მთიანი აჭარა,სიახლეები

ჭვანა – პირველი სოფელი აჭარაში, რომელმაც დონორისგან დაფინანსება მოიპოვა

13.07.2018 • 9918
ჭვანა – პირველი სოფელი აჭარაში, რომელმაც დონორისგან დაფინანსება მოიპოვა

ავტორი: ასლან ჭანიძე

სოფელ ჭვანაში 70 ოჯახი ცხოვრობს. სოფელი დაყოფილია სამ უბნად: ქვედა (სოფლის ცენტრი), ყორნალის და წყალნარის (ზემოსანები) უბანი. სოფლის ცენტრში განლაგებულია სოფლის ბიბლიოთეკა, საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი, საფეხბურთო მოედანი, საბავშვო მოედანი და სოფლის სახლი. სოფლის ორი უბანი დღემდე გარე განათების გარეშეა, რაც მოსახლეობას სერიოზულ პრობლემას უქმნის. ჭვანას პრობლემის მოგვარების გზა „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“ შესთავაზა.

ორი – ყორნალის და წყალნარის უბნები სოფელ ჭვანას ცენტრიდან3 და 2,5 კილომეტრით არის დაშორებული. ყოველდღიურად ამ ორი უბნის ყველა ასაკისა და სქესის მოქალაქე საღამოს საათებში თავს იყრის სოფლის ცენტრში. სოფლის ცენტრიდან მოსახლეობა გადაადგილებისთვის იყენებს საფეხმავლო გზას, რომელიც მანძილს (სიგრძე: ყორნალის უბანი – 1000 მეტრი, ხოლო წყალნარის უბანი – 800 მეტრი), სახლამდე მისასვლელ გზას საკმაოდ ამცირებს.

საღამოს და ღამის საათებში დაბალი ხილვადობის გამო მოსახლეობას ამ გზაზე  გადაადგილება უძნელდება, მით უფრო, რომ გზაზე ხშირად ხედავენ გარეულ ცხოველებს (ტურა, მგელი), რაც მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.  იმის გათვალისწინებით, რომ უბნებისკენ მიმავალი სამანქანო გზის ერთი მხარე ტყეზე გადის, ხოლო მეორე მხარეს ხევია, რომლის არც ერთი მონაკვეთი განათებული არ არის, მოსახლეობა ფეხით გადაადგილებისას ირჩევს უმოკლეს საფეხმავლო გზას, რომელიც ასევე არ არის განათებული.

გარეგანათების არარსებობა – ჭვანისთვის ეს საკითხი მთავარ პრობლემად დაასახელეს სოფლის საერთო შეკრებაზეც, რომელიც ცოტა ხნის წინ გაიმართა ჭვანის საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით

ჭვანაში გადაწყვიტეს მონაწილეობა მიეღოთ  საზოგადოებრივი ორგანიზაციის – „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ თემის განვითარების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ  ღია საგრანტო კონკურსში. კონკურსი ყოველწლიურად ტარდება. ეს კონკურსი სოფლად მოქმედ სათემო ორგანიზაციებსა და ჯგუფებს აძლევს შესაძლებლობას განახორციელონ თემის ინტერესების დაცვაზე მიმართული ინიციატივები.

სოფელ ჭვანას საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელის, კახა ქათამაძის თქმით, როგორც კი მათთვის გახდა ცნობილი „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ გამოცხადებული კონკურსის შესახებ, პროექტის მომზადება გადაწყვიტეს. სოფელს ამ საქმეში დაეხმარა და კონსულტაციები გაუწია „მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა“.

კახას მიაჩნია, რომ სოფელი მხოლოდ მუნიციპალიტეტის იმედად არ უნდა იყოს და პრობლემების მოგვარებაზე თავადაც უნდა იზრუნოს.

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსი ითვალისწინებდა თანდაფინანსების მოპოვებას [15%-ი]. სოფლის მოსახლეობამ მიმართა შუახევის მერიას განცხადებით და სთხოვა მუნიციპალიტეტს თანადაფინანსების გამოყოფა. შუახევის მერიამ წერილობით დაადასტურა, რომ პროექტის დაფინასების შემთხვევაში გამოყოფდა 3890 ლარს, რითაც სადენებს, ნათურებს და სხვა საჭირო ნივთებს შეიძენდნენ.

ძალისხმევამ შედეგი გამოიღო – დაფინანსდა პროექტი, რომლის საერთო ბიუჯეტი 11 462.50 ლარია: სოფლის მოსახლეობის შრომით მონაწილეობა და ფინანსური შენატანი [445 ლარით], შუახევის მერიის მიერ გამოყოფილი თანადაფინანსება [3890 ლარი] და დონორისგან მიღებული დაფინანსება [7127.50 ლარი]. ამ თანხით სოფელი იღებს ვალდებულებას ჭვანის ორ უბანში – ყორნალის და წყალნარის უბანში მიმავალი საფეხმავლო გზის გარე განათების სისტემა მოეწყოს.

თანამშრომლობა სოფელ ჭვანასა და ა(ა)იპ „მშვიდობის დემოკრატიის და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტს“ შორის 2017 წლის თებერვლიდან დაიწყო პროექტის ფარგლებში – „ადგილობრივი თემი და ხელისუფლება განვითარებისთვის“ [დონორი – „Bread for the World“]. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, საერთო კრებაზე აირჩია მოსახლეობამ სოფლის საინიციატივო ჯგუფი ხუთკაციანი შემადგენლობით. ამავე კრებაზე გამოავლინა სოფელმა სამი პრობლემა, რომელთა მოგვარებაც, დასახლების აზრით, მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს სოფლის განვითარებას.

საინიციატივო ჯგუფის უშუალო მოვალეობაში შედიოდა, კავკასიურ ინსტიტუტთან თანამშრომლობით გამოვლენილი პრობლემების მოსაგვარებლად სამოქმედო გეგმის მომზადება და მისი სისრულეში მოყვანა მუნიციპალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით.

პირველ შემთხვევაშიც, ჭვანის მოსახლეობის  მონაწილეობით და  ფინანსური შენატანით, „მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის“ გაწეული ფინანსური დახმარებით (სოფელს გადაეცა 3000 ლარის ღირებულების 14 300 ტონა ცემენტი) და შუახევის მერიის ფინანსური მხარდაჭერით (სოფლის განცხადების საფუძველზე მიაწოდა 2400 ლარის ღირებულების 70 მ3 ქვა ღორღი)  პროექტის ფარგლებში სოფლის ორ უბანში – ყორნალსა და წყალნარში დაიგო 150 მეტრი სიგრძის სოფლის შიდა გზა.

მორიგ პროექტში გამარჯვება ჭვანისთვის ნამდვილი წარმატება. ეს არის პირველი პრეცედენტი აჭარაში, როცა სოფელმა დამოუკიდებლად მოიპოვა ფინანსური სახსრები და მუნიციპალიტეტთან პარტნიორობით იწყებს პროექტის განხორციელებას – სოფლის საერთო პრობლემის მოგვარებას.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: