მთავარი,სიახლეები

მოსკოვმა მარცხი აღიარა ხარკოვში და ცდილობს პასუხისმგებლობა პუტინს ააცილოს – ISW

14.09.2022 • 2425
მოსკოვმა მარცხი აღიარა ხარკოვში და ცდილობს პასუხისმგებლობა პუტინს ააცილოს – ISW

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კრემლმა პირველად აღიარა დამარცხება ხარკოვის ოლქში და ახლა ცდილობს, მარცხზე და თითქმის მთელი ოკუპირებული ხარკოვის „დაკარგვაზე“ პასუხისმგებლობა პუტინს ააცილოს – მიიჩნევენ აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები, რომელთა უახლესი ანგარიშის ძირითადი თემა უკრაინის წარმატებულ კონტრშეტევაზე მოსკოვის რეაქციაა.

„2022 წლის თებერვლის შემდეგ მოსკოვმა პირველად აღიარა დამარცხება ხარკოვის ოლქში. კრემლის ოფიციალური პირები და მედია-პროპაგანდისტები ფართოდ განიხილავენ ამის მიზეზებს, რაც მათი ადრინდელი ქცევისგან ძალიან განსხვავდება. კრემლს არასდროს უღიარებია, რომ რუსეთი დამარცხდა კიევთან, შემდეგ ზმეინის კუნძულზე – ამას კრემლი „კეთილი ნების გამოვლინებად“ წარმოაჩენდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამჯერადაც სცადა მსგავსი ახსნა და ამტკიცებდა, რომ ოლქიდან რუსეთის ძალები გადაჯგუფების მიზნით გავიდნენ, თუმცა ამ ყალბ განმარტებას სოციალურ ქსელებში ძლიერი კრიტიკა მოჰყვა.

კრემლის აღიარება არის მცდელობა, გამანადგურებელ მარცხზე პასუხისმგებლობა როგორმე ააცილოს ვლადიმერ პუტინს და წარუმატებლობა მთლიანად ცუდად ინფორმირებულ მის სამხედრო მრჩევლებს გადააბრალოს,“ – წერს ISW.  

ინსტიტუტის ანალიტიკოსებს მაგალითად მოჰყავთ რუსეთის დუმის 13 სექტემბრის სხდომა, რომელზეც რამდენიმე დეპუტატმა უკრაინაში შექმნილი სიტუაციის გამო შეშფოთება გამოთქვა.

კომუნისტური პარტიის ლიდერმა გენადი ზიუგანოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა სასწრაფოდ უნდა გამოაცხადოს სრული მობილიზაცია, რადგან რუსეთის „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ – უკვე ომია და თუ „სპეციალური ოპერაციის“ დამთავრება შეიძლება ნებისმიერ დროს, ომი მხოლოდ გამარჯვებით ან მარცხით სრულდება, რუსეთს კი „დამარცხების უფლება არ აქვს“.

დეპუტატებმა ასევე დაადგინეს იმ კანონპროექტის განხილვის ვადა, რომლის მიზანიც სამხედრო სამსახურში გაწვევის გამარტივებაა. კანონპროექტის მიხედვით, გაწვევას რუსეთის მოქალაქეები ფოსტით მიიღებენ, თუმცა ისინიც, ვინც გაწვევის დოკუმენტს ფოსტით ვერ მიიღებენ, ვალდებულები იქნებიან ადგილობრივ სამხედრო კომისარიატებში გამოცხადდნენ.

ამ განცხადებების მიუხედავად, ომის კვლევის ინსტიტუტის ექსპერტების აზრით, ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ პუტინი საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებას აპირებს.

ISWის მთავარი მიგნებები მოკლედ:

  • კრემლმა ხარკოვის ოლქში დამარცხება აღიარა. ეს ომის დაწყების შემდეგ პირველი შემთხვევაა.
  • კრემლი, სავარაუდოდ, ცდილობს, გამოიყენოს ეს მარცხი და გააქტიუროს პატრიოტული რიტორიკა საყოველთაო მობილიზაციაზე;
  • მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს, რომ პუტინი საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებას აპირებს;
  • ხარკოვის ოლქში უკრაინელთა წარმატებული კონტრშეტევა რუს სამხედროებში და საოკუპაციო ძალებში პანიკას იწვევს;
  • რუსეთის წარუმატებლობა უკრაინაში სავარაუდოდ კიდევ უფრო შეასუსტებს რუსეთის გავლენას ყოფილი საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე;
  • უკრაინის ძალები განაგრძობენ სახმელეთო დარტყმებს ლიმან-იამპოლ-ბელოგოროვკის ხაზზე და დონეცკის ოლქის ჩრდილოეთით და შეტევებს მდინარე ოსკოლის სანაპიროზე.
  • რუსი და უკრაინელი წყაროები იტყობინებიან, რომ სამხრეთის კონტრშეტევის ფარგლებში უკრაინელები განაგრძობდნენ სახმელეთო მანევრებს ხერსონის ოლქის სამ რაიონში.
  • რუსეთის ძალებმა გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს ბახმუტის სამხრეთით და განაგრძობდნენ სახმელეთო თავდასხმებს დონეცკის ოლქზე.
  • 13 სექტემბერს უკრაინელმა სამხედროებმა მოიპოვეს პირველი ვიზუალური მტკიცებულება, რომ რუსეთი უკრაინაში ირანული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: