განათლება,მთავარი,სიახლეები

დაემატებათ თუ არა მასწავლებლებს 150 ლარი ხელფასზე სექტემბრიდან – გახარიას დაპირება

17.09.2020 • 7153
დაემატებათ თუ არა მასწავლებლებს 150 ლარი ხელფასზე სექტემბრიდან – გახარიას დაპირება

სრულ განაკვეთზე დასაქმებული მასწავლებლების ანაზღაურება 300 ლარით რომ გაიზრდებოდა, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში განაცხადა. მისი თქმით, 150 ლარი უნდა დამატებოდა უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს იმავე წლის სექტემბერში, ხოლო 2020 წლის სასწავლო წლის დასაწყისში ასევე 150 ლარით უნდა გაზრდოდათ ხელფასები პედაგოგებს.

იგივე ჩანაწერია „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის პროექტშიც, რომელიც პარლამენტში იყო წარდგენილი.

ამ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში წერია: „საჯარო სკოლების უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლების (43 ათასამდე მოქალაქე) დანამატი გაიზრდება 150 ლარით 2019 წლის 1 ოქტომბრიდან და დამატებით 150 ლარით – 2020 წელს, ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან“.

ჯამში, როგორც ბიუჯეტის პროექტში წერია, „აღნიშნულ მასწავლებელთა ხელფასების ზრდაზე 2020 წელს მიიმართება 140.0 მლნ ლარზე მეტი“.

„ბათუმელებმა“ საქართველოს განათლების სამინისტროს ჰკითხა, აპირებს თუ არა ხელისუფლება დანაპირების შესრულებას – გაეზრდებათ თუ არა პედაგოგებს სექტემბრის თვიდან ხელფასები? აღნიშნულ კითხვაზე სამინისტროდან მთელი დღე ველოდით პასუხს, თუმცა ვერ მივიღეთ.

„ბათუმელები“ რამდენიმე სკოლის დირექტორსაც ესაუბრა და ჰკითხა, ხომ არ აქვთ ინფორმაცია სექტემბერში პედაგოგების ხელფასების ზრდაზე.

ბათუმის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი, ნატალია მგელაძე ამბობს, რომ ხელფასების გაზრდასთან დაკავშირებით ჯერ კონკრეტული ინსტრუქცია არ მიუღიათ.

„ხელფასები ჯერჯერობით არ გამოგვიწერია. 25 სექტემბრისთვის უნდა გავაკეთოთ და ვნახოთ, მანამდე თუ რამე შეიცვლება“, – ამბობს მგელაძე.

ბათუმის მე-10 საჯარო სკოლის დირექტორს, დათო ეცადეიშვილსაც ვესაუბრეთ, რომელიც ასევე ამბობს, რომ „ამისთვის ჯერ მინისტრის ბრძანება უნდა გამოიცეს, რომელიც ჯერ არ ჩანს“.

გაიზრდება თუ არა მასწავლებლების ხელფასები სექტემბრიდან, ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არც ქობულეთის სკოლებში აქვთ. „ჯერ არ მაქვს ამაზე ინფორმაცია, მაგრამ გვპირდებიან და ვნახოთ, შარშან იყო ამაზე საუბარი“, – გვითხრა ქობულეთის პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა, ნარგიზ რომანაძემ.

მასწავლებლების ხელფასების ეტაპობრივ ზრდაზე ხელისუფლება 2018 წლიდან საუბრობს. ითქვა, რომ ხელფასები არა მარტო 2019-2020 წლებში, არამედ  ყოველ მომდევნო წელს უნდა გაიზარდოს. 2022 წლისთვის კი მასწავლებლის საშუალო ხელფასი 1800 ლარი უნდა იყოს.

______________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: