განათლება,მთავარი,სიახლეები

პედაგოგების ხელფასი 2021 წლის იანვრიდან 100 ლარით უნდა გაიზარდოს – ბიუჯეტის პროექტი

02.10.2020
პედაგოგების ხელფასი 2021 წლის იანვრიდან 100 ლარით უნდა გაიზარდოს – ბიუჯეტის პროექტი

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, რომელიც საქართველოს პარლამენტში უკვე წარდგენილია, 2021 წლის იანვრიდან „სტატუსის მქონე მასწავლებლების სახელფასო დანამატის ზრდა 100 ლარით არის გათვალისწინებული“.

ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა პედაგოგს, ვისაც უკვე მოპოვებული აქვს მასწავლებლის კარიერული წინსვლის სქემით გათვალისწინებული სავალდებულო სტატუსი (უფროსი, წამყვანი, მენტორი), ხელფასზე 100 ლარი დაემატება იანვრიდან.

2021 წლის ბიუჯეტის პარამეტრების მიხედვით, განათლების სამინისტროს ბიუჯეტი 1 738.1 მლნ ლარითაა განსაზღვრული. „რაც 2020 წლის დამტკიცებულ ასიგნებას 199.2 მლნ ლარით აღემატება“, – ნათქვამია ბიუჯეტის პროექტში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, თანხები ძირითადად მიიმართება შემდეგი პროგრამების განხორციელებაზე:

  1. სკოლამდელი და ზოგადი განათლება – 1 007.5 მლნ ლარი, რაც ამავე დოკუმენტის მიხედვით წინა წლის დამტკიცებულ ასიგნებასთან შედარებით 100.7 მლნ ლარითაა გაზრდილი
  2. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება – 880.0 მლნ ლარი, რაც 2020 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია 92.0 მლნ ლარით.

ბიუჯეტის პროექტში ასევე წერია, რომ მასწავლებელთა ანაზღაურება ყოველწლიურად გაიზრდება მათი კვალიფიკაციის შესაბამისად, თუმცა რამდენი ლარით, დაზუსტებული არ არის.

აქვე შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის 2019 წლის სექტემბრის განცხადებით, სრულ განაკვეთზე მყოფ პედაგოგებს 2020 წლის სექტემბრიდან 150 ლარი უნდა დამატებოდათ ხელფასზე. ამ დანამატთან დაკავშირებით სკოლებს განათლების მინისტრის ბრძანება ამ დრომდე არ მიუღიათ.

________________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: