მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

„გახანგრძლივებული კოვიდის“ მიზეზი შესაძლოა ფილტვის დაზიანება იყოს | კვლევა

01.12.2020 • 2105
„გახანგრძლივებული კოვიდის“ მიზეზი შესაძლოა ფილტვის დაზიანება იყოს  | კვლევა

მკვლევარები ამბობენ, რომ Covid19 შეიძლება იწვევდეს ფილტვის ანომალიებს, რაც პაციენტების ინფიცირებიდან სამი თვის შემდეგაც შესამჩნევია.

ინფორმაციას ახალი კვლევის შესახებ BBC ავრცელებს. ოქსფორდის უნივერსიტეტში ჩატარებული 10 პაციენტის კვლევაში გამოიყენეს სკანირების უახლესი ტექნოლოგია იმ დაზიანების დასადგენად, რომელიც უბრალო სკანირებით არ ჩანს.

კვლევის წამყვანი სპეციალისტი, პროფესორი ფერგუს გლისონი მიიჩნევს, რომ ახალი მეთოდით სკანირებით გამოვლენილი ფილტვის დაზიანება შეიძლება იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახანგრძლივებული კოვიდისა, რომლის დროსაც ადამიანები თავს გრძნობენ შეუძლოდ ინფიცირებიდან რამდენიმე თვის შემდეგაც.

ფილტვების დაზიანების სურათის შესაქმნელად კვლევაში მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიისას გამოიყენეს გაზი ქსენონი. ქსენონის ტექნიკა გულისხმობს პაციენტის მიერ ამ გაზის შესუნთქვას მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიისას.

ფერგუს გლისონმა სკანირების ეს ტექნიკა 19-დან 69 წლამდე ასაკის 10 პაციენტზე გამოსცადა. რვა მათგანს აღენიშნებოდა მუდმივი ქოშინი და დაღლილობა კორონავირუსით ინფიცირებიდან სამი თვის შემდეგაც, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი მათგანი არ ყოფილა ჰოსპიტალიზებული და არ დასჭირვებიათ მკურნალობისას ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია, უბრალო სკანირება კი მათ ფილტვებში პრობლემას არ აჩვენებდა.

კვლევაში მონაწილე იმ რვა ადამიანში, რომლებსაც სუნთქვის გაძნელება აღენიშნებოდათ, ახალი მეთოდით სკანირებამ გამოავლინა ფილტვების დაზიანების ნიშნები – იმ ადგილების გამოყოფით, სადაც ჰაერი სისხლში მარტივად არ მიედინება.

უახლოეს მომავალში იგივე კვლევა ჩაუტარდება 100-მდე ადამიანს. კვლევის მიზანია დადგინდეს, ტოვებს თუ არა კორონავირუსი ფილტვის დაზიანებას პაციენტების უმრავლესობაში და ეს დაზიანება მუდმივია თუ გადადის დროთა განმავლობაში.

„ველოდი ფილტვის გარკვეულ დაზიანებას, მაგრამ არა იმ ხარისხის, რაც დავინახეთ,“ – ამბობს პროფესორი BBC-სთან საუბარში.

„კორონავირუსის დროს დაავადების დამძიმებისა და გარდაცვალების რისკი უფრო მაღალია 60 წელს გადაცილებულ პაციენტებში, მაგრამ კვლევის თანახმად, ფილტვის დაზიანება გვხვდება გაცილებით უფრო ფართო ასაკობრივ ჯგუფში და მათ შორის, ისეთ პაციენტებთან, ვისაც ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებია,“ – ამბობს პროფესორი გლისონი.

ექიმი შელი ჰეილსი ოქსფორდში ზოგადი პრაქტიკის ექიმია, რომელიც კვლევაში იყო ჩართული. ის მიიჩნევს, რომ კოვიდისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების დაახლოებით 10%-ს შესაძლოა ჰქონდეს ფილტვების გარკვეული ფორმის დაზიანება, რაც მიზეზი ხდება გახანგრძლივებული სიმპტომებისა.

„ახლა ჩვენთან მილიონნახევარზე მეტი ადამიანია ინფიცირებული და 10% საკმაოდ ბევრი ადამიანია“ – ამბობს ის.

„როცა სამედიცინო პერსონალი ეუბნება პაციენტებს, რომ მათ არ იციან რა სჭირთ და როგორ გაუქრონ სიმპტომები, ძალიან სტრესულია. პაციენტების უმეტესობას ურჩევნია, რომ იყონ დიაგნოსტირებული, თუნდაც ეს სიახლე არ იყოს სასიამოვნო”.

ბრიტანეთის ასთმისა და ფილტვის ბრიტანული ფონდის კვლევისა და ინოვაციების დირექტორმა დოქტორ სამანტა უოკერმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, კოვიდის შემდგომი ფილტვების დაზიანება უფრო კარგად იყოს შესწავლილი.

„თუ შემდგომმა კვლევამ აჩვენა, რომ ფილტვები ზიანდება, ამან შეიძლება განაპირობოს ტესტის შექმნა, რომელიც გაზომავს Covid19- ით გამოწვეულ ფილტვის დაზიანებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ბევრი ადამიანისთვის „გახანგრძლივებული კოვიდის“ რესპირატორული პრობლემებით და ასევე, საშუალებას მოგვცემს განვავითაროთ სპეციფიკური მკურნალობა,” – ამბობს ის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: