მთავარი,სიახლეები

162 ლარი კოვიდსასტუმროს ექიმს 24 საათში – რამდენი დაიხარჯა პანდემიის მართვაზე

30.11.2020 • 2114
162 ლარი კოვიდსასტუმროს ექიმს 24 საათში – რამდენი დაიხარჯა პანდემიის მართვაზე

საქართველო ახალ წელს ახალი კორონავირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლითა და ახალი შეზღუდვებით ხვდება. პანდემიის გამო სხვადასხვა ღონისძიებაში და კოვიდის სამართავად ქვეყნის ბიუჯეტიდან 2020 წელს ჯამში 2 მილიარდზე მეტი ლარი დაიხარჯა.

ჯერ კიდევ არ არის დათვლილი დაახლოებით რამდენ თანხას დახარჯავს სახელმწიფო ამ კუთხით 2021 წელს, თუმცა პრემიერის განცხადებით, მოსახლეობის სოციალური დახმარებისა და „ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტისთვის“ 1,1 მილიარდი ლარი გამოიყოფა.

მთავრობამ მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში პანდემიასთან ბრძოლის ღონისძიებების ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც „2020 წელს მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერისთვის 1,04 მილიარდი ლარი უნდა დაიხარჯოს, ეკონომიკისთვის/მეწარმეთა მხარდაჭერისთვის 1,76 მილიარდი ლარი, ხოლო უშუალოდ ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას და პანდემიასთან ბრძოლას 350 მილიონი ლარი უნდა მოხმარდეს“.

კოვიდკლინიკები

იმ დოკუმენტების მიხედვით, რაც „ბათუმელებმა“ მოიძია, კოვიდის მართვის მიზნით, სოციალური მომსახურების სააგენტო ხელშეკრულებებს აფორმებდა საავადმყოფოებთან. სააგენტოს, სხვადასხვა დროს, კლინიკებისთვის ჯამში 84 527 508 ლარის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული საწოლადგილების მობილიზებასა თუ სხვა შესაბამის მომსახურებაზე.

ხელშეკრულებების მიხედვით, კოვიდსაავადმყოფოს სახელმწიფო დღეში 100-120 ლარს უხდის 1 საწოლზე.

2020 წლის 19 ნოემბრიდან კი, „იზოლაციისა და კარანტინის წესებში“ მთავრობამ ცვლილება შეიტანა და ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ სტაციონარულ დაწესებულებას დაავალა, რომ თუ მათთან მყოფი პაციენტი კოვიდით დაინფიცირდება, ამავე სტაციონარში თავად უმკურნალოს. სტაციონარი ასევე ვალდებულია, თავად უმკურნალოს მისსავე სამედიცინო პერსონალს, დაინფიცირების შემთხვევაში.

სოციალური მომსახურების სააგენტოს აქვს გაფორმებული ხელშეკრულებები საკარანტინო სივრცეში მომუშავე მედპერსონალთანაც [ექიმები, ექთნები] ჯამში 4 628 283 ლარზე.

ამ ხელშეკრულებების მიხედვით, საკარანტინო ზონაში მომუშავე ექიმის ანაზღაურება, 24 საათში არის 162,5 ლარი, ხოლო ექთნის – 100 ლარი. ამასთან, თუ ექიმს საველე პირობებში მოუწევს მუშაობა, მას 24 საათში 212,5 ლარს გადაუხდიან [ამ თანხაში შედის საშემოსავლო გადასახადიც].

კარანტინი

საკარანტინო სივრცეები, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობამ მარტის თვიდან შექმნა და ქვეყანაში შემოსული მოქალაქეებისთვის კარანტინის გავლა სავალდებულო გახადა, რისთვისაც მილიონობით ლარი დაიხარჯა და იხარჯება ბიუჯეტიდან.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ხელშეკრულებები 100 მილიონამდე ლარზეა გაფორმებული, საიდანაც თითქმის 80 მილიონამდე ლარი უკვე დაიხარჯა. უშუალოდ სასტუმროებთან კი, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, ხელშეკრულებები 73,3 მილიონ ლარზე აქვს გაფორმებული.

პირველ ეტაპზე სავალდებულო კარანტინი 14-დღიანი იყო. საქართველოში უცხოეთიდან ჩამოსული პირის იზოლაციაში გადასვლა [PCR კვლევის საფუძველზე] და არა კარანტინში, მთავრობამ მხოლოდ 21 ოქტომბრიდან შემოიღო. პარალელურად, სავალდებულო კარანტინიც ძალაშია.

მთავრობის განკარგულებით, სავალდებულო კარანტინისთვის და კოვიდსასტუმროებში პაციენტთა ტრანსპორტირებისთვის, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დამატებით 35 მილიონი ლარი ბოლოს, 6 ნოემბერს გამოეყო.

მთავრობის ანგარიშის მიხედვით, სასტუმროების საკარანტინო სივრცეებად დაჯავშნისას სასტუმროს ნომრის ღირებულება ყოველ ჯერზე წარმოადგენდა მოლაპარაკების საგანს [2020 წლის 10 მარტიდან 21 მარტამდე]. 21 მარტიდან კი „ახალი სასტუმროების საკარანტინო სივრცეებად დაჯავშნისას პროექტში ჩართული ყველა სასტუმროსთვის ამოქმედდა ერთიანი ტარიფი, რომელიც ითვალისწინებს სასტუმროს ნომრის ღირებულებას – 59 ლარს [დღგ-ს ჩათვლით], საიდანაც სამჯერად კვებით მომსახურებაზე ფიქსირებული ტარიფი ყოველი სასტუმროსთვის შეადგენს 25 ლარს“.

მიუხედავად მთავრობის ამ განცხადებისა, „ბათუმელებმა“ გადაამოწმა 21 მარტის შემდეგ გაფორმებული რამდენიმე ხელშეკრულება, საიდანაც ჩანს, რომ ეს „ერთიანი ტარიფი“ სხვადასხვა სასტუმროსთან მიმართებით ერთნაირი არ არის.

მაგალითად, სექტემბერში „სასტუმრო ანაკლიასთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით ერთი ოთახის დღიური ღირებულებაა 55 ლარი, რასაც კვებისა [25 ლარი] და დეზინფექციის თანხაც ემატება. ანუ, ჯამში – 80 ლარი და 25 თეთრი, რაც 20 ლარით აღემატება „ერთიან ტარიფს“.

„ჰოტელ კრუიზთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით კი, ეს თანხა ტარიფის ფარგლებშია – ჯამში 59 ლარი და 18 თეთრი. 59 ლარი და 25 თეთრია „მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმის“ შემთხვევაში.

სასტუმრო ანაკლიასთან 28 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულებიდან

„მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმთან“ გაფორმებული ხელშეკრულებიდან/მომსახურების გაწევის ადგილი: ბათუმი , სასტუმრო „სითი ჰოტელი”.

2020 წლის მარტში კი, მაგალითად, „კურორტ საირმესთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით, ბიუჯეტი სასტუმროს დღეში ერთ პირზე 170,25 ლარს უხდიდა, ნოემბერში გაფორმებული ხელშეკრულებით კი – 80,25 ლარს.

„კურორტ საირმესთან“ 2020 წლის 13 მარტს გაფორმებული ხელშეკრულებიდან

„კურორტ საირმესთან“ 2020 წლის ნოემბერში გაფორმებული ხელშეკრულებიდან

მარტო ამ ხელშეკრულებების მიხედვით, სახელმწიფოს მაგალითად მარტში 1 პირის 14 დღით კარანტინში ყოფნა 2 383 ლარი და 50 თეთრი უჯდებოდა, ხოლო ნოემბერში, 8 დღით – 642 ლარი. თუმცა, ამას ტრანსპორტირების და ტესტირების ფასიც უნდა დაემატოს, ვინაიდან გარდა სასტუმროში განთავსებისა და კვებისა, სახელმწიფო აფინანსებდა მოქალაქეების გადაყვანას კარანტინში და შემდეგ ბინაზე, კარანტინის დასრულებამდე კი, მათ ტესტირებასაც უკეთებდა.

მთავრობის ანგარიშის მიხედვით, 22 მაისისთვის საკარანტინო ზონაში შედიოდა 84 სასტუმრო, საკარანტინო ზონებისთვის კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 32,5 მილიონი ლარი დაიხარჯა.

ანგარიშში მთავრობა მიუთითებს, რომ საკარანტინო ზონების მოწყობაზე მოლაპარაკებას თავიდან 300-ზე მეტ მცირე, საშუალო და დიდი ზომის სასტუმროებთან აწარმოებდა:

„საკარანტინო სივრცედ სასტუმროს შეჩევის პროცესში მთავრობა ეყრდნობოდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კრიტერიუმებს, მათ შორისაა:

  • სასტუმროს მზაობა პროექტში ჩართვისა და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თანამშრომლობისათვის. სამუშაო პროცესში სასტუმროების ნაწილმა განაცხადა უარი;
  • სასტუმროს ადგილმდებარეობა – პრიორიტეტი ენიჭებოდა აეროპორტებსა და სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებთან ახლოს მდებარე განთავსების ობიექტებს; ასევე, მჭიდროდ დასახლებული ადგილებისაგან მოშორებით მდებარე ობიექტებს. თუმცა, მოგვიანებით, განსათავსებელი ნაკადის ზრდასთან ერთად, საკარანტინო სივრცეებად გამოსაყენებელ სასტუმროთა მდებარეობა გასცდა ზემოხსენებული პრიორიტეტების მიხედვით განსაზღვრულ არეალს;
  • ასევე სავენტილაციო სისტემა; საჭირო ინფრასტრუქტურა და მომსახურება [მათ შორის სამჯერადი კვება]; ადამიანური რესურსის ადგილზე მობილიზება საკარანტინო სივრცეებისთვის საჭირო სერვისის უზრუნველსაყოფად“.

მიუხედავად კარანტინისა, ვირუსის გავრცელების მასშტაბის შემცირება ქვეყანაში მაინც ვერ მოხერხდა. ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდამ მთავრობა იძულებული გახადა საკარანტინო ზონები კოვიდსასტუმროებად გადაეკეთებინა, ათასობით ინფიცირებული კი სამკურნალოდ ბინაზე დაეტოვებინა. სამედიცინო სერვისების მიღება საავადმყოფოებში არაკოვიდინფიცირებული პაციენტებისთვისაც პრობლემა გახდა, ხოლო სახელმწიფომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გეგმიური ოპერაციების დაფინანსება შეაჩერა.

საკარანტინო ზონების პროექტს თავად მთავრობა ასე აფასებს: „[პროექტმა] უზრუნველყო როგორც [სასტუმრო] სექტორის წარმომადგენლებისათვის, ისე სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის სამსახურისა და შემოსავლების შენარჩუნება… ხელი შეეწყო არა მხოლოდ COVID19-თან ეფექტიან ბრძოლას, არამედ ისეთი სფეროების წარმომადგენლების ფინანსურ მხარდაჭერას, როგორიცაა: სატრანსპორტო სერვისი, ქეითერინგი და საკვები პროდუქტების დისტრიბუცია, ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება და სხვ.“

გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვები

პანდემიის პირობებში საბიუჯეტო ორგანიზაციები შესყიდვებს ძირითადად უტენდეროდ ახორციელებენ. მარტო 2020 წლის 1-ლი მარტიდან 2020 წლის 22 მაისამდე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და ორგანიზაციის 1 477 მომართვაზე გაიცა თანხმობა გამარტივებულ შესყიდვაზე.

„მთლიანი მომართვების 90% შეეხებოდა COVID19-ის გავრცელების აღკვეთის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიების ფარგლებში, გადაუდებელი აუცილებლობის ვითარების გათვალისწინებით, შესაბამისი საქონლისა და მომსახურების შესყიდვას [სახის დამცავი პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები, სპეციალური ეკიპირებისთვის საჭირო კომბინიზონები, თერმოსკრინინგისთვის აუცილებელი მოწყობილობები, მედიკამენტები, შენობის დეზინფექციის მომსახურება, საკარანტინო სივრცეში გადასაყვანად საჭირო ტრანსპორტის დაქირავების მომსახურება, კვებითი მომსახურება და სხვ. – ჯამური ღირებულება 94 562 594 ლარი]“, – აღნიშნულია მთავრობის ანგარიშში.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ გაზაფხულიდან ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, გამარტივებული წესით 6 503 906 ლარის და 1 329 680 აშშ დოლარის  დამცავი საშუალებები [ქირურგიული ხალათი, ერთჯერადი ქუდები, პირბადეები, კომბინიზონები, ბახილები] და სადეზინფექციო ხსნარი შეიძინა; ამავე წესით შეძენილი იქნა ასევე 971 550 ლარის სამედიცინო მოწყობილობები და 930 ათასი ლარის სადიაგნოსტიკო ტესტ სისტემა.

რა რაოდენობის ტესტი იქნა შემოტანილი საქართველოში [როგორც PCR, ასევე სწრაფი ტესტები], რამდენი იყო მათ შორის ჰუმანიტარული, რამდენი – შეიძინა სახელმწიფომ [და ჯამში რა თანხა დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტიდან] – ეს ინფორმაცია „ბათუმელებმა“ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ არ მოგვაწოდა. ინფორმაცია უწყებიდან ოფიციალირად 11 სექტემბერს გამოვითხოვეთ.

საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგმა შესყიდვების სააგენტოდან 19 ნოემბერს მიიღო თანხმობა 1,5 მილიონი ლარის ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისა და აპარატურის უტენდეროდ შესყიდვაზე.

„ვინაიდან, კოვიდსასტუმროები განთავსებულია არაპროფილურ სივრცეებში, სასწრაფოდ, გადაუდებლად მოსამარაგებელია აღნიშნული სივრცეები შესაბამისი სამედიცინო ინვენტარით და საკარანტინე სივრცეებში [კოვიდ სასტუმროებში] განთავსებული სამედიცინო პერსონალის ინდ. დაცვის საშუალებებით“, – აღნიშნულია ჰოლდინგის განაცხადში.

დოკუმენტების მიხედვით, პანდემიის პერიოდში, საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა გამარტივებული გზით შეისყიდა ჯამში 9 908 485 ლარისა და 59 760 აშშ დოლარის სადიაგნოსტიკო სამედიცინო სახარჯი მასალები, სადიაგნოსტიკო ტესტები, პირადი დაცვის აღჭურვილობა და კორონავირუსის პჯრ მეთოდით დიაგნოსტიკისთვის საჭირო ტესტები.

გამარტივებულ შესყიდვაზე, 1-ლი მარტიდან 28 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, შესყიდვების სააგენტოში სახელმწიფო ორგანიზაციებიდან ჯამში 4 164 განაცხადია შესული.

ბოლო პერიოდში გახშირდა გამარტივებული შესყიდვებით მედიკამენტების, სამედიცინო ინვენტარისა და მოწყობილობების შეძენა. ასევე პანდემიის წინააღმდეგ მიმართული სხვადასხვა მომსახურებების შესყიდვა, არამარტო სახელმწიფო, არამედ მუნიციპალიტეტების და აჭარის ბიუჯეტიდანაც.

სესხი და გრანტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წელს სახელმწიფომ სხვადასხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციისგან ჯამში 540 მილიონი აშშ დოლარი და 1 მილიარდ 59 მილიონ 790 ათასი ევრო ისესხა. ოქტომბრის მონაცემებით სახელმწიფო დამატებით 75 მილიონი ევროს ოდენობის გრანტზეც აწარმოებდა მოლაპარაკებებს.

„ბათუმელებისთვის“ სამინისტროდან მიღებული წერილის მიხედვით, აღნიშნილი თანხა მოხმარდება როგორც პანდემიასთან ბრძოლას ქვეყანაში, ასევე სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს.

სურსათი

მთავრობის ინფორმაციით, მიღებულია გადაწყვეტილება „პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირების შესახებ, რის შედეგადაც, პურზე ფასი არ გაიზრდება. პროგრამა 4 თვის განმავლობაში, 31 მარტამდე იმოქმედებს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით კი ქვეყანაში ხორბლის მარაგები არსებობს და ამ კუთხით პრობლემა არ შეიქმნება. „მთავრობის გადაწყვეტილებით, 50-კილოგრამიანი პირველი ხარისხის ხორბლის ერთი ტომარა ფქვილის ფიქსირებული ფასი 53 ლარით განისაზღვრა და სახელმწიფოს სუბსიდირება 50-კილოგრამიან ტომარაზე არაუმეტეს 10 ლარისა იქნება. პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 10 მილიონამდე ლარით განისაზღვრა.“

პურზე ფასის შენარჩუნება, რომ სუბსიდიის გარეშე ვერ მოხერხდება, ამასთან დაკავშირებით საქართველოს  ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამ და პურის მრეწველთა კავშირმა საქართველოს მთავრობას უკვე მიმართეს.

ჯამში 10 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი პანდემიის დასაწყისში ვალუტის კურსის ცვლილების გამო რამდენიმე სასურსათო პროდუქტზე ფასების ზრდის შესაჩერებლად და ცალკე ხორბლის იმპორტის სუბსიდირებისთვის.

„ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ოფიციალური დოკუმენტებით კი, ამ მიზნით ბიუჯეტიდან 1 156 437 ლარი და 1 396 500 აშშ დოლარი დაიხარჯა. სახელმწიფო სუბსიდია, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, მიიღეს იმ კომპანიებმაც, რომლებიც ან რომელთა მეწილეებიც „ქართული ოცნების“ შემწირველები არიან.

„ბათუმელებმა“ სურსათზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარების შესახებ ინფორმაცია შესაბამისი სააგენტოდან 2020 წლის 14 აპრილს გამოითხოვა. სააგენტომ კი პასუხი სამი თვის შემდეგ, 24 ივლისს მოგვაწოდა.

სააგენტოს პასუხიდან გამომდინარე, გაურკვეველია კონკრეტულად რა სახეობის და რა ოდენობის პროდუქცია შემოიტანეს კომპანიებმა საქართველოში პროგრამის ფარგლებში. ეს ინფორმაცია კი, საჭირო იყო იმის დასადგენად, შენარჩუნდა თუ არა ამ პროდუქტებზე ფასები.

თუმცა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ოქტომბრის თვის ინფლაციის მაჩვენებელი მარტის თვესთან შედარებით 1,7-ით გაიზარდა და 5,4-ია, ნაცვლად 3,7-ისა. გაძვირდა პურის ფქვილიც.

ეკონომიკა

2020 წლის ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა წინა წლის ოქტომბერთან შედარებით 3.9%-ით შემცირდა. საქსტატის წინასწარი ინფორმაციითვე, მიმდინარე წლის 10 თვეში ქვეყნის ეკონომიკა 5.1%-ით არის შემცირებული.

სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციითვე, თუ 2019 წლის ბოლოს 204 800 ადამიანი იყო უმუშევარი, 2020 წლის სექტემბრისთვის ეს მაჩვენებელი 219 ათასამდე გაიზარდა.

გარდა დასაქმებულებისა, რომლებმაც სამსახური პანდემიის პირობებში დაკარგეს, ან უხელფასოდ დარჩნენ, ქვეყანაში წელს დამატებით 251 690 თვითდასაქმებული ითხოვდა კომპენსაციას, რომლებიც დაწესებული შეზღუდვების გამო, შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

30 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კოვიდ19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 135 584-ს.

წყარო: NCDC

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: