ნენია – სოფელი თამბაქოს პლანტაციებში

ნენია ზღვის დონიდან 700 მეტრზე მდებარე, შუახევის პატარა სოფელია. მთაგორიანი გზებით, ფერდობებზე შეფენილი ხის სახლებით და შემოდგომაზე მწკრივებად აცმული თამბაქოს ფოთლების შრიალით. სიტყვა „ნენია“ საგალობელს ნიშნავს.

ხელისგულისოდენა სოფელში დაახლოებით 220 ოჯახი ცხოვრობს. პატარა გორაკებზე ხის კოხტა სახლები დგას მზის გულზე. აივნებზე ძაფზე აცმული თამბაქოს მწკრივები შრება, ნალიებზე წითელი წიწაკა და სიმინდის ტაროები გაუფენიათ.

თამბაქოს ნედლ ფოთლებს ძაფზე აცვამენ და მზეზე აშრობენ
სიმინდის ტაროები აივანზე

როცა დაზამთრდება და აჭარის მთებში გათოვდება, ნენიელები შეშის ღუმელს მიუსხდებიან, დროდადრო დაფიფქულ მთებს მიაცქერდებიან და ჩიბუხებს საკუთარი თამბაქოთი შეაკეთებენ. თუმცა ნენიის თამბაქოს ადგილობრივებისთვის მხოლოდ ეს დანიშნულება არ აქვს, თამბაქო მათთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა.

ახლა, სექტემბრის მიწურულს, ვენახის და სიმინდის ყანების გვერდით ნენიაში იისფრად ყვავის თამბაქო.

ნენიელი რომან მიქელაძე ყვება, როგორ მოჰყავთ თამბაქო სოფელში, როგორ აშრობენ, უვლიან და ამზადებენ გასაყიდად.

სათბურებში ჯერ ჩითილი გამოჰყავთ. აპრილის ბოლოდან მაისის შუა რიცხვებამდე ნაკვეთში რგავენ, რწყავენ, უვლიან და პირველად ფოთლებს ორთვენახევრის შემდეგ აცლიან. მცენარის ღეროზე რაც უფრო დაბლაა შეცლილი ფოთოლი, მითუფრო მაღალი ხარისხის თამბაქო მზადდება. ზედა, მეექვსე მწკრივის ფოთლები კი ნაკლებხარისხოვანია.

აუცილებელია თამბაქოს „მწიფე“ ფოთლების დაკრეფა და კარგად გამოშრობა. ძაფზე აცმულ თამბაქოს მზიან და ქარიან, მშრალ ადგილზე ფენენ, რომ კარგად გამოშრეს, ამისთვის 15-20 მზიანი და მშრალი დღეა საჭირო. გამშრალ თამბაქოს ფოთლებს აუცილებლად აცლიან ღერებს. ამ დროს პროდუქტის 30% იკარგება.

გამშრალ ფოთლებს სპეციალური დანადგარით ჭრიან, ხალავენ და სარეალიზაციოდ ამზადებენ.

„თამბაქო ჩვენთან დიდი ხანია მოჰყავთ, მაგრამ საბჭოთა პერიოდში აკრძალული იყო გაყიდვა. კოლექტივი არსებობდა და მას უნდა გაეყიდა, შენ არ გაგაყიდინებდნენ.

სულ 6 ვაჭარი იყო აჭარაში, ბაზრის კუთხეში იდგნენ თურმე ჩემოდნით. არ იმჩნევდნენ, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ ისინი თამბაქოთი მოვაჭრები იყვნენ.

ნენია აჭარის სხვა სოფლებივით მცირემიწიანი სოფელია, მაგრამ 50-100 კილო თამბაქო აქ ყველა ოჯახს მოჰყავს. ერთი კილო თამბაქოს ფასი 25-დან 100 ლარამდეა, გააჩნია თამბაქოს ხარისხს. ტრაპიზონისა და სამსუნის ჯიშებია აჭარაში გავრცელებული“ – ამბობს ნენიელი რომან მიქელაძე.

რომანმა გვითხრა, რომ ნენიაში ყოველწლიურად მზარდია ტურისტების რაოდენობა. შუახევის ცენტრიდან 7 კილომეტრით დაშორებულ სოფელს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტები სტუმრობენ. რომ არა პანდემია, რომან მიქელაძის აზრით, ეს ტენდენცია არ შეფერხდებოდა და მომავალშიც სოფელში ტურიზმის შეუქცევად განვითარებას ვეღარაფერი შეაჩერებს.

რომან მიქელაძემ გადაწყვიტა საოჯახო სასტუმრო და მარანი მოაწყოს. მართალია, ჯერ არც მარანია დასრულებული და არც სასტუმრო, მაგრამ ფინანსების მოძიების პროცესშია და ამბობს, რომ ჩანაფიქრს აუცილებლად აქცევს რეალობად.

რომანს საფერავის, ცოლიკაურისა და ჩხავერის ვენახი აქვს, როცა მარანი ექნება, ეტიკეტირებული ღვინის ჩამოსხმასაც გეგმავს.  აჭარაში მოყვანილ საფერავს განსაკუთრებული გემო აქვს. ძალიან ცოტა უნდა დააგემოვნო, ზომიერად და ნება-ნება. ამ ღვინით თრობა არ შეიძლება.

ნენიის საფერავისგან დამზადებული ღვინო.

„მარანში სამომავლოდ ტურისტებს გავუმასპინძლდები, თან ეს იქნება ჩემი და ჩემი თაობის ადამიანებისთვის ნენიაში სიბერის შეკრების ადგილი, სადაც ბუხართან დავსხდებით, ჩვენსავე ღვინოს მივირთმევთ და ვისაუბრებთ-ხოლმე“ – ამბობს რომან მიქელაძე.

მის საოჯახო სასტუმროში მოხვედრილ სტუმარს აჭარული და ზოგადად ქართული კერძების ნამდვილი დღესასწაული ელის.

სადილი რომან მიქელაძის საოჯახო სასტუმროში.

რომან მიქელაძე ამბობს, რომ ნენიიდან მას შეუძლია ტურისტებს დაათვალიერებინოს ბევრი სხვადასხვა ადგილი: ჩირუხი, მთა ღომა, გოდერძი, გომარდული და ა.შ. თავად სოფელშიც არაერთი ადგილია, რასთანაც სოფლის ლეგენდებია დაკავშირებული: მთავარანგელოზის მთა, ნაჭურევი, ნავენახევი და ა.შ.

ნენიაში თითქმის ყველას აქვს ოჯახისთვის სამყოფი ხილი და ბოსტნეული. რძელი ზამთრისთვის საკმარისი მარაგი რომ ჰქონდეთ სათბურებსაც აკეთებენ. მოჰყავთ კიტრი, პომიდორი, ბულგარული და ცხარე წიწაკა, ყაბაყი თუ ბადრიჯანი. შოთა მიქელაძეს ნენიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სათბური აქვს. დიდ ვენახში რამდენიმე ჯიშის ყურძენს უვლის და რომან მიქელაძის მსგავსად, ისიც ფიქრობს, რომ პანდემიის შემდეგ ნენიაში ამოსულ ტურისტებს ოჯახის ღვინოს და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისგან დამზადებულ კერძებს შესთავაზებს.

წიწაკა შოთა მიქელაძის სათბურიდან

ნენიაში ულამაზეს, 120 წლის ხის მეჩეთს ნახავთ. მუხისგან ნაგებს, სიძველისგან ფიცრებგაშავებულს და შიგნიდან ათასფერადად მოხატულს. მეჩეთში ლოცვები არ აღევლინება, შენობა დაზიანებულია და უმოქმედო.

ნენიას მეჩეთის მთავარი შესასვლელი.
120 წლის მეჩეთის ინტერიერი სოფელ ნენიაში.
ნენიას მეჩეთი

 

3 ქალი „პატრიოტთა ალიანსის“ ათეულში – უმაღლესი საბჭოს სია

„პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის პირველი ნომერი აჭარის უმაღლეს საბჭოში მურმან თურმანიძეა. იგი სააქციო საზოგადოება „ავტომობილისტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. პარტიული სიის მეორე ნომერი ჯუმბერ ტაკიძეა, რომელიც ახლა შპს „ხიდის“ დაცვის სამსახურის უფროსია.

პარტიულის სიის მესამე ნომერი ლევან ლორთქიფანიძეა – ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე. სიის მეოთხე ნომერი გულნარა ბასილაძეა, იგი შპს „ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებლის“ დირექტორის მოადგილეა.

სიის მეხუთე ნომერი ალექსანდრე ჩხარტიშვილია – გამომცემლობა „აჭარას“ დირექტორი, მეექვსე – დავით დავითაძე, მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მეშვიდე – გელა გვარიშვილი, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე. „პატრიოტთა ალიანსი“ სიის მერვე ნომერია ნინო დავითაშვილი, იგი თოჯინების და მოზადმაყურებელთა თეატრის მსახიობი და რეჟისორია, სიაში მეცხრე ნომერია სკოლა „თამარისის“ პედაგოგი ბიჭიკო ბოლქვაძე, მეათე ნომერი ნანი გორგაძეა – აჭარის ექიმთა გაერთიანების გენერალური მდივანი.

___

  1. მურმან თურმანიძე
  2. ჯუმბერ ტაკიძე
  3. ლევან ლორთქიფანიძე
  4. გულნარა ბასილაძე
  5. ალექსანდრე ჩხარტიშვილი
  6. დავით დავითაძე
  7. გელა გვარიშვილი
  8. ნინო დავითაშვილი
  9. ბიჭიკო ბოლქვაძე
  10. ნანი გორგაძე

ბათუმში საჭიროების მქონე ბავშვები ფიზიკური თერაპიის გარეშე დარჩნენ

ბათუმში კორონავირუსის ეპიდაფეთქებამ შეაფერხა იმ სარეაბილიტაციო ცენტრების მუშაობა, სადაც სხვადასხვა დაავადების მქონე ბავშვები მკურნალობენ. ცენტრები დისტანციურად მუშაობენ, თუმცა ვერ სრულდება ფიზიკური თერაპიის ნაწილი, რაც ბავშვებისთვის უმნიშვნელოვანესია. მშობლები შიშობენ, რომ თვეების განმავლობაში მიღწეული პროგრესი შესაძლოა ამ შეფერხების გამო კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. აჭარაში 2500-ზე მეტი ბავშვი სარგებლობს სარეაბილიტაციო ცენტრების მომსახურებით.

აჭარაში სარეაბილიტაციო ცენტრები, რომლებიც განვითარების შეფერხების მქონე, ასევე აუტისტური სპექტრის აშლილობის და ძვალ-სახსროვანი სისტემის დეფორმაციის მქონე ბავშვებისთვის ჯანდაცვის სამინისტროსა და ბათუმის მერიის სარეაბილიტაციო პროგრამებს ახორციელებენ, დაახლოებით ერთი კვირაა, რაც პროგრამით გათვალისწინებულ თერაპიას დისტანციურად უტარებენ ბენეფიციარებს, თუმცა ფიზიკური თერაპიის ნაწილი ამ ფორმატში ვერ ხორციელდება, რადგან მას უშუალოდ სპეციალისტის ჩართვა სჭირდება.

ბათუმელი ნონა გურგენიძის 4 წლის შვილს ბგერების წარმოთქმა უჭირს და ლოგოპედის დახმარება სჭირდება. ნონამ შვილი ბათუმის ერთ-ერთ სარეაბილიტაციო ცენტრში წელს, გაზაფხულზე მიიყვანა და ამბობს, რომ პროგრესი შესამჩნევი იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც მას დისტანციურად მუშაობა შესთავაზეს, ნონა იძულებული გახდა რეაბილიტაციის პროგრამაზე დროებით უარი ეთქვა.

„შეუძლებელია დისტანციურად ლოგოპედთან მუშაობა. ძალიან კარგი სპეციალისტია, მაგრამ 4 წლის ბავშვი ასე ტელეფონის ეკრანთან არ ჩერდება, იქ უჯერებდა მასწავლებელს, შედეგიც ჰქონდა, ახლა მეშინია, რომ ყველაფერი დაავიწყდება და თავიდან იქნება ეს პროცესი დასაწყები“, – ამბობს ნონა.

ბათუმში მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრი „ჯიქის” ხელმძღვანელი ნინო კუპრაძე ამბობს, რომ პანდემიის დასაწყისში, როცა პირველად გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე, დახლოებით 40-მა მშობელმა თქვა უარი თერაპიის ამ ფორმატში გაგრძელებაზე. მთავარი მიზეზი სწორედ ის იყო, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებს უჭირდათ ეკრანებთან გაჩერება და მუშაობა.

„ამ დროს მშობლების უნარებზეც ბევრია დამოკიდებული, რადგან სპეციალისტები მათი დახმარებით მუშაობენ ბავშვებთან. არ აქვთ შესაბამისი ოჯახური პირობებიც…  ახლაც გვყავს მშობლები, რომლებიც ვერ ახერხებენ ამ მიზეზებით ონლაინ მუშაობას. არის ალბათ ათამდე მშობელი, რომლებიც ინტერნეტთან წვდომის გამო ვერ ერთვებიან ონლაინ თერაპიებში, ეს ეხება ხულოსა და შუახევის მაცხოვრებლებს. ასევე არიან ბათუმელი ბენეფიციარები, რომლებიც სოფელში წავიდნენ და მესმის, რთულია აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავში ბინაში გააჩერო, სოფელში გაცილებით ლაღად გრძნობენ თავს, როცა ბუნებასთან არიან შეხებაში” – ამბობს ის.

აქვს თუ არა შედეგი დისტანციურ თერაპიას? – ნინო კუპრაძე მიიჩნევს, რომ ფსიქოლოგისა თუ ლოგოპედის ონლაინ სეანსები ნამდვილად არ არის ცოცხალი კომუნიკაციის ტოლფასი:

„რთულია ნამდვილად, მაგრამ სხვა გზა არ არის. რა თქმა უნდა, ონლაინ ფორმატში თერაპია ნამდვილად არ არის ცენტრში ჩატარებულ პროცედურასავით ეფექტური, მაგრამ ვართმევთ თავს. რთული პერიოდია, მაგრამ ეს მხარდაჭერაც რომ არ ჰქონდეთ ბენეფიციარებს, ძალიან გაუჭირდებოდათ სრულ იზოლაციაში” – ამბობს ის.

ნინო კუპრაძე განმარტავს, რომ ძირითადად მშობლებს აძლევენ დავალებებს, თუ რა უნდა გააკეთოს ბავშვმა.  „ისინი აკეთებინებენ ბავშვებს, შემდეგ გვიგზავნიან დავალებებს, იღებენ შენიშვნებს და ასე შემდეგ, გვაქვს პირდაპირი ჩართვები“ – ამბობს „ჯიქის“ ხელმძღვანელი.

ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამა ძვალ-სახსროვანი სისტემის დეფორმაციის მქონე ბავშვებისთვის, რომელშიც 300-ზე მეტი ბენეფიციარია ჩართული, ექიმ-სპეციალისტის კონსულტაციის გარდა მოიცავს სამკურნალო ფიზკულტურას, მასაჟს და ელექტროფორეზს, რაც სპეციალისტის გარეშე არ ხერხდება. ამ პროგრამით ბენეფიციარებს წელიწადში ორი კურსი უფინანსდებათ, ერთი კურსი კი მინიმუმ 30 სარეაბილიტაციო ღონისძიებას მოიცავს.

„ეს პროგრამა დისტანციურად ვერ ჩატარდება. არასასიამოვნოა იმ მხრივ, რომ რაღაც ეტაპზე ეს დახმარება რომ ვერ ხერხდება, შესაძლოა ამან ცოტა შეანელოს საბოლოო შედეგის მიღწევა” – ამბობს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი ინდირა ნაკაიძე. მისი თქმით, ე.წ. სქოლიოზის პროგრამაში სამკურნალო ფიზკულტურის ნაწილიც შესაძლებელია ჩატარდეს დისტანციურად, თუმცა სამკურნალო მასაჟს სპეციალისტი სჭირდება.

ინდირა ნაკაიძე ამბობს, რომ ადრეული განვითარების პროგრამაში ფიზიკური თერაპია ძირითადად ნატიფი მოძრაობების დასახვეწადაა მიმართული და სპეციალისტის მეთვალყურეობით ეს სავარჯიშოები სახლშიც შეიძლება გაკეთდეს. მისივე თქმით, ასევე ნაკლებად არის ფიზიკური სავარჯიშოები აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების რეაბილიტაციის პროგრამაში. რაც შეეხება ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია/რეაბილიტაციის პროგრამას, იმ ბენეფიციარებს, რომლებსაც ცერებრალური დამბლის დიაგნოზი აქვთ, სჭირდებათ ფიზიკური თერაპია:

„გააჩნია იქ ხელის დამბლაა, ფეხის, ოთხივე კიდურის ნაწილის… ამას მშობელი ვერ გააკეთებს, სპეციალისტმა უნდა იმუშაოს, თუმცა ფსიქოსომატური რეაბილიტაციის პროგრამაში არიან ჩართული სხვა ბავშვებიც, რომელთაც შეიძლება არ ჰქონდეთ ფიზიკური პრობლემა, იგივე ბცდ-ს, შესაძლოა ჰქონდეთ უფრო მეტყველების თერაპევტის, ფსიქოლოგის სამუშაო პროცედურა, აი, ამათი ჩატარება შესაძლებელია. ანუ მთლად სრულყოფილად ვერა, მაგრამ ნაწილობრივ რომ ჩატარდეს ვაუჩერით გათვალისწინებული ღონისძიებები, ეს შესაძლებელია, თუმცა ფიზიკურ თერაპიაზე, სამწუხაროდ, ახლა შეზღუდული ვართ”.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებისგან განსხვავებით, რომლებშიც ბენეფიციარები მუნიციპალიტეტებიდანაც არიან ჩართულები, ბათუმის მერიის პროგრამებით მხოლოდ ბათუმში მცხოვრები ბენეფიციარები სარგებლობენ. ბათუმის მერიის ადრეული განვითარების პროგრამაში 500-მდე ბენეფიციარია ჩართული, აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების რეაბილიტაციის პროგრამაში კი – დაახლოებით 300 ბენეფიციარი.

ბათუმის მერიის ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელი სოფო მიქელაძე ამბობს, რომ ბენეფიციარების ჩართულობა დისტანციური მუშაობის პირობებშიც ხდება:

„პანდემიის დასაწყისშიც, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, ჩვენ, ასევე, დისტანციურ მუშაობაზე ვიყავით გადასული, შესაბამისად ასეთი გამოცდილება უკვე აქვთ სარეაბილიტაციო ცენტრებს. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული გაიდლაინით ხდება მართვა. ადრეულში ძირითადად ფსიქოლოგის, ლოგოპედის, ოკუპაციური თერაპევტის მომსახურებაა, ამიტომაც არის დისტანციურად მუშაობის საშუალება. სერვისცენტრების ინფორმაციით ინტერნეტთან წვდომის მხრივ პრობლემა თითქმის არ არის, ჩართულობა მაღალია. ადრეული განვითარების პროგრამაში დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახის წევრების გადამზადებას და ამ მხრივ გამართულად მუშაობს პროგრამა”, – ამბობს ის.

ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებს აჭარის მასშტაბით 15 სარეაბილიტაციო ცენტრი, ბათუმის მერიის პროგრამებს კი ქალაქის მასშტაბით 9 სარეაბილიტაციო ცენტრი ახორციელებს.

„ფანშეტი“ ბათუმში მდებარე კიდევ ერთი სარეაბილიტაციო ცენტრია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროსა და მერიის პროგრამებს ახორციელებს და პროგრამებით მოსარგებლე 60 ბენეფიციარს ემსახურება. ცენტრში გვითხრეს, რომ პანდემიის პირობებში, მიუხედავად პროტოკოლით გათვალისწინებული წესების დაცვისა, მისვლას მაინც ერიდებოდნენ მშობლები.

ბენეფიციარები, რომელთაც ონლაინ თერაპიაზე უარის თქმა ბავშვის ქცევის სირთულის გამო მოუწიათ, “ფანშეტშიც” არიან:

„გვქონია შემთხვევა, როცა ბავშვი არ ჩერდება უშუალოდ  ლეპტოპთან, ტელეფონთან… ძირითადად ეს აუტისტური სპექტრის ბავშვებს ეხებათ და ამის გამო უთქვამს უარი რამდენიმეს, თუმცა ძირითადი ნაკადი ეთანხმება ონლაინ მუშაობას” – ამბობს მალვინა ფარტენაძე, „ფანშეტის“ მენეჯერი.

სარეაბილიტაციო ცენტრის, „ჯიქის“ ფსიქოლოგი ირმა დიდმანიძე ამბობს, რომ ჩართულობა ონლაინრეჟიმზე გადასვლის შემდეგაც მაღალია, თუმცა რამდენიმე ბენეფიციარი მაინც გამოეთიშა პროცესს, იმ მიზეზით, რომ მშობელი ვერ ახერხებდა:

„დისტანციურად პანდემიის დასაწყისშიც ვიმუშავეთ, შესაძლოა ისეთი ხარისხიანი არ იყო თერაპიები, როგორც ცენტრში, მაგრამ ძალიან კარგად იმუშავეს მშობლებმაც. რა თქმა უნდა, რთული იყო ჩვენთვისაც, მაგრამ პროგრამას არ ავცდით და თამაშები/სავარჯიშოები მოვარგეთ იმ უნარებს, რაზეც ვმუშაობდით ცენტრში. საკმაოდ ძნელი იყო, მაგრამ გავართვით თავი”.

 

ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე „ოცნების“ სიაშია

ხელვაჩაურის საკრებულოს არჩეული თავმჯდომარე – ნადიმ ვარშანიძე „ქართული ოცნების“ უმაღლესი საბჭოს პარტიული სიის მეშვიდე ნომერია. ამ დროისთვის ნადიმ ვარშანიძეს უფლებამოსილება შეწყვეტილი არ აქვს. ხელვაჩაურის საკრებულოს პრესცენტრში გვითხრეს, რომ ნადიმ ვარშანიძე ისევ საკრებულოს თავმჯდომარეა.

საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, პაატა დიასამიძე განმარტავს, რომ ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უსკოში განაცხადის წარდგენიდან არაუგვიანეს მეორე დღეს უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან.

„საკრებულოს არჩეული თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას მისი მოადგილე ასრულებს მორიგ არჩევნებამდე, თუკი ის დეპუტატი გახდა,“ – ამბობს იურისტი პაატა დიასამიძე. ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ სალვარიძეა.

„ქართულმა ოცნებამ“ უმაღლესი საბჭოს პარტიული სია უსკო-ში დღეს, პირველ ოქტომბერს წარადგინა.

საკრებულოს თავმჯდომარეობამდე ნადიმ ვარშანიძე ხელვაჩაურის გამგებელი იყო. მან სამივე ინსტანციის სასამართლო წააგო გამგეობის თანმშრომლის წინააღმდეგ – 2015 წლის იანვარში გულნაზ ღლონტი ხელვაჩაურის გამგეობიდან მაშინ გაათავისუფლეს, როცა იგი დეკრეტულ შვებულებაში იმყოფებოდა. მანამდე იგი სოფელ განთიადში გამგებლის რწმუნებულის მოვალებას ასრულებდა. ნადიმ ვარშანიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ხელვაჩაურის ბიუჯეტს  ძვირად დაუჯდა – სამსახურში 2017 წელს დაბრუნებულ თანამშრომელს ორი წლის განაცდური გადაუხადეს.

გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია – რომელ საგნებში ჩაიჭრა ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მეტი აბიტურიენტი

რომელი საგნების ჩაბარება გაუჭირდათ აბიტურიენტებს ყველაზე მეტად 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, რომელ საგნებზე დარეგისტრირდა ყველაზე მეტი აბიტურიენტი და რომელ საგანში რამდენმა აბიტურიენტმა მიიღო უმაღლესი ქულები.

ამ კითხვებზე პასუხს 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სტატისტიკური ანალიზი სცემს, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა.

წელს ყველაზე რთული საგნების ხუთეული აბიტურიენტებისთვის გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა და ზოგადი უნარები იყო. სწორედ ამ საგნებში ჩაიჭრა ყველაზე მეტი აბიტურიენტი.

2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა და ჩაიჭრა:

[checklist]

  • გეოგრაფიაში – აბიტურიენტების 40,7% [გეოგრაფიის გამოცდას აბარებდა 829 აბიტურიენტი]. ტესტის მაქსიმალური ქულა – 60, მხოლოდ ერთმა აბიტურიენტმა მიიღო
  • ფიზიკაში 39,8% [გამოცდას აბარებდა 201 აბიტურიენტი]. ტესტის მაქსიმალური ქულა იყო 75. ყველაზე მაღალი ქულა, 74 – მიიღო მხოლოდ ერთმა აბიტურიენტმა.
  • ქიმიაში 24, 6% [გამოცდას აბარებდა 2238 აბიტურიენტი]. ტესტის მაქსიმალური ქულა 75 მხოლოდ ერთმა აბიტურიენტმა მიიღო.
  • მათემატიკაში 17,5% [გამოცდას აბარებდა 11997 აბიტურიენტი] ტესტის მაქსიმალური ქულა – 59 მიიღო 13-მა აბიტურიენტმა.
  • ზოგად უნარებში 11,4% [გამოცდას აბარებდა 4006] ტესტის მაქსიმალური ქულა იყო 80, ყველაზე მაღალი ქულა უნარებში – 77 ერთმა აბიტურიენტმა მიიღო
  • სამოქალაქო განათლებაში 9,3% [გამოცდას აბარებდა 356 აბიტურიენტი] ტესტის მაქსიმალური ქულა იყო 60. ყველაზე მაღალი ქულა, 58 მიიღო მხოლოდ ერთმა აბიტურიენტმა.
  • ბიოლოგიაში 8,7% [გამოცდას აბარებდა 3084 აბიტურიენტი] ტესტის მაქსიმალური ქულა იყო 70. ეს ქულა მიიღო 21-მა აბიტურიენტმა.
  • ქართულ ენასა და ლიტერატურაში 6,3% [გამოცდას აბარებდა 35 116 აბიტურიენტი]. ტესტის მაქსიმალური ქულა – 70 მიიღო 20-მა აბიტურიენტმა.
  • ლიტერატურაში 6,15%[გამოცდას აბარებდა 845 აბიტურიენტი]. ტესტის მაქსიმალური ქულა იყო 70. თუმცა ყველაზე მაღალი ქულა გამოცდაზე 67 – მიიღო მხოლოდ 2-მა აბიტურიენტმა.
  • უცხოური ენები – ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული [გამოცდას აბარებდა 34 663 აბიტურიენტი]. ტესტის მაქსიმალური ქულა 80 მიიღო 152-მა აბიტურიენტმა.
  • ისტორიაში 5,4% [გამოცდას აბარებდა 21 553 აბიტურიენტი]. ტესტის მაქსიმალური ქულა – 60 მიიღო 10-მა აბიტურიენტმა
  • სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში 30% [გამოცდას აბარებდა 40 აბიტურიენტი]. ტესტის მაქსიმალური ქულა იყო 70. ყველაზე მაღალი ქულა – 60 გამოცდაზე მიიღო მხოლოდ ერთმა აბიტურიენტმა. [/checklist]

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ მედიასთან აგვისტოს თვეში განაცხადა, რომ აბიტურიენტებში პოპულარული მიმართულებები წელს შარშანდელის მსგავსად სოციალური მეცნიერებები, ბიზნესი და ეკონომიკაა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, სოფიო გორგოძის თქმით, ერთიანი ეროვნული გამოცდების მინიმალური ზღვარი 29 614-მა აბიტურიენტმა გადალახა, რაც რეგისტრირებული აბიტურიენტების 75%-ია.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული აბიტურიენტებიდან 100%-იანი გრანტი 6 550-მა  მოიპოვა, 70%-იანი დაფინანსება- 1 500-მდე, 50%-იანი გრანტი კი, 4 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა.

დეპუტატობის კანდიდატობის მიუხედავად რიჟვაძე თანამდებობას არ დატოვებს

აჭარის მთავრობაში ბოლო ერთ თვეში სამი მინისტრი შეიცვალა. „ქართული ოცნება“ უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატთა სიაში აჭარის მთავრობის მინისტრთა კაბინეტიდან ორი მინისტრი მოხვდა. სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის მინისტრები. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზაალ მიქელაძე კი, ასევე დეპუტატობის კანდიდატია პარლამენტში.

ორმა მოქმედმა მინისტრმა თანამდებობა უკვე დატოვა. მესამე მინისტრი, ჯაბა ფუტკარაძე დღეს დაასახელეს კანდიდატად და ის პოსტს მაქსიმუმ ხვალ, 2 ოქტომბერს დატოვებს.

ზაალ მიქელაძე ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე მისმა მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ შეცვალა. სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძის ნაცვლად გია სურმანიძე გახდა. რაც შეეხება ეკონომიკის მინისტრს, ჯერჯერობით აჭარის მთავრობაში არ აკონკრეტებენ ვინ იქნება ეკონომიკის ახალი მინისტრი.

მიუხედავად იმისა, რომ თორნიკე რიჟვაძე „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერია, მას თანამდებობის დატოვება არ მოუწევს.

მას შემდეგ, რაც მინისტრთა კაბინეტის უმრავლესობა შეიცვალა, გაჩნდა კითხვა, ხომ არ სჭირდება დამატებითი ლეგიტიმაცია ახალ მთავრობის კაბინეტს.

უმაღლესი საბჭოს მოქმედი დეპუტატი, იურისტი ნინო ჩხეტია განმარტავს, რომ მთავრობის კაბინეტს უმაღლესი საბჭოს მხრიდან ხელახალი ნდობის გამოცხადება, აჭარის ახალი კონსტიტუციით აღარ სჭირდება.

„ადრე სჭირდებოდა, 1/3-ის განახლების შემთხვევაში, მაგრამ კონსტიტუციის ცვლილების შემდეგ აღარაა ასე. ხელახალი ნდობის გამოცხადება აღარ სჭირდება. ამასთან, მთავრობის თავმჯდომარე არ არის ვალდებული, რომ გადადგეს,“ –  განმარტავს ნინო ჩხეტია.

„ქართულმა ოცნებამ“ უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატთა პარტიული სია დღეს გამოაქვეყნა.

ამავე თემაზე:

„ოცნების“ სიის ათეული უმაღლეს საბჭოში – პირველი ნომერი თორნიკე რიჟვაძეა

კორონავირუსით ბათუმში დღეს მეორე პაციენტი გარდაიცვალა

ბათუმში დღეს, 1-ელ ოქტომბერს, მეორე პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გარდაცვლილი 82 წლის კაცია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 29 სექტემბრიდან მკურნალობდა.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის, ყველაზე მეტი – 241 შემთხვევა აჭარაში დადასტურდა.

საქართველოში კორონავირუსით სულ 41 პაციენტია გარდაცვლილი.

ამავე თემაზე:

ბათუმში კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით

„ოცნების“ სიის ათეული უმაღლეს საბჭოში – პირველი ნომერი თორნიკე რიჟვაძეა

აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველი ნომერი თორნიკე რიჟვაძეა, იგი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეა. პარტიული სია „ქართულმა ოცნებამ“ უმაღლეს საარჩევნო კომისიაში დღეს, პირველ ოქტომბერს წარადგინა.

პარტიული სიის მეორე ნომერია უმაღლესი საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე დავით გაბაიძე, მესამეა – ჯაბა ფუტკარაძე, რომელიც ამ დრომდე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი იყო, მეოთხე თინათინ ზოიძეა, რომელიც ამ დრომდე აჭარის ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.

„ქართული ოცნების“ პარტიული სიის მეხუთე ნომერი გიორგი მანველიძეა, მეექვსე – ირაკლი ჭეიშვილი. იგი ამ მოწვევის უმაღლესი საბჭოს წევრია. სიის მეშვიდე ნომერი ნადიმ ვარშანიძეა, იგი ხელვაჩაურის საკრებულოს არჩეული თავმჯდომარეა.

მერვე ნომერია ფატი ხალვაში [პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“], პარტიული სიის მეცხრე ნომერია დავით თედორაძე, მეათე – ლადო მგალობლიშვილი. ორივე მათგანი აჭარის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრია „ქართული ოცნებიდან“.

პარტიული სიების უსკო-ში წარდგენის ვადა დღეს, პირველ ოქტომბერს იწურება.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც 31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად გაიმართება.

___

ოცნების სიის პირველი ათეული:

  1. თორნიკე რიჟვაძე
  2. დავით გაბაიძე
  3. ჯაბა ფუტკარაძე
  4. თინათინ ზოიძე
  5. გიორგი მანველიძე
  6. ირაკლი ჭეიშვილი
  7. ნადიმ ვარშანიძე
  8. ფატი ხალვაში
  9. დავით თედორაძე
  10. ლადო მგალობლიშვილი

პრაშანტ ჯოში „შუახევი ჰესის“ გამოწვევებსა და წარმატებებზე

როგორ აშენდა და როგორ ფუნქციონირებს შუახევი ჰესი? აჭარისწყალი ჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორი, პრაშანტ ჯოში, იმაზე თუ რა გამოწვევები ჰქონდა გუნდს და როგორ გადალახეს არსებული წინააღმდეგობები.

ნახეთ, ვიდეო:

ჯანმოს ეპიდემიოლოგი: რთულია, მაგრამ ჩვენ გვაქვს იარაღი, რომ გავაკონტროლოთ ეს ვირუსი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანმრთელობის გადაუდებელი დახმარების პროგრამების ხელმძღვანელმა ეპიდემიოლოგმა  მარია ვან კერჰოვმა 30 სექტემბერს ჯანმოს ფეისბუქგვერდზე მორიგი პირდაპირი ჩართვისას კორონავირუსის პანდემიის პიკის თავისებურებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ახალ კორონავირუსს სეზონურობა არ ახასიათებს, რომ იგი ყველა ტიპის პირობებში, კლიმატსა და რეგიონში ცირკულირებს, თუმცა მისი კონტროლი ჩვენს ხელშია.

მოდერატორის კითხვაზე, იმყოფება თუ არა მსოფლიო პანდემიის მეორე ტალღის ქვეშ, თუ ეს ისევ პირველი ტალღის ერთ-ერთი პიკია, მარია ვან კერჰოვმა უპასუხა:

„თუ მთელ მსოფლიოს გადავხედავთ, რთულია მოკლე პასუხი გაეცეს ამ კითხვას. ვირუსი კვლავ ცირკულირებს. ჩვენ გვესმის, რომ მოსახლეობის 10% დაინფიცირდა პანდემიისას… ეს ნიშნავს, რომ 90% არ დაინფიცირებულა, ეს ნიშნავს, რომ ვირუსი გააგრძელებს ცირკულირებას, თუ ამის უფლებას მივცემთ. ბევრმა ქვეყანამ აქამდე სულ ცოტა ერთი პიკი მაინც განიცადა. ზოგიერთმა ქვეყანამ საერთოდაც აირიდა პირველი პიკი, ზოგიერთ მხარეში კი მიაღწიეს პიკს და დაამყარეს კონტროლი. ახლა ზოგან ხედავენ პიკის აღმავლობას, ანუ ახალი შემთხვევების ზრდას.

ჩვეულებრივ, როცა ჩვენ ვამბობთ „ტალღას“, ჩვენ ვფიქრობთ სეზონურ გრიპზე, რომელიც მოდის სეზონურად, ძირითადად ზამთრის თვეებში იზრდება, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვხედავთ ამ ვირუსის სეზონურობას. ეს ვირუსი ცირკულირებს ყველა ტიპის პირობებში, კლიმატსა და რეგიონში, და რაც აქამდე დავადგინეთ, ის არის, რომ ყველა გატარებული აქტივობით, ქმედებითა და ინტერვენციებით პიკი იკლებს და შესაძლებელი ხდება ვირუსის კონტროლი.

ზოგიერთ ქვეყანაში კორონავირუსმა თავიდან ცირკულირება დაიწყო იმიტომ, რომ შეზღუდვები შემსუბუქდა და ვირუსს შეუძლია იპოვოს გზები, რომ შენარჩუნდეს და იმოქმედოს კლასტერებში და ამიტომაც ვხედავთ ეპიდაფეთქებას ბევრ ქვეყანაში, მაგრამ ვირუსის ქცევა, რასაც ჩვენ ახლა პიკისას ვხედავთ – ჩვენს ხელშია, ის განისაზღვრება იმით, თუ რას ვაკეთებთ ჩვენ, განისაზღვრება იმით, თუ რას აკეთებენ მთავრობები იმისთვის, რომ ის კონტროლის ქვეშ მოაქციონ. ეს ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ გვაქვს იარაღი, რომ გავაკონტროლოთ ეს ვირუსი“.

ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის შედეგად 1 014 557 ადამიანი გარდაიცვალა, იანვრიდან დღემდე დადასტურებულია კორონავირუსის 33 995 564 შემთხვევა.

ენმ-ს პარტიული სიის ათეული აჭარის უმაღლეს საბჭოში

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატები დღეს, 1-ელ ოქტომბერს დაასახელა. პროპორციული საარჩევნო სიის პირველ ათეულში არიან:

  1. ელგუჯა ბაგრატიონი
  2. გიორგი კირთაძე
  3. გია აბულაძე
  4. მედეა ვასაძე
  5. ლევან ანთაძე
  6. ირაკლი ჩავლეიშვილი
  7. მამული სურმანიძე
  8. ასმათ დიასამიძე
  9. დავით კონცელიძე
  10. მამუკა ჯევაიში

აჭარის უმაღლეს საბჭოში სულ 21 წევრია, მათგან სამი მაჟორიტარული წესით ირჩევა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატები აჭარის უმაღლეს საბჭოში არიან: გიორგი კირთაძე, გია აბულაძე და ელგუჯა ბაგრატიონი.

პარტიული სია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიის ახალ ოფისში წარმოადგინა მემედ აბაშიძის გამზირზე, სადაც ლევან ვარშალომიძის მხარდამჭერი ჯგუფი იმუშავებს.

ამ თემაზე:

„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატები აჭარაში

Bookshop-ის 20% ფასდაკლება ბათუმელებისთვის

ბათუმში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, English Book Education-ის მაღაზია bookshop-ი, რომელიც მდებარეობს ძმები ზუბალაშვილებისა და ბარათაშვილის ქუჩების კვეთაში, ოქტომბრის თვის განმავლობაში თავის ერთგულ მომხარებელს სთავაზობს 20% ფასდაკლებას. ფასდაკლება ვრცელდება მხოლოდ მხატვრულ ლიტერატურასა და ბრენდირებულ აქსესუარებზე.

მაღაზიაში თქვენ ნახავთ ყველასათვის საყვარელ ჰარი პოტერების სპეციალურ გამოცემას, სტივენ კინგის საშინელებათა ჟანრის წიგნებს, სხვადასხვა საკოლექციო გამოცემას, მსოფლიო ლიტერატურის კლასიკად აღიარებულ ნაწარმოებებსა და ასევე The New York Times-ის ყველაზე გაყიდვად წიგნებს.

Bookshop-ი სრულიად განსხვავებული კონცეფციის წიგნის მაღაზიაა, რომელიც ბათუმში აგვისტოს თვეში გაიხსნა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ bookshop-ს აქვს თავისი აქსესუარების ხაზი. English Book Education – მა ABK – სთან თანამშრომლობით შექმნა შვიდი ავტორის: ჩარლზ დიკენსის, ჯ.კ როულინგის, სტივენ კინგის, ლუის კეროლის, ართურ კონან დოილის, ჯ.რ ტოლკინისა და ერნესტ ჰემინგუეის გრაფიკული ვიზუალი. სწორედ ამ ავტორების ვიზუალებით დაიბრენდა  და მომხმარებლის დიდი მოწონება აქვს ჩანთებს, მაისურებსა და ჰუდებს.

Bookshop-ი მთელი ოქტომბრის თვეში გეგმავს სხვადასხვა აქციას, რითაც ბათუმელებისადმი მხარდაჭერას გამოხატავს.

ჰესების 4 ინჟინერი საქართველოდან – ახალი თაობა

იცნობთ საქართველოში ინჟინრების ახალ თობას? იცით, რას აკეთებენ, სად მიიღეს განათლება, რა გამოცდილება დააგროვეს? დღეს მოგიყვებით „შუახევი ჰესში“ მომუშავე 4 ინჟინერზე, რომლებსაც თავიანთი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში, იმაში, რომ ჩვენს სახლებში ელექტროენერგიის უწყვეტი ნაკადი მოედინება.

გიორგი ლაკირბაია, ინჟინერ – მშენებელი

გიორგი ლაკირბაია

გიორგი ლაკირბაია პროფესიით ჰიდროინჟინერია. როგორც ამბობს, ის ოჯახში ამ პროფესიის მესამე თაობის წარმომადგენელია. მასზე ბაბუამ იქონია გავლენა, რის გამოც ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩააბარა.

“მინდოდა, რაღაც დოზით, ყველა სფეროდან მიმეღო გამოცდილება და მესამე კურსიდან დავიწყე მუშაობა ინჟინრის თანაშემწედ საქწყალპროექტში, სადაც სამი წლის განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლე – იქნებოდა ეს ველის შესწავლა თუ პროფესიონალებთან ერთად პროცესის დაგეგმვა. შემდეგ – 2005-2006 წლებში ენგურჰესის რეაბილიტაციის სამუშაოებში ჩავერთე.

როცა მივხვდი, რომ სამშენებლო პროცესში მაკლდა გამოცდილება, გადავედი ათმეთაურად და ჩავები უშუალოდ მშენებლობის პროცესში, საკუთარი ხელით დამქონდა ბეტონი, რათა ყველა ნიუანსი მცოდნოდა, რაც ჩემს საქმეში შეიძლებოდა გადამწყვეტი ყოფილიყო.

შემდეგ ვმუშაობდი მუნიციპალური განვითარების ფონდში, ასევე ჩართული ვიყავი მტკვარი-ჰესის მშენებლობის პროცესში და ა.შ. ყოველთვის ღია ვარ ახალი გამოცდილებებისთვის. როცა მომეცა საშუალება, უშუალოდ მემუშავა ჰესის ექსპლუატაციაში გაშვების პროცესში, რა თქმა უნდა, დავთანხმდი. მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ შუახევი ჰესი საკმაოდ ცნობილი და გახმაურებული პროექტი იყო.

,,ჰესის ექსპლოატაციაში გაშვება სრულიად სხვა გამოწვევაა ამ სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის და მეც სიამოვნებით დავთანხმდი შემოთავაზებას. თან მართლაც მნიშვნელოვანი პროექტია – დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აშენებული ყველაზე დიდი სიმძლავრის ჰესია და დიდ როლს თამაშობს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევის პროცესში.

შუახევი ჰესს მართავს ინჟინერთა გუნდი, რომელიც თავს გაართმევს ნებისმიერ გამოწვევას და ჰესის გამართულად მუშაობას უზრუნველყოფს“.

ლევან ცინცქილაძე – შუახევი ჰესის ოპერატორი

ლევან ცინცქილაძე

ლევან ცინცქილაძე 27 წლისაა, მისი კარიერა 5 წლის წინ აჭარისწყალში სტაჟირების პროგრამით დაიწყო:

“თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა ამ კომპანიაში სამთვიანი სტაჟირების პროგრამაზე მოვხვდი. ეს იყო 2015 წელს. ძალიან ამაღელვებელი იყო ეს ამბავი ჩემთვის, რადგანაც მეც აჭარიდან ვარ და ძალიან მინდოდა ამ პროექტზე მუშაობა. 2016 წელს ვაკანსია გამოცხადდა ოპერატორის პოზიციაზე, აქ დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება დამეხმარა, უფრო მარტივად გამევლო გასაუბრება და აგერ უკვე მეოთხე წელია, რაც აჭარისწყალი ჯორჯიას თანამშრომელი ვარ. 

ეს წლები ჩემთვის გამოწვევებითა და ახალი გამოცდილებებითაა სავსე. ვმონაწილეობდი გვირაბის მშენებლობის პროცესშიც. მიმაჩნია, რომ გუნდშიც ძალიან გამიმართლა, რადგან აქ მუშაობით ბევრი სხვა ქვეყნის წარმომადგენლის გამოცდილების გაზიარების საშუალებაც მომეცა. 

ამ პროექტმა, სოციალური პასუხისმგებლობის თვალსაზრისით, რეგიონის მცხოვრები ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა. ეს, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია – ქართველ ინჟინრებს მოგვცა განვითარების საშუალება. ვფიქრობ, საჭირო დროს საჭირო ადგილას მოვხვდი.”

ირაკლი გურგენიძე – ოპერირების ინჟინერი

ირაკლი გურგენიძე

ირაკლი 2017 წელს შემოუერთდა აჭარისწყალი ჯორჯიას ჯგუფს და ოპერირების დეპარტამენტში ოპერირების ინჟინრად მუშაობს.

“ეს არის საერთაშორისო პროექტი და დიდი გამოწვევა იყო ნებისმიერი ინჟინრისთვის აქ მოხვედრა. უცხოელ ინჟინრებთან ერთად ქართველი ინჟინრებიც აქტიურად ვიყავით ჩაბმული გვირაბის გაყვანის, გადამცემი ხაზის, როგორც მშენებლობის, ასევე ექსპლუატაციაში შეყვანის ეტაპებზე. დავიხვეწეთ როგორც ინჟინრები და კარგი გამოცდილებაც მივიღეთ.

რაც მთავარია, ყველაფერი ერთიანი ძალისხმევით მოხდა. ჩვენს გუნდში სხვადასხვა ასაკისა და კატეგორიის ინჟინრები იყრიან თავს. იმის ფონზე, რომ მსოფლიოში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება, ჩვენი ქვეყნისთვის შუახევი ჰესი მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, ელექტროენერგიის  წარმოების, მეორე მხრივ კი, ახალი კადრების გადამზადების თვალსაზრისით, რომლებიც გააგრძელებენ ამ სფეროში მუშაობას.

მაგალითად, ვიყავით ინდოეთში ჰესების ოპერირებაში 100-წლიანი გამოცდილების კომპანია Tata Power-ში კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე, სადაც მიღებული ცოდნა და გამოცდილება ნამდვილად შეუფასებელია. ინჟინრებისთვის ძალიან რთულია იქ მოხვედრა – ჩვენ ამ პროექტის საშუალებით ეს შესაძლებლობა მოგვეცა”.

გიორგი თავდგირიძე – ოპერირების ინჟინერი

გიორგი თავდგირიძე

“მახუნცეთში ვცხოვრობ და მთელი ბავშვობა ჰიდროელექტროსადგურს ვუყურებდი, მაინტერესებდა, როგორ მუშაობდა. დედაც და მამაც ინჟინრები არიან. მეც ვორჭოფობდი მშენებელსა და ენერგეტიკოსობას შორის და საბოლოოდ ენერგეტიკოსობამ გადაწონა. ძალიან საინტერესო სფეროა. სკოლაშიც მიყვარდა ფიზიკა და მათემატიკა და ამანაც შემიწყო ხელი. საბოლოოდ ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი დავამთავრე ტექნიკურ უნივერსიტეტში, რის შემდეგაც ენერგო-პრო ჯორჯიაში დავიწყე მუშაობა. 2015 წელს კი, მშენებლობის პერიოდში გადმოვედი შუახევი ჰესში.

ვსწავლობ მუდამ და ამაში კომპანიაც ხელს მიწყობს. ახლა არის ისეთი მომენტი, როცა სხვას ვასწავლი და ვუზიარებ ჩემს გამოცდილებას. 10 წლის მანძილზე ბევრ ჰესზე მიმუშავია. ენერგეტიკის სფერო სავსეა გამოწვევებით, ჩვენ კი ინჟინრები, სულ იმის ცდაში ვართ, ყველა დეტალი მაქსიმალურად გავმართოთ და პროექტი უხარვეზოდ ვამუშავოთ.

ენერგეტიკოსის საქმე დღეისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. როცა იცი, რომ შენი შრომის შედეგად ადამიანები ამზადებენ საჭმელს, მუხტავენ ტექნიკას, იღებენ განათლებას და საერთო ჯამში, იმარტივებენ ცხოვრებას, სიამაყის განცდა გეუფლება. ხვდები, რომ აქ მხოლოდ ფინანსური კეთილდღეობისთვის არ ხარ და ვიღაცისთვის რაღაც კარგ საქმესაც აკეთებ.

სანამ ამ პროექტში ვიქნები, მექნება ის პასუხიმგებლობა, რომ მაქსიმალური სარგებელი მოვუტანო ქვეყანას, რეგიონს და შევინარჩუნო და დავიცვა ის გარემო, რაც ბუნების სახით გვაქვს მოცემული.”

მერია „ნატვრის ხეში“ 50 000 ლარს დახარჯავს – ახალი კონკურსი ესკიზის გამოსავლენად

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ცენტრალურ პარკში „ნატვრის ხის“ დასადგამად ხელახალი კონკურსი გამოაცხადა – საუკეთესო ესკიზის გამოვლენასა და ხარჯთაღრიცხვის შედგენაზე. საკონკურსო თანხა 5 ათასი ლარია.

წინა კონკურსისგან განსხვავებით, ამჯერად მონუმენტის ხარჯი [პროექტის ბიუჯეტი] ჯამში 50 ათას ლარს არ უნდა აღემატებოდეს. ადრე მონუმენტის დადგმას მერია 70 ათასი ლარის ფარგლებში გეგმავდა.

„ნატვრის ხე“ ნურიგელის ტბასთან, დელფინარიუმის უკან უნდა განთავსდეს, თუმცა, ახალი კონკურსის მიხედვით, ადგილმდებარეობა შესაძლოა შეიცვალოს. შესაძლოა ასევე შეიცვალოს პროექტის ბიუჯეტიც.

2019 წელს გამოცხადებული კონკურსი წინადადებების მიღების დასრულებიდან ორი დღის შემდეგ შეწყდა.

„კონკურსში მხოლოდ ერთი პირი მონაწილეობდა. მის მიერ წარმოდგენილი ესკიზი არ განვიხილეთ, ვინაიდან ჩავთვალეთ, რომ უმჯობესი იქნება დავხვეწოთ საკონკურსო პირობები ტექნიკურად ისე, რომ უფრო განვმარტოთ იდეა, მეტად დავაინტერესოთ და მეტს გაუჩნდეს მონაწილეობის სურვილი… შესაძლოა მეტი ფინანსებიც მოვიძიოთ. კომისია იმსჯელებს ამ საკითხზე, თუმცა, ხელახალ კონკურსს წელს ვეღარ გამოვაცხადებთ“, – გვითხრეს 2019 წლის ნოემბერში საკონკურსო კომისიაში.

ახალი კონკურსის ტექნიკური დავალება კი ასეთია:

[checklist]

  • „ესკიზური პროექტი უნდა ემყარებოდეს ნატვრის ხე პარკში (ადგილმდებარეობა შეიძლება შეიცვალოს), ნურის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც უნდა იყოს სანახაობრივი. უპირატესობა მიენიჭება პროექტს, რომელიც გამორჩეული იქნება ორიგინალობით, ასევე ჰარმონიულად შერწყმული ფერადოვნებით (შესაძლებელია ეს ფერადოვნება განპირობებული იყოს სხვა დამატებითი მასალით) მთლიანი კომპოზიცია უნდა წარმოადგენდეს როგორც ზღაპრულ, ასევე რეალურ სამყაროს. ასევე საინტერესო სანახაობას უნდა წარმოადგენდეს დღის და ღამის საათებშიც. მისაღები და შთამბეჭდავი იყოს ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის.
  • ესკიზი უნდა წარმოადგენდეს სივრცით კომპოზიციას, მასშტაბის თვალსაზრისით არ უნდა იყოს კამერული ხასიათის, აღქმის წერტილები უნდა შეირჩეს განთავსების ადგილის გეგმარებითი მდგომარეობის გათვალისწინებით, კომპოზიციის შერჩევისას ანგარიში უნდა გაეწიოს მიმდებარედ არსებულ შენობა-ნაგებობებს;
    გ) ესკიზი გადაწყვეტილი უნდა იყოს თავისუფალი დიზაინის, სკულპტურულ-არქიტექტურული სინთეზის საშუალებით. გრაფიკული მასალების შესრულების მანერა – თავისუფალი;
  • ესკიზი შესაძლებელია შესრულდეს ნებისმიერი სახვითი საშუალებით (3D ვიზუალიზაცია, ფანქარი, გუაში, შერეული ტექნიკა (სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამაში აგებული) და სხვა);
  • ნატვრის ხის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს (ღირებულების ცვლილება შესაძლებელია);

[/checklist]

„ნატვრის ხე“ კონკურსის – „შენი იდეა ბათუმს“ ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტია. 

იდეის ავტორად მითითებულია თამთა ჯინჭარაძე. პროექტის განსახორციელებლად კი, იდეის ავტორს 40 ათასი ლარი აქვს დასახელებული.

ამ თემაზე:

რატომ შეწყდა კონკურსი „ნატვრის ხის“ საუკეთესო ესკიზის გამოსავლენად

 

ბათუმში კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით

ბათუმში კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პაციენტი, 81 წლის კაცი, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალიდან სასწრაფო სამედიიცნო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 28 სექტემბერს გადაიყვანა.

„დიაგნოზი: COVID -19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ქრონიკული დაავადების გამწვავება. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: გულის ათეროსკლეროზული დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 30 სექტემბერს ღამით,“ – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის, ყველაზე მეტი – 241 შემთხვევა აჭარაში დადასტურდა.

_____________

ფოტო: pexels

ბათუმში კორონავირუსის 241 ახალი შემთხვევა დადასტურდა

პირველი ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 241 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – ამის შესახებ მარინა ენდელაძემ განაცხადა, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა.

გუშინ, 30 სექტემბერს, აჭარაში კორონავირუსის 235 ახალი შემთხვევა იყო დადასტურებული.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა დადასტურდა – პირველი ოქტომბრის მონაცემები

stopcov.gov.ge-ს პირველი ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 6640 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 3419 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის დიაგნოზით 39 ადამიანი გარდაიცვალა.

ამჟამად კარანტინში იმყოფება 5392 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 836კოვიდსასტუმროში იმყოფება 1100 პირი. 

გუშინ, 30 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა იყო დაფიქსირებული.

საფერავის ჯიშის ყურძნის ქურდობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ვენახებიდან ყურძნის ქურდობის მცდელობის ფაქტზე 4 პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმ დროს დააკავეს, როდესაც მათ ღამით სხვის საკუთრებაში არსებულ ვენახებში ფარულად შეაღწიეს და საფერავის ჯიშის ყურძენს იპარავდნენ. პოლიციამ დაახლოებით ნახევარი ტონა საფერავის ჯიშის ყურძენი ნივთმტკიცებად ამოიღო.

სხვისი ქონების ქურდობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული არიან: 1993 წელს დაბადებული ვ.ზ. 1996 წელს დაბადებული ნ.ხ. 1986 წელს დაბადებული ბ.მ. და 1956 წელს დაბადებული მ.ბ.

ქურდობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 1-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს წერს, რომ დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
_______________

ფოტო: კადრი შს სამინისტროს მიერ გავრცელებული ვიდეომასალიდან

ენმ-ის წევრებმა ბათუმში მარნეულის ინციდენტი გააპროტესტეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბათუმში, საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან აქცია გამართეს და ამ ფორმით გააპროტესტეს გუშინ, 29 სექტემბერს, მარნეულში მომხდარი ინციდენტი.

„ვგმობთ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებზე ნებისმიერი სახის ძალადობას,“ – თქვა უშანგი მიქელაძემ, ენმ-ის წარმომადგენელმა #79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

29 სექტემბერს მარნეულში დაპირისპირება მოხდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ მხარდამჭერ ლაშა ქველაძეს და მის ავტომანქანაში მსხდომ პირებს. პარტიაში ამბობენ, რომ დააზიანეს ქველაძის კუთვნილი ავტომანქანაც, თავად ლაშა ქველაძეს კი ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. პარტიაში ამბობენ, რომ მათ მხარდამჭერებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მომხდარის გაშუქებისას ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „მთავარი არხის“ და „პირველი არხის“ თანამშრომლებს. „მთავარი არხის“ განცხადებით, ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ 4 თანამშრომელს. ასევე ნაცემია „პირველი არხის“ ოპერატორი. დამტვრეულია ორივე ტელეკომპანიის აპარატურა.

საპროტესტო აქცია ბათუმში

მახოს ხიდზე ტრანსპორტის გადაადგილება 10 დღით იკრძალება

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მახოს ხიდზე ტრანსპორტის გადაადგილება 10 დღით შეიზღუდება. შეზღუდვის მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

შეზღუდვა ძალაში შედის ხვალიდან, პირველი ოქტომბრიდან და იმოქმედებს 10 ოქტომბრის ჩათვლით. ამ პერიოდში ხიდზე ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება.

დეპარტამენტის ცნობით, ავტომობილების გადაადგილება შესაძლებელი იქნება თხილნარი-ჭარნალი-ახალსოფლის საავტომობილო გზით.

2970 ინფიცირებული და 12 გარდაცვლილი ერთ თვეში – კორონავირუსი აჭარაში

სექტემბერში აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 2970 შემთხვევა დადასტურდა.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბათუმში შემთხვევების მკვეთრი მატება დაიწყო სექტემბრის დასაწყისში.  პირველ სექტემბერს – 6, ხოლო 30 სექტემბერს კორონავირუსის 235 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღეების მიხედვით სტატისტიკა ასე გამოიყურება:

  • 1 სექტემბერი – 6 ახალი შემთხვევა
  • 2 სექტემბერი – 26 ახალი შემთხვევა
  • 3 სექტემბერი – 6 ახალი შემთხვევა
  • 4 სექტემბერი – 13 ახალი შემთხვევა
  • 5 სექტემბერი – 13 ახალი შემთხვევა
  • 6 სექტემბერი – 12 ახალი შემთხვევა
  • 7 სექტემბერი – 20 ახალი შემთხვევა
  • 8 სექტემბერი – 21 ახალი შემთხვევა 
  • 9 სექტემბერი – 25 ახალი შემთხვევა 
  • 10 სექტემბერი – 27 ახალი შემთხვევა 
  • 11 სექტემბერი – 39 ახალი შემთხვევა 
  • 12 სექტემბერი – 80 ახალი შემთხვევა 
  • 13 სექტემბერი – 88 ახალი შემთხვევა 
  • 14 სექტემბერი – 108 ახალი შემთხვევა 
  • 15 სექტემბერი – 124 ახალი შემთხვევა 
  • 16 სექტემბერი – 144 ახალი შემთხვევა 
  • 17 სექტემბერი – 126 ახალი შემთხვევა 
  • 18 სექტემბერი – 129 ახალი შემთხვევა 
  • 19 სექტემბერი – 116 ახალი შემთხვევა 
  • 20 სექტემბერი – 128 ახალი შემთხვევა 
  • 21 სექტემბერი – 91 ახალი შემთხვევა 
  • 22 სექტემბერი – 137 ახალი შემთხვევა
  • 23 სექტემბერი – 165 ახალი შემთხვევა
  • 24 სექტემბერი – 164 ახალი შემთხვევა
  • 25 სექტემბერი – 168 ახალი შემთხვევა
  • 26 სექტემბერი – 166 ახალი შემთხვევა
  • 27 სექტემბერი – 193 ახალი შემთხვევა
  • 28 სექტემბერი – 175 ახალი შემთხვევა
  • 29 სექტემბერი – 225 ახალი შემთხვევა
  • 30 სექტემბერი – 235 ახალი შემთხვევა

კორონავირუსის ეპიდაფეთქება ბათუმში დაიწყო „დონას კლასტერით“, შემდეგ იყო „ხოფის ბაზრობის“ და სხვა კლასტერები, სექტემბრის შუა რიცხვებში კი აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა შეწყვიტა კლასტერების დასახელება, რადგან კორონავირუსი დაფიქსირდა ათობით დაწესებულებაში და აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში: ბათუმში, ქობულეთში, ხელვაჩაურში, ქედაში, ხულოსა და შუახევში, თუმცა ეპიდაფეთქების ეპიცენტრი ქალაქი ბათუმია სექტემბრის დასაწყისიდან დღემდე.

ერთი თვის განმავლობაში ბათუმში 11 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით, ერთი ბათუმელი პაციენტი კი – ქუთაისში, ამავე დიაგნოზით.

აჭარაში 9 სამედიცინო დაწესებულება იღებს კოვიდინფიცირებულ პაციენტებს, გარდა ამისა, უსიმპტომო პაციენტებისთვის არის ე.წ. კოვიდსასტუმროები და დაიწყო პაციენტების ბინაზე მკურნალობის პროცესი, ოჯახის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ინფიცირების მაჩვენებელი თითქმის ყოველ დღე იზრდება, თუმცა დღეს, 30 სექტემბერს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ახალი შემთხვევები არ იზრდება გეომეტრიული პროგრესიით და შეინიშნება ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციის ნიშნები.

აჭარის განათლების სამინისტროში კულტურის მუშაკებთან ონლაინ შეხვედრა გამართეს

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ აკაკი ძნელაძემ და კულტურის დეპარტამენტის უფროსმა თამარ გუდავამ სამინისტროს საქვეუწყებო, კულტურის დაწესებულებების ხელმძღვანელებთან ონლაინ შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების არსებულ რეალობასთან ადაპტირებისა და განხორციელების გზები.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბათუმის სახელოვნებო სკოლებიც, მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან სწავლებას დისტანციურ რეჟიმში დაიწყებენ. მოსწავლეებთან დისტანციური გაკვეთილების ჩასატარებლად, მასწავლებლები კომუნიკაციის სხვადასხვა არხებს, სკოლის სპეციფიკიდან გამომდინარე ირჩევენ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თითოეული გადაწყვეტილების უკან, ბუნებრივია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და უსაფრთხოებაზე ზრუნვა დგას. მიღებული რეკომენდაციებისა და რეგულაციების დაცვით, ერთიანობით და პასუხისმგებლობით გადადგმული ნაბიჯებით, არსებული გამოწვევები აუცილებლად დაიძლევა.

მსოფლიოში მცენარეების 40% გადაშენების საფრთხის წინაშეა – კვლევა

საერთაშორისო ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში ხუთიდან ორი მცენარე გაქრობის საფრთხის წინაშეა. კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღის [დიდი ბრიტანეთი] მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელზეც 210 მეცნიერი მუშაობდა 42 ქვეყნიდან, წერია, რომ უკვე დაკარგული, უცნობი და რეგისტრირებული სახეობები საკვების, მედიკამენტებისა და ბიოსაწვავის აუთვისებელი “საგანძური” იყო, რასაც კაცობრიობის უდიდეს პრობლემებთან შერკინება შეეძლო, მათ შორის, კორონავირუსისა და სხვა პანდემიური მიკრობების პოტენციური მკურნალობა.

„ყველა ჯერზე, როცა ჩვენ ვკარგავთ სახეობას, ჩვენ ვკარგავთ შესაძლებლობას კაცობრიობისთვის… ჩვენ ვაგებთ რბოლას დროსთან, რადგანაც სახეობებს ვკარგავთ იმაზე უფრო სწრაფად, ვიდრე ვახერხებთ მათ პოვნასა და სახელის დარქმევას“, – ამბობს პროფესორი ალექსანდრე ანტონელი, კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო ხელმძღვანელი.

2019 წელს მკვლევარებმა დაახლოებით 4000  სახეობის მცენარე და სოკო აღმოაჩინეს, მათგან მცენარის 1942 სახეობა და 1886 – სოკოს სახეობა. ველურ ბუნებაში დღემდე უამრავი სახეობა რჩება ჯერაც აღმოუჩენელი. ანგარიშში წერია, რომ სახეობები, რომლებიც მომავალში შეიძლება ღირებული ყოფილიყო როგორც საკვები ან მედიკამენტები – იქამდე უჩინარდებიან, სანამ მკვლევარები მათ თვისებებს გამოიკვლევენ.

კვლევის ანგარიშიდან: „ჩვენი ცხოვრება დამოკიდებულია ბიომრავალფეროვნებაზე. გამოაღეთ მაცივარი, ნახეთ თქვენი მედიკამენტების შეფუთვა, დაათვალიერეთ მისაღები ოთახი, შეეხეთ ტანსაცმელს. ათასობით წელია ჩვენ ვიკვლევთ ბუნებას, რომ დავიკმაყოფილოთ შიმშილის გრძნობა, მოვირჩინოთ დაავადებები, ავაშენოთ სახლები და გავხადოთ ჩვენი ცხოვრება უფრო კომფორტული… კაცობრიობა ჯერ კიდევ ძალიან შორსაა ბიომრავალფეროვნების, კერძოდ, მცენარეებისა და სოკოების მთელი პოტენციალის გამოყენებისგან, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ეკოსისტემებში. ახლა როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება შევისწავლოთ პრობლემის გადაჭრის ის გზები, რასაც მცენარეები გვთავაზობენ გლობალური გამოწვევების მოსაგვარებლად”.

მკვლევარებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების შეფასება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის წითელ ნუსხაზე დააფუძნეს, მაგრამ ასე მხოლოდ უკვე ცნობილი სახეობების მცირედი ნაწილი (350 000) შეფასდა, ამიტომ მეცნიერებმა გამოიყენეს სტატისტიკური ტექნოლოგიები მონაცემებში ისეთი ხარვეზების შესასწორებლად, როგორიცაა ზოგიერთ რეგიონში საველე სამუშაოების არარსებობა. მათ ასევე გამოიყენეს ხელოვნური ინტელექტი ნაკლებად ცნობილი მხარეების შესაფასებლად.

კვლევის ანგარიშიდან: 723 მცენარის სახეობას, რომლებსაც სამკურნალოდ იყენებენ, გადაშენების საფრთხე ემუქრება

2016 წლის ანგარიშში ეწერა, რომ ყოველი მეხუთე სახეობა არის საფრთხის წინაშე, მაგრამ ახალმა ანალიზმა აჩვენა, რომ რისკები გაცილებით უფრო მაღალია. მცენარეების დაღუპვის/დაკარგვის ძირითადი მიზეზი, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების შექმნის გამო, მათი ველური ჰაბიტატის განადგურებაა. მცენარეების გაქრობის ასევე მნიშვნელოვანი მიზეზებია – ველურად მზარდი მცენარეების ჭარბი რაოდენობით მოთხრა, მშენებლობა, ინვაზიური სახეობები, დაბინძურება და ყველაზე მეტად – კლიმატის ცვლილება.

როდის მოიხსნება შეზღუდვები აჭარაში – მინისტრის მოადგილის კომენტარი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, აჭარაში დაწესებული ახალი შეზღუდვების მოხსნის თარიღი შესაძლოა ერთ კვირაში გადაიხედოს, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე.

„ყველა შეზღუდვიდან ორი კვირა მაინც უნდა გავიდეს, რომ შეზღუდვის ეფექტი გამოიკვეთოს. ერთი კვირა გავიდა, სტაბილიზაციის გარკვეული ნიშნები უკვე არის, კიდევ ერთი კვირა დაგვჭირდება იმისთვის, რომ დავინახოთ რამდენად ეფექტურია ეს შედეგები. მოლოდინი, ყოველ შემთხვევაში, ისეთი გვაქვს, რომ ეპიდემია ნელ-ნელა უნდა წამოვიდეს ქვემოთ,“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ დღეს, 30 სექტემბერს, ბათუმში გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად, შეინიშნება ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციის ნიშნები, „რადგან მატება არის ერთეული შემთხვევების და არა გეომეტრიული პროგრესიით, როგორც ინფექციას ჩვეულებრივ ახასიათებს,“ – განაცხადა გაბუნიამ.

აჭარაში დამატებითი შეზღუდვები 25 სექტემბრიდან ამოქმედდა. კერძოდ, არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და საღამოს ათი საათის შემდეგ აჭარაში არ მუშაობენ რესტორნები და კაფე-ბარები.

საქართველოს მოქალაქეები ისრაელში ლეგალურად დასაქმდებიან – შეთანხმება დღეს ფორმდება

საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში დამხმარე პერსონალად დროებით დასაქმება ლეგალურად შეეძლებათ.

საქართველოში ისრაელის საელჩოს ცნობით, დღეს, 30 სექტემბერს, იერუსალიმში ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბი აშკენაზმა და საქართველოს ელჩმა ისრაელში, ლაშა ჟვანიამ ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებას ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დამხმარე პერსონალად დროებითი დასაქმების შესახებ.

ხოლო ხვალ, 1-ელ ოქტომბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე და ისრაელის ელჩი საქართველოში, რან გიდორი ხელს მოაწერენ აღნიშნული შეთანხმების იმპლემენტაციის პროტოკოლს თბილისში.

„ორივე დოკუმენტი შექმნილია საქართველოდან ასობით დამხმარე მუშაკის შერჩევისა და დროებითი დასაქმების ხელშესაწყობად ისრაელის ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში, სადაც ქრონიკული ან კომპლექსური დაავადებებისა და/ან შეზღუდული (ფიზიკურად ან კოგნიტურად) შესაძლებლობების მქონე პირებს უვლიან.

დიპლომატების, საჯარო მოხელეების, იურისტებისა და ექსპერტების გუნდი ორივე ქვეყნის სამთავრობო უწყებებიდან დაუღალავად მუშაობდნენ ბოლო თვეების განმავლობაში, რათა შერჩევის, ტრენინგისა და დასაქმების სისტემა ყოფილიყო სამართლიანი, ეფექტური და ქმედითი. მთლიანი პროცესის განხორციელება, მონიტორინგი და ზედამხედველობა იწარმოებს შესაბამისი სამთავრობო უწყებების მიერ, ორივე მხარის იურისდიქციასთან სრული შესაბამისობის უზრუნველსაყოფად,“ –  ნათქვამია საქართველოში ისრაელის საელჩოს ოფიციალურ განცხადებაში.

საელჩოს ცნობით საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელსაც ისრაელის ხელისუფლებამ მიმართა უცხოელი დამხმარე პერსონალის ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დასაქმების მიზნით.

„ეს ფაქტი ასახავს როგორც ღრმა მეგობრულ კავშირს ორ ერს, ასევე შესანიშნავ საქმიან ურთიერთობას ჩვენი ქვეყნების მთავრობებსა და საელჩოებს შორის,“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

ბათუმში დღეს მეორე პაციენტი, 60 წლის ქალი გარდაიცვალა კორონავირუსით

დღეს, 30 სექტემბერს, ბათუმში მეორე პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით. გარდაცვლილი 60 წლის ქალია.

ეს საქართველოში კორონავირუსით პაციენტის გარდაცვალების უკვე 39-ე შემთხვევაა. მათგან ორი პაციენტი დღეს გარდაიცვალა ბათუმში.

ამავე თემაზე: 

ბათუმში 61 წლის ქალი გარდაიცვალა კორონავირუსით

 

„სისტემამ საქართველოში აიღო ძალიან მაღალი თამასა“ – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ უპასუხა დღეს, 30 სექტემბერს, ბათუმში გამართულ ბრიფინგზე აჭარაში მიმდინარე ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვებს. „ბათუმელების“ კითხვაზე, რომელიც ტესტირების პროცესში არსებულ ხარვეზებს ეხებოდა, იმნაძემ განაცხადა, რომ ტესტირების პასუხი არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში არ არის მზად 24 საათში:

„სისტემამ საქართველოში უბრალოდ აიღო ძალიან მაღალი თამასა, 24-საათიანი [ტესტირების პასუხი], ასეთი არ არსებობს ევროპის არც ერთ ქვეყანაში და არც შეერთებულ შტატებში.

ალბათ წაკითხული გაქვთ ხო ყველას, პრეზიდენტი ტრამპი სამი დღე ელოდებოდა ტესტის პასუხს, შეგიძლიათ შეხვიდეთ world meter-ზე და ნახოთ, ტესტირების მაჩვენებლით საქართველო შვედეთს, შვეიცარიას და ნიდერლანდებს უსწრებს. აქედან გამომდინარე, როდესაც რაღაცას აკეთებ, უნდა შევადაროთ, ჯერ ერთი საქართველო სხვა რაში უსწრებს შვედეთს და ნიდერლანდებს, და შვეიცარიას  ერთი მითხარით და ამაში ვუსწრებთ,“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.

სექტემბერში კორონავირუსის აფეთქებას არაერთი პრობლემა მოჰყვა ჯანდაცვის სისტემაში. მოქალაქეები ჩივიან, რომ ტესტირების პასუხი დღეების განმავლობაში იგვიანებს, მათ შორის 8 დღეც კი, ან პასუხები არეულია და ა.შ. ბოლო დღეებში ბათუმში შეწყდა გაფართოებული ტესტირება, ახლა მოქალაქეებს თვითდინებით ტესტის აღება კორონავირუსზე უფასოდ შეუძლიათ მხოლოდ ბათუმის #1 პოლიკლინიკაში, დილის 11-დან 14 საათამდე.

ბათუმში 61 წლის ქალი გარდაიცვალა კორონავირუსით

დღეს, 30 სექტემბერს, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 61 წლის ქალი გარდაიცვალა კორონავირუსით.

„ქალი რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეყვანილი იქნა 30 სექტემბერს, ღამით, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ. დიაგნოზით – კოვიდ 19, ტოტალური პნევმონია, ჭარბი წონა, გულის უკმარისობა, პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად.

კლინიკაში მაშინვე გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, თუმცა დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – აღნიშნულია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეს უკვე საქართველოში კორონავირუსით პაციენტის გარდაცვალების 38-ე შემთხვევაა.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ოქტომბრის პირველ დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 სექტემბრის 21 საათიდან პირველი ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, საღამოს და ღამით – ზოგან წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 22 – 27 გრადუსი
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი

შიდამთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა 23 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 2 ოქტომბერს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მომდევნო 2 დღეს, 3-4 ოქტომბერს კი – უმეტესად უნალექო ამინდი.

________

ფოტო: „ბათუმელები“

გიორგი სურმანიძე სოფლის მეურნეობის მინისტრად დანიშნეს

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრად გიორგი სურმანიძე დანიშნეს. ის დღევანდელი მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ წარადგინა. ეს პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ტიტე აროშიძე, სოფლის მეურნეობის მოქმედი მინისტრი, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელეს უმაღლეს საბჭოში.

მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელების შემდეგ, დღემდე ტიტე აროშიძე შვებულებაში იმყოფებოდა. ამჯერად კი იწურება ვადა, როდესაც თითოეულმა კანდიდატმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს უსკოში. კანდიდატად რეგისტრაციის შემდეგ კი პირს საჯარო სამსახურში მუშაობა ეკრძალება.

გიორგი სურმანიძე საქართველოში ბოლოს სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ გადაცემას უძღვებოდა აჭარის ტელევიზიაში.

ბოლო რამდენიმე წელია ის ამერიკაში ცხოვრობდა.

ბათუმში კორონავირუსის 235 ახალი შემთხვევა დადასტურდა

30 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 235 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – ამის შესახებ დღეს ბრიფინგზე მარინა ენდელაძემ განაცხადა, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში აჭარაში სტაციონარი და საკარანტინო სივრცე დატოვა 175-მა პაციენტმა. აქედან კოვიდსასტუმრო – 160-მა, კლინიკა კი 15-მა პაციენტმა. ასევე, დღეს სტაციონარიდან დაგეგმილია 5 პაციენტის გაწერა, კოვიდსასტუმროდან კი გაეწერება 150-მდე პირი.

30 სექტემბრის მონაცემებით, აჭარაში, სტაციონარში მკურნალობს 447 პაციენტი, მათ შორის, 43 არასრულწლოვანი და 13 ორსული. რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება 23 პაციენტი.

აჭარაში კოვიდ კარანტინში მეთვალყურეობაზე იმყოფება 869 პაციენტი, მათ შორის, 73 არასრულწლოვანი. ბინაზე მკურნალობს 700-მდე კოვიდდადებითი პაციენტი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ დროისათვის აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩართულია 9 სამედიცინო დაწესებულება (კოვიდკლინიკა, ცხელების ცენტრი). სამინისტროს ცნობით, რეგიონში მობილიზებულია 700-მდე საწოლი. კოვიდდადებითი პაციენტებისთვის გამოყოფილია 7 საკარნტინო სივრცე.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი.

კორონავირუსით 37-ე პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით საქართველოში კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისთვის covid19-ით ქვეყანაში სულ 37 ადამიანია გარდაცვლილი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის მასშტაბით დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 6192-მდე გაიზარდა.

კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა – 30 სექტემბრის მონაცემები

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის მასშტაბით დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 6192-მდე გაიზარდა.

მთავრობის ოფიციალური საიტის stopgov.ge-ს მონაცემებით, გამოჯანმრთელებულია 2324 პაციენტი, გარდაიცვალა – 36, კარანტინის რეჟიმშია 5413, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კიდევ ერთი პირი გარდაიცვალა კორონავირუსით

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 29 სექტემბერს, ბოლო საათებში გარდაცვლილი ორი პაციენტიდან ერთი აჭარიდანაა.

სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა კოვიდინფიცირებული 79 წლის კაცი.

„დიაგნოზი: COVID -19, გულის ქრონიკული უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, გულის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა.

პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 29 სექტემბერს 18:00 საათზე“ – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღეს კორონავირუსით გარდაცვალების ოთხი შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი. ორი პირი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. აჭარიდან იყო დღეს კორონავირუსით გარდაცვლილი კიდევ ერთი პაციენტი, რომელიც ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ იყო მოთავსებული.

29 სექტემბრის 18:55 საათის მონაცემებით საქართველოში 36 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს ქვეყანაში 24 საათში გამოვლენილი ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობაა. ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 225 შემთხვევა, აჭარაში გამოვლინდა. სექტემბრის დასაწყისიდან დღემდე აჭარა ქვეყანაში კოვიდაფეთქების ეპიცენტრია.

მარიამ ჯაში და გოჩა გუგუნავა – „სოლიდარობის ალიანსის“ კანდიდატები ბათუმში

„ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარლამენტში მარიამ ჯაში, ამავე პოლიტიკური ძალის მაჟორიტარობის კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში კი გოჩა გუგუნავა იქნება. „სოლიდარობის ალიანსი“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ბათუმში ხვალ, 30 სექტემბერს, ზღვისპირა პარკის კოლონადებთან წარადგენს.

მარიამ ჯაში ამ მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების“ კვოტით შევიდა. საპარლამენტო უმრავლესობა მან რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად 2019 წლის 14 ნოემბერს დატოვა, როცა პარლამენტმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდო.

რაც შეეხება გოჩა გუგუნავას, ის ბათუმის მერობის კანდიდატი იყო 2014 წელს. 2018 წელს საინიციატივო ჯგუფმა იგი აჭარის მთავრობის თავმჯდომარედაც დაასახელა.

საქართველოში დღეს მეოთხე ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით

საქართველოში კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით პაციენტის გარდაცვალების ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა. გუშინ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით გარდაიცვალა 55 წლის ქალი, დღეს ცნობილი გახდა საჩხერის სამედიცინო ცენტრში 65 წლის კაცის გარდაცვალების შესახებ. ბოლო ორი გარდაცვილის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის ცნობილი.

29 სექტემბრის 18:55 საათის მონაცემებით საქართველოში 36 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს ქვეყანაში 24 საათში გამოვლენილი ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობაა. ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 225 შემთხვევა, აჭარაში გამოვლინდა. სექტემბრის დასაწყისიდან დღემდე აჭარა ქვეყანაში კოვიდაფეთქების ეპიცენტრია.

Exit mobile version