“ბუშტების გაშვებაა პროვოკაცია, ბატონო პოლიციელო?”- ჰკითხეს რამდენჯერმე დღეს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს. ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ დღეს აქ 4 პირი დააკავეს, ერთი ადამიანი დაშავდა.
ჰელიუმის ბუშტები გუშინ და დღეს, და საერთოდ, ბათუმის აქციებზე, ერთგვარ სიმბოლოდ იქცა – პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირების მთავარ საგნად და სასამართლოს მსჯელობის თემად შეძახილთან ერთად “მონებო”. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ახალი პრაქტიკა დაამკვიდრა – 500 ლარი ჯარიმა და გაფრთხილება ყველა მსგავს სიტუაციაზე, როცა ადამიანები წარწერებიან ბუშტებს უშვებენ ცაში და გაიძახიან “მონებო”.
საია-მ სასამართლოს ეს მიდგომა შეაფასა, როგორც სახიფათო გადაწყვეტილება გამოხატვის თავისუფლების კუთხით, რომელსაც, წესით, კონსტიტუციაც იცავს და ევროკონვენციაც.
გუშინდელისგან განსხვავებით, დღეს კოტე ანანიაშვილმა, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა თქვა, რომ წვრილმანი ხულიგნობა ამჯერად ბუშტების გაშვება არ იყო.
“ბუშტების გაშვებას ახლავს თან პროვოკაციები, ესაა პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა…”- აღნიშნა კოტე ანანიაშვილმა, თუმცა მან ვერ დაგვიკონკრეტა, რა მოთხოვნას არ დაემორჩილნენ აქციის მონაწილეები.
“ეს შეფასდება მოგვიანებით…” – დასძინა მან.
“შეფასებას” ალბათ დღესვე გააკეთებს ბათუმის სასამართლო დღეს დაკავებულებზე.
დღევანდელ აქციაზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როცა აჭარის მთავრობის სახლში, სხდომის ტრადიციულად დახურვამდე, თორნიკე რიჟვაძემ აქციის მონაწილეებს “20-კაციანი ბანდა” უწოდა და “უკადრებლის მკადრებლები”. შენობის გარეთ კი, აქციიდან რიჟვაძეს სამუშაო კაბინეტისკენ ჰელიუმის ბუშტები გაუშვეს წარწერით: “თორნიკე, გამოდი გარეთ”.
თორნიკე რიჟვაძე გარეთ აღარ გამოჩენილა, სამაგიეროდ ერთ-ერთი ბუშტი, რომელიც აქციის მონაწილეებმა მას გაუგზავნეს, გასკდა. ამ ამბავს მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება – აქციის მონაწილეები პოლიციელებს მიაწვნენ, პოლიციელები – პირიქით და ამის პარალელურად დაკავებებიც დაიწყო.
“პოლიციელმა გახეთქა ის ბუშტი… არ გაგატანთ დაკავებულებს,” – თქვეს აქციის მონაწილეებმა და პოლიციელების მანქანებს წინ გადაუდგნენ.
დაძაბულობა რამდენიმე წუთს გაგრძელდა, დაკავებულები მაინც წაიყვანეს, აჭარის მთავრობის სახლის წინ აქციის მონაწილეებმა საბჭოთა კავშირის ჰიმნი ააჟღერეს. პოლიციის უფროსს და მის გარემოცვას ამის შემდეგ „რუსი მილიციელები“ უწოდეს.
იმ დროს, როცა დაძაბულობამ რუსთაველის ქუჩისკენ გადაინაცვლა, ერთ-ერთი ჰელიუმის ბუშტი სასწრაფოდ ჩამოხსნეს და აჭარის მთავრობის სახლში შეიტანეს. ამ კადრების გადაღება ერთ-ერთმა აქტივისტმა მოასწრო.
მას აქეთ, როცა “მონობის” დაძახება სასამართლომ სამართალდარღვევად მიიჩნია, პოლიცია უფრო შორს წავიდა, მაგალითად, პოლიციელებმა აქტივისტებს უთხრეს, რომ სტიკერების გაკვრა აკრძალულია, როგორც შენობის ფასადზე, ასევე ხეებზე, რომლებიც მთავრობის სახლის წინაა – ირაკლი ჭედიშვილის სიტყვიერი ბრძანებით სტიკერები პოლიციელებმა გაკვრისთანავე მოხსნეს.
“მაინც გავაკრავთ,”- მიმართა “ალტერნატივას” ლიდერმა ხათუნა ბერიძემ პოლიციელებს. მას წინააღმდეგობა სტიკერების ჩამოხსნაზე აღარ გაუწევია.
აქციაზე ახლა თითქოს სიმშვიდეა, თუმცა კასრებთან, შეშის ღუმელთან თუ კარვებთან შეკრებილები სხვადასხვა საქმეზე საუბრობენ მხოლოდ იმ კუთხით, თუ როგორ განაგრძონ პროტესტის გამოხატვა.
“დღეს აქ სავაჭრო ჯიხურებსაც ჩავდგამთ, კაფესაც გავხსნით…”- გვითხრა “ლელოს” წევრმა, ლექსო მილორავამ.
საბჭოთა ჰიმნის შემდეგ აქციაზე დამონტაჟებული დიდი დინამიკიდან პოლიციის სირენის ხმა ისმის, ჰელიუმის ბუშტები კი აღარსად ჩანს.
ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია 3 ნოემბერს დაიწყო და დღემდე გრძელდება. აქამდე აქციაზე შეკრებილი ახალგაზრდები ძალიან ხშირად პოლიციის ჰიმნის ფონზე ცეკვავდნენ, რასაც თვალს ადევნებდნენ კორდონში მდგარი პოლიციელები, რომლებიც ასევე 8 ნოემბრის შემდეგ დგანან მთავრობის სახლთან. მას შემდეგ, რაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება, სასამართლომ კი მათი დაჯარიმება დაიწყო, აჭარის მთავრობის სახლთან პოლიციის ჰიმნი აღარ ისმის.