რუსეთის ჯარის ნაწილი პანიკაში იყო და უკონტროლოდ გარბოდა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის უახლესი რელიზის თანახმად, უკრაინის ძალები განაგრძობენ კონტროლის გამყარებას ხარკოვის ოლქის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე, რუსეთის ძალები კი დასავლეთით, მდინარე ოსკილისკენაა გაყვანილი.

„ბოლო კვირაში რუსეთის ძალების რაიონიდან გასვლის გზები სხვადასხვანაირი იყო: – ზოგიერთმა დანაყოფმა უკან დაიხია კარგ მდგომარეობაში და ორგანიზებულად, მაშინ, როდესაც სხვები აშკარად პანიკაში იყვნენ და უკონტროლოდ გარბოდნენ,“ – წერს დაზვერვა 15 სექტემბრის რელიზში.

უწყება ხაზს უსვამს, რომ რუსმა სამხედროებმა გაქცევისას დატოვეს ძვირადღირებული შეიარაღება, მათ შორის საარტილერიო ბრძოლების საწარმოებლად აუცილებელი სისტემები:

„მათ შორისაა სულ მცირე ერთი რადიოლოკაციური სისტემა „ზოოპარკ 1-M“ და არტილერიის მართვისა და კონტროლის სულ მცირე ერთი მანქანა IV14“.

დაზვერვის შეფასებით, ტექნიკის ასე მიტოვების ფაქტი ხაზს უსვამს არაორგანიზებულ უკან დახევას და ბრძანებისა და მართვის უგულებელყოფას.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა გუშინდელ რელიზში ყურადღებას ამახვილებდა იმ ფაქტზე, რომ რუსეთი შეიარაღების სერიოზულ დეფიციტს განიცდის და უფრო და უფრო ხშირად მიმართავს დახმარებისთვის ისეთ ქვეყნებს, როგორებიც ირანი და ჩრდილოეთ კორეაა.

___

რუსეთმა 1 კვირაში $670 მილიონის ტექნიკა დაკარგა კონტრშეტევის შედეგად – Forbes

ყურებმოჭრილი და ნაწამები სხეულები – რა ხდება ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ დასახლებებში

სექტემბრის პირველ კვირებში უკრაინის არმიამ დაახლოებით 6 000 კმ2 გაათავისუფლა – ძირითადად ხარკოვის ოლქში. დეოკუპირებულ დასახლებებში უკვე მუშაობენ უკრაინელი გამომძიებლები, რომლებიც ოკუპაციის პერიოდში, ამ სოფლებსა და ქალაქებში ჩადენილი ომის დანაშაულების შესახებ აგროვებენ მტკიცებულებებს.

ხარკოვისა და დონეცკის ოლქის გათავისუფლებული ადგილებიდან ყოველდღიურად ჩნდება ინფორმაცია მოქალაქეთა წამებაზე, მკვლელობასა და გატაცებაზე. უკრაინული მედიის აზრით, ასეთი ფაქტები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბუჩაში, კიევის, სუმისა და ჩერნიგოვის ოლქების სხვა დასახლებულ პუნქტებში ჩადენილი დანაშაულები სისასტიკის შემთხვევითი გამოვლინება არ ყოფილა – რუსეთის არმია ასე იქცევა უკრაინის ყველა ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

უკრაინელთა კონტრშეტევის შედეგად გათავისუფლებულ ადგილებში მომხდარი დანაშაულების შესახებ უკვე არსებულ ინფორმაციას და მთავარ ფაქტებს თავი Новое Время-მ მოუყარა.

13 სექტემბერს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ევგენი ენინმა დაადასტურა, რომ ხარკოვის ოლქის დეოკუპირებულ ტერიტორიებზე, პოლიციელები, საგანგებო სიტუაციის დეპარტამენტი, ნაცგვარდია და მესაზღვრეები მუშაობენ.

მისი თქმით, პოლიციელებმა დაახლოებით 40 სამხედრო დანაშაული დააფიქსირეს.

„ოკუპანტები საკმაოდ დიდხანს იყვნენ ამ ტერიტორიებზე და ყველაფერს აკეთებდნენ, რომ დანაშაულის კვალი დაეფარათ. წვავდნენ დოკუმენტებს, მალავდნენ მოკლულთა სხეულებს – ამ ყველაფერს ახლა სამართალდამცველები იძიებენ,“ – განაცხადა ენინმა.

მსგავსი ინფორმაცია გაავრცელა 12 სექტემბერს იზიუმის საქალაქო საბჭოს დეპუტატმა მაქსიმ სტრელნიკმაც. მისი მონაცემებით, მხოლოდ იზიუმში, რუსული ოკუპაციის განმავლობაში, სულ მცირე 1000 ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა.

„როგორც სხვა დროებით ოკუპირებულ ქალაქებში, რუსი ოკუპანტები აქაც ჩადიოდნენ სამხედრო დანაშაულებს და მათ დაფარვას ცდილობდნენ. სულ მცირე 1 000 ადგილობრივი მცხოვრებია დაღუპული სამხედრო მოქმედებების შედეგად. თუმცა, სამწუხაროდ, მიგვაჩნია, რომ ბევრად მეტი ადამიანია დაზიანდა, რადგან მათ დროულად ვერ აღმოუჩინეს აუცილებელი სამედიცინო დახმარება. რუსმა ოკუპანტებმა ჯერ კიდევ მარტში დაანგრიეს იზიუმის სამედიცინო დაწესებულებები. შეზღუდული იყო ხელმისაწვდომობა მედიკამენტებზე, ყველა აფთიაქი გაძარცვეს და გაანადგურეს,“ – ამბობს სტრელნიკი.

უკვე არსებობს ინფორმაცია კონკრეტულ მიზანმიმართულ მკვლელობებზეც.

11 სექტემბერს ჩუგუევსკის რაიონის სოფელ ზალიზნიჩნოეში აღმოაჩინეს ოთხი ადგილობრივის ცხედარი, რომლებსაც წამების კვალი ეტყობათ. სამი მათგანი კერძო სახლის ეზოში იყო დამარხული, ერთი კი – ასფალტის ქარხნის ტერიტორიაზე.

დასახლება გრაკოვოში, გათავისუფლების შემდეგ, ადგილობრივმა მცხოვრებმა პოლიციას მოუთხრო, რომ რუსმა სამხედროებმა მას ორი ადამიანისთვის სამარხი გაათხრევინეს. 9 სექტემბერს ერთ-ერთი კერძო სახლის ეზოში დამარხული ორი ცხედარი აღმოაჩინეს, ორივე მათგანს ეტყობოდა წამების კვალი და ორივე მათგანი კეფაში ნასროლი ტყვიით იყო მოკლული.

წინასწარი ინფორმაციით, ისინი რუსმა სამხედროებმა მარტში, სოფლის ოკუპაციის დროს დახოცეს.

ამ შემთხვევის შესახებ საკუთარ რეპორტაჟში „დოიჩე ველეც“ წერს. სერგეი ლუცაი, ადგილობრივი მცხოვრები, რომელმაც პოლიციას სამარხი უჩვენა, ჟურნალისტებს უყვება, როგორ მივიდნენ ერთ დღეს მასთან სამხედროები და იარაღის მუქარით სახლიდან წაიყვანეს. მისი თქმით, ისინი პრორუსი „ბოევიკები“ იყვნენ.

„აქ მომიყვანეს – ორი ადამიანი დამხვდა. მკვდრები იყვნენ უკვე. ახალგაზრდები,“ – ჰყვება ლუცაი, რომელსაც კიდევ ერთ ადგილობრივთან ერთად, მოკლულების დამარხვა უბრძანეს.

ხარკოვის პოლიციის საგამოძიებო განყოფილების უფროსი, სერგეი ბოლვინოვი ამბობს, რომ მოკლულების სხეულებზე ნატყვიარის გარდა წამების კვალიც ჩანს: მათ ყურები აქვთ მოჭრილი. მისი თქმით, სოფელში კიდევ ორი სამარხია აღმოჩენილი.

რა ხდებოდა ხარკოვისა და დონეცკის ოკუპირებულ დასახლებებში – ამაზე საუბრობენ მოხალისეები და ჟურნალისტებიც, რომლებიც გათავისუფლების შემდეგ ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდნენ.

დონეცკის ოლქის სოფელ ბოგოროდიჩნოეში მომხდარის შესახებ ჰყვება ჟურნალისტი ოლექსი კაშპოროვსკი.

„ბიჭებმა ჩვენი მებრძოლების ცხედრები იპოვეს – თავები არ ჰქონდათ. კიდევ იპოვეს ასე ათამდე მოკლული ადგილობრივის სხეულიც,“ – წერს კაშპოროვსკი.

მისი თქმით, სოფელში მხოლოდ ორი ადგილობრივი მცხოვრები იყო დარჩენილი – 60 წლის ნიკოლაი და დედამისი, 93 წლის ნინა ილინიჩნა. ნიკოლაის ძმა და რძალი ოკუპანტებმა დახოცეს.

დეოკუპირებულ ბალაკლეაში გათავისუფლების შემდეგ უკრაინელთა წამების სავარაუდო ადგილს მიაგნეს: სარდაფს, სადაც ხელბორკილების და სისხლის კვალი აღმოაჩინეს.

არაერთი საშინელი ისტორია მოაგროვეს მოხალისე ტატა კეპლერმა და მედიკოსმა ნატალია ლელიუხმა. ისინი ახლა ჰუმანიტარულ და სამედიცინო დახმარებას უწევენ გათავისუფლებული ხარკოვის ოლქის მცხოვრებლებს.

ტატა კეპლერი ჰყვება, რომ ამ დასახლებების მცხოვრებლებმა „შიშისა ფსიქოლოგიური ტერორის ნახევარი წელიწადი გადაიტანეს“, ასევე – წამება და მკვლელობები.

მისი თქმით, ოკუპირებული ქალაქებიდან და სოფლებიდან ადგილობრივებს გასვლა მხოლოდ რუსეთში „ან 5 000 დოლარად ესტონეთის საზღვრამდე შეეძლოთ – თუმცა ისიც უცნობი იყო, გაუშვებდნენ თუ არა, ან საიდან უნდა ჰქონოდათ ამდენი ფული, როდესაც უკვე ყველაფერი წაართვეს.“

„გასაქცევიც არსად იყო, ტყეში ვერ შეხვიდოდი, დანაღმული იყო, გზაზე – საგუშაგოები. წამალიც არ ჰქონდათ. არც ინფორმაცია ჰქონდათ, რა ხდებოდა უკრაინაში. რიტორიკა ისეთივე იყო, როგორც მარიუპოლში: კიევი დაეცა, თქვენ უკრაინისთვის მოღალატეები ხართ, თუ უკრაინის არმია შემოვა, ყველას დაგხოცავენ. კოლაბორაციონისტები უკრაინელი სამხედროების სიებს გადასცემდნენ ოკუპანტებს, ნაწამები ტყვეების ფოტოები მიჰქონდათ ოჯახებთან და უჩვენებდნენ – აი ეს თქვენია,“ – ჰყვება ტატა კეპლერი.

ის იხსენებს შემთხვევას, როდესაც ერთ-ერთი ადგილობრივი კაცი 32 დღის განმავლობაში ჰყავდათ სარდაფში, სცემდნენ და აწამებდნენ, მისი მეგობარი კი რადიატორზე ჩამოახრჩვეს.

იზიუმში, სადაც ოკუპაციის შემდეგ ინფრასტურუქტურის 80% დანგრეულია, რუს ოკუპანტებს „ადამიანები მძევლებად ჰყავდათ, მათ ევაკუაციის საშუალებას არ აძლევდნენ და ე.წ. წმენდას ატარებდნენ,“ – ამბობს მაქსიმ სტრელნიკი, საქალაქო საბჭოს დეპუტატი. – „ეძებდნენ დონბასის ომის მონაწილეებს, ტერიტორიული თავდაცვის ძალების სამხედროებს. თუ პოულობდნენ ეგრევე „აკავებდნენ“. ამ ადამიანების ბედის შესახებ ჩვენ არაფერი ვიცით“.

სერგეი ბოლვინოვი, ხარკოვის პოლიციის საგამოძიებო განყოფილების უფროსი ამბობს, რომ რუსეთის სამხედრო დანაშაულის კვალს თითქმის ყველა გათავისუფლებულ დასახლებაში აწყდებიან.

მთავარ ფოტოზე: განადგურებული ეკლესია სოფელ ბოგოროდიჩნოეში, დონეცკის ოლქი/ფოტო: ოლექსი კაშპოროვსკი

გამოჩნდა, რომ შეფასების სისტემა არ არის სანდო – მასწავლებელი გამოცდების შესახებ

„ვალიდური, სანდო, გამჭვირვალე და ობიექტური, თუ ამ კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებს გამოცდა, მაშინ ცენტრის მიმართ, გაჩნდება უნდობლობა“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ბათუმის მეორე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი, მინდია ფუტკარაძე. მან სხვა, 12 ათას მასწავლებელთან ერთად სტატუსის ასამაღლებლად გამოცდა ზაფხულში ჩააბარა. რა სისტემური ხარვეზები გამოაჩინა გამოცდამ? – ის ამ თემაზე საუბრობს ჩვენთან ინტერვიუში.

  • ბატონო მინდია, როგორც ვიცით, ამ ზაფხულში თქვენც ჩააბარეთ მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდა, რომელიც წამყვანი და მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად იყო საჭირო. როგორც ვიცით, ახალი ფორმატით ჩატარდა გამოცდა, როგორი იყო ტესტები და რა სირთულის?

დიდი ამბებია ამ ტესტებთან და გამოცდებთან დაკავშირებით, რადგან უპრეცედენტო რაღაცები ხდება. როგორც ჩანს, ისევ მასწავლებლებისგან უნდა წამოვიდეს რეფორმაზე ხედვა, თუ რა გვინდა და საითკენ უნდა წავიდეთ, რადგან, როგორც ვხედავთ, ამაზე ფიქრს არც „ნაეკში“ აპირებენ და არც განათლების სამინისტროში. ამ გამოცდებმა ბევრი პრობლემა წამოსწია წინ, ის, რაც არსებობს სისტემაში.

  • რა არის ეს პრობლემები, თქვენი დაკვირვებით?

პირველი, რაც ამ გამოცდამ გამოავლინა ეს არის პრობლემა შეფასების სისტემაში. ზოგადად, გამოცდების მომხრე ვარ, უნდა დავიტესტოთ კიდეც, სიახლეებსაც გავეცნოთ, მეტიც უნდა ვისწავლოთ, მაგრამ მე უნდა მჯეროდეს, რომ გამომცდელი იქნება სანდო, ობიექტური და გამჭვირვალე.

თუ ამ კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებს გამომცდელი, მე აღარ მექნება განვითარების მოტივაცია და სურვილი, რომ მონაწილეობა მივიღო მსგავსი ტიპის გამოცდაში.

  • ის, რა კრიტერიუმებიც დაასახელეთ, აკლდა ამ გამოცდას?

დიახ, რა თქმა უნდა. გამოჩნდა, რომ შეფასების სისტემა არ არის სანდო. დავიწყოთ თუნდაც იქიდან, რომ გამოცდაზე ორი ტესტი იყო და თავიდან არავის უთქვამს, რომ ეს ტესტები ერთმანეთისგან სირთულით განსხვავდებოდა. ითქვა, რომ აპლიკანტები წამყვანის და მენტორის გამოცდას ერთი ტესტით ჩააბარებდნენ.

თუმცა, გამოცდის შედეგების დადების შემდეგ დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ პირველი ვარიანტი იყო უფრო რთული და მეორე – არა. შესაბამისად, პირველ ვარიანტი ვინც დაწერა, მათ სკალირებით დაუმატეს ქულები, მეორე ვარიანტს კი არა.

სწორედ აქედან დაიწყო პრობლემები და უნდობლობა შეფასების სისტემის მიმართ.

როგორ შეიძლება ერთი დონის ტესტი შეფასებისას იყო სხვადასხვა? რა კრიტერიუმით მოხდა შერჩევა, საიდან დადგინდა, რომ პირველი ტესტი იყო რთული და მეორე მარტივი?

ისიც ითქვა, რომ ვინც ბარიერი ვერ გადალახა, უმრავლესობამ პირველი ვარიანტი წერა და ამიტომ ჩაითვალა ეს ვარიანტი რთულადო. იქნებ, პირველი ვარიანტი ვინც წერა, ის მასწავლებლები არ ემზადებოდნენ და ამიტომ დადგა ეს შედეგი და არა იმიტომ, რომ რთული იყო.

  • რა განსხვავება იყო ტესტის პირველ და მეორე ვარიანტს შორის?

არაფერი. ფორმა ერთი და იგივეა. ამბობენ, რომ კითხვები იყო რთული, მაგრამ თავიდან ხომ გვითხრეს, რომ ერთნაირი ტესტი იყო. თუ განსხვავებული იყო, მაშინ არჩევანის უფლება უნდა გვქონოდა. მე მინდა დავწერ რთულ ტესტს და შემდეგ დამიმატონ ქულა და თუ დავწერ მარტივს, არ მექნება პრეტენზია ქულის მომატებაზე.

  • მასწავლებელს არჩევის შესაძლებლობა არ ჰქონდა?

არანაირი არჩევანის უფლება არ გვქონდა, რადგან თავიდანვე ითქვა, რომ ერთ ტესტით ბარდებოდა ორივე გამოცდა.

თუ ასე არ იყო, მაშინ ჩვენთვის უნდა მოეცათ არჩევანის უფლება. ჩვენ ასე ვაკეთებთ მოსწავლეებთან. ვაწვდით სასწავლო მენის და მოსწავლე ირჩევს რა შეასრულოს, როგორ შეასრულოს და რა დონეზე შეასრულოს. „ნაეკი“ რატომ არ აკეთებს ამას ვერ გავიგე. რასაც ჩვენ გვთხოვენ, იმას რატომ არ აკეთებენ თავად.

ავიღოთ თუნდაც ტესტის შინაარსი, ჩვენ გამოცდებამდე მოგვაწოდეს ლიტერატურა და გვითხრეს, რომ კითხვები იქნებოდა კონსტიტუციიდან, კანონმდებლობიდან, პროფესიული ეთიკიდან და ასე შემდეგ. ერთი კითხვაც კი არ შემხვდა აქედან.

7-8 ჩამონათვალი იყო, რომელიც უნდა გვესწავლა და ჩვენ ამას ვაპროტესტებდით თავიდან, ვამბობდით, რატომ უნდა იცოდეს ზეპირად ეს ყველაფერი მასწავლებელმა? თუმცა ტესტში მაინც არ იყო შეტანილი ეს საკითხები, აი ეს არის პრობლემა. თუ ჩვენ არ გვეცოდინება რას ვაბარებთ, იმას ვერასდროს ვერ ჩავაბარებთ.

  • თუ არც კონსტიტუცია არ იყო, არც კანონმდებლობა, მაშინ რა ტიპის შეკითხვები იყო შეტანილი ტესტში?

ტესტი მორგებული იყო სასკოლო ცხოვრებას, იმას, რასაც ვაკეთებთ ან უნდა ვაკეთებდეთ კლასში, რა მეთოდებსაც ვიყენებთ, აი ამის განხილვა, არგუმენტირებას მოითხოვდა ტესტი. რატომ შეიძლება გამოიყენოს მასწავლებელმა ეს მეთოდი, ან რომელ მეთოდს გამოვიყენებდი ამ პრობლემის გადასაჭრელად და ასე შემდეგ.

ზოგადად, ტესტი მომეწონა, როგორიც იყო, არ ვამბობ, რომ რთული ტესტი იყო, მაგრამ პროტესტი მაქვს იმის გამო, რომ ჩვენ სხვა მიმართულებით ვმეცადინეობდით და ვემზადებოდით. გვეუბნებოდნენ, რომ ეს იქნება ტესტში და იყო სხვა.

სამი წელი ამას ველოდებოდით მასწავლებლები, გვქონდა მოლოდინი, რომ ძალიან კარგი რაღაც კეთდებოდა, რადგან ერთი ტესტით შეგვეძლო პროფესიული წინსვლა და აი ასეთ გაუგებრობაში თუ ჩაგვაყენებდნენ, მართლა არ მეგონა. მეტის გაკეთება შეგვეძლო, თუ ჩვენ სწორ მიმართულებას მოგვცემდნენ.

  • აქცენტი სხვა რამეზე გადაატანინეს მასწავლებლებს გამოცდის წინ, ამის თქმა გინდათ?

კი, ასე იყო. მოგვცეს რამდენიმე ათასგვერდიანი ლიტერატურა, წაგვაკითხეს და შემდეგ აქედან არცერთი კითხვა არ იყო ტესტში. წარმოგიდგენიათ? ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდით.

რა თქმა უნდა, გამოცდა „ნაეკმა“ უნდა ჩაატაროს, ტესტიც განათლების მიმართულებით გამოცდილმა ექსპერტებმა უნდა შეადგინონ, მაგრამ პირველ რიგში, უნდა მითხრან, რა უნდა ჩავაბარო.

ტესტი აგებული იყო იმაზე, რასაც ვაკეთებთ ჩვენ ყოველდღიურად გაკვეთილზე და მე, პირადად, სწორედ ამის ხარჯზე ჩავაბარე გამოცდა. დავწერე ის, რასაც ვაკეთებ. პირველად მოხდა ასეთი რამ, რომ გამოცდიდან გამოვედი და ვთქვი, „ტყუილად ვიმეცადინე“, „აი, ამდენი ნამეცადინები ჩავყარე წყალში“.

„ნეტა არ მემეცადინა“, ასე რომ იტყვი მასწავლებელი გამოცდიდან გამოსვლის შემდეგ, ეს არის ცუდი. ვფიქრობ ეს არის განათლების რეფორმის კრახი.

  • სამინისტრო ან თუნდაც გამოცდების ცენტრი (Naec) გეტყოდათ, რომ თუ კანონები წაიკითხეთ და ისწავლეთ, რატომ არის ეს „წყალში გადაყრილი“, ცოდნა ხომ გამოგადგებათ?

ცოდნა არასდროს არ არის ზედმეტი, რა თქმა უნდა გამომადგება, მაგრამ მე სხვა რამეს ვამბობ. ეს ყველაფერი დამეხმარება უკეთესი გაკვეთილის ჩატარებაში? აი, ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. გამოცდა იყო პროფესიული წინსვლისთვის ხომ? ესე იგი, მე ხვალ უკეთესი გაკვეთილი უნდა ჩავატარო, უკეთესი მასწავლებელი უნდა ვიყო, მაგრამ თუ ეს გამოცდა მე ამაში არ დამეხმარება, მაშინ ფუჭი ყოფილა ეს გამოცდაც.

მაშინ რატომ არ ვაბარებ რაღაც სხვა გამოცდას, მაგალითად ეკონომიკური მიმართულებით, ეგეც ხომ ცოდნაა, საჭიროა ცხოვრებისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ხომ სკოლაზე, მოსწავლეზე ორიენტირებული უნდა ვიყოთ, მესამე თაობის სასწავლო გეგმა ხომ ამაზე მიუთითებს, რომ შრომაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული?

ის, რომ მასწავლებელი უნდა იყოს სიახლეების მიმღები და მზად იყოს ამისთვის, კი, ეს მუხტი შემოიტანა გამოცდამ, მაგრამ ფსიქოლოგიური ზეწოლის და სტრესის ხარჯზე ეს არ უნდა ხდებოდეს. მასწავლებელს ასე არ უნდა ექცეოდეს სისტემა, ამაზე მაქვს საუბარი.

  • თქვენ ტესტი მოგეწონათ, ფიქრობთ, რომ ადეკვატური იყო, თუმცა აკრიტიკებთ წინასაგამოცდო პროცესს და შეფასების სისტემას, სწორად გავიგეთ?

დიახ. ტესტი არ იყო რთული, თუმცა არც მარტივი იყო.

ცუდი იყო – პირველი, ტესტისთვის განკუთვნილი დრო, რადგან მოგვეცა 4 საათი და ეს იყო ძალიან ცოტა ამ გამოცდისთვის, იყო უამრავი საკითხი, ღია, დახურული ტიპის შეკითხვები, ფუნქციური წერა, რაც დროს ითხოვს. გამოდიოდნენ მასწავლებლები და ამბობდნენ, რომ ვერ მოასწრეს ნამუშევრის გადატანა და ასე შემდეგ.

პრეტესტი როცა ჩაატარეს, მაშინ უნდა განესაზღვრათ დრო, რადგან ვინც გამოდიოდა გამოცდიდა, ყველა ამბობდა, რომ „ვერ მოვასწარი“. რაღაც დასკვნა ხომ უნდა გამოიტანო პრეტესტიდან. ესეც კი არ გაითვალისწინეს.

  • თქვენ ამბობთ, რომ მოსამზადებელი ლიტერატურა და ტესტი ძალიან განსხვავებული იყო, როცა პრეტესტი წერეთ, ის თუ ჰგავდა ამ ტესტს, დაახლოებით მაინც რომ განგესაზღვრათ, როგორი ტესტი იქნებოდა გამოცდაზე?

პრეტესტი მე არ დამიწერია, ამიტომ ასეთ შეფასებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ პრეტესტზეც არ იყო ყველა მიმართულება განხილული. საბოლოო წარმოდგენას ვერ გიქმნიდა, რადგან სრულად არ იყო იმიტირებული.

წელს მასწავლებლების უპრეცედენტო რაოდენობა გავიდა გამოცდაზე, ბევრმაც თავი შეიკავა, იმიტომ რომ არ იცოდნენ რა ფორმატით ჩატარდებოდა, რა კითხვები მოვიდოდა და დღეს ისინი კმაყოფილი არიან სხვათა შორის.

  • ზოგი სოციალურ ქსელში წერდა, ზოგიც პირად საუბრებში იმაზე, რომ აპელაციის შემდეგ ქულები აუმაღლეს. რას ნიშნავს, როცა გასაჩივრების შემდეგ აპლიკანტს მაგალითად 7 ან 8 ქულას უმატებენ, შეიძლება ამხელა ცდომილება იყოს შეფასებისას?

ეს არის ყველაზე მთავარი კითხვა და ამაზე პასუხი უნდა გასცეს „ნაეკმა“. მე დავწერე ტესტი, მეორე ვარიანტი ვწერე და არცერთი ქულა არ დაუმატებიათ. მაგრამ ვინც დაწერა პირველი ვარიანტი და შედეგი გაასაჩივრა, მას 7 ან 8 ქულაც კი დაუმატეს. როგორ ხდება ეს? ორივე ტესტი ხომ ერთმა გამსწორებელმა გაასწორა? გამოდის, ერთ ტესტში 8 შეცდომა დაუშვეს შეფასებისას და ჩემთან არცერთი?

ამიტომ გამოიწვია ამ შეფასებამ ამდენი მღელვარება და უნდობლობა. ვიღაცას 8 ქულას უმატებ, მე კი არც ერთს. მე მყავს მეგობარი, რომელიც მენტორის სტატუსისთვის გავიდა გამოცდაზე – 52 ქულა აიღო, დაწერა მეორე ვარიანტი და 0,5 ქულა აკლდა, რომ მენტორის სტატუსი მიეღო. დარწმუნებულია, რომ მისი ნამუშევარიც არასწორად იყო გასწორებული, მაგრამ არ დაუმატეს არცერთი ქულა. ის აპირებს, სასამართლოს მიმართოს.

არის შემთხვევები, ვინც პირველ ვარიანტი დაწერა, აიღო 44-46 ქულა და სკალირებით დაემატა 7-8 ქულა. როცა ეს ხდება, გიჩნდება განცდა, რომ არასწორია შეფასება. არ არის ვალიდური და არასანდოა.

  • რეალურად იყო არსებითი განსხვავება ტესტების შინაარსში?

საკითხი შეიძლება ყოფილიყო განსხვავებული, მაგრამ ფორმატი იყო ერთნაირი. მაგალითად, ერთ-ერთი დავალება იყო ფუნქციური წერა ხომ? მე შეიძლება დავწერე ინკლუზიური განხრით, ვიღაცამ კი დაწერა ვთქვათ, სპორტის განხრით. თუმცა, ფორმატი ერთი და იგივეა.

ამის მიუხედავად, მეორე ვარიანტს სკალირება საერთოდ არ შეეხო, პირველს კი. თუ ნაეკი იტყვის, რომ ეს განსხვავებები თავიდანვე იყო, მაშინ ეს დისკრიმინაციაა, რადგან გამოდის, რომ ვიღაცას რთული ტესტი დაუდო და ვიღაცას მარტივი.

მაშინ თავიდანვე უნდა გვქონოდა ამაზე ინფორმაცია და ჩვენ გადავწყვეტდით რთულს ავირჩევდით თუ მარტივს. თუმცა ამას ვერ იტყვიან, რადგან არ ყოფილა თავიდან ამაზე საუბარი.

  • თქვენ თუ გააპროტესტეთ შედეგი?

იმ ვარიანტში, სადაც სხვას 8 ქულა დაუმატეს, მე კი 3 ქულა მეწერა, არ გავასაჩივრე, რადგან წამყვანის სტატუსისთვის გავედი და ამისთვის საკმარისი ქულები დავაგროვე. თუმცა, მენტორობისთვის რომ გავსულიყავი, გამოდის ქულას მაინც არ დამიმატებდნენ, რადგან მეორე ვარიანტი ვწერე.

ზოგადად, მე ვენდობოდი გამოცდების ცენტრს და თუ ასე არ იქნება, სხვანაირად ვერც განვვითარდებით. მომავალშიც ვაპირებ გამოცდაზე გასვლას, მაგრამ თუ ასე შეაფასებენ, ასეთი არასანდო და არაობიექტური თუ იქნება შეფასება, როგორც უნდათ ისე იტყვიან და გააკეთებენ, ვიღაცას 8 ქულას დაუმატებენ და ვიღაცას არცერთს, ეს ძალიან ცუდი იქნება.

რვა ქულა როგორ უნდა გაგეპაროს ტესტის შეფასებისას? ეს ძალიან ბევრია. ეს იყო განსხვავება მენტორსა და წამყვანს შორის, მეტი კი არა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ არ აწყობდათ ბევრს აემაღლებინა სტატუსი, ამიტომ გააკეთეს არაობიექტური შეფასებები.

ერთი სიტყვით, თუ გვინდა, რომ გამოცდების ცენტრის მიმართ ნდობა არ გაქრეს, უნდა შემცირდეს გამოცდებისთვის გათვალისწინებული პროგრამა, წინასწარ უნდა მოგვცენ ლიტერატურა, საიდანაც იქნება შეკითხვები და მასალა უნდა იყოს იმაზე ორიენტირებული, რომ მასწავლებელი გახდეს უკეთესი. უნდა ვისწავლი ის, რაც გამომადგება გაკვეთილზე.

გადაიხედოს დრო, რადგან 4 საათი ძალიან ცოტაა ამდენი დავალების შესასრულებლად. ყველა დავალება იყო განსხვავებული, ინდივიდუალურად სამსჯელო და საფიქრი. თუმცა, მგონია, რომ ესეც განზრახ არის გაკეთებული.

მე დავემორჩილები გამოცდების ცენტრს მაშინ, თუ იქნებიან კომპეტენტურები, თუ მეცოდინება, რომ მათი ტესტი ვალიდურია, შეფასება სანდო, გამჭვირვალეა და ობიექტური.

თუ ამ ოთხს კომპონენტს ვერ დააკმაყოფილებენ, აღარ მექნება ნდობა მათ მიმართ.

რადგან 12 ათასი მასწავლებელი გავიდა გამოცდაზე, ეს ნიშნავს, რომ ისინი არიან მზად ცვლილებებისთვის, განვითარებისთვის, თუმცა „ნაეკი“ არ დახვდა მზად. ამდენი გავიყვანოთ, ამდენი არა, ვიღაცას დავუმატოთ და ვიღაცას არა –  მასწავლებელს ამის განცდა არ უნდა დარჩეს, რადგან არა მგონია ამით ვინმემ მოიგოს.

რუსული კომპანიის დავა 5-მილიონიანი ტენდერისთვის – 5 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია ბათუმში

ბათუმში, ხუთი საბავშვო ბაღის კეთილმოწყობაზე გამოცხადებულ ტენდერში, მერიის სამმართველოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას რუსული კომპანიის ფილიალი დავების საბჭოში ასაჩივრებს. კომისიამ მომჩივანს ტენდერში დისკვალიფიკაცია „არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო“ მისცა.

N13, 14, 22, 31 და 33 ბაღების კეთილმოწყობაზე ტენდერი [დემონტაჟი-მშენებლობა, გამაგრება-რეაბილიტაცია] 4 961 999 ლარით არის გამოცხადებული. ერთ-ერთი პრეტენდენტი – შპს „ელვას“ ფილიალი ქ. თბილისში (საქართველო) – სამმართველოს მომსახურებას ყველაზე დაბალ ფასად, 4 466 016 ლარად სთავაზობდა, თუმცა, ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს სატენდერო კომისიამ მას დისკვალიფიკაცია მისცა – „არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო“.

კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ „კომპანიის გამოცდილებასთან დაკავშირებული სატენდერო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად „ელვას“ ფილიალმა წარმოადგინა ორი ხელშეკრულება შპს „პროხოდკასთან“, რომელთა საგანია: რუსეთის ფედერაცია, ქ. ორსკი, ლენინის გამზირი, ს.116-ში მდებარე მრავალბინიანი სახლის რეკონსტრუქციის და ფუნდამენტის გამაგრება-გაძლიერების მიზნით სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის შედგენა“ და იგივე სახლთან დაკავშირებული „სანარდო სამუშაოების შესრულება“.

კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ პრეტენდენტმა დოკუმენტაცია წარადგინა რუსულ ენაზე, რასაც ახლდა თარგმანი ქართულ ენაზე. შემდეგ ეტაპზე კი, როგორც ოქმშია აღნიშნული, დოკუმენტაციის განხილვისას გამოიკვეთა შემდეგი გარემოებები:

„სატენდერო კომისიამ კომპანიებისა და ბიზნესის შესახებ რუსეთის სისტემაში მოიძია ინფორმაცია შპს „პროხოდკას“ შესახებ და დადგინდა, რომ ორგანიზაციის ლიკვიდირების თარიღია 2021 წლის 23 სექტემბერი, თუმცა პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი დათარიღებულია 2021 წლის 12 ნოემბრით“.

კომისია ოქმში მიუთითებს, რომ „პროხოდკას“ ნოემბერში აღარ გააჩნდა უფლებამოსილება გაეფორმებინა მიღება-ჩაბარების აქტი, „შესაბამისად, პრეტენდენტის მიერ მითითებულ მისამართზე სამუშაოს შესრულება სათუოა, თუმცა, შესრულების შემთხვევაშიც კი, ფაქტია, რომ არ არსებობს განხორციელებული სამუშაოების კანონიერი საფუძველი“.

„სამუშაოთა მიღების აქტში აღნიშნულია, რომ შესრულებულია 13 275 000 რუბლის [622 000 ლარის] ღირებულების საფასადე კედლების მობათქაშების სამუშაოები. Google Maps-ის საშუალებით მოძიებულ იქნა მითითებული სახლი და კომისიის წევრებმა დაადგინეს, რომ ის აგურითაა აგებული და ნათელია, რომ ფასადი არ არის მობათქაშებული. აღნიშნული კიდევ ერთხელ ამტკიცებს პრეტენდენტის მიერ სატენდერო კომისიის შეცდომაში შეყვანის მცდელობას“, – აღნიშნულია სატენდერო კომისიის ოქმში.

კომისია, ინტერნეტში მოძიებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით, ოქმში ასევე უთითებს, რომ ეს სახლი 2015 წელს აშენდა და 2016 წელს მასში შესახლდა მოსახლეობა. ამიტომ „აღნიშნული ნაკლებად სავარაუდოს ხდის იმ ფაქტს, რომ შენობას 2020-21 წლებში რეკონსტრუქციის ან/და გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები დასჭირვებოდა“.

„ზემოხსენებული გარემოების კუმულაციურად გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სატენდერო კომისიამ დაადგინა, რომ პრეტენდენტმა ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედება ჩაიდინა – წარმოადგინა მცდარი ინფორმაცია“ – აღნიშნულია კომისიის 2022 წლის 8 სექტემბრის ოქმში, რომლითაც „ელვას“ ფილიალს ტენდერში დისკვალიფიკაცია მისცეს.

12 სექტემბერს, შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოში შევიდა „ელვას“ ფილიალის საჩივარი, სადაც კომპანია „იმის გათვალისწინებით, რომ დარღვეულია ადმინისტრაციული ორგანოს დასაბუთების ვალდებულების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით [სზაკ] დადგენილი მოწესრიგება“, მოითხოვს, სრულად გაუქმდეს „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი და კანონით დადგენილი წესით გაგრძელდეს შერჩევა – შეფასების პროცესი.“

„სატენდერო კომისია, პრეტენდენტის განცხადების შინაარსობრივ ნაწილზე მსჯელობისას, საკუთარ დასკვნებს, რომ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს, აფუძნებს კერძო სუბიექტის მიერ, სახელმწიფო ლეგიტიმაციის გარეშე შექმნილი ინტერნეტ-წყაროდან მოპოვებულ არადამაჯერებელ ინფორმაციაზე, რაც ცხადია ვერ აკმაყოფილებს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის დასაბუთების სზაკ-ით განსაზღვრულ სტანდარტს“, – აღნიშნულია კომპანიის საჩივარში.

კომპანია საჩივარში ასევე ხაზს უსვამს, რომ:

  • „ბუნდოვანი წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია ვერ გახდება კანონიერი უფლების მინიჭებაზე უარის თქმის იურიდიულად ვარგისი საფუძველი…“
  • ეჭვს აჩენს ინტერნეტ წყაროებიდან მოპოვებისა და მათ საფუძველზე კონკრეტული დასკვნების გამოტანის ფაქტი, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივი პასიურობაც [და ბადებს კითხვებს კორუფციულ გარიგებებთან მიმართებაში], გადაამოწმოს და ჯეროვნად შეისწავლოს ინტერნეტ-წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის სინამდვილე და შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტურ, საამისო უფლებამოსილების მქონე ორგანოებიდან სათანადო წესით შესაბამისი დოკუმენტაციის გამოთხოვის საფუძველზე განსაზღვროს შეესაბამება თუ არა მის მიერ მოპოვებული ინფორმაცია სინამდვილეს.
  • იგივე უნდა ითქვას Google Maps-ის საშუალებით მოპოვებული ინფორმაციაზეც, ვინაიდან ასეთი ინფორმაცია უნდა დადგინდეს მხოლოდ შესაბამისი ქვეყნის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტით.“

 

[toggle title=”კომპანიის დასაბუთების სრულად სანახავად დააწკაპუნეთ აქ”]

კითხვა: დეტალურად დაასაბუთეთ, თუ რატომ ეწინააღმდეგება თქვენ მიერ გასაჩივრებული სატენდერო/საკონკურსო კომისიის სადავო გადაწყვეტილება/ქმედება კანონმდებლობას?

„ელვას“ ფილიალი: „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

სზაკ-ის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის კი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

მოცემულ შემთხვევაში, 08/09/2022 წელს ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის N 86-3 სხდომის ოქმით ერთმნიშვნელოვნად დაირღვა სზაკ-ით დადგენილი ზემოხსენებული სტანდარტები.

კერძოდ, სატენდერო კომისია, პრეტენდენტის განცხადების შინაარსობრივ ნაწილზე მსჯელობისას, საკუთარ დასკვნებს, რომ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს, აფუძნებს კერძო სუბიექტის მიერ, სახელმწიფო ლეგიტიმაციის გარეშე შექმნილი ინტერნეტ-წყაროდან მოპოვებულ არადამაჯერებელ ინფორმაციაზე, რაც ცხადია, რომ ვერ აკმაყოფილებს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის დასაბუთების სზაკ-ით განსაზღვრულ სტანდარტს.

პირველ რიგში, ბუნდოვანია მისი გამომცემი წყარო, რაც უპირობოდ უსვამს ხაზს მისი სამართლებრივი ლეგიტიმაციის ხარისხის ნაკლებობაზე. მითითებული ვებგვერდიდან არ დგინდება იგი სახელმწიფოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების საფუძველზეა შექმნილი თუ წარმოადგენს ისეთ ორგანიზაციას, რომელსაც ამგვარი უფლებამოსილება საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების დელეგირების კონკრეტულ საფუძველზე აქვს მინიჭებული.

მაგალითად, იმდენად რამდენადაც სახელმწიფო ახდენს მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციას საამისოდ გათვალისწინებულ შესაბამის რეესტრში, რაც მისი იურიდიულად აღიარების სამართლებრივ შედეგს იწვევს, ისევე უნდა ახდენდეს სახელმწიფო, შესაბამისი, სამართლებრივი პროცესების მეშვეობით, ასეთი კომპანიის ლიკვიდაციის, კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციას.

მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო მტკიცებულების სახით იშველიებს ე.წ. зачестныйбизнес-ის ვებპორტალს და ამ პორტალიდან ამოღებული ინფორმაციით ადგენს საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, მაშინ როცა საპირისპიროდ, რუსეთის ფედერაციაში ამგვარ კომპეტენტურ ორგანოს წარმოადგენს შემოსავლების ფედერალური სამსახური და მასთან არსებული სხვა კომპეტენტური ორგანოები.

შესაბამისად, ამგვარი ბუნდოვანი წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია ვერ გახდება კანონიერი უფლების მინიჭებაზე უარის თქმის იურიდიულად ვარგისი საფუძველი, რადგან, სზაკ-ით განსაზღვრული დასაბუთების სტანდარტი მოიაზრებს გადაწყვეტილების მხოლოდ იმგვარ გარემოებებზე დაყრდნობით მიღებას, რომელთა სინამდვილეც ერთმნიშვნელოვნად და არაორაზროვნად დასტურდება საამისოდ გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულებებით.

მოცემულ შემთხვევაში, არამხოლოდ ეჭვს აჩენს ასეთი გარემოებების ინტერნეტ წყაროებიდან მოპოვებისა და მათ საფუძველზე კონკრეტული დასკვნების გამოტანის ფაქტი, არამედ, ეჭვს აჩენს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივი პასიურობაც (და ბადებს კითხვებს კორუფციულ გარიგებებთან მიმართებაში), გადაამოწმოს და ჯეროვნად შეისწავლოს ინტერნეტ-წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის სინამდვილე და შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტურ, საამისო უფლებამოსილების მქონე ორგანოებიდან სათანადო წესით შესაბამისი დოკუმენტაციის გამოთხოვის საფუძველზე განსაზღვროს შეესაბამება თუ არა მის მიერ მოპოვებული ინფორმაცია სინამდვილეს.

იგივე უნდა ითქვას Google Maps-ის საშუალებით მოპოვებული ინფორმაციაზეც, ვინაიდან ასეთი ინფორმაცია უნდა დადგინდეს მხოლოდ შესაბამისი ქვეყნის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტით.“

წყარო: სახელმწიფო შესყიდვების პორტალი

[/toggle]

„ელვას“ ფილიალის დისკვალიფიკაციის შემდეგ, მერიის სამმართველოს სატენდერო კომისიამ, მომდევნო პრეტენდენტად შპს „სამშენებლო-საპროექტო ჯგუფი“ განსაზღვრა და ის, 9 სექტემბრის ოქმით [გარკვეული დოკუმენტების დაზუსტების შემდეგ] ხელშეკრულების გასაფორმებლად მიიწვია.

ეს კომპანია სამმართველოს მომსახურებას 430 984 ლარით უფრო ძვირად სთავაზობს, ვიდრე „ელვას“ ფილიალი, ანუ, 4 897 000 ლარად.

მიმდინარე ტენდერის ბედი დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული, სადაც საჩივრის განხილვის თარიღად, 2022 წლის 15 სექტემბერია ჩანიშნული.

—

შეგახსენებთ, რომ იგივე რუსული კომპანია – „ელვას“ ფილიალი – ბათუმის მერიას 311 ათას 592 ლარად სთავაზობდა ჯავახიშვილის 47-ში მდებარე ავარიული კორპუსის გამაგრებას,  თუმცა საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ეს ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზე შეწყვიტა.

ამავე თემაზე უფრო ვრცლად ნახეთ ბმულზე:

რა ხდება ჯავახიშვილის ქუჩაზე, სადაც მოსახლეობა ბინებს ტოვებს

„მურუსიძეს ვკითხე, რატომ?“ – რას ამხელს აშშ-ში სამუშაოდ წასული ყოფილი მოსამართლე კლანზე

„მთავარი კრიტერიუმი მათდამი ერთგულება იყო,“ – ამბობს ყოფილი მოსამართლე ანა ღელეყვა სასამართლო კლანის შესახებ courtwatch.ge-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. ანა ღელეყვა ახლა აშშ-ში ემიგრაციაში ცხოვრობს და აღწერს სასამართლოს კლანის მოქმედებას, მაგალითად, როგორ ჩამოაშორეს სისტემას იმიტომ, რომ კლანს „გვერდით არ დაუდგა“.

ყოფილი მოსამართლე ანა ღელეყვა კონკრეტულად ლევან მურუსიძის შესახებ საუბრობს, რომელიც წლებია სასამართლო კლანის ყველაზე გავლენიან ფიგურად სახელდება. ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი იყო 2013 – 2017 წლებში, ანა ღელეყვა კი, სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ მუშაობდა 2016 წელს, როცა მოსამართლეობას ჩამოაშორეს, თუმცა მანამდე ის პირისპირ ლევან მურუსიძეს შეხვდა.

„…როცა არ დამნიშნეს, საბჭოს მდივანთან ვითხოვე შეხვედრა. იმ დროს მურუსიძე გახლდათ და ვკითხე, რატომ? ამდენი წლის თავდაუზოგავი შრომა რატომ არ უნდა გაითვალისწინო? ძალიან პირდაპირ და გულწრფელად მიპასუხა: იმიტომ, რომ შენ გვერდით არ დაგვიდექი კონფერენციაზე საბჭოს წევრად ჩვენი კანდიდატის არჩევის დროსო. აბა, რაღა არჩევნებია, თუ ჩემი ნების შესაბამისად არ ვიმოქმედე-მეთქი? სხვებს, ვინც გვერდით დაგვიდგნენ, რა პასუხი გავცეთო – მომიგო. მომავალში რა მოტივაცია ექნებათ [სხვა მოსამართლეებს] მხარდასაჭერადო? საერთოდ არ დაუმალავს ეს ამბავი,“ – აღნიშნავს ყოფილი მოსამართლე ანა ღელეყვა courtwatch.ge-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ანა ღელეყვას თქმით, ეს შემთხვევა უკავშირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრად ლევან თევზაძის არჩევას [2015 წელი] – კონფერენციაზე ღელეყვას ლევან თევზაძის კონკურენტისთვის დაუჭერია მხარი. კენჭისყრა ფარულია, თუმცა ყოფილი მოსამართლე ჰყვება, რომ ორივე კანდიდატმა წინასწარ შეადგინა მოსამართლე მხარდამჭერების სია.

„მე ჩემმა ახლობელმა მოსამართლემ დამირეკა და მკითხა, ვის ვუჭერდი მხარს. ვუთხარი, რომ გასიტაშვილს. ასე აღმოჩნდი გასიტაშვილის მხარდამჭერთა სიაში… შემდეგ მოსამართლე ლევან თევზაძე მოვიდა ჩემთან სამსახურში. ასე დადიოდნენ – საარჩევნო კამპანია ჰქონდათ. მასაც ვუთხარი, რომ შანსი უნდა მიგვეცა ახალი ძალისთვის… კარგად მახსოვს ლევან თევზაძის სიტყვები დამშვიდობებისას: მომცემ ხამს, მოგცემ ხმასო,“ – აღნიშნა ყოფილმა მოსამართლე ანა ღელეყვამ.

ყოფილი მოსამართლე ინტერვიუში ამბობს იმასაც, რომ სასამართლო სისტემაში აღარც კი აპროტესტებენ, როცა მოსამართლეებს მოიხსენებენ, როგორც „კლანს“.

„კლანი“ როგორი მორგებული სიტყვაა. მგონი, თავადაც აღარ აპროტესტებენ. თუ კლანია,  სასამართლოს ხელმძღვანელიც [სასამართლოს თავმჯდომარე] კლანის წევრი იქნება – დაახლოებული პირი, სანდო და დასაყრდენი,“ – აღნიშნავს ანა ღელეყვა და ადასტურებს იმასაც, რომ სასამართლოს თავმჯდომარეები მოსამართლეებთან განსახილველი საქმეების შინაარსზეც კი მსჯელობდნენ.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესცენტრს, სადაც ვითხოვეთ განმარტება იმაზე, რასაც ყოფილი მოსამართლე ამბობს. პრესცენტრის წარმომადგენელს ასევე ვუთხარით, რომ მოვუსმენდით მოსამართლეების ლევან თევზაძის და ლევან მურუსიძის პოზიციებს, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.

———–

ლევან მურუსიძე წლებია, სასამართლო სისტემაში მუშაობს. ის იყო სანდრო გირგვლიანის, სულხან მოლაშვილისა და სხვა გახმაურებული საქმეების მოსამართლე. სასამართლო რომ დამოუკიდებელი არ არის საქართველოში და კლანი მართავს, ამის შესახებ წლებია საუბრობს სამოქალაქო სექტორი, ექსპერტები. „მოსამართლეთა კლანი“ – ეს ტერმინი 2019 წელს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმაც გამოიყენა თავის ანგარიშში.

ლევან თევზაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა 2021 წლიდან. ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო 2015 – 2018 წლებში. ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უკვე ყოფილი წევრის, ირაკლი შენგელიას ცოლის ძმაა. ირაკლი შენგელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო 2021 წელს, როცა იუსტიციის საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად პარლამენტს ლევან თევზაძე წარუდგინა.

მთავარი ფოტო: ანა ღელეყვა – ფოტო courtwatch.ge-ის ინტერვიუდან.

ჩვენი ჟურნალისტის ოჯახი ბუჩაში იყო, როცა იქ ხალხის მკვლელობაზე დაწერა – რედაქტორი კიევიდან

„არასდროს მდომებია ომის რეპორტიორი ვყოფილიყავი. ბევრს აქვს ასეთი სურვილი – სათავგადასავლოა, მნიშვნელოვანია… მაგრამ მე არ მქონია. ვერ ვიფიქრებდი, რომ საომარი მოქმედებების ზონაში აღმოვჩნდებოდი.

პირველი დღეები ძალიან საშიში იყო. არ ვიცოდი საკმარისი ომებზე, რათა მცოდნოდა, რა ხდებოდა. რომ დარტყმები ხორციელდება კონკრეტულ სამიზნეებზე. მეგონა, რომ თუ ციდან რაღაც მოფრინავს, მთელი ქალაქი მიწასთან გასწორდება და ალბათ, მეც აქ მოვკვდები-მეთქი,“ – ამბობს უკრაინული გამოცემა „კიევ ინდიფენდენტის“ მთავარი რედაქტორი ოლგა რუდენკო.

„ბათუმელები“ მას კიევში შეხვდა.

სხვა უკრაინულ მედიებთან ერთად „კიევ ინდიფენდენტმა“ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და ასრულებს დღემდე, რომ მსოფლიომ უკრაინაში მიმდინარე ომზე ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია მიიღოს.

რამდენად მზად იყო „კიევ ინდიფენდენტის“ ნიუსრუმი 24 თებერვალს, როცა რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო და როგორ გაუმკლავდა სარედაქციო გუნდი ომის დაწყებით გამოწვეული შოკის პირველ ტალღას? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ოლგა რუდენკოს ესაუბრა.

  • არ ვიცოდით, რომ სრულმასშტაბიანი ომი ასე დაიწყებოდა, მაგრამ რამე აუცილებლად რომ მოხდებოდა, ამის ბევრი ნიშანი იყო. თუმცა, გვეგონა, რომ ეს „რამე“ აღმოსავლეთ უკრაინაში მოხდებოდა, მაგალითად, ესკალაცია დონბასში.

ომამდე რამდენიმე დღით ადრე ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ აღიარებდა ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკებს“.

ამ რეგიონების „ხელმძღვანელები“ რუსეთმა დანიშნა. მათაც თქვეს, რომ პრეტენზია აქვთ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მთელ ტერიტორიაზე. ისინი დონბასის მეტი ტერიტორიის დაკავებას ეცდებოდნენ.

როცა 24 თებერვლის დილა დადგა… მე არ დამიძინია, რამდენიმე ჩვენი რედაქტორი ოფისში დარჩა, მე კი სახლში წავედი. მალევე, გავიდა პუტინის მიმართვა, სადაც მან „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა.

უმალვე, აფეთქებების ხმაც გაისმა. სხვებმა, სოციალურ ქსელებსა და სამსახურის ჩათებში, ასევე დაწერეს, რომ აფეთქებების ხმა ესმით. გავაცნობიერე, რომ ჩემს ქალაქს ბომბავენ.

სიმართლე გითხრათ, არასდროს მდომებია ომის რეპორტიორი ვყოფილიყავი. ბევრს აქვს ასეთი სურვილი – სათავგადასავლოა, მნიშვნელოვანია… მაგრამ მე არ მქონია. ვერ ვიფიქრებდი, რომ საომარი მოქმედებების ზონაში აღმოვჩნდებოდი.

პირველი დღეები ძალიან საშიში იყო. არ ვიცოდი საკმარისი ომებზე, რათა მცოდნოდა, რა ხდებოდა. რომ დარტყმები ხორციელდება კონკრეტულ სამიზნეებზე. მეგონა, რომ თუ ციდან რაღაც მოფრინავს, მთელი ქალაქი მიწასთან გასწორდება და ალბათ, მეც აქ მოვკვდები-მეთქი.

შემდეგ წერა დავიწყეთ. პუტინის მიმართვის მოსმენისას რედაქტორები წერდნენ, რომ ეს არ ჰგავს ესკალაციას, უფრო ომის გამოცხადებაა. არ უჩანდა ისეთი პირი, რომ ეს პუტინის მიერ დონბასის აღებით დასრულდებოდა – ეს იყო სრულმასშტაბიანი ომი.

დავწერეთ მასალა სათაურით „პუტინმა უკრაინას ომი გამოუცხადა“. როცა მიმართვა დასრულდა, ეჭვიც იყო – უნდა გამოვაქვეყნოთ ასეთი სათაურით? ყველა სხვა მედიასაშუალებამ დაწერა, რომ პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყება გამოაცხადა.

ჩემთვის ნათელი იყო, რომ მიუხედავად იმისა, თუ რას დაუძახებდა ამას პუტინი, ომი დაიწყო. გამოვაქვეყნეთ მასალა ასეთი სათაურით. შემდეგ გავშტერდი [სტუპორში ჩავვარდი]. ყველანი ველოდით, რომ რაღაც მოხდებოდა, მაგრამ მქონდა მომენტი, როცა არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა.

[ომამდე] ძალიან საბაზისო გეგმა გვქონდა გაწერილი. ძალიან პატარა ორგანიზაცია ვართ და ორგანიზებული ევაკუაციის საშუალება არ გვქონდა. ბანკიდან ცოტაოდენი ნაღდი ფული გამოვიტანეთ, რადგან ველოდით, რომ საბანკო სისტემა გამოირთვებოდა.

ასევე გვეგონა, რომ ინტერნეტი და კომუნიკაციები შეწყდებოდა, რუსებს შეიძლება ეცადათ ამის გაკეთება. ეს ლოგიკური აზრი იყო. ამიტომ, ისე გავაკეთეთ, რომ უცხოეთში მყოფ გამოცემის თანამშრომლებს ვებგვერდზე წვდომა ჰქონოდათ. ვინც, ასეთ შემთხვევაში, დაწერდა, რომ უკრაინაში კომუნიკაციები შეწყდა.

ჩვენი გუნდის ყველა წევრს ვთხოვე, გამოეგზავნა თავისი გეგმა იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაზე და კიევზე თავდასხმა განხორციელდებოდა. კიევზე თავდასხმის შემთხვევაში ზოგი ქალაქის დატოვებას გეგმავდა; ზოგი – ოჯახის ევაკუაციას და დაბრუნებას; ზოგი – ქალაქში დარჩენას და მოვლენების გაშუქებას.

პირველ დღეებში დიდი გადაადგილებები იყო, მაგრამ ახალი ამბების გამოქვეყნება არ შეგვიჩერებია. ახლაც 24 საათი ვმუშაობთ.

ოლგა რუდენკო, “კიევ ინდიფენდენტის” ოფისში უყურებს დაფას, სადაც  გამოცემის გამომწერებს აღრიცხავენ. 30 აგვისტოს გამომწერთა რიცხვი 7085 იყო
  • რამდენად რთულია გააშუქო ომი მაშინ, როდესაც ოჯახის წევრს შესაძლოა საფრთხე ემუქრებოდეს?

გუნდისთვის ყველაზე რთული იყო დარდი არა საკუთარი თავის, არამედ ოჯახების უსაფრთხოებაზე.

მშობლები, დები, ძმები, ბავშვები… თითქმის ყველას ოჯახი კიევში თუ არა, უკრაინაში იყო.

ჩემი ოჯახი კიევში არ იმყოფება, მაგრამ სხვა დიდ ქალაქში ცხოვრობენ, რომელზეც ასევე განხორციელდა დარტყმა. პირველი კვირების განმავლობაში ვეხვეწებოდი, დასავლეთ უკრაინაში წასულიყვნენ. უარი მითხრეს. ასე ბევრჯერ მოხდა, არა მარტო ჩვენ გუნდში. მშობლები ხშირად უარს ამბობდნენ სხვაგან გადასვლაზე.

გვყავს ხალხი, რომელთა მშობლებიც რუსეთის მიერ ალყაშემორტყმულ ქალაქებში ცხოვრობდნენ.

წარმოიდგინეთ: რედაქტორი აქვეყნებს მასალას, რომ მის მშობლიურ ქალაქს, სადაც მისი მშობლებიც არიან, რუსებმა ალყა შემოარტყეს.

ერთი ჟურნალისტის ოჯახი ბუჩაში იყო. საბედნიეროდ, მათ გამოაღწიეს და ახლა უსაფრთხოდ არიან, მაგრამ როცა ისინი იქ იყვნენ, ამ ჟურნალისტმა დაწერა ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობაზე…

მაშინ არ ვიცოდით მომხდარის მასშტაბი, არ გვინახავს გარდაცვლილები… მაგრამ ვიცოდით, რომ რუსები მშვიდობიან მოქალაქეებს კლავდნენ. ამ დროს კი ამ ჟურნალისტის ოჯახი ბუჩადან გამოსვლას ვერ ახერხებდა.

საშინელება იყო. ეს არის ყველაზე რთული. საერთაშორისო ჟურნალისტები ჩამოდიან და აშუქებენ მოვლენებს, მაგრამ იციან, რომ მათი ოჯახი უსაფრთხოდაა.

ჩვენ ასეთი ფუფუნება არ გვაქვს.

  • გყავთ თუ არა ნაცნობები რუსულ პროფესიულ წრეებში და როგორ შეიცვალა ურთიერთობები 24 თებერვლის შემდეგ?

ვიცნობ რამდენიმე ჟურნალისტს დამოუკიდებელი რუსული მედიიდან. დიდი მეგობრები არ ვართ, უბრალოდ ვიცნობ.

[ომის დაწყების შემდეგ] არ დამკავშირებიან, მაგრამ არც ველოდი – დიდად ახლოს არ ვართ.

შევხვდი ერთ-ერთ მათგანს კონფერენციაზე, მაისში. რა შემიძლია ვთქვა? ის სწორ მხარეს დგას. ჩანდა, რომ მისთვის მტკივნეული იყო, რცხვენოდა თავისი ქვეყნის გამო. პირადად მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.

ამავე დროს, გამიჭირდა მასთან მეგობრულად საუბარი. უბრალოდ, არ შემეძლო. ჯერაც არ შემიძლია, გავაცალკეო რუსი და სახელმწიფო-აგრესორი.

  • ახლახან მნიშვნელოვანი ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა „კიევ ინდიფენდენტმა“ უკრაინაში მებრძოლი უცხოური ლეგიონის და იქ არსებული პრობლემების  შესახებ. ჟურნალისტებმა, რომლებმაც ამ გამოძიებაზე იმუშავეს, ვრცელი განმარტება გააკეთეს, თუ რატომ გამოაქვეყნეს საგამოძიებო სტატია რუსეთ-უკრაინის ომის დროს და რატომ იყო მნიშვნელოვანი ეს. მშვიდობიან დროს ალბათ მსგავსი განმარტება არ მოუწევდათ. როგორ შეცვალა ომმა ჟურნალისტების მუშაობა უკრაინაში?

ომმა ნამდვილად შეცვალა ურთიერთობა ხელისუფლებასა და მედიას შორის. ძალიან უცნაურ ვითარებაში აღმოვჩნდით.

ჩვეულებრივ, მედია ხელისუფლებას აკრიტიკებს, მისი კრიტიკა ბუნებრივია.

ომის პირველ კვირებში ან თვეებში მედიის მთელი ფოკუსი რუსეთზე იყო. განსაკუთრებით ჩვენთვის – საკუთარ თავს ვხედავთ, როგორც ფანჯარას, რომელიც უკრაინას მსოფლიოს აჩვენებს, როგორც უკრაინის ხმას.

ჩვენ არ ვართ პროპაგანდის ხმა და არც ვიქნებით. ხელისუფლებასთან არანაირ კავშირში არ ვართ. მაგალითად, როცა ხელისუფლებისგან რამე საკითხზე კომენტარი გვინდა, ხშირად არც გვაძლევენ.

ჩვენ ვაშუქებთ სიმართლეს. ვაშუქებთ მნიშვნელოვანს. პირველ თვეებში მნიშვნელოვანი იყო ომი, სისასტიკე, დაღუპული ადამიანები, უკრაინის მსხვერპლი, ბრძოლა.

როცა გავიგეთ რაღაც მნიშვნელოვანი, ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის არასწორ ქმედებებზე, გავაშუქეთ. თვითცენზურა არ გვაქვს.

თუმცა ვიცი, რომ ეს რთული შიდა საკითხია უკრაინელი ჟურნალისტებისთვის. ზოგი ფიქრობს, რომ როგორც ჟურნალისტები, ხელისუფლებასთან უნდა ვიყოთ, რადგან საერთო მტერი გვყავს და კორუფციამ და ასეთმა რაღაცებმა შეიძლება მოიცადოს.

მე არ ვეთანხმები. ვფიქრობ, ხელისუფლების გადაცდომების გაშუქება გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანას ეხმარება. ჩვენ არ ვართ რუსეთი. ვიბრძვით არა მარტო იმიტომ, რომ თავს უკრაინელები დავუძახოთ. ვიბრძვით კონკრეტული ღირებულებებისთვის.

ღირებულებები, რომლებითაც უკრაინას სურს ცხოვრება, არის სიტყვის და სხვა თავისუფლებები. აუცილებელია, რომ ამ ღირებულებებისთვის ბრძოლისას მათ არ ვუღალატოთ.

თუ ომში გავიმარჯვეთ, – და დარწმუნებული ვარ, ასეც მოხდება, ეს დროის საკითხია, – მაგრამ ღირებულებებით რუსეთს დავემსგავსეთ, გამარჯვება არასრული იქნება.

ამიტომაც მიმაჩნია, რომ სიმართლე უნდა მოვყვეთ და თვითცენზურა არ დავიწყოთ.

რაც შეეხება Facebook-პოსტებს, ჟურნალისტებმა თავიანთი ხედვა ახსნეს. ამ საკითხზე სხვადასხვა აზრია. ველოდით კრიტიკას.

  • მიიღეთ კრიტიკა?

არა იმდენი, რამდენსაც ველოდით. ოღონდ, სამწუხაროდ, არ მივიღეთ ის, რასაც უფრო ველოდით – ხელისუფლების რეაქციას, გამოძიებაზე.

  • რამდენად ადვილია ინფორმაციის გადამოწმება უკრაინის მთავრობასთან. გარედან ისე ჩანს, რომ ადვილად ხელმისაწვდომია უმაღლესი თანამდებობის პირებისგან კომენტარების მიღება სხვადასხვა საკითხზე.

ამ საკითხში ყველაზე ცუდად საქმე არაა.

ხელისუფლება, განსაკუთრებით ზელენსკის ადმინისტრაცია, არ არის ისეთი ღია, როგორც შეიძლება ჩანდეს. ხშირად მათგან კომენტარს ვერ მიიღებ.

მე ვაშუქებდი ზელენსკის ადმინისტრაციას და მის კამპანიას. მახსოვს მისი ურთიერთობა მედიასთან. თუმცა, ახლა პრიორიტეტი საერთაშორისო მედია და სოციალური ქსელებია – პირდაპირი ურთიერთობა ხალხთან. მათ შორის ტელეინტერვიუები, მაგრამ ძალიან სპეციფიკურ ფორმაში – წინასწარ ჩაწერილი.

თითქმის ყველა პრესკონფერენცია სრულდებოდა ჟურნალისტთან რაღაც დაპირისპირებით. იგი პირად [შეტევაზე] გადადიოდა, ძალიან მგრძნობიარე იყო კრიტიკული კითხვებისადმი.

ახლა, როცა სამხედრო ვითარებაა, არის შიშები, რომ შეიძლება ცენზურა დაწესდეს. იყო ერთი ბრძანება, რომელიც არეგულირებდა, რისი გაშუქება შეიძლება სამხედროებზე, სარაკეტო დარტყმებზე, მაგრამ ის რეალურად არ სრულდება.

მაგალითად, არის წესი, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში არ შეიძლება იმის თქმა, თუ რაზე და სად განხორციელდა დარტყმა.

ვითარება, სიტყვის თავისუფლების მხრივ, სარისკოა და კარგად უნდა დავაკვირდეთ, რომ ცენზურის დაწესების ან დევნის მცდელობა არ იყოს.

ჩვენ ხელისუფლების ზეწოლას ვერ ვგრძნობთ, მაგრამ ყველა დიდი ტელეარხი ახალი ამბების გაერთიანებულ მარათონს ატარებს. თავიდან ეს კარგ იდეად ჩანდა, მაგრამ ახლა ისეთი გრძნობაა, რომ მათ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აკონტროლებენ.

მარათონების მიზანი არა ხალხის ინფორმირება, არამედ „ერთი ხმის“ პოლიტიკის გატარებაა.

სტრატეგიული გადმოსახედიდან მესმის, რატომ გჭირდება ეს ომის დროს, მაგრამ ჟურნალისტი ვარ და ყოველთვის ვდარდობ ჩემი პროფესიის გადარჩენაზე.

  • მედიის ენა როგორ შეიცვალა ომის დროს? მაგალითად, სარედაქციო განხილვა თუ გქონდათ როგორ მოიხსენიებდით რუსეთს, გამოიყენებდით თუ არა სხვადასხვა ეპითეტებს….

ეს დისკუსია არ დაგვჭირდა. უკრაინული მედია იყენებს ევფემიზმებს რუსეთთან მიმართებაში, მაგრამ ეს გაუგებარია კონტექსტის გარეშე.

მე ამას არ ვემხრობი, სიზუსტე მიყვარს. სიტყვებს თავიანთი დანიშნულება აქვთ – ინფორმირება. ჩვენი პოლიტიკაა, დავწეროთ ისე, როგორც არის.

რუსეთის ჯარს ვუწოდებთ რუსეთის ჯარს. პუტინს – დიქტატორს ან პრეზიდენტს. როცა ვწერთ სამხედრო ამბებზე, არ ვუწოდებთ რუსეთის ჯარს მტერს. ისინი კი არიან მტრები, მაგრამ ჩვენი მისიაა, ვაცნობოთ საერთაშორისო აუდიტორიას, რა ხდება უკრაინაში.

როცა გინდა თქვა, რომ ეს ომი საშინელებაა და უკრაინა გადარჩენისთვის იბრძვის, პროპაგანდა არ გვჭირდება. ჩვენ, უბრალოდ, გადავცემთ ფაქტებს. ჩემი აზრით, ეს საკმარისია.

ბევრი გამოცემა „რუსეთს“ ან „პუტინს“ პატარა ასოთი წერს. მე ასე არ გავაკეთებდი. მკითხველი ვერ გაიგებს, მათთვის ეს უცნაურია. ვფიქრობ, ჩვენ არ გვჭირდება მათი დეჰუმანიზაცია – ისინი ამას თავიანთი მოქმედებებით უმკლავდებიან.

თუ დაწერ, რომ პუტინმა ბრძანება გასცა დარტყმაზე, ეს ხომ ისედაც საშინელებაა, რაღა საჭიროა [გვარის] პატარა ასოთი დაწერა?

ხომ ნათელია, რომ სამხედრო დამნაშავეზე, ტირანზე და ფაშისტზე წერ?

 

თარგმანი: ნიკა ბურდული, ირმა დიმიტრაძე

ინსულტი საქართველოში სიკვდილის წამყვანი მიზეზია – ჯანმო

საქართველოს დაავადებების ტვირთის უმეტესი წილი არაგადამდებ დაავადებებზე მოდის, ინსულტი კი სიკვდილის წამყვანი მიზეზია, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმოს) უახლეს ანგარიშში წერია.

„ჰიპერტენზია, გულის იშემიური დაავადებები და ინსულტი განაპირობებენ სიკვდილიანობის და ავადობის მაღალ მაჩვენებელს. საერთო ჯამში, არაგადამდები დაავადებების შედეგად გამოწვეული ნაადრევი გარდაცვალების ტვირთი იმდენად მაღალია, რომ საფრთხეს უქმნის ქვეყნის მდგრად განვითარებას“, – წერს ჯანმო.

ანგარიშის თანახმად, სუსტი ფინანსური დაცვა და პირველადი ჯანდაცვა, ექთნების მწვავე დეფიციტი და არაგადამდები დაავადებების გავრცელება წარმოადგენს მთავარ გამოწვევებს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის და მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.

2016 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, მოსახლეობის 37.7%-ს აქვს მაღალი არტერიული წნევა (აღემატება 2010 წლის მაჩვენებელს, რომელიც 33.4%-ს შეადგენდა), რაც მნიშვნელოვნად ზრდის ინსულტის რისკს, სათანადო მართვის არარსებობის შემთხვევაში. ანალოგიურად, იზრდება ტიპი 2 დიაბეტით დაავადებულთა რიცხვი. ასევე მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორებია კვებითი რისკები, პლაზმური გლუკოზის მაღალი მაჩვენებელი უზმოზე [სისხლში გლუკოზის დონე] და ჭარბი წონა.

ანგარიშში წერია, რომ წამყვანი ქცევითი რისკ-ფაქტორებია თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება და არაჯანსაღი კვება. თამბაქოს მოხმარებამ 2020 წელს შეადგინა 31.7% 15 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში. 

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში სუსტია პირველადი ჯანდაცვის მეკარიბჭის, იგივე ოჯახის ექიმის ფუნქცია, რის გამოც პაციენტს აქვს ჯანდაცვის სერვისების უფრო სპეციალიზებულ დონეზე წვდომის ძლიერი სტიმული.

___

ინსულტის განვითარებისას დროულ სამედიცინო დახმარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. როგორ ამოვიცნოთ ინსულტი და რა უნდა გავაკეთოთ მისი თავიდან ასაცილებლად, წაიკითხეთ აქ:

რა ნიშნებით ამოვიცნოთ ინსულტი და როგორია მისი პროფილაქტიკა – ექიმის რჩევები

„კორპუსი თავზე გვენგრევა“- 80 ოჯახის შიში ავტობანის მშენებლობის ზონაში

„დილის ცხრაზე იწყება აფეთქება, აფეთქების სიმძლავრისგან სახლი ზანზარებს. ყოველ დილით, აფეთქებების დაწყებამდე ბავშვი გამყავს გარეთ. იმიტომ, რომ მეშინია ერთ-ერთი აფეთქების დროს არ ჩამოგვენგრეს შენობა თავზე. დაბზარულია იატაკები, კედლები…“ – ასე აღწერს სალომე ხალვაში გარემოს, რომელშიც ბოლო ორი თვეა ცხოვრება უწევს.

სალომე და კიდევ 80 ოჯახი ზესტაფონში, უზნაძის 93-ში მდებარე ოთხსართულიან კორპუსში ცხოვრობს. აქ ადრე ქალაქის ცენტრალური საავადმყოფო იყო.

ამ საცხოვრებელი კორპუსის ქვეშ გვირაბი უნდა გავიდეს, რომელიც ერთ-ერთია რიკოთის საუღელტეხილო გზის[ავტობანის] მშენებლობის ფარგლებში ასაშენებელი 51 გვირაბიდან.

ლურჯი წრით მონიშნული ადგილი, სადაც ავტობანის გვირაბი გაივლის

„თავიდან ვიცოდით, რომ გვირაბი 20 მეტრის დაშორებით გავიდოდა. მოვიდნენ, სახლები აღწერეს და გვითხრეს, რომ თუკი რემონტი დაზიანდებოდა გვირაბის მშენებლობისას, აგვინაზღაურებდნენ. ამაზე დავთანხმდით, რადგან 20 მეტრი საკმაოდ მოშორებით გამოდიოდა და პრობლემად არ მივიჩნიეთ. ახლა აღმოჩნდა, რომ გვირაბი უშუალოდ კორპუსის ქვეშ უნდა გავიდეს. ეს ძველი საავადმყოფოს შენობაა – გასული საუკუნის 60-იან წლებშია აშენებული. საკმაოდ ღრმა საძირკველი აქვს, რადგან შენობაში იყო მორგი და შესაბამისადაა ნაშენი. ახლა გვეუბნებიან, რომ გვირაბის ჭერსა და საავადმყოფოს საძირკველს შორის მხოლოდ 20 მეტრის სიმაღლე დარჩება. ჩვენ არ ვიცით და არც არავინ არ გვიხსნის, იქნება თუ არა ეს კორპუსი უსაფრთხო საცხოვრებლად,“ – გვიყვება სალომე ხალვაში.

სალომე ხალვაში

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ზესტაფონში დ. უზნაძის ქ. №93-ში ორი საცხოვრებელი კორპუსი მდებარეობს – ერთი ორსართულიანი და მეორე ოთხსართულიანი. დეპარტამენტი ადასტურებს, რომ გვირაბი ყოფილი საავადმყოფოს შენობის ქვეშ გაივლის, სადაც ახლა 80 ოჯახი ცხოვრობს.

„ორსართულიან საცხოვრებელ კორპუსსა და გვირაბს შორის მანძილი, ჭრილში, დაახლოებით 36 მეტრია. ხოლო, მეორე ოთხსართულიან საცხოვრებელ კორპუსსა და გვირაბს შორის მანძილი, ჭრილში, არის დაახლოებით 35 მეტრი.

უახლოესი ბურღვა-აფეთქებით სამუშაოებსა და კორპუსს შორის  მანძილი, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ნებართვის საფუძველზე არის 450 მეტრი, ხოლო დღეის მდგომარეობით აფეთქებები დაბალი მუხტით 516 მეტრის მანძილზე მიმდინარეობს. კორპუსის მხრიდან აფეთქებითი სამუშაოები არ მიმდინარეობს და ხორციელდება ექსკავაციის მეთოდით.

ამასთანავე, დასავლეთი მხრიდან, გვირაბის გაყვანა საცხოვრებელი კორპუსის ქვეშ ხორციელდება ჰიდრავლიკური ჩაქუჩით და არა აფეთქებითი მეთოდით. აფეთქებითი მეთოდით ხორციელდება სამუშაოები აღმოსავლეთის მხრიდან, სადაც მოსახლეობა არ ცხოვრობს,“ – ნათქვამია გზების დეპარტამენტის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებულ წერილობით კომენტარში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

სალომე ხალვაშის თანახმად, ის ფაქტი, რომ ავტობანის გვირაბი მათი კორპუსის სიახლოვეს გაივლიდა, უზნაძის ქუჩის მცხოვრებლებმა 2021 წელს გაიგეს. 2022 წლის მარტსა და აპრილში კი საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თითოეულ ოჯახში, ბზარების აღრიცხვა და ზედ სტიკერების დაკვრა დაიწყეს.

სალომე ხალვაში ამბობს, რომ ეს სტიკერი საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2022 წლის 6 აპრილს დააკრეს მისი ბინის კედლებზე

სალომე ამბობს, რომ გვირაბის გასაყვანი სამუშაოების დაწყების შემდეგ ზოგ ადგილას კედლები დაიბზარა და გამოინგრა. ახლა სალომეს და მის მეზობლებს აინტერესებთ, არის თუ არა უსაფრთხო სახლი, სადაც ცხოვრობენ. ამ კითხვაზე დოკუმენტურად დადასტურებული პასუხი, არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, ვერცერთი ოფიციალური უწყებიდან ვერ მიიღეს.

„აფეთქებებმა, რომელიც გვირაბის გასაყვანად ხდება, კორპუსის პირველ სართულზე ნაპრალები გააჩინა. უკვე შეიძლება კედლის ერთი მხრიდან მეორე მხარეს დაინახო რა ხდება.

რომელი მხრიდანაც უფრო მოუახლოვდა გვირაბი კორპუსს, იმ მხარეს გზაც დასკდა. საყრდენი კედელიც დაბზარულია. მივმართეთ ზესტაფონის მერიას, რაღაც კვლევები ჩაატარეს, მაგრამ ამ კვლევების პასუხი ჩვენამდე არ მოსულა.

თქვენს რომ „ჯერჯერობით კორპუსში ცხოვრება უსაფრთხოა“. ვეუბნებით, რომ დაგვისახელონ ორგანო, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას, რომ კორპუსს არაფერი მოუვა. გვამისამართებენ საგზაო დეპარტამენტში. საგზაო დეპარტამენტი გვამისამართებს კერძო კომპანიასთან, რომელიც ამ ეტაპზე მშენებლობას აწარმოებს. კომპანიას საერთოდ არაფერი აინტერესებს,“ – ამბობს სალომე ხალვაში.

სალომეს თქმით, კორპუსში 50 ბავშვი ცხოვრობს. ოჯახები უსაფრთხოების გარანტიას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საპროტესტო აქციების გამართვასა და საავტომობილო გზის გადაკეტვას აპირებენ.

„ბათუმელებმა“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ჰკითხა, შეამოწმა თუ არა რომელიმე სახელმწიფო უწყებამ კორპუსის მდგრადობა და ვინ იღებს პასუხისმგებლობას იქ მცხოვრებ მოსახლეობის უსაფრთხოებაზე?

„კონტრაქტორი კომპანია,  გვირაბის აფეთქების ვიბრაციის მონიტორინგს ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს და ვიბრაციის გადაჭარბება არც ერთხელ არ დაფიქსირებულა. დეპარტამენტმა ცალკე დამოუკიდებელ პირსაც დაუკვეთა ვიბრაციის კვლევა, რომელიც განხორციელდა რამდენიმე დღის წინ. კვლევის შედეგების შესაბამისად, პროექტის ფარგლებში განსაზღვრულ უსაფრთხოების დონეზე გადაჭარბება არ ფიქსირდება და ვიბრაცია მინიმალურია.

ჩატარებული კვლევების თანახმად, გვირაბის მშენებლობისას საამფეთქებლო სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი ვიბრაცია ვერ გამოიწვევს საცხოვრებელი კორპუსების და საცხოვრებელი ბინების დაზიანებას.

აღსანიშნავია, რომ გვირაბის აფეთქებითი სამუშაოები დაიწყო 2022 წლის 15 მარტს. ხოლო, შენობა-ნაგებობებზე წინასამშენებლო კვლევა განხორციელებულია სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე. კონტრაქტორი ორგანიზაციის დაკვეთით, ზემოაღნიშნული საცხოვრებელი ბინების ტექნიკური მდგომარეობა აღწერილია 2021 წლის მაისიდან – ოქტომბრამდე.

აღწერილი საცხოვრებელი ბინების კედლების ბზარები მონიშნულია თაბაშირით და ლენტით. არსებული ბზარების მონიტორინგი სისტემატურად მიმდინარეობს.

ამასთან აგვისტოს თვეში მოსახლეობასთან გაიმართა შეხვედრა და ადგილზე ინჟინრის გუნდთან ერთად დაათვალიერეს არსებული სიტუაცია.

მონიტორინგი კვლავაც ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება და ყველა შესაძლო საფრთხეზე იქნება შესაბამისი რეაგირება,“ – მოგვწერეს პასუხად დეპარტამენტიდან, რომელსაც სტილის დაცვით გთავაზობთ.

მთელი ხერსონი უკრაინის არმიის საცეცხლე კონტროლის ქვეშაა – გუმენიუკი

ხერსონის ოლქში საცეცხლე უპირატესობა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აქვთ, სამხრეთში კონტრშეტევა გრძელდება – უთხრა ჟურნალისტებს სამხრეთის ძალების გაერთიანებული საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია გუმენიუკმა.

„ხერსონის ოლქის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საცეცხლე კონტროლი მოვიპოვეთ, განვაგრძობთ საბრძოლო მოქმედებებს, თუმცა გამარჯვებებზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია, საჭირო გამაგრება და დასახლებული პუნქტების სრული გათავისუფლება“ – აღნიშნა გუმენიუკმა.

მისი თქმით, სამხრეთში უკრაინის სამხედრო ძალები წინ მიიწევენ და ავიწროებენ რუს ოკუპანტებს, თუმცა სარდლობას ჯერ რეგიონში მიღწეულ ყველა წარმატებაზე საჯაროდ ლაპარაკი არ შეუძლია.

12 სექტემბერს სარდლობა „სამხრეთმა“ განაცხადა, რომ უკრაინის ძალებმა კონტრშეტევის დაწყებიდან დღემდე 13 დასახლებული პუნქტი და 500 კმ2-ზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს.

უშვილობის პროგრამაში ბენეფიციართა სარეიტინგო ქულა 200-დან 300 ათასამდე გაიზრდება

უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამაში, რომელიც აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ წელს, პილოტურ რეჟიმში აამუშავა, ბენეფიციართა შერჩევის კრიტერიუმების ნაწილში ცვლილება იგეგმება.

კერძოდ, თუ წელს ბენეფიციარებს წარმოადგენენ 200 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ან/და შშმ სტატუსის მქონე, არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში კანონიერ ქორწინებაში მყოფი უნაყოფო წყვილები, მომავალი წლიდან  პროგრამაში მონაწილეობისთვის სარეიტინგო ქულის ბარიერი 300 000-მდე აიწევს. მინისტრის განმარტებით, დანარჩენი კრიტერიუმები უცვლელი რჩება.

შესაბამისად, ცვლილებების შედეგად, ქვეპროგრამის ფარგლებში სამედიცინო მომსახურება დაფინანსდება შემდეგი პროპორციების დაცვით:

  • 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარებისთვის და 300 000-მდე [ნაცვლად 200 000-მდე] სარეიტინგო ქულის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისათვის – 100%ით, არაუმეტეს 10 000 ლარისა;
  • 100 000-დან 300 000-მდე [ნაცვლად 200 000-მდე] სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისათვის – 80%-ით, არაუმეტეს 8 000 ლარისა.

მინისტრ ნინო ნიჟარაძის შეფასებით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებიდან ეს ყველაზე მოთხოვნადი პროგრამაა, მასში დღეის მდგომარეობით 56 წყვილია ჩართული, რომელთაც ვაუჩერი უკვე ხელთ აქვთ.

უკვე დამტკიცებულია ტექნიკური რეგლამენტი, თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ რეპროდუქციული ცენტრები პროგრამაში მონაწილეობისთვის.

„ამიტომ სამომავლოდ ვფიქრობთ, რომ მოსარგებლეთა [სარეიტინგო ქულების] რაოდენობა, თუ კი წელს გვქონდა 200 000-მდე, გაიზარდოს 300 000-მდე, დანარჩენი დარჩეს უცვლელად. რა თქმა უნდა, არსებული შედეგების მიხედვით, ვიფიქრებთ პროგრამის შემდგომ გაფართოებაზე“, – თქვა ნინო ნიჟარაძემ.

___

ვის შეუძლია ისარგებლოს უშვილობის მკურნალობის პროგრამით წაიკითხეთ აქ:

ვის შეუძლია ისარგებლოს უშვილობის მკურნალობის პროგრამით – კრიტერიუმები დაზუსტდა

ბათუმში დაამონტაჟებენ მზის ელემენტებს, რომლებიც ტელეფონებს დამუხტავს

ბათუმში, ოთხ ადგილზე – ცენტრალურ პარკში, ევროპის მოედანზე [2 სტენდი] და ანბანის კოშკის მიმდებარედ – ტელეფონების დასამუხტი მოწყობილობების [სტენდების] მონტაჟი იგეგმება. ამ მოწყობილობებით, რომლებიც მზის ენერგიაზე იმუშავებს, მოქალაქეები უფასოდ ისარგებლებენ.

მოწყობილობა ასევე „აღჭურვილი უნდა იყოს როუტერით [ინტერნეტის კაბელის გარეშე], რათა მომხმარებლებს მინიმუმ 10 მეტრის რადიუსში უფასოდ მიეწოდოს ინტერნეტი“.

„ოთხი ერთეული ტელეფონების დამტენის შესყიდვა-მონტაჟზე“ ტენდერი ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა. სატენდერო თანხა 74 ათასი ლარია. სამმართველოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ტელეფონების დასამუხტი სტენდების განთავსება, მერიის კონკურსის – „შენი იდეა ბათუმს“ – გამარჯვებული პროექტია.

ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 19 სექტემბერს დაიწყება და 21 სექტემბერს დასრულდება. გამარჯვებულმა კი, სტენდები ამავე წლის 9 დეკემბრამდე უნდა დაამონტაჟოს.

სატენდერო პირობების მიხედვით:

  • „მოწყობილობას უნდა გააჩნდეს სხვადასხვა სახის სწრაფი დამუხტვის, ჯამში 12 შესაერთებელი პორტი – ერთდროულად ყველა დაერთებული მოწყობილობების სწრაფი დამუხტვის ფუნქციით;
  • სტენდს უნდა გააჩნდეს შშმ პირთა წვდომისთვის გამოყოფილი ანალოგიური პორტები;
  • პორტები და მთლიანად მოწყობილობა უნდა იყოს მდგრადი – წლის განმავლობაში არსებული ამინდის, ჭარბი ტენიანობის თუ ტემპერატურის ზემოქმედების მიუხედავად;
  • მოწყობილობამ უნდა იმუშაოს მთელი წლის განმავლობაში; ენერგიის წყაროები მოთავსებული უნდა იყოს ამინდების მიმართ მდგრად შიგთავსებში და უზრუნველყოფილი ქურდობისგან დამცავი საშუალებით;
  • პორტებს უნდა გააჩნდეს ვოლტაჟის მანიშნებელი;
  • სტენდზე უნდა განთავსდეს მოწყობილობაზე აღჭურვილი 12 ვოლტზე მომუშავე წყალგამძლე, LED განათება ღამით გამოყენებისთვის, ავტომატური ჩართვით.
  • გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს ინტერნეტის მიწოდება 3 წლის განმავლობაში.“
ტელეფონების დასამუხტი სტენდი, რომელიც მზის ენერგიაზე იმუშავებს / ფოტომონტაჟი ტენდერიდან

 

პუტინს კიევთან სამშვიდობო შეთანხმებას სთავაზობდნენ, თუმცა მან ომი დაიწყო – Reuters

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, პუტინს მისი ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, წარმოშობით უკრაინელი დიმიტრი კოზაკი არწმუნებდა, რომ უკრაინა დაითანხმა, უარი ეთქვა NATO-ზე, თუმცა პუტინმა სრულმასშტაბიანი ომი მაინც დაიწყო.

სააგენტო ამის შესახებ რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულ სამ კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

Reuters-ის წყაროების მტკიცებით, დიმიტრი კოზაკმა აცნობა პუტინს, რომ მისი აზრით, შეთანხმება, რომელსაც მან კიევთან მიაღწია, აღარ ტოვებდა ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის აუცილებლობას, თუმცა როდესაც პრეზიდენტს ეს ინფორმაცია მიუტანეს, ცხადი გახდა, რომ პუტინი დათმობით უკმაყოფილო იყო და უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციას გეგმავდა.

სამიდან ორი წყარო აცხადებს, რომ ამგვარი შეთანხმება კიევთან 24 თებერვალს რუსეთის შეჭრიდან ძალიან მალე შედგა.

„24 თებერვლის შემდეგ კოზაკს კარტ-ბლანში მისცეს, მწვანე აუნთეს, მან შეთანხმებას მიაღწია, თუმცა დაბრუნდა და უთხრეს, რომ ყველაფერი უნდა გაუქმდეს. პუტინმა უბრალოდ გეგმა შეცვალა,“ – ამბობს წყარო.

სააგენტოს კიდევ ერთი წყარო ამტკიცებს, რომ ამგვარი შეთანხმება კოზაკმა პუტინს უკრაინაში შეჭრამდე შესთავაზა და უარი მიიღო.

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა Reuters-ს უთხრა, რომ ამ ინფორმაციას „არანაირი კავშირი არ აქვს რეალობასთან და ასეთი რამ არ მომხდარა“.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა კი განაცხადა, რომ რუსეთი იყენებდა მოლაპარაკებებს, როგორც კვამლის ფარდას, რომლის მიღმაც სრულმასშტბიანი ომისთვის ემზადებოდა, თუმცა პოდოლიაკს არ დაუდასტურებია, მართლაც შედგა თუ არა ასეთი შეთანხმება.

„დღეს ჩვენ ცხადად ვხედავთ, რომ რუსული მხარე არასდროს ყოფილა დაინტერესებული პრობლემის მშვიდობიანი დარეგულირებით,“ – თქვა პოდოლიაკმა.

სააგენტოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გააკეთა დიმიტრი კოზაკმა.

ომის პირველ დღეებში მოსკოვში აცხადებდნენ, რომ მზად იყვნენ უკრაინასთან ნეიტრალურ სტატუსზე მოლაპარაკებებისთვის, ამ საკითხს კრემლი ერთ-ერთ აუცილებელ პირობად ასახელებდა.

დღეს, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთი უკრაინის სწრაფვას NATO-სადმი და ალიანსში შესაძლო გაერთიანებას რუსეთისთვის საფრთხედ განიხილავს – ასეთი კომენტარი გააკეთა პესკოვმა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიის დოკუმენტზე, რომელიც ოფიციალურმა კიევმა 13 სექტემბერს წარადგინა და რომელშიც აღნიშნულია, რომ უკრაინა კვლავაც მიისწრაფვის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობისკენ.

„არავინ მალავს, რომ ეს დოკუმენტი იმოქმედებს NATO-ს წევრობამდე, NATO-ს წევრობის სურვილი რჩება. შესაბამისად, რჩება ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხე და მეტ აქტუალობასაც იძენს ერთ ერთი მიზეზი, რამაც აუცილებელი გახადა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარება,“ – განაცხადა პესკოვმა.

მთავარ ფოტოზე: ვლადიმერ პუტინი და დიმიტრი კოზაკი/ფოტო: EPA

ცეცხლის შეწყვეტა და ჯარების გაყვანა – შოლცისა და პუტინის საუბრის დეტალები

გერმანიის კანცლერი რუსეთის პრეზიდენტს ტელეფონით ელაპარაკა. ოლაფ შოლცისა და ვლადიმერ პუტინის საუბარი 90 წუთს გაგრძელდა. როგორც „დოჩე ველე“ წერს, გერმანიის კანცლერმა რუსეთის პრეზიდენტს ცეცხლის შეწყვეტისკენ, უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისკენ მოუწოდა.

ინფორმაცია სატელეფონო საუბრის შესახებ, რომელიც 13 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში შედგა, გერმანიის ფედერალური მთავრობის წარმომადგენელმა გაავრცელა. ოფიციალური შეტყობინების თანახმად, შოლცმა ხაზი გაუსვა ფრონტზე არსებული სიტუაციის სირთულეს, რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგებს და კრემლს მოუწოდა, რაც შეიძლება სწრაფად იპოვოს უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის დასრულების დიპლომატიური გზები.

გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა ცეცხლის შეწყვეტის, უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის აუცილებლობაზე. მან აღნიშნა, რომ რუსეთის ნებისმიერი სამომავლო მცდელობა მოახდინოს სხვა ქვეყნების ტერიტორიების ანექსია „არ დარჩება უპასუხოდ და საერთაშორისო საზოგადოება მას არავითარ შემთხვევაში არ აღიარებს“.

ოლაფ შოლცმა ვლადიმერ პუტინს ასევე მოუწოდა, დატყვევებულ სამხედროებს მოექცნენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების, კერძოდ კი ჟენევის კონვენციის ვალდებულებების მიხედვით და ტყვეების მოსანახულებლად წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი შეუშვან.

არც გერმანულ მედიაში და არც ოფიციალურ შეტყობინებაში ნათქვამი არაა, რა უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერს.

„დოიჩე ველეს“ ცნობით, შოლცისა და პუტინის სატელეფონო საუბრის თემები ასევე იყო ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში შექმნილი ვითარება და უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის საკითხი.

 

ზელენსკი გათავისუფლებულ იზიუმში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გათავისუფლებულ იზიუმში ჩავიდა. დეოკუპირებულ ქალაქში საზეიმოდ აღმართეს უკრაინის დროშა.

ფოტოები ფეისბუქზე 25-ე ცალკეულმა საჰაერო-სადაზვერვო ბრიგადამ გამოაქვეყნა.

„დროში აღმართვაში მონაწილეობა მიიღო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანნა მალიარმა და უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და სხვა დანაყოფების წარმომადგენლებმა, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ ქალაქის რაშისტი ოკუპანტებისგან გათავისუფლებაში მიიღეს მონაწილეობა,“ – წერს ბრიგადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი იზიუმში/ფოტო: facebook.com/dshv25opdbr

„რასაც ვხედავთ, შოკისმომგვრელია, თუმცა ჩვენ ეს უკვე ვნახეთ ბუჩაში, პირველად დეოკუპირებულ ტერიტორიებზე. ასევე – დანგრეული შენობები, დახოცილი ადამიანები… სამწუხაროდ, ეს ჩვენი თანამედროვე ისტორიის ნაწილია. თანამედროვე რუსი ერის ნაწილი – ის, რაც მათ ჩაიდინეს“, -თქვა ზელენსკიმ.

საზეიმო ღონისძიებამდე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს უკრაინისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას, პრეზიდენტმა კი სამხედროებს მადლობა გადაუხადა.

დროშის აღმართვა იზიუმში/ფოტო: facebook.com/dshv25opdbr

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 10 სექტემბერს დაიკავეს ბალაკლეა და იზიუმს მიუახლოვდნენ, 11 სექტემბერს კი ქალაქი იზიუმი, რომელიც მარტის შემდეგ ოკუპირებული იყო, რუსებისგან გათავისუფლდა.

ხულოსა და ქედაში რამდენიმე ობიექტს ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტში მდებარე რამდენიმე ობიექტს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ეს ობიექტებია:

„თამარ მეფის  წყარო“ – ქედის მუნიციპალიტეტი, სოფელი პირველი მაისი – XI-XIII საუკუნეები; სახეობა – არქიტექტურის / არქეოლოგიური:

შუა საუკუნეების წყარო – ქედის  მუნიციპალიტეტი, სოფელი კოლოტაური (ჯინისის უბანი) – განვითარებული შუა საუკუნეები; სახეობა – არქიტექტურის / არქეოლოგიური:

შუა საუკუნეების წყარო – ქედის მუნიციპალიტეტი, სოფელ კოლოტაური – განვითარებული შუა საუკუნეები; სახეობა – არქიტექტურის / არქეოლოგიური:

ახმედ ბეგ ხიმშიაშვილის სახლი – ხულოს მუნიციპალიტეტი, დაბა ხულო,  ტბელ აბუსერისძის ქუჩა N5 – XIX საუკუნის 20-იანი წლები; სახეობა – არქიტექტურის / მემორიალური:

„ბეგების სასაფლაო“ – ხიმშიაშვილთა საგვარეულო საძვალე – ხულოს მუნიციპალიტეტი, სოფელი დეკანაშვილები – XIX საუკუნე; სახეობა – არქიტექტურის / მემორიალური:

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ამავე ბრძანებით, ძეგლის სტატუსი ასევე მიენიჭა კიდევ 11 ობიექტს ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში.

მინისტრის ბრძანებით, რომელიც 2022 წლის 14 სექტემბრიდან ამოქმედდა:

  • საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს დაევალა მითითებული ობიექტების მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა.
  • სააგენტოს ადმინისტრაციას კი – ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში მითითებული ობიექტების მონაცემების საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

ამავე თემაზე:

დაბა ხულოში, ახმედ ბეგ ხიმშიაშვილის სახლის შესახებ „ბათუმელები“ რამდენიმე თვის წინაც წერდა, რომ შენობას ძეგლის სტატუსი არ ჰქონდა. ნახეთ ვრცლად:

მე-19 საუკუნის შენობა ხულოში ძეგლის სტატუსის გარეშე – რესურსცენტრი ხიმშიაშვილების სახლში

 

მგზავრს საზღვარზე 1 863 921 ლარის ბრილიანტები ხელბარგით გაჰქონდა

შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი“ 1 863 921.86 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ძვირფასი ქვების გატანის ფაქტი აღიკვეთა.

უწყების ცნობით, ისრაელის მოქალაქის რ.კ.-ს მიერ, საავიაციო უსაფრთხოების კონტროლის გავლის დროს, მისი კუთვნილი ხელბარგის შემოწმების შედეგად, სამგზავრო ჩანთაში ორ მილიონამდე ლარის ღირებულების სხვადასხვა ზომის ბრილიანტის ქვები იქნა აღმოჩენილი.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ძვირფასი ქვების უკანონო გატანის ფაქტი მებაჟე ოფიცრებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოავლინეს.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ფოტო: შემოსავლების სამსახური

როგორ შეიძენთ ფესტივალის საიმიჯო ნივთებს ან აბონემენტს „ბიაფის“ მხარდასაჭრად

2022 წელს სახელმწიფო სტრუქტურებმა „ბიაფისთვის“ ბიუჯეტში თანხა არ გაითვალისწინეს. კინოფესტივალთან რამდენიმეწლიანი პარტნიორობის ტრადიცია ერთდროულად ყველა ყოფილმა პარტნიორმა სახელმწიფო სტრუქტურამ დაარღვია.

ფესტივალმა მხარდაჭერისთვის საზოგადოებას მიმართა.

#ერთადჩავატაროთბიაფი – ამ ჰეშთეგით ბათუმის კინოფესტივალი ერთგულ მაყურებლებსა და საავტორო კინოს გულშემატკივრებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

ფულადი შეწირულობების გარდა ფესტივალი მხარდამჭერებს საიმიჯო ნივთებს [პრომო მასალები]  და აბონემენტს სთავაზობს.

„ბიაფის“ კინოფესტივალის პრომო მასალების ან აბონემენტის შეძენა შეგიძლიათ ონლაინ   – https://bit.ly/biaffsupport

ბიაფის  მაისური –  45 ლარი, ჩანთა – 35 ლარია.

ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ „ბიაფის“ აბონემენტი 60 ლარად, აბონემენტის მფლობელს ექნება კინოსეანსზე დასწრებისთვის გარანტირებული ადგილი, ასევე  ის დაესწრება გახსნის და დახურვის ცერემონიალს.

ბიაფის დახურვის ცერემონიალსა და  ბანკეტზე დასწრების ვაუჩერი – 100 ლარია ერთ პირზე.

თანხის გადარიცხვა შესაძლებელია საბანკო ანგარიშზე GE64BG0000000538117440 – მიმღები – ა(ა)იპ „ბათუმის ხელოვანთა სახლი არგანი“.  დანიშნულებაში უნდა ჩაწეროთ თუ რისი შეძენა გსურთ და შემდეგ გადარიცხვის დოკუმენტი გადააგზავნოთ ელ.ფოსტაზე – info@biaff.org

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი BIAFF-ი ბათუმში უკვე 17 წელია იმართება. ფესტივალის მხარდამჭერი ამ დროისთვის მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის საელჩო და ორგანიზაციაა.

BIAFF-ი 2 კვირაში იწყება, დაფინანსება კი არ აქვს. რა ხდება? – ინტერვიუ მენეჯერთან

რა აღარ ევალებათ სკოლებს ახალი სასწავლო წლიდან – ცვლილებები კოვიდრეგულაციებში

ხვალ, 15 სექტემბერს, საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი იწყება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე შეიცვალა კოვიდრეგულაციებთან აქამდე დაწესებული რეკომენდაციებიც.

სამინისტროს ინფორმაციით, გაუქმებულია სკოლის შენობაში დეზობარიერის გავლით შესვლის, თერმოსკრინინგისა და პირბადის ტარების ვალდებულება.

პირბადე, დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტირებულმა პირებმა უნდა ატარონ 10 დღის განმავლობაში.

„ამასთან, პირბადის ტარება მიზანშეწონილია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის იმ შემთხვევაში, თუ მათი სამუშაო მოითხოვს მოსწავლესთან პირისპირ კონტაქტს 1 მეტრზე ნაკლები დისტანციით“ – წერს სამინისტრო.

მათივე ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლიდან საკლასო ოთახებსა და დერეფნებში მოსწავლეებს შორის ერთმეტრიანი დისტანციის დაცვისა და მოსწავლეთა ცვლებში გადანაწილების ან საგაკვეთილო ცხრილის განტვირთვის მიზნით ჰიბრიდული სწავლების შემოღების ვალდებულებაც მოიხსნება.

2022-2023 სასწავლო წლიდან დისტანციური სწავლების არჩევის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ მოსწავლეებს, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო რისკჯგუფს წარმოადგენენ – შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობისა და მშობლის მიმართვის საფუძველზე, მათ ექნებათ საშუალება გადავიდნენ შინ სწავლების რეჟიმზე.

Covid-19-ის გამოვლენის შემთხვევაში, ვირუსის შიდა გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მოსწავლე, მასწავლებელი ან სკოლის სხვა პერსონალი დაექვემდებარება იზოლაციას ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ვადით.

აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტირებული პირები აღარ დაექვემდებარებიან კარანტინს.

„შესაბამისად, ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში, სკოლებზე არ გავრცელდება წერტილოვანი შეზღუდვები, რაც ცალკეული კლასის ან სკოლის სრულად დისტანციური სწავლის მოდელზე გადასვლას გულისხმობდა.

ამასთან, ახალი სასწავლო წლიდან სკოლებს არ ექნებათ ვალდებულება, ორ კვირაში ერთხელ ჩაატარონ მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირება “ – ამბობს სამინისტრო.

შეზღუდვები მოეხსნებათ სკოლის ტერიტორიაზე არსებულ საკვებ დაწესებულებებსაც. რაც იმას ნიშნავს, რომ განახლდება სასკოლო ბუფეტებისა და სასკოლო წრეების ფუნქციონირება.

სამინისტროს ინფორმაციით, პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით წელს სკოლებში 632 726 მოსწავლე ისწავლის.

აქედან, 55 717 ბავშვი პირველკლასელია.

„ოცნება“ საკრებულოს სხდომაზე არ მივიდა, სადაც „ბიაფის“ დაფინანსებაზე უნდა ემსჯელათ

ბათუმის საკრებულოს სხდომას „ოცნების“ უმრავლესობა არ დაესწრო. რიგგარეშე სხდომა საკრებულოს აპარატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის მოთხოვნით დანიშნა, ისე რომ სხდომის შესახებ ინფორმაცია საკრებულოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული არ ყოფილა და მხოლოდ დღეს დილით გამოაქვეყნეს.

 

სხდომაზე არც საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე და მისი მოადგილე ირაკლი თავდგირიძე მივიდნენ.

სხდომის შესახებ დღეს დილით გავიგე, გვითხრა საკრებულოს წევრმა „გახარია საქართველოდან“ აკაკი გვიანიძემ. მას დილის 10:00 საათზე დაურეკეს.

სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ცხრა წევრი ესწრებოდა, სხდომაზე დასასწრებად მივიდა ასევე „ლელოს“ წარმომადგენელი ვაჟა დარჩია.

რამდენიმე წუთიანი ლოდინის შემდეგ ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარემ, ლაშა კილაბერიამ გააკეთა განაცხადა, რომ სხდომა არ შედგებოდა: „ოცნება“ უარს ეუბნება „ბიაფს“ იმის გამო, რომ ვერ გამოიყენა, მისგან  პოლიტიკური სარგებელი ვერ მიიღო“.

ვაჟა დარჩიამ მოუწოდა საზოგადოებას შეიძინონ „ბიაფის“ საიმიჯო ნივთები და ასე დაეხმარონ ორგანიზატორებს, რომ ფესტივალი ჩატარდეს ხარვეზების გარეშე.

„ბათუმელებმა“ სცადა გაერკვია „ოცნების“ წევრების შეხედულებები – რას ფიქრობენ „ბიაფზე“ ან მის დაფინანსებაზე/არდაფინანსებაზე. ბათუმის საკრებულოში უმრავლესობის უმრავლესობა სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი BIAFF-ი ბათუმში უკვე 17 წელია იმართება, თუმცა წელს პირველად, არ აფინანსებს არც ერთი სახელმწიფო სტრუქტურა. ფესტივალის მხარდამჭერი ამ დროისთვის მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის საელჩო და ორგანიზაციაა, სწორედ ამიტომ მიმართავს BIAFF-ი საზოგადოებას ფინანსური მხარდაჭერის თხოვნით.

____

BIAFF-ი 2 კვირაში იწყება, დაფინანსება კი არ აქვს. რა ხდება? – ინტერვიუ მენეჯერთან

უკრაინის კონტრდაზვერვამ აგენტი 007 დააკავა

უკრაინის კონტრდაზვერვამ ზაპოროჟიეში დააკავა რუსეთის აგენტი, რომელიც მოხალისედ ასაღებდა თავს, სინამდვილეში კი ეფესბეს უკრაინის შეიარაღებული ძალების კოორდინატებს აწვდიდა. უშიშროების ინფორმაციით, აგენტი ქალია, მეტსახელით – „007“.

„ის ზაპოროჟიეს ოლქის დროებით ოკუპირებული პოლოგოვსკის რაიონის მცხოვრებია, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურებმა სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში გადაიბირეს. თავისი რუსი „კურატორისგან“ მას მიენიჭა მეტსახელი „007“. აგენტს დავალებული ჰქონდა სადაზვერვო საქმიანობა უკრაინის ტერიტორიაზე. დანაშაულის შესანიღბად, ის მოხალისედ ასაღებდა თავს,“ – წერს უკრაინის უშიშროება.

უწყების ცნობით, ქალი სამხრეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე პარტიზანული მოძრაობის წევრების შესახებ ინფორმაციას აგროვებდა. უშიშროების მტკიცებით, „007-ს“ ასევე დავალებული ჰქონდა, დაემყარებინა ურთიერთობა უკრაინის დამცველებთან, რათა მათი ადგილმდებარეობა და გადაადგილების მარშრუტი დაედგინა. მიღებული კოორდინატების, პირადი შემადგენლობისა და თავდაცვის ძალების ტექნიკის შესახებ მონაცემების გადაცემას ის სპეციალურად შექმნილი ანონიმური ტელეგრამარხით აპირებდა.

უშიშროება აცხადებს, რომ ჯაშუში მანამდე ამხილეს და დააკავეს, ვიდრე ის ინფორმაციის ეფესბესთვის მიწოდებას მოახერხებდა. აგენტ „007-ს“ ბრალი სახელმწიფოს ღალატში ედება, სასამართლომ მას უკვე შეუფარდა წინასწარი პატიმრობა.

სილქფესტი სასაუბრო წუთების და ინტერნეტ პაკეტების მთელი თვით გააქტიურებას გვთავაზობს

14 სექტემბერს სილქნეტის მობილურ ქსელში აქციაა. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ გაიაქტიურონ  სასურველი პირობა კომბინაციით  *202#, ან აპლიკაცით „My Silknet” ან პირდაპირ საიტიდან: 

  • 10 000 MB უსწრაფესი ინტერნეტი – 10₾
  • 1000 ადგილობრივი წუთი – 12₾
  • 250 ადგილობრივი წუთი და 8 000 MB  – 14₾ 

სილქფესტი აქცია ერთჯერადია. შეთავაზებული პაკეტი 30 დღით აქტიურდება.

პაკეტის შეძენა შესაძლებელია სხვა ნომრისთვის USSD კომბინაციით  – *202#, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის.

ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში თითოეულს შეუნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა. 

თვალი ადევნე სილქნეტის facebook და Instagram  გვერდებს, ასევე ოფიციალურ ვებ გვერდს www.silknet.com, სადაც ერთი დღით ადრე შეიტყობთ აქციის თაობაზე. 

სილქფესტის შესახებ.

მოსკოვმა მარცხი აღიარა ხარკოვში და ცდილობს პასუხისმგებლობა პუტინს ააცილოს – ISW

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კრემლმა პირველად აღიარა დამარცხება ხარკოვის ოლქში და ახლა ცდილობს, მარცხზე და თითქმის მთელი ოკუპირებული ხარკოვის „დაკარგვაზე“ პასუხისმგებლობა პუტინს ააცილოს – მიიჩნევენ აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები, რომელთა უახლესი ანგარიშის ძირითადი თემა უკრაინის წარმატებულ კონტრშეტევაზე მოსკოვის რეაქციაა.

„2022 წლის თებერვლის შემდეგ მოსკოვმა პირველად აღიარა დამარცხება ხარკოვის ოლქში. კრემლის ოფიციალური პირები და მედია-პროპაგანდისტები ფართოდ განიხილავენ ამის მიზეზებს, რაც მათი ადრინდელი ქცევისგან ძალიან განსხვავდება. კრემლს არასდროს უღიარებია, რომ რუსეთი დამარცხდა კიევთან, შემდეგ ზმეინის კუნძულზე – ამას კრემლი „კეთილი ნების გამოვლინებად“ წარმოაჩენდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამჯერადაც სცადა მსგავსი ახსნა და ამტკიცებდა, რომ ოლქიდან რუსეთის ძალები გადაჯგუფების მიზნით გავიდნენ, თუმცა ამ ყალბ განმარტებას სოციალურ ქსელებში ძლიერი კრიტიკა მოჰყვა.

კრემლის აღიარება არის მცდელობა, გამანადგურებელ მარცხზე პასუხისმგებლობა როგორმე ააცილოს ვლადიმერ პუტინს და წარუმატებლობა მთლიანად ცუდად ინფორმირებულ მის სამხედრო მრჩევლებს გადააბრალოს,“ – წერს ISW.  

ინსტიტუტის ანალიტიკოსებს მაგალითად მოჰყავთ რუსეთის დუმის 13 სექტემბრის სხდომა, რომელზეც რამდენიმე დეპუტატმა უკრაინაში შექმნილი სიტუაციის გამო შეშფოთება გამოთქვა.

კომუნისტური პარტიის ლიდერმა გენადი ზიუგანოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა სასწრაფოდ უნდა გამოაცხადოს სრული მობილიზაცია, რადგან რუსეთის „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ – უკვე ომია და თუ „სპეციალური ოპერაციის“ დამთავრება შეიძლება ნებისმიერ დროს, ომი მხოლოდ გამარჯვებით ან მარცხით სრულდება, რუსეთს კი „დამარცხების უფლება არ აქვს“.

დეპუტატებმა ასევე დაადგინეს იმ კანონპროექტის განხილვის ვადა, რომლის მიზანიც სამხედრო სამსახურში გაწვევის გამარტივებაა. კანონპროექტის მიხედვით, გაწვევას რუსეთის მოქალაქეები ფოსტით მიიღებენ, თუმცა ისინიც, ვინც გაწვევის დოკუმენტს ფოსტით ვერ მიიღებენ, ვალდებულები იქნებიან ადგილობრივ სამხედრო კომისარიატებში გამოცხადდნენ.

ამ განცხადებების მიუხედავად, ომის კვლევის ინსტიტუტის ექსპერტების აზრით, ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ პუტინი საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებას აპირებს.

ISW–ის მთავარი მიგნებები მოკლედ:

  • კრემლმა ხარკოვის ოლქში დამარცხება აღიარა. ეს ომის დაწყების შემდეგ პირველი შემთხვევაა.
  • კრემლი, სავარაუდოდ, ცდილობს, გამოიყენოს ეს მარცხი და გააქტიუროს პატრიოტული რიტორიკა საყოველთაო მობილიზაციაზე;
  • მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს, რომ პუტინი საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებას აპირებს;
  • ხარკოვის ოლქში უკრაინელთა წარმატებული კონტრშეტევა რუს სამხედროებში და საოკუპაციო ძალებში პანიკას იწვევს;
  • რუსეთის წარუმატებლობა უკრაინაში სავარაუდოდ კიდევ უფრო შეასუსტებს რუსეთის გავლენას ყოფილი საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე;
  • უკრაინის ძალები განაგრძობენ სახმელეთო დარტყმებს ლიმან-იამპოლ-ბელოგოროვკის ხაზზე და დონეცკის ოლქის ჩრდილოეთით და შეტევებს მდინარე ოსკოლის სანაპიროზე.
  • რუსი და უკრაინელი წყაროები იტყობინებიან, რომ სამხრეთის კონტრშეტევის ფარგლებში უკრაინელები განაგრძობდნენ სახმელეთო მანევრებს ხერსონის ოლქის სამ რაიონში.
  • რუსეთის ძალებმა გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს ბახმუტის სამხრეთით და განაგრძობდნენ სახმელეთო თავდასხმებს დონეცკის ოლქზე.
  • 13 სექტემბერს უკრაინელმა სამხედროებმა მოიპოვეს პირველი ვიზუალური მტკიცებულება, რომ რუსეთი უკრაინაში ირანული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს.

რუსეთმა ბრძოლაში ირანული დრონები ჩართო, იარაღს ყიდულობს ჩრ. კორეაშიც – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინაში, ბრძოლის ველზე, ირანული უპილოტო საფრენი აპარატები გამოჩნდა. 13 სექტემბერს, უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ კუპიანსკთან, წარმატებული კონტრშეტევის ზონაში, ირანული Shahed 136 ჩამოაგდეს.

უწყება აღნიშნავს, რომ Shahed 136 დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატია. როგორც ამტკიცებენ, მისი მოქმედების მანძილია 2 500 კილომეტრი. სავარაუდოდ, სწორედ მსგავსი წარმოების ირანული სისტემები გამოიყენებოდა შუა აღმოსავლეთში, მათ შორის 2021 წლის ივლისში ნავთობის ტანკერზე MT MERCER STREET-ზე თავდასხმისას.

„რუსეთი თითქმის დანამდვილებით უფრო და უფრო მეტ შეიარაღებას იღებს ისეთი სანქცირებული ქვეყნებიდან, როგორებიც ირანი და ჩრდილოეთ კორეაა, რადგან მისი მარაგები ილევა. Shahed 136-ის დაკარგვა ფრონტის ხაზთან მიუთითებს, რომ რუსეთი ცდილობს ეს სისტემები გამოიყენოს ტაქტიკური დარტყმებისთვის და არა უფრო სტრატეგიული სამიზნეებისთვის უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში,“ – წერს დაზვერვა 14 სექტემბრის რელიზში.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში უწყება აღნიშნავდა, რომ ხარკოვის ოლქიდან გაყვანილი ჯარების ნაწილები მიეკუთვნებოდნენ პირველი გვარდიის სატანკო არმიას, რომელიც დასავლეთის სამხედრო ოლქს ემორჩილება. ეს სატანკო არმია, რომელმაც უკრაინაში უდიდესი დანაკარგი განიცადა, რუსეთის ერთ-ერთი პრესტიჟულ არმიად მიიჩნეოდა და მას მოსკოვის დაცვა და NATO-სთან ომის შემთხვევაში კონტრშეტევების წარმოება ევალებოდა.

მთავარ ფოტოზე: კუპიანსკთან ჩამოგდებული ირანული დრონი/ფოტო: https://twitter.com/kms_d4k

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 14 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 14 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 53 650 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +350]
  • ტანკი – 2 180 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 4 665 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 1 290 ერთეული [+11]
  • MLRS – 311 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 167 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 246 ერთეული [+2]
  • ვერტმფრენი – 215 ერთეული [+2]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 908 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 233 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 501 ერთეული [+32]
  • სპეცტექნიკა – 120 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 14 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 293 თვითმფრინავი
  • 155 ვერტმფრენი
  • 1 948 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 374 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 921 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 835 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 386 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 5 552 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კრემლმა პირველად აღიარა დამარცხება ხარკოვის ოლქში და ახლა ცდილობს, მარცხზე და თითქმის მთელი ოკუპირებული ხარკოვის „დაკარგვაზე“ პასუხისმგებლობა პუტინს ააცილოს – მიიჩნევენ აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები, რომელთა უახლესი ანგარიშის ძირითადი თემა უკრაინის წარმატებულ კონტრშეტევაზე მოსკოვის რეაქციაა:

[yellow_box]როგორ იბრძვის უკრაინელი ბლოგერი და მწერალი ქვეყნის დასაცავად[/yellow_box]

ამავე თემაზე:

ეს არ იყო უკან დახევა, ეს იყო გაქცევა – უკრაინის თავდაცვის ექს-მინისტრი ხარკოვის კონტრშეტევაზე

ოჯახები მარიუპოლიდან, რომლებიც 300-ლარიან დახმარებას ვერ იღებენ

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველი აგვისტოდან საქართველოში უკრაინიდან ლტოლვილი ოჯახების ნაწილი დახმარების სახით თვეში 300 ლარს იღებს, თუმცა დახმარებას იღებენ მხოლოდ ის ოჯახები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ სასტუმროებში იყვნენ დაბინავებული რამდენიმე თვის განმავლობაში.

300-ლარიანი დახმარების გარეშე დარჩნენ უკრაინიდან ლტოლვილი ის ოჯახები, რომლებიც საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დროებით შეიფარეს ნაცნობ-მეგობრებმა, ახლა კი მათ წასასვლელი არსად არ აქვთ.

მათ შორისაა ოქსანა ვასილენკო, რომელიც მეუღლესთან და 2 შვილთან ერთად მარტში ჩამოვიდა ბათუმში მარიუპოლიდან.

უკრაინიდან ლტოლვილი სხვა ოჯახების მსგავსად მანაც მიაკითხა ბათუმში სოციალური დაცვის სააგენტოს, სადაც ოქსანას უთხრეს, რომ რადგან სასტუმროში არ უცხოვრია, დახმარებას ვერ მიიღებს.

ოქსანა ბათუმში დასაქმდა, ხელფასი 500 ლარი აქვს, რითაც ბინის ქირაც უნდა გადაიხადოს, შვილებიც უნდა ატაროს სკოლაში, საკვებით უზრუნველყოს ოჯახი და ტანსაცმელიც უნდა იყიდოს.

„მარიუპოლიდან გამოვიქეცით იმით, რაც გვეცვა. 4 მარტიდან აქ ვართ, საერთოდ უფულოდ ჩამოვედით, თავიდან ნაცნობმა ქართველებმა შეგვიფარეს და ამიტომ არ მოვითხოვეთ მთავრობის მიერ გამოყოფილ სასტუმროებში ღამის გასათევი, ნაცნობებმა ბინა დაგვიქირავეს 2 კვირით.

ამ პერიოდში სამსახური ვიპოვე,  მაგრამ 500 ლარი ბინას და საკვებს ძლივს ჰყოფნის, ძალიან დიდი იმედი გვქონდა ამ 300-ლარიანი დახმარების.

ბავშვები რამდენიმე დღეში სკოლაში წავლენ. მათთვის ვერაფერს, საერთოდ ვერაფერს ვყიდულობ. ჩვენც იგივე საბინაო და საყოფაცხოვრებო პრობლემები გვაქვს, რაც იმ უკრაინულ ოჯახებს, დახმარება ვისაც გამოუყვეს.

ახლა ნაქირავები ბინის პატრონი სახლიდან გვიშვებს, გვეუბნება, რომ ასე იაფად ბინის გაქირავება არ უღირს. ახალ ბინას ამ ფასად ვერსად ვპოულობ“ – გვითხრა ოქსანამ.

ოქსანა ვასილენკო

ბინას დასაქირავებლად ვერც ვიქტორია ზაზიულჩიკი პოულობს. თავიდან, როცა ბათუმში ჩამოვიდა ორ შვილთან და დედასთან ერთად, მათ ბათუმში ბინა დროებით დაუთმეს, თუმცა უკრაინაში ომი მეექვსე თვეა გრძელდება და ვიქტორიას ბინის მეპატრონე ბინის დაცლას სთხოვს.

ალიონა ზაზიულჩიკი ორი შვილის დედაა, მისი ერთი შვილი  8 წლისაა, მეორე – 9 თვის. ალიონამ გვითხრა, რომ უმცროსს შვილს, 9 თვის დანიელს რაქიტის დიაგნოზი აქვს და ეპილეფსიის ნიშნები აღმოაჩნდა. ბავშვი მუდმივად საჭიროებს მასაჟებს და ექიმის მეთვალყურეობას. მაგ გვითხრა, რომ რამდენჯერმე დასჭირდა სასწრაფოს გამოძახება, რადგან ბავშვს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, თუმცა უსასყიდლოდ დახმარება ვერ გაუწიეს.

ალიონა პენსიონერ დედასთან და შვილებთან ერთად ერთოთახიან ბინაში ცხოვრობს. მან გვითხრა, რომ ოჯახის ოთხივე წევრს ერთ საწოლზე სძინავს.

ალიონა მარტოხელა დედაა, დამხმარე არავინ ჰყავს, ცხოვრობს ადგილობრივების შემოწირულებებით.

„საბავშვო ეტლსაც კი ვერ ვატევთ, ისეთი ვიწრო ოთახი გვაქვს. არ ვიცი, ვის უჭირს ჩვენზე ძალიან, რომ ჩვენ არ დავიმსახურეთ ეს 300-ლარიანი დახმარება.

ჩვილით საქართველოდან ვერსად მივდივართ, არ ვიცით სად რა დაგვხვდება, მარიუპოლში ახლა ვერ დავბრუნდებით. კარგი იქნებოდა ჩვენც ჩავერთეთ სახელმწიფოს დახმარების ამ პროგრამაში, პურის ფული ხომ მაინც გვექნებოდა“ – ამბობს ალიონა.

ვიქტორია ზაზიულჩიკი შვილებთან და დედასთან ერთად

ოლენა მეხუთეკლასელ შვილიშვილთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში. ბავშვის დედა სამხედრო პირია და უკრაინაში იბრძვის. ბებია და შვილიშვილი ერთმა სასტუმრომ შეიფარა, თუმცა ოლენა ამბობს, რომ არ იცის, როდის გამოასახლებენ. მას ხშირად აფრთხილებენ, რომ დატოვოს სივრცე და რამე სხვა იპოვოს, თუმცა ქალი დასაქმებას და ბინის დაქირავებას ვერ ახერხებს:

„სოციალურ სააგენტოში მივედით. როგორც ყველა უკრაინელი ლტოლვილი, გაგვაფორმეს, გვითხრეს, რომ შეგვეძლო გაგვეხსნა საბანკო ანგარიში ნებისმიერ ბანკში, მერე გვითხრეს, რომ მხოლოდ ლიბერთი ბანკში გაგვეხსნა.

გაგვიხსნეს ანგარიში, დიდი სიხარულით ველოდი როდის ჩამერიცხებოდა პირველი 300 ლარი. ყოველდღე მივდიოდი ბანკში და ვამოწმებდი, რამე ხომ არ იყო ანგარიშზე. არაფერი გამოჩნდა, არავის არაფერი ჩაურიცხავს. რატომ მომცეს ტყუილი იმედი? რატომ მარეგისტრირებდნენ თუ დახმარება არ მეკუთვნოდა?“ – ამბობს ოლენა.

ოლენა, უკრაინელი ლტოლვილი შვილიშვილთან ერთად

ოლენას მეხუთეკლასელი შვილიშვილი 15 სექტემბერს დაიწყებს სწავლას საქართველოში, ბებიას კი ბავშვისთვის აუცილებელი სასკოლო-საკანცელარიო ნივთების და შემოდგომისთვის შესაფერისი ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ყიდვის შესაძლებლობა არ აქვს.

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის ანგარიშის მიხედვით უკრაინელ ლტოლვითა დასახმარებლად საანგარიშო პერიოდში 1 336,5 ათასი ლარია გამოყოფილი.

პროგრამის ფარგლებში უკრაინის მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრების მხარდაჭერის მიზნით, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის კოორდინაციით, 25 თებერვლიდან დაიწყო საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენილი უკრაინის მოქალაქეების სასტუმროებში განთავსება და კვებით უზრუნველყოფა. ჯამში საანგარიშო პერიოდში შესაბამისი მომსახურებით ისარგებლა 487 უკრაინის მოქალაქემ.

აჭარის ტელევიზიის წამყვანი რეკლამაში – კანონის დარღვევაზე არავინ რეაგირებს

„ეს რეკლამა არ არის“ – ამბობს აჭარის ტელევიზიის თოქ-შოუს წამყვანი და დირექტორის მოადგილე ვახო ხუზმიაშვილი რეკლამის შესახებ, სადაც ის ერთ-ერთი კომპანიის თმის გადანერგვის მომსახურებას არეკლამებს და ამით კანონს არღვევს „მაუწყებლობის შესახებ“.

საუბარია სარეკლამო ვიდეორგოლზე, რომელიც სოციალურ ქსელში კომპანიამ „DeaMed“-მა 11 აგვისტოს გაავრცელა და რომელშიც აჭარის ტელევიზიის გადაცემის – „თავისუფალი სივრცე“ – წამყვანი მონაწილეობს. ჟურნალისტი ვახო ხუზმიაშვილი ვიდეორგოლში თმის გადანერგვის სერვისით კმაყოფილებას გამოხატავს და ამბობს, რომ თავადაც ემზადება შესაბამისი ოპერაციისთვის. „იყო ბევრი ვარიანტი, მაგრამ ავირჩიე DeaMed“, – ამბობს ჟურნალისტი იმ ვიდეოში, რომელიც ჟურნალისტის შეფასებით, რეკლამა არ არის.

ვიდეორგოლი ვახო ხუზმიაშვილის გადაცემის ქუდით იწყება იმის ხაზგასასმელად, რომ ის აჭარის ტელევიზიის ერთ-ერთი გადაცემის წამყვანია, ეთერში ხშირად ჩანს, მისი ვიზუალი მნიშვნელოვანია და ამ კომპანიას ენდობა.

სარეკლამო რგოლში მონაწილეობს აჭარის ტელევიზიის გასართობი გადაცემების ხელმძღვანელი აკაკი გოგიჩაიშვილიც. ის, ვიდეორგოლის მიხედვით, კლინიკაში მოულოდნელად აკითხავს ვახო ხუზმიაშვილს. მისი გზავნილი მაყურებლისთვის ესაა – „ტელევარსკვლავი“ სარგებლობს კონკრეტული კომპანიის მომსახურებით, რომლის სერვისსაც აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები არეკლამებენ. „აქ უნდა იყოს სადღაც ჩვენი ტელევარსკვლავი ვახო ხუზმიაშვილი,“ – ამბობს ვიდეოში აკაკი გოგიჩაიშვილი.

საქართველოს კანონის „მაუწყებლობის შესახებ“, მუხლი  63:

„იკრძალება ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და წინასაარჩევნო დებატების პროგრამის წამყვანის ან ჟურნალისტის ნებისმიერი სახით მონაწილეობა რეკლამაში ან ტელეშოპინგში.“

„მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მუხლი 30-ე: „მაუწყებელი არ უნდა გამოხატავდეს მხარდაჭერას რომელიმე ორგანიზაციის, მისი პროდუქტის, ქმედებების ან მომსახურების მიმართ. ჟურნალისტს არ აქვს უფლება მაუწყებლის სახელი გამოიყენოს პირადი ინტერესებისათვის“.

იმის მიუხედავად, რომ ამ ვიდეოს გავრცელებიდან, ანუ 11 აგვისტოს შემდეგ, ერთ თვეზე მეტი დრო გავიდა, კომუნიკაციების კომისიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ ფაქტის შესახებ ჩვენგან გაიგეს. აჭარის ტელევიზიაში კი წარმოებაც არ დაუწყიათ მინიმუმ იმის დასადგენად, დაარღვია თუ არა გადაცემის წამყვანმა კანონი.

„ეს რეკლამა არ არის… ამ მოტივით თუ ვისაუბრებთ, გამოდის, რომ მთელი პანდემიის განმავლობაში ექიმებს რომ მადლობებს ვუცხადებდით, ესეც ყოფილა რეკლამა, თანამშრომლებს რომ საკუთარ ფეისბუქგვერდებზე უწერიათ, ბინებს ვაქირავებთ და სხვადასხვა ობიექტებს, ესეც რეკლამა გამოდის. „პრივეტთან“ რომ ვსხდებით ყავის დასალევად და ფოტოს ვაქვეყნებთ ფეისბუქში, ესეც რეკლამაა,“ – ასეთია ჟურნალისტის და აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილის, ვახო ხუზმიაშვილის დასაბუთება იმაზე, თუ რატომ არაა მისი აზრით რეკლამა ვიდეო, როცა ის კონკრეტულ კომპანიაში თმის გადანერგვის სერვისს აქებს: „ერთი ადამიანიც არ მინახავს, რომელიც უკმაყოფილო არ არის“, – ამბობს ვიდეორგოლში ვახო ხუზმიაშვილი.

ვახო ხუზმიაშვილის მტკიცებით, ვიდეორგოლისთვის მას ფინანსური სარგებელი არ მიუღია, გაწეულ მომსახურებაში თანხა გადაიხადა, ვიდეორგოლში კი მონაწილეობა იმიტომ მიიღო, რომ კომპანიის „DeaMed“-ის პრესსამსახურმა სთხოვა, ვინც მისი ყოფილი კოლეგაა.

ვახო ხუზმიაშვილი მიიჩნევს, რომ ვიდეორგოლში მისი მონაწილეობა კანონდარღვევა არ არის, რადგან ეს ვიდეო რეკლამადაც რომ მივიჩნიოთ, ის განთავსდა არა მაუწყებლის ეთერში, არამედ სოციალურ ქსელში. „არ დამირღვევია არანაირი კანონი, დანარჩენი იურისტებს ჰკითხეთ. თუ ვინმეს პრეტენზია აქვს, მიჩივლოს შესაბამის სამსახურებში,“ – აღნიშნა ვახო ხუზმიაშვილმა „ბათუმელებთან“.

„დამატებით მოკვლევა არც სჭირდება ამას, ჩანს, რომ წამყვანი მონაწილეობს რეკლამაში და ეს არის დარღვევა. დარღვეულია მაუწყებლობის შესახებ კანონი,“ – ამბობს მარიამ გოგოსაშვილი, იურისტი და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი.

მარიამ გოგოსაშვილის განმარტებით, არ არის „საპირწონე არგუმენტი“ ის, რომ რეკლამა მაუწყებლის ეთერში კი არ გავიდა, არამედ სოციალურ ქსელში გავრცელდა. იურისტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ კანონი არ აკონკრეტებს პლატფორმას – სად გავრცელდება რეკლამა და კანონისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ჟურნალისტი და წამყვანი არ მონაწილეობდეს რეკლამაში.

„ნორმა არ გულისხმობს მაინცადამაინც სატელევიზიო ეთერში გასულ რგოლს, ეს კანონშიც არაა დაკონკრეტებული… ჩვენ უნდა ამოვიდეთ ნორმის შინაარსიდან, რომელიც ამბობს, რომ ნდობის ფაქტორი არსებობს ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანის მიმართ და ამიტომ არ უნდა მონაწილეობდეს წამყვანი, ან ჟურნალისტი რეკლამაში. მნიშვნელობა არ აქვს, ეს რეკლამა ფასიანი იქნება, თუ უფასო. ასევე მნიშვნელობა არ აქვს, სად განთავსდება ეს რეკლამა – სატელევიზიო სივრცეში, თუ ონლაინპლატფორმაზე,“ – ამბობს მარიამ გოგოსაშვილი.

„მოკვლევა დაწყებული არ არის, წინასწარი შეფასება მოხდება და თუ გამოჩნდება შესაბამისი იურიდიული საფუძველი, დაიწყება წარმოება,“ – გვითხრა ფირუზ ბოლქვაძემ. ის აჭარის ტელევიზიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელია. მან არ დაგვიკონკრეტა, როდის გაიგო აჭარის ტელევიზიის ადმინისტრაციამ ამ ფაქტის შესახებ, როცა ვიდეოს გავრცელებიდან ერთ თვეზე მეტი დრო გავიდა.

„კომისია საჩივარს, რომელიც ონლაინ შემთხვევას ეხება, არ განიხილავს,“ – მოგვწერეს კომუნიკაციის კომისიიდან, სადაც ვიკითხეთ, რატომ არ განიხილა კომისიამ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის მონაწილეობა რეკლამაში.

„კომუნიკაციების კომისია ონლაინ სივრცეს არ ამონიტორინგებს, ონლაინ სივრცე საკანონმდებლო რეგულირების მიღმაა, ჩვენს მიერ მოწოდებული კონკრეტული მუხლი – „იკრძალება ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და წინასაარჩევნო დებატების პროგრამის წამყვანის ან ჟურნალისტის ნებისმიერი სახით მონაწილეობა რეკლამაში ან ტელეშოპინგში“ ეხება მხოლოდ სატელევიზიო მაუწყებლობას“, – მოგვწერეს კომუნიკაციების კომისიიდან და უპასუხოდ დატოვეს შემდეგი კითხვა: სად ჩანს კანონში, რომ ის არ ეხება და რეგულირების მიღმა ტოვებს ონლაინსივრცეში გავრცელებულ რეკლამას?

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით, ამ შემთხვევაში პირდაპირი საკანონმდებლო რეგულირება არ გვაქვს, თუმცა კანონის მიზნიდან გამომდინარე, კანონიერი იქნება, თუკი კომუნიკაციების კომისია ამ შემთხვევაზე აჭარის ტელევიზიის რეაგირებით დაინტერესდება.

„ის უნდა დაინტერესდეს მაუწყებლის რეაგირებით, როდესაც დაირღვა მაუწყებლობის შესახებ კანონი… კომისია ვალდებულია აკონტროლოს მაუწყებელი რამდენად იცავს არსებულ საკანონმდებლო ნორმებს,“ – დასძინა მარიამ გოგოსაშვილმა „ბათუმელებთან“.

____

მთავარი ფოტო: სქრინი სარეკლამო რგოლიდან, რომელში ვახო ხუზმიაშვილი მონაწილეობს. რეკლამაში გამოყენებულია აჭარის ტელევიზიის ლოგო.

„ძალიან ახლოს ვართ მტერთან და არ ვართ მზად“ – ინტერვიუ პოლკოვნიკთან საქართველოს თავდაცვაზე

„არ არსებობს სისტემა, რომელიც ადამიანებს მისცემს საშუალებას დაიცვან სამშობლო,“ – კატეგორიულია პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე, რომელსაც საქართველოს თავდაცვის გამოწვევებზე ვესაუბრეთ: რა გვჭირდება თავდაცვისთვის დღეს?

პოლკოვნიკი მიიჩნევს, რომ საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყანა რუსულ აგრესიას მხოლოდ პროფესიული ჯარით ვერ გაუმკლავდება და აუცილებელია საზოგადოების მობილიზება, მათთვის შესაბამისი ინსტრუქციის მიცემა. „ამის ნაცვლად პრორუს მამაოებს უსმენს ხალხიო,“ – დასძენს პოლკოვნიკი და 2008 წლის ომი ახსენდება, ადამიანებს რომ სამშობლოს დაცვა სურდათ, მაგრამ სისტემა მათ ვერაფერს ახვედრებდა.

„ნახეთ, უკრაინაში სისტემამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მოსახლეობას ებრძოლა და მოსახლეობამაც იბრძოლა, მომზადებული დახვდნენ მტერს და შედეგიც ვნახეთ,“ – ამბობს პოლკოვნიკი.

რა გეგმით უნდა იმოქმედოს საქართველომ, რომ თავდაცვა შევძლოთ? რა სახის აღჭურვილობა გვჭირდება? – „ბათუმელებმა“ პოლკოვნიკ ლაშა ბერიძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის საქართველოს გენშტაბის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

  • ბატონო ლაშა, პირველ რიგში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ახალ სამხედრო დაპირისპირებაზე რომ გვითხრათ: რასთან გვაქვს საქმე, თქვენი ინფორმაციით?  

ჯერ კარგად არ ჩანს, რა ხდება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, თუმცა ფაქტია, რომ აზერბაიჯანი ცდილობს დასუსტებული რუსეთის სიტუაცია გამოიყენოს. ვფიქრობ, თუ ეს მიმართულია იქითკენ, რომ აზერბაიჯანმა დაასრულოს ყარაბაღის დეოკუპაცია და საბოლოო ჯამში შემოიერთოს ეს ტერიტორია, მისასალმებელია, მაგრამ თუ აზერბაიჯანი ცდილობს, რომ სომხეთის გარკვეულ ტერიტორიაზე გადაიტანოს კონფლიქტი, ეს გამოუსწორებელი შეცდომა იქნება და ისედაც კონფლიქტურ რეგიონს კიდევ უფრო მეტად შეიყვანს ჩიხში. ჯერ არ ვიცით ზუსტად, ვინ რა პროვოკაციას აწყობს, ერთმანეთს აბრალებენ…

ჩვენ უნდა მივესალმოთ იმას, რომ კავკასიაში რუსეთის გავლენა შესუსტდეს და აზერბაიჯანმა თავისი დაკარგული ტერიტორიები დაიბრუნოს, მაგრამ არანაირად არ არის მისასალმებელი შურისმაძიებლური პოზიციები სომხეთზე.

  • სამხედრო ანალიტიკოსების აზრით, რუსეთმა ომი უკრაინაში რომ წააგოს და დასუსტდეს, ამ შემთხვევაშიც კი, დიდია რისკი „ცხელ გულზე“ საქართველოს მაინც შეუტიოს. თქვენც ხედავთ ამ რისკს? 

როცა რუსეთზე ვსაუბრობთ, რისკი მუდმივად არსებობს… აქ ძალთა გადანაწილებაზეა ყველაფერი დამოკიდებული. როგორ რას გააკეთებს რუსეთი, არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ მუდმივად.

  • რა სჭირდება საქართველოს ეფექტური თავდაცვისთვის? მაგალითად, ამერიკელი პოლკოვნიკი რობერტ ჰამილტონი ამბობს, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს გეგმა, რათა „მაქსიმალურად დიდხანს გაუძლოს ტრადიციული ომის წესებით ბრძოლის ველზე“.

უკვე 8 წელია წამოსული ვარ შეიარაღებული ძალებიდან და ვცდილობ, დისტანცირებულად შევაფასო მოვლენები. ვიდრე მე ვმუშაობდი, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ გვქონდა თავდაცვის გეგმა, რაც გულისხმობდა გარკვეული პერიოდით თავდასხმის შეკავებას. მე იმედი მაქვს, რომ მსგავსი გეგმა დღესაც არსებობს, მაგრამ არ მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია, არ არის ცნობილი გეგმის შესახებ.

  • შეიძლება ეს გეგმა იყოს საიდუმლო დოკუმენტი და ამის შესახებ არ იცოდეს საზოგადოებამ? ეს სწორი მიდგომაა? 

გეგმის ნაწილი ყოველთვის არის საიდუმლო, მაგრამ ჩვენთან მუდმივად არასწორად ესმოდათ მსგავსი გეგმის მნიშვნელობა და ძირითადად მას ასაიდუმლოებდნენ ხოლმე მაშინ, როცა გეგმის გარკვეული ნაწილი ნამდვილად უნდა იყოს საჯარო. თუ რუსეთი დაგვესხმება ისევ თავს, ჩვენ მართლაც რეალისტურად უნდა ვიცოდეთ, რამდენი ხანი შეგვიძლია მისი შეჩერება და როგორ. გეგმა თუ გასაიდუმლოებულია, ეს გარკვეულწილად სახელმწიფოს ავტორიტარულ მიდგომას აჩვენებს, პოლიციურ სახელმწიფოს, სადაც არ არის გააზრებული, რისთვის სჭირდებათ შეიარაღებული ძალები.

ჩვენი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ჩვენი თავდაცვის ძალები არასწორადაა მოწყობილი, ჩვენი მოსახლეობა არასდროს არის მზად თავდაცვისთვის. ეს გამოჩნდა 2008 წლის ომშიც, აფხაზეთის ომშიც, როცა მოსახლეობას ჰქონდა მუხტი, დაეცვა სამშობლო, მოდიოდნენ ადამიანები მოხალისეებად, მაგრამ  საქართველოს ხელისუფლებას არასდროს არ აქვს სისტემა, რომელიც მოამზადებს ხალხს ომისთვის, არ არსებობს სისტემა, რომელიც ადამიანებს მისცემს საშუალებას დაიცვან სამშობლო. ერთია, რომ მინდა სამშობლოს დაცვა და მეორე: რამდენად ვარ მზადყოფნაში?

ჩემი აზრით, პირველ რიგში, საჭიროა შეიქმნას ეროვნული სამსახური და ყველამ იცოდეს, რომ ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფა ნებისმიერი მოქალაქის ვალია. სადავო საკითხია, მაგრამ განსაკუთრებით მამრობით სქესის მოქალაქეებისთვის სამხედრო სამსახური უნდა იყოს სავალდებულო. ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი სისტემა, რომლის ძირითადი ფუნქციაც იქნება მოსახლეობის, რეზერვების მომზადება.

  • რუსეთ-უკრაინის ომმა გაფიქრებინათ ეს, სადაც გამოჩნდა, რომ უკრაინაში მოქალაქეებიც აქტიურად ემზადებოდნენ ომისთვის, ვნახეთ წინააღმდეგობაც… 

დიახ, უკრაინა ემზადებოდა ინტენსიურად 2014 წლიდან, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდები ჰყავდათ აქტიურად ჩართული ამ პროცესში და იქმნებოდა ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფები. უკრაინაში სისტემამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მოსახლეობას ებრძოლა და მოსახლეობამაც იბრძოლა, მომზადებული დახვდნენ მტერს და შედეგიც ვნახეთ.

  • რა ქმნის თავდაცვისთვის ეფექტური მომზადების სირთულეს? – არ არის სათანადოდ შეფასებული რუსეთის აგრესიის საფრთხე ხელისუფლების მხრიდან, თუ პრობლემაა მართვა, ან შესაბამისი კანონმდებლობა? 

ჩვენთან კანონს „სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ“ უნდა განეცადა ევოლუცია, მაგრამ პირიქით, განიცადა დეგრადაცია. ფაქტობრივად, დღევანდელი კანონი კარგად განათლებულ ახალგაზრდას, ნავარჯიშევს და მომზადებულს, არიდებს სამხედრო სამსახურს. კანონში პირდაპირ იკითხება, რომ განათლებული, რეალიზებული და მდიდრის საქმე არ არის „სამშობლოს დაცვა“. ფული გაქვს, გადაიხდი და გადაავადებ სამხედრო სამსახურს. ვინ დაიცავს სამშობლოს?

საკონტრაქტო სამსახური ყველასთვის არაა. პირველ რიგში, ამისთვის უნდა გქონდეს მოტივაცია, შენი ცხოვრება და კარიერა დაუთმო სამხედრო სამსახურს. მაგალითად, მე, ლაშა ბერიძე, მზად ვარ, ეს საქმე იყოს ჩემი კარიერა, მაგრამ ჩემს შვილს არ სურს იგივე, თუმცა მას სურს სამშობლო დაიცვას. სამშობლოს დაცვა კი, არ არის ის კურსი, რასაც გადიხარ სავალდებულო სამსახურის გავლის დროს. ეს დროის ხარჯვაა მხოლოდ და ვერაფერს სწავლობ, იქ არავითარი განვითარება არაა.

ასეთ ადამიანებს უნდა მისცე საშუალება სახელმწიფომ და სისტემამ, დაიცვას სამშობლო. დღეს ჩვენ თავდაცვის სისტემა არ გაგვაჩნია, რადგან საქართველო უფრო არის პოლიციური სახელმწიფო, ვიდრე დემოკრატიული, სადაც ესმით შეიარაღებული ძალების მნიშვნელობა. არცერთ ხელისუფლებას საქართველოში არ ესმის, როგორ უნდა გამოიყენოს შეიარაღებული ძალები. წინა ხელისუფლების დროს გარკვეულ თანხასაც დებდნენ შეიარაღებულ ძალებში და იყო ძალისხმევა აქეთკენ მიმართული, დღევანდელ ხელისუფლებას ნაკლებად სჭირდება თავდაცვითი ძალები, თუმცა საფუძვლიანად არასდროს მომხდარა საქართველოში თავდაცვის რეფორმის ბოლომდე მიყვანა. ეს პროცესი ბოლომდე არასდროს მიდიოდა და არ იყო სტაბილური.

  • თქვენი აზრით, როგორ უნდა მოეწყოს საქართველოში თავდაცვის სისტემა დღეს? 

შესაძლოა, იმ მოდელის გამოყენება, რაც აქვს პატარა ქვეყნებს, მაგალითად, ფინეთს აქვს ეს სისტემა და მას ძალიან აქტიურად იყენებს, ასევე აქვს თავდაცვის გეგმა ესტონეთს, სამხრეთ კორეას, სინგაპურს. ამ ქვეყნებში 18-დან 24 წლამდე ახალგაზრდებს ინტენსიურად ამზადებენ სამშობლოს დასაცავად, ეს კურსები არის 6 თვიდან ერთ წლამდე და შემდეგ ყოველწლიურად ორკვირიანი ინტენსიური კურსებია, რომ მუდმივად იყოს მოსახლეობა მობილიზებული. ასე ყალიბდება ტერიტორიული ქვედანაყოფები, რეზერვები და ამზადებენ რეზერვის ლიდერების.

რაც მთავარია – ეს არის ნაბიჯი სოციალური თანასწორობისთვის, ანუ ყველა ჩართულია ამ პროცესში, მაგალითად, ვინც სტუდენტია, მას კრედიტებში ეთვლება ეს აქტივობა.

საქართველოს ვერ უშველის მხოლოდ პროფესიონალი ჯარი, რადგან ვერ შევინახავთ ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით. გრძელვადიანი უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება ეროვნული სამსახური, სადაც, პირველ რიგში, ახალგაზრდები მოემზადებიან ბრძოლისთვის თავიანთ ქვედანაყოფებში და იქნებიან მუდმივად გაწვრთნილები.

  • სამხედრო ექსპერტების აზრით, მინიმუმ რამდენიმე დღე უნდა მოახერხოს მტრის შეჩერება საქართველომ საომარ სიტუაციაში, რომ პარტნიორების მობილიზება მოხერხდეს. რამდენად გაიზარდა ამის შესაძლებლობები ბოლო წლებში, თქვენი დაკვირვებით? 

საქართველოს უნდა ჰქონდეს ზღუდებრივი თავდაცვა, რაც გულისხმობს შემდეგს: პირველი ეს არის შეკავება – ჩვენ ყველაფერი უნდა გვქონდეს იმისთვის, რომ მტრის შეკავება მოვახერხოთ. შეკავება ნიშნავს იმას, რომ მომზადებული გყავს თავდაცვის ძალები და მოწინააღმდეგემ ამის შესახებ წინასწარ იცის, რა დაუჯდება თავდასხმა.

მეორე გეგმა, მაგალითად, როგორ ვიყენებთ ჩვენს გეოგრაფიულ შესაძლებლობებს და შეზღუდულ რესურსებს. აუცილებელია, მოსახლეობამ იცოდეს, რამდენი იქნება შესაძლებელია ქალაქების დაცვა და ასე შემდეგ.

მესამე ზღუდეა წინააღმდეგობა, ე.წ. რეზისტენტები, რადგან ჩვენს ქალაქებს თავდაცვის დიდი სიღრმეები არ აქვს. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ მტერთან, შესაძლებელია, ჩვენი რომელიმე ქალაქი პირდაპირ ალყაში აღმოჩნდეს. ამიტომაც, აუცილებელია მოსახლეობის ბრძოლა და წინააღმდეგობა. მოსახლეობას უნდა ჰქონდეს აუცილებლად ინსტრუქცია, მაგრამ მოსახლეობას ამის შესახებ არავინ ელაპარაკება, ამის ნაცვლად მოსახლეობას მხოლოდ ის შესაძლებლობა აქვს, რომ პრორუს მამაოებს უსმინოს, სრული ქაოსია….

მე ვგულისხმობ ნებისმიერი მოქალაქის აქტივობაზე, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უწყობს. ეს სისტემა მე არ მომიგონია, ფინეთის თავდაცვის გეგმის ღია ნაწილს რომ გადახედოთ, იქაც ნახავთ ამ ჩამონათვალს.

არა მგონია, რომ დღეს ხელისუფლებას რამე მსგავსი გათვლა ჰქონდეს. სანამ პოლიციურ სახელმწიფოში ვიქნებით, თავდაცვის მსგავსი გეგმა არ იქნება. ეს პროცესიც არც დაიწყება ასე.

  • 2018 წელს დაიწყო „თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა“ და ვიცით, რომ ნატოს წევრობა როცა სურს ქვეყანას, მას უნდა შეეძლოს თავისი ტერიტორიის დაცვა. რა როლი აქვს მსგავს პროგრამებს, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, რაც ხორციელდება? 

თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა მიმართულია უფრო იქითკენ, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შეეძლოთ აქტიური თანამშრომლობა ნატოს ქვედანაყოფებთან ნატოს ოპერაციებში. ეს აუცილებელია, რომ ჩვენმა ოფიცრებმა გაიარონ თანამედროვე ოპერატიული მომზადება, თუმცა გეტყვით, რომ ამ ქვედანაყოფების რაოდენობა არასდროს არაა საკმარისი იმისთვის, რომ ომში რეალურ საფრთხეს თვალი გავუსწოროთ.

საქართველოს სჭირდება რუსეთის აგრესიის გათვალისწინებით მოსახლეობა იყოს მობილიზებული.

ეროვნული სამსახურის ფუნქცია ეს უნდა იყოს, რომ სამხედრო მომზადების გარდა, საზოგადოება შეკრას, ერთიანი მუხტი გააჩინოს. ჩვენთან ბევრი ეთნიკური ჯგუფია, მათი აქტიური ჩართულობა აუცილებელია.

  • რა სახის აღჭურვილობა სჭირდება საქართველოს ყველაზე მეტად, თავდაცვა რომ შეძლოს? 

ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია საჰაერო თავდაცვის და სარაკეტო თავდაცვის საშუალებები. 2008 წლის ომმაც აჩვენა, რომ რუსულმა დანაყოფებმა სწრაფი უპირატესობა მოახერხეს იმით, რომ ქართული დანაყოფები იყვნენ სრულიად დაუცველები რუსული საჰაერო თავდასხმისგან. უკრაინაში ვხედავთ ასევე, თუ როგორი ეფექტურია ზუსტ არტილერიაში „ჰაიმარსები“.

ჩვენ ისეთი ადგილმდებარეობა გვაქვს, გეოგრაფია, რომ, მაგალითად, თბილისს თუ შემოუტევენ, მცხეთა-თბილისის მონაკვეთის გადაკეტვით ძალიან გაუჭირდება მოწინააღმდეგეს თბილისთან მოახლოებაც კი, მაგრამ ჩვენ გვჭირდება საჰაერო თავდაცვა, შესაბამისი ჯავშანტექნიკა და საინჟინრო საშუალებები, რომ მოვახერხოთ ბუნებრივი ბარიერების გაძლიერება, ასევე ახალი ბარიერების შექმნა. ჩვენ არ ვაპირებთ არავისთან ომს და, ცხადია, რომ ჩვენი თავდაცვისთვის ძირითადი საფრთხე არის რუსეთი. არავინ იცის, პოსტუკრაინული ომის მდგომარეობა როგორი იქნება, მაგრამ მოვლენები შესაძლოა ყველანაირად განვითარდეს. ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

  • რა შეიძლება დღეს მოითხოვოს საქართველომ, რის შეძენაა აუცილებელი, პირველ რიგში? 

ეს სპეციალისტებმა უნდა განსაზღვრონ, საჯარო თავდაცვის რა სისტემებია საჭირო. ეს ორ და სამ დღეში გასაკეთებელი საქმე არ არის, ამ სისტემების შეძენას და დანერგვას წლები სჭირდება, მაგრამ რაც მთავარია, უნდა დავიწყოთ ეს პროცესი.

  • რატომ არ ვიწყებთ ამ პროცესს, თქვენი ინფორმაციით? 

რაღაც ნაბიჯებს დგამს თავდაცვის სამინისტრო, მაგრამ თვითონაც იციან, რომ ეს არაა საკმარისი არანაირად და 10 პროცენტიც კი არაა იმის, რაც სჭირდება ქვეყნის თავდაცვას… თავდაცვის სამინისტროს სჭირდება გაძლიერება, ფუფუნება უნდა მოვიკლოთ და თავდაცვის რეფორმა ჩავატაროთ, პირვე რიგში. განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომმა დაგვანახა, რომ ეს გვჭირდება უპირველესად, თუ გვინდა, რომ გადავრჩეთ, როგორც ქვეყანა.

ეს არ იყო უკან დახევა, ეს იყო გაქცევა – უკრაინის თავდაცვის ექს-მინისტრი ხარკოვის კონტრშეტევაზე

უკრაინის არმიამ ფაქტობრივად გაათავისუფლა ხარკოვის ოლქი რუსეთის ოკუპაციისგან, რამდენიმე მონაკვეთზე კი რუსეთთან საზღვრამდეც მივიდა. ბოლო დღეებში რუსეთის ძალები უკან იხევდნენ და გზად ტექნიკასა და საბრძოლო მასალებს ტოვებდნენ. კონტრშეტევას რუსეთის არმიამ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დარტყმით უპასუხა.

მოსკოვში უკრაინელთა წარმატებული კონტრშეტევების კომენტირება არ სურთ, კრემლის პროპაგანდისტული მედიასაშუალებები კი ხაზს უსვამენ, რომ უკან იხევენ არა რუსი ჯარისკაცები, არამედ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკის ნაწილები, ხოლო უკრაინის შეიარაღებულ ძალებში იბრძვიან არა ჩვეულებრივი უკრაინელები, არამედ NATO-ს სამხედროები.

უკრაინის არმიის წარმატებაზე და რუსების შურისძიებაზე Настоящее Время-ს ეთერში ანდრეი ზაგოროდნიუკმა ისაუბრა, თავდაცვითი სტრატეგიების ცენტრის დირექტორმა და უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.

  • თქვენ აგვისტოში ამბობდით, რომ ომი ხანგრძლივი და მძიმე იქნებოდა, თუ უკრაინა დასავლელი პარტნიორების დახმარებით ტექნოლოგიურ უპირატესობას არ მოიპოვებდა და გარდატეხას ვერ შეძლებდა. ახლანდელი კონტრშეტევა – ეს ის გარდამტეხი მომენტია თუ ჯერ კიდევ არაა?

არა, ეს ის მომენტი არაა. ეს გარდატეხაა ჩრდილოეთის ოპერატიულ მიმართულებაზე. ეს ერთმნიშვნელოვნად არის ფსიქილოგიური გარდატეხაც და დასტური იმისა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალებსა და გენშტაბს რამდენიმე მიმართულებაზე ერთროდროულად ბრძოლა არ შეუძლიათ. ისინი კონცენტრირებულნი არიან სამხრეთში და დანარჩენი ავიწყდებათ. მათ დანამდვილებით არ შეუძლიათ სამ-ოთხ-ხუთ მიმართულებაზე ბრძოლა.

მათი ერთ-ერთი მთავარი შეცდომა იყო გადაწყვეტილება, რომ 24 თებერვალს ომი ათობით მიმართულებაზე შეტევით დაეწყოთ. მათ სამხედრო ორგანიზაციას არ შეუძლია ამ ოდენობის ინფორმაციის გადამუშავება და სწორი გადაწყვეტილებების მიღება. ის რაც ახალ ხდება – ეს, რა თქმა უნდა, ყველასთვის სიურპრიზია, მათ შორის, ჩვენთვისაც, რადგან არც ჩვენ ველოდით, რომ ადგილზე ასე სწრაფად დაიშლებოდა რუსული არმია.

  • და რატომ მოხდა ასე?

მათი პირადი შემადგენლობა ძალიან დემოტივირებულია. მათ არ ესმით, რატომ არიან იქ, რას აკეთებენ. მათ იციან, რომ გამოუშვეს „ნაცისტებთან“ საბრძოლველად, თუმცა „ნაცისტები“ ახლოსაც არ უნახავთ, რადგან არ არიან. ისინი შესანიშნავად ხედავენ, რომ ებრძვიან ჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებსაც ნორმალური ცხოვრებით ცხოვრება სურთ. მათ არ ესმით ამ სამხედრო კამპანიის პოლიტიკური, სტრატეგიული თუ ოპერატიული მიზნები.

მეორე მხრივ, ესაა ცენტრალიზაცია და „საბჭოურობა“, მართვის საბჭოთა სისტემა, რომელიც ჯარისკაცის სიცოცხლეს არაფრად აგდებს, მათ მხოლოდ საზარბაზნე ხორცად იყენებს.

როდესაც დაინახეს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა მათი თავდაცვის ხაზი გაარღვიეს, პანიკაში ჩაცვივდნენ. შესანიშნავად იციან, რომ მათზე არავინ იფიქრებს, ამიტომაც დაიწყეს პოზიციების მიტოვება.

  • რატომ ტოვებენ ამდენ ტექნიკას, ასეთი უკან დახევის შემთხვევაში ეს ნორმალურია?

რა შევადაროთ? ეს უპრეცედენტო ისტორიაა. ასეთი უკან დახევა არ ყოფილა. უკრაინის ყველა სხვა რეგიონში, ამ ომის განმავლობაში, რუსები ძალიან ორგანიზებულად იხევდნენ უკან, ცდილობდნენ ყველაფერი გაეტანათ. აქ ეს უკან დახევა კი არა გაქცევა იყო. ასე ვთქვათ, უკონტროლო უკან დახევა.

  • უკონტროლო? გულისხმობთ, რომ თუ კიევთან გასცეს ბრძანება და სისტემურად გავიდნენ, აქ უბრალოდ გარბოდნენ?

დიახ. გაიქცნენ და ყველაფერი მიყარეს. მთავარი ამოცანა გადარჩენა იყო. ნებისმიერ წუთს შეიძლებოდა მათ პოზიციებზე გამოჩენილიყვნენ უკრაინელი სამხედროები, რომლებიც მათ ან მოკლავდნენ ან ტყვედ აიყვანდნენ.

  • და როცა ჯარისკაცი ხარ და ტანკი გაქვს, ტანკით რატომ არ უნდა წახვიდე?

ტანკებითაც წავიდნენ. თუ დააკვირდით, უკან დახევა ძირითადად ტექნიკით ხდებოდა. უბრალოდ ზოგს ესმოდა, რომ შეიძლებოდა ვერ მიესწრო, ან ტანკზე ესროლათ მათთვის. ტანკი სამიზნეა. უკრაინას შეიარაღების ძალიან კარგი სისტემები აქვს, იგივე „ჯაველინები“, „ჰაიმარსები“, რომელთა პირისპირაც ტანკის ვერანაირი დინამიკური დაცვა ვერაფერს გააწყობს.

რაც შეეხება საბრძოლო მასალებს. საჭიროა მათი ორგანიზებულად დაწყობა, დატვირთვა, გატანა. ამას დრო სჭირდება, ამას სჭირდება ბრძანება. მთავარი მომენტი კიდევ ასეთია: ბრძანებებია საჭირო. აქ კი ბრძანების გარეშე გარბოდნენ, თავისით გარბოდნენ. არავის უსმენდნენ, უბრალოდ მიდიოდნენ, როგორც ახერხებდნენ ისე.

  • ზოგიერთ ადგილას უკრაინის არმია რუსეთთან საზღვრამდე გავიდა. რა იქნება შემდეგ?

არაფერი. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ძალიან ბევრი ტერიტორია, რომელიც რუსეთს არ დაუტოვებია, ამიტომაც მათ გათავისუფლებაზე ვიზრუნებთ.

  • საზღვრის გასწვრივ გულისხმობთ?

დიახ. არ არსებობს პოლიტიკური ამოცანა, გავცდეთ საზღვარს. აბსოლუტურად. ასეთი ამოცანა არავის დაუყენებია და მე ეჭვი მეპარება, რომ ამ საკითხს ვინმე წამოჭრის. ჯერ კიდევ ათასობით კვადრატული კილომეტრია, რომლის შენარჩუნებასაც რუსეთი ცდილობს, ამიტომ საქმე ნამდვილად ბევრი გვაქვს.

  • როგორ ფიქრობთ, ეს ოპერაცია, შეტევა თუ კონტრშეტევა, რა გავლენას მოახდენს დასავლელ პარტნიორებზე? ზუსტად ამ ინტერვიუმდე ვუყურებდი, ბაიდენს ეკითხებოდნენ ჟურნალისტები, გაგრძელდება თუ არა ეს ოპერაცია და მან უბრალოდ ცერა თითი აწია ზემოთ, მოწონების ნიშნად, თუმცა არაფერი უპასუხია. რა რეაქციას ელოდებით დასავლეთისგან?

პირველ რიგში, მისთვის ამის კითხვას აზრი არ ჰქონდა. ჩვენს ოპერაციებს ისინი არ გეგმავენ. რაც შეეხება დასავლეთის რეაქციას, ჩვენ შესანიშნავად გვესმის, რომ დასავლეთს ძალიან უყვარს წარმატების ისტორიებში მონაწილეობა. მათ უყვართ გამარჯვებულებთან ყოფნა, ამიტომაც ეს მათთვის ძალიან საინტერესოა.

რაც შეეხება პოლიტიკურ რეაქციას, ბევრი სვამდა შეკითხვას: „შეძლებს კი უკრაინა რუსეთის ჯარების განდევნას?“ და პასუხი ამ დრომდე ასეთი იყო: „შეხედეთ უკრაინის ჩრდილოეთს, შეხედეთ იმ რეგიონებს, საიდანაც ისინი გადიოდნენ“. აქამდე, პრაქტიკა, როგორც წესი, ასეთი იყო – უკრაინა ქმნიდა პირობებს, რომელშიც რუსები თავისით იხევდნენ უკან – ასე იყო ზმეინის კუნძულზე, კიევის გარშემო, ჩერნიგოვის გარშეო, ისევ ხარკოვის გარშემო, ოღონდ ადრე. ახლა კი ჩვენ ვხედავთ იმას, რასაც სამხედრო ენაზე „სრული ნგრევა“ „კრახი“ ეწოდება, როდესაც მთლიანად განეტირალებულია საბრძოლო პოტენციალი. უკან იხევენ, რადგან ესმით, რომ ან ტყვედ ჩავარდებიან, ან დაიხოცებიან. ეს კონტროლის სრული დაკარგვაა.

  • თქვენი პროგნოზი – როგორ უპასუხებს რუსეთი ამ შეტევას?

რუსეთმა შეიძლება უპასუხოს ამას ისევე, როგორც ახლა პასუხობს – კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის დაბომბვით. ეცდება, რაიმე ფორმით მაინც აჩვენოს საკუთარ თავსაც და მსოფლიოსაც, რომ რაღაცით პასუხი მაინც შეუძლია. თუმცა ოპერატიული თვალსაზრისით, არ ვფიქრობ, რომ მათ რაიმე შესაძლებლობა აქვთ, ამიტომაც რაიმე ძირეულ ძვრას ომის ფაზაში არ ველოდები. დიდი ალბათობით, თავის ასიმეტრიულ მოქმედებებს გააგრძელებენ, როგორიცაა ინფარსტრუქტურის დაბომბვა, ქალაქები დაბომბვაც, მეტი მათ არაფერი შეუძლიათ.

მთავარ ფოტოზე: ანდრეი ზაგოროდნიუკი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი 2019-2020 წლებში.

ექიმების რაოდენობა ძალიან მაღალია, ექთნებზე კი მწვავე დეფიციტია – ჯანმო საქართველოზე

საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე ექიმების რაოდენობა ძალიან მაღალია, მაგრამ ექთნების მწვავე დეფიციტია – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უახლეს ანგარიშში წერია.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ ხაზს უსვამს 2013 წლიდან მიღწეულ პროგრესს საჯაროდ დაფინანსებულ ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით, რამაც ფინანსური ბარიერების შემცირების გზით მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს საშუალება მისცა ჯანდაცვის სერვისებზე ჰქონოდა წვდომა. თუმცა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები, საერთაშორისო მაჩვენებელთან შედარებით, დაბალია, დაფარვის პოლიტიკა უკიდურესად რთულია და არსებობს მაღალი თანაგადახდები.

გარდა ამისა, პირველადი ჯანდაცვის ფუნქცია სუსტია და პაციენტს აქვს ჯანდაცვის სერვისების უფრო სპეციალიზებულ დონეზე წვდომის ძლიერი სტიმული.

ჯანმოს ანგარიში წერია, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე ექთნების რიცხვი 2013 წლიდან იზრდება, მაგრამ ის ძალიან დაბალია ევროპის რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით: 2020 წელს 100 000 მოსახლეზე მხოლოდ 555 ექთანი მოდიოდა.

იმავეს მოწმობს საერთაშორისო ფონდი „კურაციოსა“ და ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის საერთო კვლევითი პროექტის 2022 წლის ანგარიშიც, რომლის მიხედვითაც ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობით საქართველო მკვეთრად განსხვავდება ევროპის საშუალო მაჩვენებლებისგან: ექიმებით უზრუნველყოფის მაჩვენებელი 100,000 მოსახლეზე 1.8-ჯერ აღემატება ევროპის საშუალოს; ექთნების რაოდენობა (100,000 მოსახლეზე) 1.3-ჯერ ნაკლებია ევროპის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით.

ჯანდაცვისა და მომსახურების სფეროების პროფკავშირის, „სოლიდარობის ქსელის“ გენერალური მდივანი, რევაზ კარანაძე ამბობს, რომ ძირითადი პრობლემა, რის გამოც საქართველოში, მიუხედავად ასეთი მაღალი მოთხოვნისა, ექთნის სპეციალობა არ არის პრესტიჟული – ძალიან დაბალი ხელფასი და კაბალური სამუშაო პირობებია.

„პირველი პრობლემა არის დაბალი ხელფასი, რომელიც არ იზრდება.

ახლა სამინისტრომ გამოსცა განკარგულება, რომ მხოლოდ სახელმწიფო კლინიკებში გაიზრდება ხელფასები, ამაში არ შედის, მაგალითად, საუნივერსიტეტო კლინიკები, ამიტომ აქ  საათობრივი ხელფასი არ იზრდება 5 ლარამდე, რაც პრობლემურია თავისთავად.

საქმე ის არის, რომ საქართველოში სახელმწიფო კლინიკები მხოლოდ 3 პროცენტია, დანარჩენი 97% კერძოა. ხელფასები არ გაზრდილა წლებია“, – ამბობს რევაზ კარანაძე.

მისივე თქმით, საექთნო საქმეში ახალი კადრები არ იქმნება, რადგან პროფესია არაპრესტიჟულია და სათანადო ანაზღაურება არ არის.

დავით კაპანაძე

„ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ექთნებისთვის არის ანაზღაურება, მაგრამ ანაზღაურების გარდა კლინიკებში არის სხვა უამრავი პრობლემა.

პაციენტების რაოდენობა არ არის განსაზღვრული სწორად და როდესაც ექთანს უწევს 10-12 პაციენტის მოვლა, დამეთანხმებით, ეს ვერ იქნება ხარისხიანი. თანაც, დღეს უკვე აღარ მზადდება ახალი კადრები და კლინიკებში ძირითადად ექთნებად მუშაობენ სტუდენტები, მათ შორის IV კურსამდე სტუდენტები, რაც კანონით დაუშვებელია. კლინიკები არღვევენ კანონს, რადგან ექთნების დანაკლისს ავსებენ სტუდენტებით“, – ამბობს სტუდენტი ექიმი და პირველი საუნივერსიტეტოს კლინიკის ექთანი დავით კაპანაძე.

„პრობლემა ის არის, რომ პროფესიით ექთნები აღარ გვყავს ბევრი. ფაქტობრივად, კლინიკებში ვერ ნახავთ ახალგაზრდა ექთანს, რომელმაც საექთნო დაამთავრა. პროფესიით ექთნები ვინც დღეს მუშაობენ, არიან უკვე ასაკოვანი ადამიანები, ანუ ხდება პროფესიის დაბერება“, – ამბობს დავით კაპანაძე. 

საქართველოში მნიშვნელოვან პრობლემად რჩება შორეულ და სოფლად დასახლებულ პუნქტებში სამუშაოდ პერსონალის დაქირავება და შენარჩუნებაც. „სამედიცინო პერსონალის მარაგთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა ცხადყოფს შეუსაბამობას მოთხოვნასა და მიწოდებას შორის“, – წერს ჯანმო.

სამედიცინო პერსონალის უმეტესობა მუშაობს სტაციონარულ დაწესებულებებში. 2019 წელს ეს მოიცავდა ექიმების 52%-ს და ექთნებისა და ბებიაქალების 71 პროცენტს – ჯანმო.

საქართველოში ექთანი/ექიმის თანაფარდობა ბოლო 5 წლის განმავლობაში არ აღემატება 0.9-ს, მაშინ როდესაც ევროპის რეგიონის და ევროკავშირის ქვეყნებში ერთ ექიმზე საშუალოდ 2 ექთანი მოდის. „ეს ყოველივე ეჭვქვეშ აყენებს მიწოდებული სამედიცინო სერვისის ხარისხს“, – წერს ფონდი „კურაციო“.

სამედიცინო პერსონალის გეოგრაფიული განაწილება ქვეყანაში არათანაბარია. მიუხედავად იმისა, რომ თბილისშია თავმოყრილი სამედიცინო დაწესებულებების დიდი ნაწილი, სამედიცინო კადრების გეოგრაფიულ განაწილებაში კვლავ დიდია სხვაობა თბილისსა და რეგიონებში.

წყარო: curatio

„ხელფასები არ იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს ადამიანებმა თავიანთი სიცოცხლე გაწირეს და პირველი ადამიანები, ვინც მართლა შეეწირნენ პროფესიის მიხედვით პანდემიას, იყვნენ ექთნები, მათ შორის იყო ჩვენი წევრი, შუახევის კლინიკის ექთანი ნადია შარვაშიძე, რომელიც გარდაიცვალა კორონავირუსის გამო“, – ამბობს რევაზ კარანაძე. 

რეზო კარანაძე

იგი საქართველოდან ექთნების გადინებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ამ საგანგაშო ტენდენციის მიზეზიც ღირსეული ხელფასის ძიებაა:

„ეს ადამიანები მიდიან ემიგრაციაში. ვიცით, რომ ძალიან ბევრი ქალი ჩვენგან საბერძნეთსა და იტალიაში მიდის ზრუნვის სფეროში. ექთნის პროფესია თუ გაქვს, იქ დასაქმების მეტი შანსია, წასულან ექთნები მუშაობის 30-წლიანი გამოცდილებით“.

რევაზ კარანაძის თქმით, საქართველოდან ევროპის ქვეყნებში მიდიან ახალგაზრდა ექთნებიც, რადგან ექთნის კადრები სხვა ქვეყნებშიც დეფიციტურია.

„წითელ წიგნში რომ არის, ხომ იცით, გადაშენების პირას მყოფი სახეობები, დაახლოებით ისეა ჩვენთან ეს პროფესია. ახალი კადრები არ იქმნება, რადგან ხელფასები არის მიზერული, რამდენიმე სამსახურში უწევთ მუშაობა და თან უცხოეთში გაედინება ეს კადრები“ ,- ამბობს ის.

არასრულწლოვნის გაუპატიურების გამო პირს 15 წელი მიუსაჯეს

პროკურატურის ცნობით, არასრულწლოვანის გაუპატიურებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით ერთ პირს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

„სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით  დადასტურდა, რომ 2020 წლის 21 დეკემბერს ბრალდებულმა ორ პირთან ერთად, ცოლად შერთვის მიზნით, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება არასრულწლოვანს, შემდეგ კი დაზარალებული  გააუპატიურა.

აღსანიშნავია, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების მიუხედავად, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 2021 წლის 23 სექტემბრის განაჩენით აღნიშნული პირი გაუპატიურების ფაქტზე გაამართლა,  სამივე პირი დამნაშავედ ცნო ჯგუფურად ჩადენილი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე და თითოეულს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პროკურატურა აღნიშნულ განაჩენს კატეგორიულად არ დაეთანხმა და სასამართლოს განაჩენი გაუპატიურების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა“ – წერს პროკურატურა.

ერთჯერადი დახმარება შშმ დედებს – რა ახალ პროგრამებს გეგმავს 2023 წლიდან აჭარის ჯანდაცვა

2023 წლიდან აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე პაციენტების სტაციონარული მომსახურებას დააფინანსებს.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განმარტებით, ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე პაციენტების სტაციონარული მომსახურება მოიცავს ამ დარღვევების კუპირებასა და მათ მკურნალობას. მინისტრის თქმით, პროგრამის შემუშავება მოსახლეობის მხრიდან საკმაოდ მაღალმა მოთხოვნამ განაპირობა.

„ამიტომ კომპონენტის სახით ეს დაემატება მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამას” – ამბობს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი.

კიდევ ერთი სიახლე ის იქნება, რომ მომავალი წლიდან შშმ სტატუსის მქონე დედებსა და შშმ ორსულ ქალებს გაეწევათ ერთჯერადი მატერიალური დახმარება 2000 ლარის ოდენობით.

მინისტრმა ასევე თქვა, რომ მომავალი წლისთვის სამინისტრო გეგმავს მოზარდებისთვის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელებას, რომელიც, ნინო ნიჟარაძის განმარტებით, ფსიქიკური პრობლემების მქონე 8-დან 25 წლის ასაკის ადამიანებს მოიცავს, „მათ, ვისაც შშმ სტატუსი არა აქვთ, მაგრამ რომლებიც ასევე საჭიროებენ სერიოზულ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას” – ამბობს ნიჟარაძე.

დღეს, 13 სექტემბერს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტების განხილვისას ითქვა, რომ სამინისტრო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად 36 პროგრამას განახორციელებს. შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ მოქალაქეთა მომართვიანობისა და მოთხოვნების გათვალისწინებით გაგრძელდება მიმდინარე წლის მოქმედი პროგრამები. ამავდროულად დაგეგმილია რიგი ცვლილებები, კერძოდ, ამოქმედდება ახლი პროგრამები.

ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით:

გეგმის თანახმად, 3 900 000 ლარამდე გაიზრდება „ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების“ პროგრამის ბიუჯეტი, რომლის ფარგლებში პირველად დაფინანსდება:

  • თვალის ბადურის მძიმე მკურნალობა ახალი თაობის ანტიანგიოგენური პრეპარატებით;
  • ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე პაციენტების სტაციონარული მომსახურება;
  • ამავე პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება ღვიძლის, ძვლის ტვინისა და გულის ტრანსპლანტაციების დაფინანსება. გაიზრდება ძვლის ტვინისა და ღვიძლის ტრანსპლანტაციის დასაფინანსებელი ბენეფიციარების რაოდენობა;
  • იგეგმება იდიოპათიური მაანკილოზირებული სპონდილიტით, ფსორიაზითა და ფსორიაზული ართრიტით დაავადებული პაციენტების ძვირადღირებული ბიოლოგიური მედიკამენტებით მკურნალობის დაფინანსების პროცენტული წილის გაზრდა;
  • გაიზრდება გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტების რაოდენობა.

სოციალური მიმართულებით:

  • პირველად ამოქმედება ახალი პროგრამა – ბავშვთა/მოზრდილთა ფსიქოსოციალური აბილიტაცია/რეაბილიტაცია და შშმ სტატუსის მქონე დედათა და ორსულთა ერთჯერადი მატერიალური დახმარება;
  • მილიონ ლარამდე გაიზრდება ბავშვთა სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამების დაფინანსება;
  • ცვლილების თანახმად, დაგეგმილია რიგ პროგრამებში ბენეფიციარების და სეანსების რაოდენობის გაზრდა;
  • ასევე გაიზრდება ზრდასრულთა დამხმარე საშუალების რაოდენობა და თავშესაფრის ბენეფიციართა დაფინანსება;
  • 2023 წელს ბიუჯეტით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია არასამთავრობო სექტორს, სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს წარედგინა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მომავალი წლის ბიუჯეტი მიმდინარესთან შედარებით 8,9%-ით, კერძოდ 2 827 205 ლარით გაიზრდება და 31 735 000 ლარი იქნება.

ბიზნესდაჯილდოება 2022 დაიწყო

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი ბიზნესდაჯილდოება წელს უკვე მეშვიდედ იმართება. პროექტის მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება, მათ შესახებ ცნობადობის გარზრდა და ბიზნეს სოციუმის ჩამოყალიბების ხელშეწყობაა. დაჯილდოებაში 7 წლის განმავლობაში 3000-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

წელს ბიზნესდაჯილდოება წარმოდგენილია შემდეგი ნომინაციებით:

  • საუკეთესო პროდუქტი
  • საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი
  • გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა
  • გამორჩეული როლი რეგიონის განვითარებაში

ტრადიციულად წელსაც სიახლეა დაჯილდოების ნომინაციებს შორის, არსებულ ნომინაციებს დაემატა ერთი ახალი :

  • გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება

ასევე, წელს ბიზნესდაჯილდოების მონაწილეებს 2 სპეციალური ჯილდოს მოგების შესაძლებლობა ექნებათ – გენდერული თანასწორობისთვის და მწვანე ინიციატივებისთვის.

ნაწილობრივ იცვლება გამარჯვებულების გამოვლენის წესიც. წელს პირველად, გამარჯვებულების შეფასების პროცესში მომხმარებლებიც ჩაერთვებიან, კერძოდ, ისინი 2 ნომინაციაში – საუკეთესო პროდუქტი და გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება, საუკეთესო ბიზნესების გამოვლენაში მიიღებენ მონაწილეობას.

პროექტის პარტნიორები წელსაც არიან VISA (მთავარი სპონსორი), ფონდი EFSE და „აწარმოე საქართველოში“. UN Women-მა წელს პირველად დააწესა სპეციალური ჯილდო, გენდერული თანასწორობისთვის, ხოლო GCPF-მა (Global climate partnership fund) – მწვანე ინიციატივებისთვის. კიდევ ერთი პარტნიორი, რომელიც უზრუნველყოფს მონაწილე ბიზნესების მომხმარებლების კვლევას, არის კვლევითი კომპანია ANOVA.

გამარჯვებულების გამოვლენაზე ჟიური იმუშავებს, დაჯილდოების ფინალური ღონისძიება დეკემბერში გაიმართება.

დაინტერესებულ პირებს უკვე შეუძლიათ განაცხადის შევსება შემდეგ ლინკზე: https://www.businessaward.ge/

 

ათასობით რუსი სამხედრო ტყვედ ჩავარდა, მათ შორის ოფიცრები – Die Welt კონტრშეტევაზე

ხარკოვის ოლქში „არაორგანიზებული უკან დახევის“ დროს, რუსმა სამხედროებმა ტექნიკა და საბრძოლო მასალები მიატოვეს, ათასობით რუსი სამხედრო კი ტყვედ ჩავარდა, მათ შორის მაღალჩინოსანი ოფიცრები – ამის შესახებ უკრაინული მედია გერმანულ Die Welt-ზე დაყრდნობით წერს.

გამოცემა აბათილებს რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებას, თითქოს ეს იყო „ტაქტიკური უკანდახევა“ და აღნიშნავს, რომ რუსეთის არმიის თავდაცვის ხაზი „უბრალოდ გაირღვა“, სამხედროები გაიქცნენ და ტექნიკა და საბრძოლო მასალები დატოვეს.

როგორც Die Welt მიუთითებს, მოსკოვი უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევას სამხრეთში ელოდა, ამიტომაც მისი დანაყოფები ხარკოვში უკრაინელთა თავდასხმებისთვის მოუმზადებლები აღმოჩნდნენ.

ტყვედ ჩავარდნილი რუსი სამხედროების განსაკუთრებულ დიდ რაოდენობაზე, რამდენიმე დღის წინ, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმაც ისაუბრა.

„დავიწყოთ პრობლემით. უდიდესი პრობლემაა, გრანდიოზული, არ ვიცით სად წავიყვანოთ ამდენი ტყვე“ – განაცხადა არესტოვიჩმა.

ასევე რამდენიმე დღის წინ, ჯერ სოციალური ქსელებით, შემდეგ კი უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხარკოვის ოლქში დატყვევებულ სამხედროებს შორის იყო რუსეთის არმიის გენერალ-პოლკოვნიკი ანდრეი სიჩევოი, დასავლეთის მიმართულების მეთაური.

ხარკოვისა და ხერსონის ოლქებში უკრაინელთა კონტრშეტევა მეორე კვირაა გრძელდება. უკრაინული მედიის ცნობით, სამხრეთში, უკრაინის დამცველებმა ფრონტის ხაზი 12 კილომეტრით გადაწიეს, ხარკოვის ოლქი კი თითქმის მთლიანად გაათავისუფლეს რუსი სამხედროებისგან და ზოგიერთ მონაკვეთზე რუსეთის ფედერაციის საზღვრამდეც მივიდნენ.

აჭარის მთიან სოფლებში 20 სკოლას წელს პირველკლასელი არ ჰყავს

აჭარის მაღალმთიანი სოფლების 20 სკოლას 2022 სასწავლო წლისთვის პირველკლასელი არ ჰყავს.

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, წელს ხულოს მუნიციპალიტეტში 7 საჯარო სკოლაში პირველკლასელები არ იქნებიან.

ხულოში ესაა გელაურის, კორტოხის, პარტნარის, პაქსაძეების, სკვანის, ტაბახმელის და ფუშრუკაულის საჯარო სკოლები. ამ სკოლებიდან, მაგალითად სკვანის და გელაურის სკოლებს პირველკლასელი არც 2019-2020 სასწავლო წელს ჰყოლია. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სოფლებიდან მაღალია მოსახლეობის მიგრაცია.

პირველკლასელების გარეშე დაიწყება ახალი სასწავლო წელი შუახევის 7 სკოლაშიც.

ესაა ჭალის, გომარდულის, ვანის, ზემოხევის, ლომანაურის, კვიახიძეებისა და ტომაშეთის საჯარო სკოლები.

ვანის, გომარდულის და ზემოხევის სკოლებს პირველკლასელი არც 2019-2020 სასწავლო წელს ჰყოლია.

პირველკლასელები არ ჰყავთ ხელვაჩაურის 6 საჯარო სკოლაშიც. ესენია: ძაბლავეთის დაწყებითი საჯარო სკოლა, ზედა ქოქოლეთის დაწყებითი საჯარო სკოლა, სიმონეთის, მაღლაკონის დაწყებითი, ხერთვისის დაწყებითი და ნაკირნათევის დაწყებითი საჯარო სკოლები.

წინა წლებისგან განსხვავებით, წელს ქედის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ყველა საჯარო სკოლაში ჰყავთ პირველკლასელი.

როგორ იბრძვის უკრაინელი ბლოგერი და მწერალი ქვეყნის დასაცავად

„მე შთამაგონებს სიცოცხლის სურვილი. ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ იმიტომ, რომ ვიცოცხლოთ. ეს არის ჩვენი არგუმენტიც და მოტივაციაც,“ – ამბობს ცნობილი უკრაინელი სამხედრო, ბლოგერი და მწერალი ვალერი მარკუსი. მას ვკითხეთ, რა იყო მთავარი მოტივატორი, როდესაც გადაწყვიტა სათავეში ჩასდგომოდა 47-ე მსროლელ ბატალიონს უკრაინაში.

ვალერი მარკუსს „ბათუმელები“ კიევში შეხვდა და ესაუბრა.

47-ე ბატალიონი მიმდინარე წლის აპრილში შეიქმნა, უკრაინის მთავრობის პატრონაჟით და მას 30 წლის ვალერი მარკუსი 25 წლის ივან შალამაგასთან ერთად ხელმძღვანელობს.

  • ვინ არის ვალერი მარკუსი

ვალერი მარკუსი მებრძოლია უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, ის ცნობილი იუთუბერია და ერთი წიგნიც აქვს დაწერილი. ვალერი მარკუსი 2014 წელს 25-ე ბრიგადის შემადგენლობაში ირიცხებოდა და იბრძოდა დონბასში. სწორედ მაშინ გახდა სამხედრო ბლოგერი და იუთუბერი.

2016 წელს ის რეაბილიტაციის კურსს გადიოდა. კურსის დასრულების შემდეგ სამხედრო სამსახურისთვის შეუსაბამოდ მიიჩნიეს და არმიიდან წამოვიდა.

მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაცია 2022 წლის 24 თებერვალს თავს დაესხა უკრაინას და ომი გამოუცხადა, ვალერი მარკუსი ისევ ბრძოლაში ჩაერთო. ის სამხედრო კომისარიატის გვერდის ავლით 30-ე ბრიგადაში ჩაეწერა, სადაც პირველი ორი თვე დაზვერვის ოფიცერი იყო.

მიმდინარე წლის აპრილში ვალერი მარკუსს და 30-ე ბრიგადის მეთაურის მოადგილეს, ივან შალამაგას უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესთავაზა შეექმნათ ცალკე, 47-ე ბატალიონი და მისთვის ეხელმძღვანელათ. ამჟამად მარკუსი 47-ე ბატალიონის მთავარი სერჟანტია და ხელმძღვანელობს მის ფორმირებას. მას ახლო კავშირები აქვს უკრაინის მთავრობასთან.

გარდა ამისა, ვალერი მარკუსი საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და ასე ეხმარება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. მან რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დააარსა „მარკუსის ფონდი“, რომლის საშუალებითაც 60-დან 70 მილიონ გრივნამდე (დაახლოებით 1.8 მილიონი დოლარი) შეაგროვა. ვალერი მარკუსი ამბობს, რომ თანხა მთლიანად არმიას და მის საჭიროებებს მოხმარდა. იყიდეს ავტომანქანები, ჯარისკაცებისთვის ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებები და ყველაფერი, რაც ჯარს სჭირდებოდა ბრძოლისთვის.

„ფონდის შექმნა არ იყო ჩვენი იდეა, ეს იყო მმართველი ხელმძღვანელების იდეა და უბრალოდ ჩვენ დავთანხმდით წინადადებას. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ყველაფერი იყოს ხარისხიანად. „მარკუსის ფონდით“ ვქოლავთ იმ ხვრელებს, რომლის დახურვაც სისტემას არ შეუძლია, რომელსაც უკრაინის ეკონომიკა ვერ უმკლავდება. ჩვენი არმია არის 200 ათასი და ძალიან მცირე დროში გაიზარდა მილიონამდე,“ – უთხრა ვალერი მარკუსმა „ბათუმელებს“.

  • 47-ე მსროლელი ბატალიონი

47-ე ბატალიონი მალე პოლკად გადაკეთდება. ეს არის ადგილი, სადაც უკრაინელი სამოქალაქო პირები ჯერ ფრონტზე წასასვლელად ეწერებიან, განაცხადის შევსების შემდეგ კი გადიან შერჩევის პროცესს. თუკი აარჩევენ, შემდეგ უკვე სპეციალურ მომზადებას გადიან ფრონტზე წასვლამდე.

47-ე მსროლელ ბატალიონში მოსახვედრად, მსურველი რამდენიმე წინაპირობას უნდა აკმაყოფილებდეს. შერჩევის კრიტერიუმებში, პირველ რიგში, ყურადღებას აქცევენ ფიზიკურ გამძლეობას, შემდეგ კი პროუკრაინულ პოზიციას და უკრაინული ენის ცოდნას.

კითხვაზე, რა შეცვალა ომმა მისთვის, ვალერი მარკუსი პასუხობს, რომ დიდად არაფერი.

„არმიაში მოვხვდი 2011 წელს. სანამ ეს ყველაფერი დაიწყებოდა მანამდე დიდი ხნით ადრე. ჩემთვის  2014 წლის შემდეგ არაფერი არ შეცვლილა. უბრალოდ, ახლა არის ომის აქტიური ფაზა, რომელიც მეცხრე წელია გრძელდება.

შეიძლება შეიცვალა მხოლოდ ის, რომ ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს სხვანაირად ხედავდნენ, მათში რაღაცები შეიცვალა. მათ უკვე რაღაც ახლის გაგება დაიწყეს. თუმცა ჩემთვის არაფერი შეცვლილა,“ – ამბობს ვალერი მარკუსი.

მისივე თქმით, მას „უკრაინის უმაღლესი მთავარსარდლობისგან 100 %-იანი მხარდაჭერა აქვს“.

„თუმცა უმაღლესი სამხედრო პირების გარდა არსებობს დაბალი წოდების სამხედრო პირებიც, რომელთაც სხვადასხვაგვარი გაგება აქვთ. ხანდახან ჩვენს შესახებ საჭირო ინფორმაცია არ მიდის სწრაფად საჭირო ადგილებამდე, თუმცა ჩვენ ეს არანაირად არ გვიშლის ხელს მუშაობაში. ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენ გვაქვს 100%-იანი მხარდაჭერა უკრაინის უმაღლესი მთავარსარდლობის, უკრაინის ხელისუფლების,“ – ამბობს ვალერი მარკუსი.

ინტერვიუ ვალერი მარკუსთან მხოლოდ ათ წუთს გაგრძელდა და რამდენიმე კითხვის დასმა შევძელით.

ბოლო კითხვა საქართველოს და მის მხარდაჭერას ეხებოდა.

„ქართველებისადმი გვაქვს დიდი მოკრძალება და პატივისცემა. ჩვენ ვიცით, რა გადაიტანა 2008 წელს საქართველომ. დიახ, ყველა უკრაინელი ხედავს მსგავსებას ჩვენსა და საქართველოს მდგომარეობას შორის. მთელი გულით ვუხდით მადლობას ქართველ ხალხს იმისთვის, რომ ეხმარებიან და მხარს უჭერენ ჩვენს ერს,“ – თქვა ვალერი მარკუსმა.

რა ფილმებს ნახავთ ბათუმის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში

18 სექტემბერს, კვირას, ბათუმში საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი, BIAFF-ი გაიხსნება. მიუხედავად იმისა, რომ წელს ბათუმის მე-17 კინოფესტივალს არც ერთი სახელმწიფო სტრუქტურა არ აფინანსებს, კინოფესტივალი მაინც გაიმართება რამდენიმე საელჩოს, უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერით და FUNDRAISING კამპანიის მეშვეობით.

კინოჩვენებები ტრადიციულად, კინოთეატრ „აპოლოში“ და ევროპის მოედანზე, ღია ცისქვეშ გაიმართება.

წელს კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 30 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი და 25 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 30-ზე მეტი ქვეყნიდან.

უკვე ცნობილია საკონკურსო მხატვრული ფილმები და ჟიურის შემადგენლობაც.

წელს მხატვრული ფილმების საერთაშორისო ჟიურის თავმჯდომარე ლეხ მაიევსკი (პოლონეთი) იქნება. ჟიურის წევრები არიან: კარმენ გრეი (გერმანია), ლაშა ხალვაში, ნინო ბასილია და გელა ბაბლუანი (საქართველო).

ბათუმის კინოფესტივალის მხატვრული საკონკურსო ფილმების სექციაში ათი ფილმი იქნება წარმოდგენილი.

ეს ფილმებია:

  • „19“, მანიჯე ჰეკმატი – ირანი/გერმანია, 2022
  • „კლონდაიკი“, მერინა ერ გორბაჩი – თურქეთი/უკრაინა, 2022
  • „კერი“, ტაიფუნ პირშელიმოღლუ – თურქეთი/საბერძნეთი/საფრანგეთი, 2022
  • „ცის ნაჭერი”, მაიკლ კოხი – შვეიცარია/გერმანია, 2022
  • „ქალი – დუმილის კოდექსი“ – ფრანჩესკო კოსტაბილე, იტალია, 2022
  •  „ოთხი კედელი“, ბაჰმან გობადი – თურქეთი/დიდი ბრიტანეთი, 2021
  • „ხანმოკლე შეხვედრები“, რომედ უაიდერი – შვეიცარია, ლუქსემბურგი, 2022 
  • „ქადაგება თევზთან“, ჰილალ ბაიდაროვი – აზერბაიჯანი, მექსიკა, შვეიცარია, თურქეთი, 2022
  •  „ჯოგის იმუნიტეტი“, ადილხან იერჟანოვი – ყაზახეთი/საფრანგეთი, 2021
  • „ჩემი ოთახი“, სოსო ბლიაძე – საქართველო, გერმანია, 2022

ცნობილია მოკლემეტრაჟიანი საკონკურსო ფილმების პროგრამაც და ჟიურიც.

წელს BIAFF-ზე მოკლემეტრაჟიან ფილმებს შეაფასებს სამკაციანი ჟიური: ზურაბ ცინცქილაძე (საქართველო), ილეანა სტანკულესკუ (რუმინეთი), თორნიკე გოგრიჭიანი (საქართველო).

ამ სექციაში წარმოდგენილი იქნება ოცი ფილმი:

  1. „აქსელი“, ლევან უჩანეიშვილი -საქართველო, 2022 წ.; 30 წთ.
  2. „აღდგომა“, ნიკოლოზ ვერძაძე – საქართველო, 2022 წ.; 25 წთ.
  3. „ჩემი მეგობარი ანდრო“, კატალინა ბაქრაძე – საქართველო, 2022 წ.; 14 წთ.
  4. „რონინის აღსარება“, გიორგი ხუხუნაიშვილი – საქართველო, 2022 წ. 10 წთ.
  5. „დაპირების გარეშე“, თათი ბარამია – საქართველო, 2022 წ.; 13 წთ.
  6. „ზებრა“, სანდრო ნავერიანი – საქართველო, 2022 წ.; 12 წთ.
  7. „და შემდეგ ისინი ზღვას წვავენ“ – მაჯიდ ალ-რემაიჰი, კატარი, 2021 წ.; 12 წთ.
  8. „კონჩერტინა“, გაბრიელ გონსალეს აკოსტა -მექსიკა, 2022 წ.; 13 წთ.
  9. „კურუპირა და ბედის მანქანა“, ჟანაინა ვაგნერი – საფრანგეთი/ბრაზილია, 2021; 25 წთ.
  10. „ეშმაკი“, იან ბუინოვსკი – პოლონეთი, 2022; 19 წთ.
  11. “არაჩვეულებრივი ცხოვრება”, ჰანა ჯალალი – უკრაინა/ირანი, 2022 წ. 15 წთ.
  12. „აქ სიმშვიდეა“, ნოვრუზ ჰიკმეტი/ოლენა პოდოლიანკო – უკრაინა, 2022 წ.; 12 წთ.
  13. „ხადიგა“, მორად მოსტაფა – ეგვიპტე, 2022 წ.; 20 წთ.
  14. „წარმოუდგენლად მსუბუქი“, ანტიმო კამპანილე – იტალია, 2021; 15 წთ.
  15. „მოუნ ო“, მაქსიმ ჟან-ბატისტი – ბელგია/საფრანგეთის გვიანა/საფრანგეთი, 2022 წ.; 16 წთ.
  16. „აქ სანახავი არაფერია“, ნიკოლას ბუჩესი – პორტუგალია, 2022; 16 წთ.
  17. „ქსერქსეს ტახტზე“, ევი კალოგიროპულუ – საბერძნეთი, 2022 წ. 15 წთ.
  18. „სასწორი“, ჯოზეფ პირსი – საფრანგეთი / დიდი ბრიტანეთი / ბელგია / ჩეხეთი, 2022; 15 წთ.
  19. „დროის მანძილი“, კარლოს ორმენო პალმა – პერუ, 2021; 19 წთ.
  20. „ვირთხა“, ჟანტემირ ბაიმუხამედოვი – ყაზახეთი, 2022; 28 წთ.

წელს ფესტივალის მხარდამჭერები არიან: შვეიცარიის საელჩო, ფრანგული ინსტიტუტი, იტალიის საელჩო, შვედეთის საელჩო, ლიეტუვას საელჩო, ბათუმის თოჯინების თეატრი.

კინოფესტივალის სპონსორებია: კინოთეატრი APOLLO, ART ITALY GROUP, Mareteli Friends Winery და კომპანია „შინდი“.

ამავე თემაზე: 

BIAFF-ი 2 კვირაში იწყება, დაფინანსება კი არ აქვს. რა ხდება? – ინტერვიუ მენეჯერთან

Exit mobile version