენ მოუწოდებდნენ.  სასამართლომ ბუშტების გაშვებისთვის აქციის მონაწილე 500 ლარით დააჯარიმა.

დღეს, პირველ დეკემბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მთავრობის სხდომის გახსნა საპროტესტო საყვირების ფონზე მოუწია.

მთავრობის სახლთან აქცია ამ წუთებშიც გრძელდება. „მონებო“, „ბუშტების გეშინიათ“ – ისმის აქციაზე შეძახილები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: