მთავარი,რეკლამა,სიახლეები

8 იდეა, რომლებიც ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება

15.12.2021 • 3499
8 იდეა, რომლებიც ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება

პროექტის – „შენი იდეა ბათუმს“ ხმის მიცემა დასრულდა. შედეგად, 8 იდეა გამოვლინდა, რომლებიც ბათუმის მერიის 2022 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება და განხორციელდება.

იდეებს ბათუმში რეგისტრირებული მოქალაქეები ხმას აძლევდნენ 15 ნოემბრიდან 1-ლი დეკემბრის ჩათვლით. ხმის მიცემის ეტაპზე მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული 21 იდეა გადავიდა. გამარჯვებული იდეების დაფინანსებისთვის ბათუმის მერიის 2022 წლის ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარია გამოყოფილი.

რომელ რვა იდეას მისცეს ხმა ბათუმელებმა და რა სიახლეები შეემატება ქალაქს 2022 წლიდან:

  • თეატრალური ფესტივალი – „პერპეტუმ მობილე“ ფესტივალი – Theater Cruise
  • გოგებაშვილის ქუჩაზე ტროტუარში ჩაფლული კნეხტის მინით დაფარვა
  • ბათუმის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ლაბორატორია
  • ტელეფონების დამტენი მოწყობილობები მზის ენერგიაზე
  • თათების მეგობარი ქალაქი
  • საქანელები ყველას
  • სკვერი სამრეწველო უბანს
  • საფეხმავლო ბილიკი

თეატრალური ფესტივალი – „პერპეტუმ მობილე“ ფესტივალი – Theater Cruise

ეს იდეა სოფიკო თოქმაჯიშვილს ეკუთვნის და გულისხმობს ავტობუსში მოძრავი და ტრანსფორმირებადი სცენის მოწყობას და აღჭურვას, რომელიც ბათუმის ყველა მუნიციპალურ გამგეობაში ერთი თვის მანძილზე იმოგზაურებს და უფასო სანახაობას წარმოადგენს მაყურებლისთვის. პროექტის მიზანია ყველა სოციალური მდგომარეობის მქონე მაყურებელს შეაყვაროს ხელოვნების ეს სფერო და ხელი შეუწყოს ხელოვნების თეატრალური სფეროს განვითარებას და  პოპულარიზაციას.

გოგებაშვილის ქუჩაზე ტროტუარში ჩაფლული კნეხტის მინით დაფარვა

ზურაბ ბეჟანოვის ეს იდეა გულისხმობს გოგებაშვილის ქუჩაზე ტროტუარში ჩაფლული კნეხტის მინით დაფარვას და მცირე საინფორმაციო სტენდის დამონტაჟებას, რომელზეც განთავსდება სანაპიროს ისტორიული სურათი და მოკლე ტექსტი სანაპიროს საუკუნოვანი განვითარების შესახებ. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს არსებული საზღვაო ისტორიული ობიექტის დაცვას და ახალი ტურისტული ადგილის შექმნას.

ბათუმის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ლაბორატორია

პროექტი მოიცავს ბათუმში თანამედროვე კინოლაბორატორიის შექმნას, რომელიც  აღჭურვილი იქნება საჭირო ტექნიკით და რომელიც საშუალებას მისცემს ქართველ დამწყებ კინორეჟისორებს, შექმნან ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმები.

ლაბორატორიაში ყოველწლიურად შეიქმნება სამი ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმი. პროექტის განხორციელება დაეხმარება ახალგზარდა, დამწყებ რეჟისორებს თავიანთი პოტენციალის რეალიზებაში.

იდეის ავტორები გიორგი თებიძე და ოთარ ქათამაძე არიან.

ტელეფონების დამტენი მოწყობილობები მზის ენერგიაზე

ამ იდეის მიხედვით ბათუმის მასშტაბით, ხალხმრავალ ადგილებში (მათ შორის, ერას მოედანზე და ცენტრალურ პარკში)  ტელეფონებისა და პლანშეტების მზის ენერგიაზე მომუშავე დამტენი მოწყობილობები დამონტაჟდება. დამტენებით სარგებლობას ყველა შეძლებს და უფასოდ დამუხტავენ თავიანთ ელექტრომოწყობილობებს. ეს იდეა სოფიო ნიკოლაიშვილმა წარადგინა პროექტში „შენი იდეა ბათუმს”.

თათების მეგობარი ქალაქი

ლევან ჩხაიძეს პროექტით: „ცხოველებზე მზრუნველი ქალაქი” სურს შემდეგი აქტივობების განხორციელება: ბულვარის ტერიტორიაზე, პარკებსა და სკვერებში მიუსაფარი ცხოველებისთვის სასმელი „წყლის ჯამების“ დამონტაჟება, თვეში ერთხელ გაჩუქების დღის დამკვიდრება, როცა შეძლებ იჩუქო ან გააჩუქო ცხოველი, ზებრა გადასასვლელების მოხატვა სხვადასხვა ფერადი თათებით, ფრინველებისა და ცხოველების კერების განთავსება, „ერთგული მეგობრის სამაგრის“ დამონტაჟება.

საქანელები ყველას

ნინო ლომაიას სურს, რომ ქალაქ ბათუმის სკვერებსა და პარკებში ისეთი საქანელები განთავსდეს, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება ზრდასრული ადამიანებისთვისაც. შედეგად, ზრდასრულებს მიეცემათ განტვირთვისა და დროის სასიამოვნოდ გატარების მეტი შესაძლებლობა.

საფეხმავლო ბილიკი

იდეა გულისხმობს ქალაქ ბათუმში, ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე უსაფრთხო საფეხმავლო ბილიკის მოწყობას ქვეითთათვის. იდეის ფარგლებში განხორციელდება ტერიტორიის რეაბილიტაცია, მოეწყობა ბილიკი და განთავსდება დასასვენებელი სკამები, რის შედეგადაც მოქალაქეები აღნიშნულ ტერიტორიაზე უსაფრთხოდ შეძლებენ გადაადგილებას.

იდეის ავტორი ნინო ლომაიაა.

სკვერი სამრეწველო უბანს

,,სკვერი სამრეწველო უბანს” ასევე ნინო ლომაიას პროექტია და გულისხმობს ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, სამრეწველო უბანში სკვერის მოწყობას. აღნიშნული უბანი ქალაქის ცენტრიდან მოშორებითაა და ძირითადად მრეწველობის ობიექტების სიმრავლით და გამწვანებული სივრცეების ნაკლებობით გამოირჩევა. მოსახლეობის სიმრავლიდან გამომდინარე, არსებობს სკვერის საჭიროებაც, რაც ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას მისცემს, განიტვირთონ მწვანე/რეკრეაციულ სივრცეებში.

როგორც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, ედნარ ნატარიძე ამბობს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია პროექტს „შენი იდეა ბათუმს“ უკვე მეოთხე წელია ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით ბათუმი ერთ-ერთი პირველია, სადაც მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამა დაინერგა საერთაშორისო პრაქტიკის და სტანდარტების გათვალისწინებით.

„იდეების გამოვლენა ხმის მიცემის გზით მიმდინარეობდა, რომელშიც ჩართულები იყვნენ ბათუმში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები. ზოგადად, პროექტის მიმართ ინტერესი და ჩართულობის დონე მზარდია. წელს ხმის მიცემაში მონაწილეობა მიიღო 2806-მა მოქალაქემ, ხოლო იდეებმა ჯამში 4654 ხმა დააგროვა. აღნიშნული იდეები წარედგინება საკრებულოს და ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში აისახება,“ – ამბობს ედნარ ნატარიძე

.

„შენი იდეა ბათუმს“ – ეს არის მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტი, რომელიც მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ ქალაქის ბიუჯეტის მართვაში და გადაწყვიტონ, რაში უნდა დაიხარჯოს მერიის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა. პროექტს ახორციელებს ბათუმის მერია და ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტო.

პროექტის მხარდამჭერები არიან: ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID/Georgia) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის პროგრამა (GGI Georgia)

გამოგვყევით: Facebook: www.facebook.com/idea.batumi.ge

Instagram: www.instagram.com/idea.batumi.ge

გადაბეჭდვის წესი


ასევე: