განათლება,მთავარი,სიახლეები

ბსუ-ს სტუდენტები სწავლის საფასურის შემცირებას ითხოვენ – პეტიცია

09.11.2020 • 2385
ბსუ-ს სტუდენტები სწავლის საფასურის შემცირებას ითხოვენ – პეტიცია

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი და სტუდენტური თვითმმართველობის წევრი ასლან ბაკურიძე პეტიციას ავრცელებს. პეტიციაში საუბარია იმაზე, რომ რადგან პანდემიიდან გამომდინარე უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი სრულყოფილად ვერ ხორციელდება, უნივერსიტეტმა სწავლის გადასახადის შემცირებაზე უნდა იფიქროს. პეტიციას ამ დროისთვის ათასზე მეტი სტუდენტი აწერს ხელს.

„უნივერსიტეტი ვერ უზრუნველყოფს იმ ხარისხის განათლების მიწოდებას, რაც სააუდიტორიო სივრცეში სწავლით მიიღწევა. სტუდენტებისთვის არ არის ხელმისაწვდომი სწავლისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ბიბლიოთეკა, საინფორმაციო და სხვა საშუალებები, რაც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით არის განსაზღვრული (2.5.მუხლის ,,გ” პუნქტი)…

ამდენად, მოვითხოვთ ხელშეკრულების არსებითი პირობის გადახედვას. კერძოდ, სტუდენტთა სწავლის საფასურის შემცირებას უნივერსიტეტის ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის პროპორციულად!!!“, – ნათქვამია პეტიციაში.

„ბათუმელები“ ასლან ბაკურიძესაც ესაუბრა და ჰკითხა, თუ კონკრეტულად რა რესურსებზე არ მიუწვდებათ სტუდენტებს ხელი დისტანციური სწავლების დროს.

„რეალურად ჩვენ უნდა გვქონდეს ბიბლიოთეკა, აუდიტორიული მასალები, რაზეც ხელი არ მიგვიწვდება. დისტანციურ სწავლებაზე გადასვლით, უნივერსიტეტმა დაზოგა გარკვეული ხარჯები. მაგალითად, კომუნალური, საკანცელარიო ხარჯები და ბევრი ისეთი რესურსი, რაც აუდიტორული სწავლების ფორმატში გვჭირდებოდა სტუდენტებს.

ამიტომ, რატომ უნდა გადავიხადოთ სწავლის სრული საფასური, თუკი ვერ ვსარგებლობ ყველა რესურსით, რაც მჭირდება“, – ამბობს ასლან ბაკურიძე.

მისი თქმით, პანდემიიდან გამომდინარე ძალიან ბევრი სტუდენტი დადგა ფინანსური პრობლემების წინაშე, პეტიცია საშუალებას მისცემთ უფრო მასშტაბურად გამოიკვლიონ სტუდენტების აზრი ამ საკითხზე.

„1 400 სტუდენტი უკვე გაეცნო და ხელიც მოაწერა, რაც არ არის ცოტა. რამდენი პროცენტით შეამცირებს ადმინისტრაცია სწავლის საფასურს, პრინციპში ეს მისი კეთილი ნებაა და ამისთვის თვითონ უნდა გადახედოს ბიუჯეტს“, – ამბობს ბაკურიძე.

ბსუ-ს ადმინისტრაცია „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებდა, რომ ისინი ითვალისწინებდნენ პანდემიიდან გამომდინარე კრიზისებს, ამიტომ სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის ინდივიდუალური გრაფიკი შესთავაზეს, რაზეც ასლან ბაკურიძე ამბობს, რადგან პანდემია არ დასრულებულა, ეკონომიკური კრიზისი კი კიდევ უფრო ღრმავდება, ინდივიდუალური გრაფიკიც არ არის ამ შემთხვევაში სტუდენტისთვის შეღავათი.

„რადგან პანდემია გაგრძელდა და თუ სტუდენტს პირველ თვეში არ ჰქონდა მუშაობის შესაძლებლობა, არც ახლა აქვს. ეკონომიკური მდგომარეობა უფრო მწვავდება. სტუდენტები ძირითადად მაინც საზაფხულო სამუშაოებზე იყვნენ დასაქმებული და ისეთ სფეროებში მუშაობდნენ, რომელთა უმეტესობა დღეს გაჩერებულია. შემოსავლის წყარო შეუწყდათ სტუდენტებს.

გარდა ამისა, დისტანციური სწავლების გრაფიკიც ისეა გადანაწილებული, რომ იძულებული ხარ მთელი დღე კომპიუტერთან გაატარო. 2-2-საათიანი შუალედები გვაქვს მხოლოდ ლექციებს შორის და სადმე რაიმე მცირე სამუშაოც რომ გამოგიჩნდეს, ვერ ვახერხებთ მუშაობას ამ გრაფიკის გამო. ან ლექციები უნდა გააცდინო, ან იმუშაო“, – ამბობს ბაკურიძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: