მთავარი,სიახლეები

აქტივისტების ბრძოლა ბათუმის გადასარჩენად ქუჩაში, მერიასა და სასამართლოში | ვიდეო

30.11.2020 • 2066
აქტივისტების ბრძოლა ბათუმის გადასარჩენად ქუჩაში, მერიასა და სასამართლოში | ვიდეო

ბათუმის დაბალსართულიან, პატარა სახლებსა და მყუდრო, ხეებითა და ვაზით დაჩრდილულ ეზოებს წლებია ნაცრისფერი, მაღალი კორპუსები ენაცვლება. ბათუმი იცვლება, თუმცა ეს ცვლილებები ხშირად ძველ ბათუმს, ქალაქის ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას განადგურებით ემუქრება.

თითქმის ყოველ ჯერზე, როცა ბათუმში ძველი, ისტორიული შენობის დანგრევაზე ან ქალაქის ხედის მნიშვნელოვან ცვლილებაზე იწყება საუბარი, ბათუმში ისმის სამოქალაქო აქტივისტების ხმა, რომლებიც ქალაქის დასაცავად იბრძვიან ყველგან – ქუჩაში, სასამართლოში, მერიაში, საკრებულოს თუ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში გამართულ სხდომებზე.

რა ამოძრავებთ ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში საპროტესტო აქციებს მართავენ, თავიანთ თავისუფალ დროს ქალაქის საკრებულოს სხდომებზე ატარებენ და ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის სამართლებრივ გზებს ეძებენ?

„სამოქალაქო აქტიურობა არის შინაგანი ვალდებულება. აი, დღეს ხარ შენ და რა ხდება მომავალში? რას უტოვებ შვილებს,  მომავალ თაობას? ეს რომ შენდებოდა, შენ რას აკეთებდიო,  მომავალი თაობა რომ გკითხავს, რას უპასუხებ? თუ არაფერს  გააკეთებ, მოგიწევს უთხრა, რომ მე ვიჯექი სახლში, ვსვამდი ყავას, ვუყურებდი ტელევიზორს… ჩემს  საქმეს ვაკეთებდი და მე ეს არ მეხებოდა. მე ასე ვერ მოვიქცევი.

ამ ქალაქის ისტორიისადმი, წარსულისადმი ჩემმა განწყობამ მიმახვედრა, რომ აუცილებლად უნდა ვყოფილიყავი გარეთ და გამეპროტესტებინა ყველაფერი, რაც არ მომწონდა,“- ამბობს სალომე ცეცხლაძე, სამოქალაქო აქტივისტი.

სალომე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც წლებია ბათუმის დასაცავად იბრძვის.

ბათუმის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად სამოქალაქო აქტივისტებმა ბრძოლა ბათუმში დაახლოებით ათი წლის წინ დაიწყეს და ეს ბრძოლა პირველ რიგში საზოგადოება „ბათომის“ სახელს უკავშირდებოდა.

შოთა გუჯაბიძე საზოგადოება „ბათომის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია.

შოთას ბრძოლა არ არის ერთჯერადი. იგი წლებია ბათუმის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის, ცალკეული შენობების, სივრცეების გადარჩენას ცდილობს.

შოთა ამბობს, რომ ყველა სამართლებრივი გზით იბრძვის:

„ბევრ ფრონტზე ვიბრძვი. ვიბრძვი ქუჩაში, აქციებით. ვმართავ საჯარო შეხვედრებს ხელისუფლებასთან და მაქვს საჯარო გამოსვლები. ვიყენებ სოციალურ ქსელს ინფორმაციის გასავრცელებლად. ვთანამშრომლობ მასმედიასთან – იქნება ეს ტელევიზიები თუ ინტერნეტგამოცემები. ვიბრძვი სამართლებრივი გზებით ამ ქალაქის ისტორიის დასაცავად.

როცა ბრძოლის სამართლებრივ გზას ვირჩევთ, ხშირ შემთხვევაში წინასწარ ვიცით, რომ შეიძლება ბევრი არც არაფერი გამოვიდეს ამ საქმიდან. იმიტომ, რომ რადგან ამ ხელისუფლების პირობებში ის მოხდა, რომ დანაშაული მოხდა, მერე ძალიან ცოტა შანსია, რომ იმავე ხელისუფლებამ გაგამართლოს.

მაგრამ არჩევანი არ გაქვს, სხვა გზა არ გაქვს.

სამართლებრივი ბრძოლა  ბევრ რთულ კომპონენტთან არის დაკავშირებული. იგივე კვალიფიციური ადვოკატის პოვნა რთულია, რადგან ძალიან სპეციფიური ცოდნა სჭირდება. ასევე ფინანსები. თითქმის არაფერზე ძალიან ბევრი თანხა მიდის.  რეალურად ეს ფული არც გვაქვს, მაგრამ რეალურად სხვა გზა არ გრჩება, გარდა  იმისა, რომ სამართლებრივად იბრძოლო,“ – ამბობს შოთა გუჯაბიძე, რეჟისორი და სამოქალაქო აქტივისტი.

შოთა გუჯაბიძე. აქცია „არა ბათუმის ჩაბეტონებას“ ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

ბათუმს დღემდე არ აქვს განაშენიანების რეგულირების გეგმა. პროტესტის მიუხედავად ბათუმში მრავალსართულიანი კორპუსები მაინც შენდება, კულტურული ღირებულების მქონე სახლები მაინც ინგრევა. თუმცა არის შემთხვევებიც, როდესაც მოქალაქეების შეუქცევადმა პროტესტმა შედეგი გამოღო.

თეონა დიასამიძე ერთ-ერთია იმ ბათუმელთაგან, რომელიც ბათუმის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობის – კაფე „ფანტაზიას“, იგივე რვაფეხას გადარჩენისათვის ბრძოლაში ჩაერთო. პერმანენტულმა აქციებმა, რომელსაც აქტივისტები მართავდნენ, შედეგი გამოიღო. ბათუმელმა ახალგაზრდებმა ბათუმს რვაფეხა შეუნარჩუნეს.

თეონა დიასამიძე

„ჩემი შვილი ძალიან პატარა იყო, როდესაც ხელში აყვანილი მოვიყვანე აქ და ერთად ვიცავდით რვაფეხას. ახლა უკვე გაიზარდა. ერთად მოვდივართ და ნაყინს ვჭამთ ხოლმე იმ კაფეში, რომლის გადარჩენაც მოვახერხეთ. გადარჩენილი „რვაფეხა“ არის მაგალითი, რომ ბრძოლა ღირს,“ – იხსენებს თეონა და აგრძელებს:

„ახლა მე ამისთვის რატომ უნდა ვიბრძოლო? რატომ უნდა ვაპროტესტო?“  – ხშირად მომისმენია ეს სიტყვები ჩემი თაობის ადამიანებისგან, მეგობრებისგან… მე კი ვფიქრობ და ეს არის ჩემი აქტივიზმის მთავარი მოტივაცია, რომ  ჩემი სივრცე არ არის მხოლოდ ჩემი სახლი, არ არის ჩემი სახლის წინ პატარა ეზო. ჩემი სივრცე არის მთლიანად  ეს ქალაქი, ეს ბულვარი, ეს შენობა.  აი, ამიტომ უნდა გავაპროტესტო“.

„რვაფეხა“ ერთადერთი არ არის, რომლის გადარჩენა სამოქალაქო აქტივისტებმა შეძლეს ბათუმში. კიდევ უფრო გახმაურებული იყო ბათუმის ბულვარის დასაცავად გამართული აქციების სერია, რომელმაც შედეგი გამოიღო და იმის ნაცვლად, რომ ბულვარის მწვანე ზოლში კაფე-ბარები და ხელოვნური ჩანჩქერის განთავსებულიყო, ბათუმის ძველ ბულვარში სამივე ხეივნი შენარჩუნდა.

ბრძოლა ბათუმის გადასარჩენად ყოველ ჯერზე გამარჯვებით ვერ სრულდება, თუმცა სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ მათ არ შეუძლიათ იყვნენ გულგრილნი, გაჩერდნენ, როცა ხედავენ, რომ ქალაქს მათი ხმა, მათი დაცვა სჭირდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: