მთავარი,სიახლეები

საკარანტინო სასტუმროებისთვის 78,5 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან უკვე დაიხარჯა

25.10.2020 • 1393
საკარანტინო სასტუმროებისთვის 78,5 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან უკვე დაიხარჯა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საკარანტინო ზონების მოსაწყობად, მოქალაქეთა ამ ზონებში/ზონებიდან ტრანსპორტირებისთვის და სხვადასხვა მომსახურებისთვის, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას სასტუმროებთან და კერძო კომპანიებთან ჯამში 67 343 203 ლარზე აქვს ხელშეკრულებები გაფორმებული. თანხას კი, გაწეული მომსახურების მიხედვით უხდის.

კოვიდსასტუმროების შემთხვევაშიც ხელშეკრულებებს ტურიზმის ეროვნული ადმინიატრაცია აფორმებს.

9 აპრილის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით საკარანტინო ზონების მოწყობაზე 88 სასტუმროსთან ხელშეკრულებები მთლიანობაში 25 975 674 ლარზე იყო გაფორმებული. მას შემდეგ, 1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით, ტურიზმის ადმინისტრაციამ, დამატებით, ჯამში 37 994 906 ლარზე გააფორმა ხელშეკრულებები სასტუმროებთან; მარტიდან-ოქტომბრამდე პერიოდში კი, ჯამში 2 200 000 ლარზე აქვს ხელშეკრულებები გაფორმებული ტრანსპორტით მომსახურებაზე, ხოლო დასუფთავების, კვების, სამედიცინო მოწყობილობების მომსახურებაზე – ჯამში 1 172 623 ლარზე.

„ბათუმელებმა“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან სექტემბერში წერილობით მეორედ გამოითხოვა ინფორმაცია, იმ დროისთვის ფაქტობრივად გადახდილი თანხების შესახებ. თუმცა, ადმინისტრაციისგან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

ბოლო პერიოდში, ყოველდღიურად, სავალდებულო კარანტინში მინიმუმ 4 000 პირი იმყოფება, კოვიდსასტუმროებში კი, 2000-მდე პაციენტი.

საქართველოს მთავრობის 28 იანვრის დადგენილებით, სწორედ ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს, „კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მოქალაქის ან უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომლის ოჯახის წევრს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე, სავალდებულო კარანტინის ფარგლებში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნასთან დაკავშირებული სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების შესყიდვა“.

ამ შესყიდვებზე კი ხელშეკრულებებს ტურიზმის ადმინისტრაცია ძირითადად გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე აფორმებს.

2020 წლის 10 აგვისტოდან, აღნიშნული მომსახურებით უკვე უცხო ქვეყნის ის მოქალაქეებიც სარგებლობენ, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე და ეპიდვითარების მკვეთრად გაუარესების მიზეზით დაექვემდებარებიან სავალდებულო იზოლაციას/კარანტინს.

მთავრობის 23 ოქტომბრის დადგენილებით კი, ასეთი მომსახურებით, საჭიროების შემთხვევაში ისარგებლებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მძღოლებიც, რომლებიც საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებს ახორციელებენ.

საკარანტინო ზონებისთვის ფულს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიც ხარჯავს აჭარის ბიუჯეტიდან. ამ კუთხით დეპარტამენტმა 2020 წლის 1-ლი აპრილიდან 15 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში 9,5 მილიონზე მეტი ლარი დახარჯა. მათ შორის:

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული დოკუმენტიდან

15 სექტემბრიდან დღემდე პარიოდში დეპარტამენტმა სასტუმროს მომსახურებაზე დამატებით კიდევ გააფორმა ხელშეკრულებები, ჯამში 1 622 900 ლარზე.

შესაბამისად, აჭარის ბიუჯეტიდან საკარანტინო ზონებისთვის პანდემიის დაწყებიდან დღემდე პერიოდში სულ 11 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

საკარანტინო ზონებიდან მოქალაქეთა ტრანსპორტირებისთვის ფული მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდანაც იხარჯება, მარტო ბათუმის ბიუჯეტიდან გაზაფხულზე ამ კუთხით ხელშეკრულებები 188 500 ლარზე იყო გაფორმებული.

საკარანტინო ზონებისთვის, მთავრობამ ოქტომბრის თვეში დამატებით 15 მილიონი ლარი გადაურიცხა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას. ამ თანხის გამოყოფა კი – ბიუჯეტში „ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე ეკონომიკის ხელშეწყობის ღონისძიებებისთვის“ გათვალისწინებული სახსრებიდან – ეკონომიკის სამინისტროს დაევალა.

[„ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე ეკონომიკის ხელშეწყობის ღონისძიებებისთვის“ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 440 მილიონი ლარის ხარჯია გათვალისწინებული. 2021 წლისთვის კი, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 35 მილიონი ლარი.]

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად არ მოგვაწოდეს მონაცემები თუ რამდენი დაიხარჯა ფაქტობრივად საკარანტინო სივრცეებისთვის, შესყიდვების გვერდზე ატვირთული დოკუმენტების მონაცემების შეჯერებით გამოდის, რომ ხელშეკრულებები ჯამში, სულ ცოტა 78,5 მილიონ ლარზეა გაფორმებული. ვინაიდან ოქტომბრის თვეში ტურიზმის ადმინისტრაციას დამატებით კიდევ გამოეყო 15 მილიონი ლარი, ზემოთ აღნიშნული 78,5 მილიონი ლარი, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ უკვე დახარჯულია.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: