მთავარი,სიახლეები

300-ლარიანი კომპენსაცია 3 404 პირის გარდა ყველა რეგისტრირებულმა მიიღო

07.09.2020 • 3967
300-ლარიანი კომპენსაცია 3 404 პირის გარდა ყველა რეგისტრირებულმა მიიღო

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით, კომპენსაციის მისაღებად სულ   251 690 თვითდასაქმებული პირი დარეგისტრირდა. 7 სექტემბრის მდგომარეობით, მათგან ერთჯერადი, 300-ლარიანი კომპენსაცია უკვე გადაერიცხა 248 286 პირს. ამ მიზნით სულ 74 485 800 ლარი დაიხარჯა.

სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულები პორტალზე პირველ აგვისტომდე უნდა დარეგისტრირებულიყვნენ.

სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით, გამოდის, რომ დღეის მდგომარეობით კომპენსაცია უნდა მიიღოს კიდევ 3 404-მა დარეგისტრირებულმა, ჯამში 1 021 200 ლარი. რა ვადაში მიიღებენ დარეგისტრირებულები კომპენსაციას? – სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „უნდა აღმოიფხვრას ხარვეზები და რა ვადას მოიცავს ეს, წინასწარ არ იციან“.

კითხვაზე, თუ რა ხარვეზებზეა საუბარი? – სააგენტოში განმარტეს, რომ დარეგისტრირებულები უნდა აკმაყოფილებდნენ პროგრამის პირობებს:

„ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, მუდმივი ბინადრობის მოწმობის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ან მოქალაქეობის არმქონე ფიზიკურ პირებზე და ლტოლვილის, ან ჰუმანიტარული სტატუსის ქვეშ მყოფი დროებითი ბინადრობის მოწმობის მქონე ფიზიკური პირებზე – ამ პირობას აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდნენ; ასევე დარეგისტრირებულებმა უნდა წარმოადგინონ საკუთარი საბანკო ანგარიშები და სხვა“.

300 ლარი ერთჯერადი კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულების რეგისტრაცია სპეციალურ პორტალზე 2020 წლის 31 ივლისს დასრულდა.

ქალებმა, რომლებიც თურქეთში ყოველდღიურად გადადიოდნენ სამუშაოდ, რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართეს ბათუმში. მათი აქტიურობის შედეგად, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, საზღვარგარეთ ყოველდღიურად და სეზონურად დასაქმებული პირებისთვის გაეცა კომპენსაცია 300 ლარის ოდენობით ერთჯერადად.

მოქალაქეები 2 სექტემბერს ბათუმში ისევ შეიკრიბნენ და გააჟღერეს მოთხოვნა – მიიღონ მრავალჯერადი, სამასლარიანი დახმარება, სანამ თურქეთის საზღვარი არ გაიხსნება და ისინი სამსახურში დაბრუნებას შეძლებენ:

თურქეთში დასაქმებული ქალები მრავალჯერად დახმარებას ითხოვენ საზღვრის გახსნამდე

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: