ბათუმი,სიახლეები

საშემოსავლო შეღავათი ბიზნესისთვის – გაიგეთ, რა იცვლება

14.05.2020 • 3475
საშემოსავლო შეღავათი ბიზნესისთვის – გაიგეთ, რა იცვლება

შეღავათი, რომელიც თვეში 750 ლარის ხელფასზე საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს, 2020 წლის 1-ლი მაისიდან, ამავე წლის ოქტომბრის ჩათვლით გაცემულ ხელფასებზე გავრცელდება. თუმცა, ეს შეღავათი გავრცელდება იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებულზე გაცემული ხელფასი, თითოეულ თვეში, არ აღემატება 1 500 ლარს.

ამ შეღავათის ასამოქმედებლად საგადასახადო კოდექსის გარდამავალ დებულებებში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება. პროექტი პარლამენტში უკვე შეტანილია დასამტკიცებლად.

შემოსავლების სამსახურის განმარტებით, შეღავათი გავრცელდება 1-ლი მაისიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში გაცემულ ხელფასებზე, მიუხედავად იმისა, თუ რომელი თვის ანაზღაურებას გასცემს დამსაქმებელი: „ვთქვათ, მაისის თვეში პირზე გაიცა იანვრის თვის ხელფასი, ან დავუშვათ, აგვისტოში გაიცა მაისის თვის ხელფასი – რომელი თვის ხელფასიც არ უნდა ერქვას, ამ პერიოდში გაცემულ ხელფასებზე ეს შეღავათი გავრცელდება“.

საშემოსავლო გადასახადის შეღავათით სარგებლობაზე მთავრობამ ინსტრუქციაც გამოაქვეყნა:

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში 2020 წლის 1-ლი მაისიდან 6 თვის განმავლობაში, თვეში 750 ლარის ხელფასზე საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდებიან ის ფიზიკური პირები, რომლებიც დაქირავებით არიან დასაქმებულები და ამ 6-თვიან პერიოდში, თითოეულ თვეში მათი ხელფასი არ აღემატება 1 500 ლარს.

აღნიშნული შეღავათის მიზანია, დამსაქმებლებს შეუმცირდეს ყოველთვიური ხარჯები და ჰქონდეთ შესაძლებლობა, მაქსიმალურად მეტი სამუშაო ადგილი შეინარჩუნონ და დაქირავებულ პირებს აუნაზღაურონ მათი ხელფასები;

დამსაქმებელი მოიცავს ყველა ტიპის საწარმოს, მათ შორის, კომპანიებს, საწარმოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე მეწარმე ფიზიკურ პირებს, რომლებსაც დაქირავებული ჰყავთ ფიზიკური პირები, მათი შესრულებული სამუშაოების შესაბამისად უხდიან ხელფასს და ამავდროულად, იხდიან საშემოსავლო გადასახადს.

ის საწარმოები, ვინც უფლებამოსილნი არიან ისარგებლონ შეღავათით, მაისი-ოქტომბრის პერიოდში, ხელფასების გაცემის დროს საშემოსავლო გადასახადს:

[checklist]

  • საერთოდ არ გადაიხდიან იმ დაქირავებულებზე, რომელთა ხელფასიც 750 ლარი ან უფრო ნაკლებია;
  • ნაწილობრივ გადაიხდიან იმ დაქირავებულებზე, რომელთა ხელფასიც მეტია 750 ლარზე და არ აღემატება 1500 ლარს. ამ შემთხვევაში დარიცხულ ხელფასს აკლდება 750 ლარი და დარჩენილი თანხა იბეგრება საშემოსავლო გადასახადით. მაგალითად: თუ საწარმოში დასაქმებული პირის დარიცხული ხელფასი შეადგენს 1000 ლარს, აღნიშნულ თანხას აკლდება 750 ლარი და საშემოსავლო გადასახადს იხდის მხოლოდ დარჩენილ 250 ლარზე [50 ლარს].
  •  საშემოსავლოს სრულად გადაიხდიან იმ დაქირავებულებზე, რომელთა ხელფასი კონკრეტულ თვეში იქნება 1500-ზე მეტი ლარი.

[/checklist]

ხელფასის 1500-ლარიანი ზღვარი მოქმედებს კონკრეტულ თვეში გაცემულ ანაზღაურებაზე. ანუ, მაგალითისთვის, თუ მაისში დაქირავებულზე გაიცა 1600 ლარი, ამ დაქირავებულზე საწარმო საშემოსავლო გადასახადის შეღავათით ვერ ისარგებლებს, მაგრამ თუ ამავე დაქირავებულზე ივნისში გაიცა 1400 ლარი, ამ შემთხვევაში, ისარგებლებს შეღავათით და ივნისის საშემოსავლო გადასახადს გადაიხდის ნაწილობრივ, კერძოდ, 1400 ლარს გამოაკლდება 750 ლარი და საშემოსავლო გადასახადს გადაიხდის 650 ლარზე [130 ლარს].

საწარმო საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციას წარადგენს ჩვეულ რეჟიმში, მომდევნო თვის 15 რიცხვში.

შესაძლო კითხვები და პასუხები მთავრობისგან:
  • ნიშნავს თუ არა ეს შეღავათი, რომ დაქირავებულ პირს უნდა გაეზარდოს ხელფასი?

არ ნიშნავს. ხელფასის განსაზღვრა ხდება დამქირავებლისა და დაქირავებულს შორის შეთანხმებით. ეს შეღავათი ხარჯებს უმცირებს საწარმოს და მისი გადასაწყვეტია, მიმართავს ხელფასის გაზრდის გზას თუ შეინარჩუნებს უფრო მეტ დაქირავებულს.

  • ისარგებლებს, თუ არა ამ შეღავათით პირი, რომელიც დაქირავებით მუშაობს ორ ან მეტ საწარმოში?

ისარგებლებს. გადასახადისგან გათავისუფლდება თითოეული დამქირავებლისგან მიღებული ხელფასი 750 ლარამდე, თუ ამავე დამქირავებელთან მიღებული ხელფასი არ აღემატება 1500 ლარს.

  • ხომ არ დაკარგავს ამ საგადასახადო შეღავათის გამოყენებით პირი სხვა შეღავათს, რომელიც მას კანონმდებლობით ეკუთვნის [მაგ: სარგებლობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილისთვის გათვალისწინებული შეღავათით ან სხვა შეღავათით]?

არ დაკარგავს. პირი ისარგებლებს ორივე შეღავათით.

შეღავათით ისარგებლებენ მხოლოდ კერძო სექტორში მომუშავე ორგანიზაციები და აღნიშნული შეღავათი არ გავრცელდება საჯარო სექტორში არსებულ ორგანიზაციებზე.

ამ თემაზე:

მშრომელი თუ დამსაქმებელი – ვინ მიიღებს გამოთავისუფლებულ საშემოსავლოს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: