მთავარი,სიახლეები

ოპოზიციონერი „ბუშტების აქციისთვის“ 500 ლარით დააჯარიმა სასამართლომ

30.11.2020
ოპოზიციონერი „ბუშტების აქციისთვის“ 500 ლარით დააჯარიმა სასამართლომ

წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა – ამ ბრალდებით დღეს სასამართლომ ბათუმის აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააჯარიმა. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის გადაწყვეტილებით, ირაკლი ჩხვირკიას ჯარიმის სახით 500 ლარის გადახდა მოუწევს.

ირაკლი ჩხვირკია დღეს პოლიციამ მას შემდეგ დააკავა აჭარის მთავრობის სახლთან, რაც მოძრაობა „იმოქმედეს“ წევრებმა ჰელიუმის ბუშტები გაუშვეს თორნიკე რიჟვაძის სამუშაო კაბინეტისკენ.

ოპოზიციურად განწყობილი აქტივისტები აცხადებდნენ, რომ ბუშტებზე წარწერები გააკეთეს – რიჟვაძე მონა და რეიჟვაძე გამოდი ხალხთან.

პოლიციამ აქტივისტებს ბუშტების ჩამოხსნა მოსთხოვა, უარი კი დაუმორჩილებლობად შეაფასეს და აქციაზეც ვითარება დაიძაბა – ირაკლი ჩხვირკიაც სწორედ მაშინ დააკავეს.

აჭარის პოლიციის უფროსმა, კოტე ანანიაშვილმა ეს ფაქტი შეაფასა, როგორც ხულიგნობა. აქციის მონაწილეც, სავარაუდოდ მისი ბრძანებით დააკავეს.

„სასამართლოშიც დავადასტურე, რომ მე ვიძახდი რიჟვაძე მონას და ვიძახდი მის სამუშაო კაბინეტთან…

წინააღმდეგობის ნაწილი არ დამიდასტურდა, რადგან დაკავების მომენტში მე ვთვლიდი, რომ არ მქონდა არანაირი დანაშაული ჩადენილი და ჩემს უკანონო დაკავებას ვუწევდი წინააღმდეგობას. მოსამართლემ ჩამითვალა, რომ ჩემი პროტესტი იყო სამართლიანი. რიჟვაძის მიმართ „კომპლიმენტების“ დაძახება კი, მთელმა საქართველომ იცოდეს, რომ ღირს 500 ლარი“, – თქვა აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე სასამართლოდან დაბრუნებულმა ირაკლი ჩხვირკიამ.

ირაკლი ჩხვირკია დღეს ორი – 173-ე [პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა] და 166-ე [წვრილმანი ხულიგნობა] მუხლებით დააკავეს.

_____

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა შეძახილის გამო – „მონა“ მოქალაქეები სასამართლომ დააჯარიმა. 21 ნოემბერს, ბათუმის საოლქო კომისიასთან გამართულ აქციაზეც სწორედ ამ სიტყვას იძახდნენ აქციის მონაწილეები. 5 პირი პოლიციამ მაშინაც წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავა.

მოსამართლე როინ კახიძემ ხუთივე მათგანი ასევე 500-500 ლარით დააჯარიმა. საიას აზრით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით ეს არის სახიფათო გადაწყვეტილება.

ამავე თემაზე:

საია „მონების“ დაძახებისთვის ჯარიმაზე: „სასამართლომ მიიღო საფრთხისშემცველი გადაწყვეტილება“

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: