მთავარი,სიახლეები

„გვამუშავა და ხელფასი არ მოგვცა“ – მუშები მშენებელზე, რომელიც გონიოში კორპუსს აშენებს

30.11.2020 • 3242
„გვამუშავა და ხელფასი არ მოგვცა“ – მუშები მშენებელზე, რომელიც გონიოში კორპუსს აშენებს

„გვამუშავეს და ხელფასი არ მოგვცეს. ასაღები გვაქვს 27 ათასი ლარი, სულ 15 მუშა ვართ,“ – ამბობს ლევან კილაძე. ის გონიოში სასტუმროს მშენებლობაზე მუშაობდა. 16-სართულიან სასტუმროს გონიოში კომპანია „ლაბაუ გონიო“ აშენებს. ეს კომპანია სასტუმრო „მგზავრებსაც“ ფლობს, რომლის გვერდითაც მშენებლობა მიმდინარეობს. „ლაბაუ გონიოს“ მესაკუთრე დავით ცერცვაძეა. ის ერთ-ერთ კომპანიაში პარლამენტარ ბექა ოდიშარიასთან ერთად აქციებს ფლობს.

„ჩვენ აქ 10 სართული ავაშენეთ, სულ იწელებოდა სამუშაოები მათი მიზეზით, მასალების მოტანას აგვიანებდნენ და ხელფასსაც ნაწილ-ნაწილ გვიხდიდნენ,“ – გვიყვება ლევან კილაძე, რომელიც მშენებლობაზე აღარ მუშაობს. – „გვეუბნებოდნენ, რომ ერთი სართული 15 დღეში უნდა დასრულდესო. ჩვენ კი ვასწრებდით, მაგრამ არმატურა არ მოგვიტანეს, მერე სამი დღე კრანი ვერ მოიყვანეს…  მეათე სართული როცა დავამთავრეთ, ისევ ჰქონდათ დავალიანება – დაახლოებით 27 ათასი ლარი. ვუთხარით, რომ ჯერ გაკეთებული საქმის ფული გადაეხადათ და შემდეგ გავაგრძელებდით საქმეს. მთავარმა ინჟინერმა გვითხრა, გაიწელა საქმე და დაგვაჯარიმეს, აღარ გვიხდიან ფულსო… ჩვენ ორი დღე შევაჩერეთ მუშაობა და სხვები მიიყვანეს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ლევან კილაძემ.

ხელოსნების თქმით, მათ კომპანიიდან მხოლოდ მთავარ ინჟინერთან, ზაზა იჭირაულთან ჰქონდათ ურთიერთობა. ზაზა იჭირაულის თქმით კი, ხელოსნებმა წინასწარ მოითხოვეს ოქტომბრის ხელფასი, რის შემდეგაც სამუშაოები ვეღარ ჩატარდა, კომპანიამ დააჯარიმა და მათთან თანამშრომლობა შეწყვიტა.

„დაგვაჯარიმეს საქმის გაჭიანურების გამო, რადგან მუშები აღარ მუშაობდნენ… სექტემბერში იმუშავეს, აიღეს ხელფასი და ოქტომბერში წინასწარ მოითხოვეს ხელფასი. კომპანიაში მე მომთხოვეს პასუხი და გამათავისუფლეს. მუშები არასწორად მოიქცნენ… არც მე და არც დანარჩენებს ოქტომბრის ხელფასი აღარ აგვიღია. დაახლოებით ნახევარი თვე ვიმუშავეთ ოქტომბერში, ასე გამოვიდა,“ – გვითხრა ზაზა იჭირაულმა.

მთავარი ინჟინერი ხელოსნებს მხოლოდ იმ ნაწილში ეთანხმება, რომ მათთან კომპანიას ხელშეკრულებები გაფორმებული არ ჰქონდა.

კომპანიაში „ლაბაუ გონიო“ ადასტურებენ, რომ მუშებს ხელფასი მართლაც დაუკავეს და არც ხელშეკრულებები ჰქონიათ წერილობით გაფორმებული. კომპანიაში განმარტავენ, რომ ხელოსნები სამუშაოების გაჭიანურების გამო დააჯარიმეს.

„ნაკლები სამუშაოები იყო შესრულებული, ვიდრე უნდა გაკეთებულიყო, ისინი ნაკლები ოდენობით მუშაობდნენ… რეალურად დაზარალდა ჩვენი კომპანია, რადგან ჩვენ ბანკთან შეთანხმებული გრაფიკში ჩამორჩენა გვაქვს. ჯგუფის უფროსს მიეცა გაფრთხილება რამდენჯერმე, რადგან არ მუშაობდნენ სათანადო ტემპებით… ხელშეკრულებები არ გვქონდა, მაგრამ სიტყვიერი ხელშეკრულებაც ხელშეკრულებაა. ჩვენ ბევრად დიდი ზარალი მივიღეთ, ვიდრე ეს ჯარიმა იყო. საბოლოოდ მათი დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო კომპანიამ… დოკუმენტებს ვერ გაჩვენებთ, ეს არაა საჯარო ინფორმაცია,“ – გვიპასუხა კომპანია „ლაბაუ გონიოს“ გაყიდვების ხელმძღვანელმა, მადლენა მანუსაჩიანმა.

„ბათუმელებმა“ სცადა დავით ცერცვაძესთან დაკავშირებაც, რომელიც „ლაბაუ გონიოს“ მესაკუთრეა, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

ამ მშენებლობის შესახებ „ბათუმელები“ 2019 წლის ივნისში წერდა, მაშინ სასტუმროს მხოლოდ სამი სართული იყო აშენებული. სასტუმრო ზღვის პირას, პრომინადთან ახლოს შენდება. „ბათუმელების“ ჟურნალისტმა ამ დროისთვის სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევა დააფიქსირა: სამშენებლო ტერიტორია შემოსაზღვრული არ იყო სამშენებლო ღობით, არც უსაფრთხოების ბადით იყო მშენებლობა შეფუთული. სამშენებლო მოედანზე არც საინფორმაციო დაფა იყო, რაც კანონით სავალდებულოა. ეს კომპანია მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო დააჯარიმეს კიდეც.

მშენებლობას თავდაპირველად კომპანია „გონიო 5 მგზავრებისგან“ აწარმოებდა. 2020 წლის ივლისში ამ კომპანიას სახელი შეუცვალეს და მას „ლაბაუ გონიო“ უწოდეს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი დავით ცერცვაძეა. მან კომპანია „ბათუმი ბულვარ საიდთან“ ერთად თავისი სასტუმროების ქსელში საერთაშორისო ბრენდი „ბესტ ვესტერნი“ შემოიყვანა. „ბათუმი ბულვარ საიდის“ ერთ-ერთი აქციონერი კი დეპუტატი ბექა ოდიშარიაა.

„დავით ცერცვაძე არ არის ჩემი ბიზნესპარტნიორი, ის აქციებს ფლობს უბრალოდ,“ – ეს ფრაზა რამდენჯერმე გაიმეორა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბრის დროს პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ბექა ოდიშარიამ.

პარლამენტარი განმარტავს, რომ სასტუმრო „მგზავრებთან“, ასევე მის გვერდით მიმდინარე მშენებლობასთან შეხება არ აქვს.

„უჩივლონ დავით ცერცვაძეს თუ ასეა, უჩივლონ რა… მე „მგზავრებთან“ კავშირი არ მქონია და არც მექნება, პატიოსან სიტყვას გაძლევთ, გთხოვთ, ეს დაწეროთ. თუ იტყვით, რომ ბექა ოდიშარიას პარტნიორი აშავებს, ეს არაა სწორი. მე არაფერს არ ვაშენებ… ჩემი სახლი იყო მაქ, რომელიც მერე გაიყიდა, ეს არის მთელი ანატომია. 80 აქციონერია მანდ, ყველა კი არ ვიცი… დათო ცერცვაძეს რაღაც პერიოდი ვხვდებოდი, როცა შეისყიდა აქციები, ორი წელიწადია ნანახი არ მყავს საერთოდ,“ – გვიპასუხა ბექა ოდიშარიამ.

ხელოსნები კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოსთვის მიმართვას აპირებენ.

შენიშვნა: სტატიის თავდაპირველი სათაური იყო „უხელფასოდ გვამუშავა“ – მუშები მშენებელზე, რომელიც დეპუტატთან ერთად აქციებს ფლობს“.

სტატია შეიცავდა კიდევ ერთ უზუსტობას: ბექა ოდიშარიას სახლი ჰქონდა ბათუმში და არა გონიოში. 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: