მთავარი,სიახლეები

ყურებმოჭრილი და ნაწამები სხეულები – რა ხდება ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ დასახლებებში

14.09.2022 • 1570
ყურებმოჭრილი და ნაწამები სხეულები – რა ხდება ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ დასახლებებში

სექტემბრის პირველ კვირებში უკრაინის არმიამ დაახლოებით 6 000 კმ2 გაათავისუფლა – ძირითადად ხარკოვის ოლქში. დეოკუპირებულ დასახლებებში უკვე მუშაობენ უკრაინელი გამომძიებლები, რომლებიც ოკუპაციის პერიოდში, ამ სოფლებსა და ქალაქებში ჩადენილი ომის დანაშაულების შესახებ აგროვებენ მტკიცებულებებს.

ხარკოვისა და დონეცკის ოლქის გათავისუფლებული ადგილებიდან ყოველდღიურად ჩნდება ინფორმაცია მოქალაქეთა წამებაზე, მკვლელობასა და გატაცებაზე. უკრაინული მედიის აზრით, ასეთი ფაქტები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბუჩაში, კიევის, სუმისა და ჩერნიგოვის ოლქების სხვა დასახლებულ პუნქტებში ჩადენილი დანაშაულები სისასტიკის შემთხვევითი გამოვლინება არ ყოფილა – რუსეთის არმია ასე იქცევა უკრაინის ყველა ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

უკრაინელთა კონტრშეტევის შედეგად გათავისუფლებულ ადგილებში მომხდარი დანაშაულების შესახებ უკვე არსებულ ინფორმაციას და მთავარ ფაქტებს თავი Новое Время-მ მოუყარა.

13 სექტემბერს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ევგენი ენინმა დაადასტურა, რომ ხარკოვის ოლქის დეოკუპირებულ ტერიტორიებზე, პოლიციელები, საგანგებო სიტუაციის დეპარტამენტი, ნაცგვარდია და მესაზღვრეები მუშაობენ.

მისი თქმით, პოლიციელებმა დაახლოებით 40 სამხედრო დანაშაული დააფიქსირეს.

„ოკუპანტები საკმაოდ დიდხანს იყვნენ ამ ტერიტორიებზე და ყველაფერს აკეთებდნენ, რომ დანაშაულის კვალი დაეფარათ. წვავდნენ დოკუმენტებს, მალავდნენ მოკლულთა სხეულებს – ამ ყველაფერს ახლა სამართალდამცველები იძიებენ,“ – განაცხადა ენინმა.

მსგავსი ინფორმაცია გაავრცელა 12 სექტემბერს იზიუმის საქალაქო საბჭოს დეპუტატმა მაქსიმ სტრელნიკმაც. მისი მონაცემებით, მხოლოდ იზიუმში, რუსული ოკუპაციის განმავლობაში, სულ მცირე 1000 ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა.

„როგორც სხვა დროებით ოკუპირებულ ქალაქებში, რუსი ოკუპანტები აქაც ჩადიოდნენ სამხედრო დანაშაულებს და მათ დაფარვას ცდილობდნენ. სულ მცირე 1 000 ადგილობრივი მცხოვრებია დაღუპული სამხედრო მოქმედებების შედეგად. თუმცა, სამწუხაროდ, მიგვაჩნია, რომ ბევრად მეტი ადამიანია დაზიანდა, რადგან მათ დროულად ვერ აღმოუჩინეს აუცილებელი სამედიცინო დახმარება. რუსმა ოკუპანტებმა ჯერ კიდევ მარტში დაანგრიეს იზიუმის სამედიცინო დაწესებულებები. შეზღუდული იყო ხელმისაწვდომობა მედიკამენტებზე, ყველა აფთიაქი გაძარცვეს და გაანადგურეს,“ – ამბობს სტრელნიკი.

უკვე არსებობს ინფორმაცია კონკრეტულ მიზანმიმართულ მკვლელობებზეც.

11 სექტემბერს ჩუგუევსკის რაიონის სოფელ ზალიზნიჩნოეში აღმოაჩინეს ოთხი ადგილობრივის ცხედარი, რომლებსაც წამების კვალი ეტყობათ. სამი მათგანი კერძო სახლის ეზოში იყო დამარხული, ერთი კი – ასფალტის ქარხნის ტერიტორიაზე.

დასახლება გრაკოვოში, გათავისუფლების შემდეგ, ადგილობრივმა მცხოვრებმა პოლიციას მოუთხრო, რომ რუსმა სამხედროებმა მას ორი ადამიანისთვის სამარხი გაათხრევინეს. 9 სექტემბერს ერთ-ერთი კერძო სახლის ეზოში დამარხული ორი ცხედარი აღმოაჩინეს, ორივე მათგანს ეტყობოდა წამების კვალი და ორივე მათგანი კეფაში ნასროლი ტყვიით იყო მოკლული.

წინასწარი ინფორმაციით, ისინი რუსმა სამხედროებმა მარტში, სოფლის ოკუპაციის დროს დახოცეს.

ამ შემთხვევის შესახებ საკუთარ რეპორტაჟში „დოიჩე ველეც“ წერს. სერგეი ლუცაი, ადგილობრივი მცხოვრები, რომელმაც პოლიციას სამარხი უჩვენა, ჟურნალისტებს უყვება, როგორ მივიდნენ ერთ დღეს მასთან სამხედროები და იარაღის მუქარით სახლიდან წაიყვანეს. მისი თქმით, ისინი პრორუსი „ბოევიკები“ იყვნენ.

„აქ მომიყვანეს – ორი ადამიანი დამხვდა. მკვდრები იყვნენ უკვე. ახალგაზრდები,“ – ჰყვება ლუცაი, რომელსაც კიდევ ერთ ადგილობრივთან ერთად, მოკლულების დამარხვა უბრძანეს.

ხარკოვის პოლიციის საგამოძიებო განყოფილების უფროსი, სერგეი ბოლვინოვი ამბობს, რომ მოკლულების სხეულებზე ნატყვიარის გარდა წამების კვალიც ჩანს: მათ ყურები აქვთ მოჭრილი. მისი თქმით, სოფელში კიდევ ორი სამარხია აღმოჩენილი.

რა ხდებოდა ხარკოვისა და დონეცკის ოკუპირებულ დასახლებებში – ამაზე საუბრობენ მოხალისეები და ჟურნალისტებიც, რომლებიც გათავისუფლების შემდეგ ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდნენ.

დონეცკის ოლქის სოფელ ბოგოროდიჩნოეში მომხდარის შესახებ ჰყვება ჟურნალისტი ოლექსი კაშპოროვსკი.

„ბიჭებმა ჩვენი მებრძოლების ცხედრები იპოვეს – თავები არ ჰქონდათ. კიდევ იპოვეს ასე ათამდე მოკლული ადგილობრივის სხეულიც,“ – წერს კაშპოროვსკი.

მისი თქმით, სოფელში მხოლოდ ორი ადგილობრივი მცხოვრები იყო დარჩენილი – 60 წლის ნიკოლაი და დედამისი, 93 წლის ნინა ილინიჩნა. ნიკოლაის ძმა და რძალი ოკუპანტებმა დახოცეს.

დეოკუპირებულ ბალაკლეაში გათავისუფლების შემდეგ უკრაინელთა წამების სავარაუდო ადგილს მიაგნეს: სარდაფს, სადაც ხელბორკილების და სისხლის კვალი აღმოაჩინეს.

არაერთი საშინელი ისტორია მოაგროვეს მოხალისე ტატა კეპლერმა და მედიკოსმა ნატალია ლელიუხმა. ისინი ახლა ჰუმანიტარულ და სამედიცინო დახმარებას უწევენ გათავისუფლებული ხარკოვის ოლქის მცხოვრებლებს.

ტატა კეპლერი ჰყვება, რომ ამ დასახლებების მცხოვრებლებმა „შიშისა ფსიქოლოგიური ტერორის ნახევარი წელიწადი გადაიტანეს“, ასევე – წამება და მკვლელობები.

მისი თქმით, ოკუპირებული ქალაქებიდან და სოფლებიდან ადგილობრივებს გასვლა მხოლოდ რუსეთში „ან 5 000 დოლარად ესტონეთის საზღვრამდე შეეძლოთ – თუმცა ისიც უცნობი იყო, გაუშვებდნენ თუ არა, ან საიდან უნდა ჰქონოდათ ამდენი ფული, როდესაც უკვე ყველაფერი წაართვეს.“

„გასაქცევიც არსად იყო, ტყეში ვერ შეხვიდოდი, დანაღმული იყო, გზაზე – საგუშაგოები. წამალიც არ ჰქონდათ. არც ინფორმაცია ჰქონდათ, რა ხდებოდა უკრაინაში. რიტორიკა ისეთივე იყო, როგორც მარიუპოლში: კიევი დაეცა, თქვენ უკრაინისთვის მოღალატეები ხართ, თუ უკრაინის არმია შემოვა, ყველას დაგხოცავენ. კოლაბორაციონისტები უკრაინელი სამხედროების სიებს გადასცემდნენ ოკუპანტებს, ნაწამები ტყვეების ფოტოები მიჰქონდათ ოჯახებთან და უჩვენებდნენ – აი ეს თქვენია,“ – ჰყვება ტატა კეპლერი.

ის იხსენებს შემთხვევას, როდესაც ერთ-ერთი ადგილობრივი კაცი 32 დღის განმავლობაში ჰყავდათ სარდაფში, სცემდნენ და აწამებდნენ, მისი მეგობარი კი რადიატორზე ჩამოახრჩვეს.

იზიუმში, სადაც ოკუპაციის შემდეგ ინფრასტურუქტურის 80% დანგრეულია, რუს ოკუპანტებს „ადამიანები მძევლებად ჰყავდათ, მათ ევაკუაციის საშუალებას არ აძლევდნენ და ე.წ. წმენდას ატარებდნენ,“ – ამბობს მაქსიმ სტრელნიკი, საქალაქო საბჭოს დეპუტატი. – „ეძებდნენ დონბასის ომის მონაწილეებს, ტერიტორიული თავდაცვის ძალების სამხედროებს. თუ პოულობდნენ ეგრევე „აკავებდნენ“. ამ ადამიანების ბედის შესახებ ჩვენ არაფერი ვიცით“.

სერგეი ბოლვინოვი, ხარკოვის პოლიციის საგამოძიებო განყოფილების უფროსი ამბობს, რომ რუსეთის სამხედრო დანაშაულის კვალს თითქმის ყველა გათავისუფლებულ დასახლებაში აწყდებიან.

მთავარ ფოტოზე: განადგურებული ეკლესია სოფელ ბოგოროდიჩნოეში, დონეცკის ოლქი/ფოტო: ოლექსი კაშპოროვსკი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: