მთავარი,სიახლეები

აჭარის ერთი სოფელი პანდემიის დროს | ფოტოამბავი

30.11.2020 • 2114
აჭარის ერთი სოფელი პანდემიის დროს | ფოტოამბავი

აჭარის მაღალმთიან სოფლებს ერთი შეხედვით პანდემიის კვალი არ ეტყობა, თუმცა კორონავირუსის არსებობა მაინც იგრძნობა.

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვანაში ცხოვრება ძველებურად მიდის. გვიან შემოდგომაზე აქ ჭაჭის არაყს ხდიან და საშემოდგომო საქმეებს ილევენ.

არყის გამოხდა სოფელ ჭვანაში

სოფელში იშვიათად შეხვდებით ადამიანს პირბადით. როგორც  აგვიხსნეს, ბევრმა კორონავირუსი უკვე გადაიტანა.

ძველი ვილისი

სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი, სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობას ვერ ახერხებს და ვირუსი სახლში გადააქვს.

გარდა იმისა, რომ კლინიკებში ადგილი არაა, მოსახლეობა ვერ ტოვებს საკუთარ სახლებს. კლინიკაში წასვლის შემთხვევაში უყურადღებოდ უნდა დარჩეს შინაური ფრინველი და პირუტყვი. მესაქონლეობა კი სოფლად მცხოვრებლების შემოსავლის ძირითადი წყაროა.

სოფელი ჭვანა

სოფელში პანდემია განსხვავებულად აისახება ადამიანების ცხოვრებაზე. მაგალითად, თუ ერთ ოჯახს ვირუსი აღმოაჩნდება, მის მეზობლად მცხოვრები ოჯახები უვლიან ინფიცირებული ოჯახის კარ-მიდამოს.

კორონავირუსის პანდემია სოფლის მოსახლეობის რაოდენობაზეც აისახა.  ის ახალგაზრდები, რომლებიც სასწავლებლად სხვადასხვა ქალაქში იყვნენ წასული, დროებით სოფელში დაბრუნდნენ.

სოფელი ჭვანა

კორონავირუსის პანდემიამ გავლენა მოახდინა აჭარული სოფლის ცხოვრების სტილზე. ახლა სოფლის შუკებში ძველებურად ბევრი ხალხი აღარ შეგხვდებათ, არც „კოფეზე“ მიგიპატიჟებენ. როგორც ჭვანაში ამბობენ, მეზობლები მაინც ერიდებიან ერთმანეთს და ცდილობენ დისტანცია დაიცვან.

ჭვანა

სოფელი ჭვანა მაღალმთიანია. სოფელში ხშირია შემთხვევა, როცა ტყიდან სოფელში ნადირი ჩამოდის, მოსახლეობას მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს ართმევს ან სიმინდის ყანას უზიანებს. როგორც ადგილობრივები ამბობენ,  იძულებული არიან იარაღი ჰქონდეთ.

ნაზიკო ქათამაძე

საღამოობით, მზის ჩასვლის შემდეგ, როცა სახლის საქმეებს მოილევენ, ჭვანაში ოჯახები ტელევიზორებთან მოკალათდებიან, ვახშმობენ, ახალ ამბებს ისმენენ და მომავლის გეგმებს აწყობენ. წინ ხანგრძლივი ზამთარია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: