მთავარი,სიახლეები

„პურზე ფასის შენარჩუნება ვერ მოხერხდება“ – ბიზნესის მიმართვა მთავრობას

27.11.2020 • 1366
„პურზე ფასის შენარჩუნება ვერ მოხერხდება“ – ბიზნესის მიმართვა მთავრობას

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამ და საქართველოს პურის მრეწველთა კავშირმა საქართველოს მთავრობას მიმართეს.

განცხადების თანახმად, ხორბლის და შესაბამისად ფქვილის ფასების მერყეობის შედეგად ფასი კვლავ გაიზარდა და დღეს უკვე მერყეობს 50-კილოგრამიანი ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილი 55-57 ლარის ფარგლებში და კრიტიკულ ნიშნულს უახლოვდება.

„მიგვაჩნია, რომ უახლოეს მომავალში თუ არ მოხდება სახელმწიფოს მხრიდან ბაზარზე საკანონმდებლო ან მასტიმულირებელი ღონისძიებებით ჩარევა, ფქვილზე და პურზე დღევანდელი ფასის შენარჩუნება ვერ მოხერხდება, რადგან საშუალო შეწონილი ფასების დამაბალანსებელი ეფექტი ამოიწურება და დაიწყებს მოქმედებას ახალი გაძვირებული ფასი – 270$/ტონა.

შესაბამისად ერთი 50-კილოგრამიანი ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის ფასი გაიზრდება დაახლოებით 10 ლარით, რაც თავისთავად აისახება მისგან მიღებული პროდუქტის ფასზე, რომლის საწარმოებლად ქვეყანაში საჭიროა დაახლოებით 30 000 ტონა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილი თვეში,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

მიმართვაში ვკითხულობთ პურისა და ფქვილის შესაძლო გაძვირების მიზეზებზეც – ესაა ხორბლის ექსპორტიორი ქვეყნების ნაწილში მოსავლის და შესაბამისად საექსპორტო პოტენციალის სერიოზული შემცირება; კორონავირუსის პანდემიის პირობებში საშუალოდ 30 %-ით გაზრდილი შესყიდვები და ლარის კურსი დოლართან მიმართებით.

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციას და საქართველოს პურის მრეწველთა კავშირს, ბაზარზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე ფქვილის და შესაბამისად პურის ფასის შემდგომი სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით მოგიწოდებთ ასეთი კრიტიკული პერიოდისათვის მიღებული რეკომენდაციების სრულად გამოყენებისაკენ.

ჩვენი მხრივ კვლავ ძალისხმევას არ დავაკლებთ, რომ საქართველოს ბაზარზე შენარჩუნებული იქნას ფქვილზე და პურზე სტაბილური ფასები“ – ვკითხულობთ წერილში.

პანდემიის პირველი ტალღის დროს, 2020 წლის მარტში საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, სუფსიდირების ხარჯზე შეეცადა 9 პროდუქტზე, მათ შორის ხობლის ფასის შენარჩუნებას.

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციისა და საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის მიმართვაში აღნიშნულია, რომ სწორედ ამ პროგრამამ მისცა მათ საშუალება მისულიყვნენ მინიმალური დანაკარგებით ივლისამდე, თუმცა შემდეგ თვეებში, მათივე განცხადებით, ხორბლის ფასი გაიზარდა.

„საქართველოში სექტემბრიდან დაწყებული ხორბლის ფასი მუდმივად მზარდია და ხასიათდება აღმავალი ტრენდით. 200 $/ტონა-დან დაწყებული ყოველი შემდგომი შემოტანა დაახლოებით 12-15$-ით ძვირი იყო წინა შემოტანილ პარტიებთან შედარებით, შესაბამისად დღეს არსებული ხორბლის ფასი 25-30% -ით მეტია სექტემბრის ფასთან მიმართებაში და შეესაბამება 270 $/ტონა ნიშნულს“ – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით საქართველოში პური და პურპროდუქტები 7.8 პროცენტით გაძვირდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: