მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რა ნიშნებით ამოვიცნოთ ინსულტი და როგორია მისი პროფილაქტიკა – ექიმის რჩევები

01.06.2021 • 7700
რა ნიშნებით ამოვიცნოთ ინსულტი და როგორია მისი პროფილაქტიკა – ექიმის რჩევები

ინსულტი ჯანმრთელობის ერთ-ერთი წამყვანი პრობლემაა საქართველოში, რომელიც მაღალი ავადობითა და სიკვდილობით ხასიათდება. ამას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინიც მოწმობს. ინსულტის განვითარებისას დროულ სამედიცინო დახმარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ ამოვიცნოთ ინსულტი და რა უნდა გავაკეთოთ მისი თავიდან ასაცილებლად. “ბათუმელების” კითხვებს ნევროლოგი ჯამბულ მაკარაძე პასუხობს.

  • ბატონო ჯამბულ, როგორ ამოვიცნოთ ინსულტი?

ინსულტის გარეგნული ნიშნები ძალიან მარტივად ამოსაცნობია.

კერძოდ, უხშირესად ვითარდება რომელიმე მხარეს ხელ-ფეხის მოძრაობის შეზღუდვა, ანუ ე.წ. დამბლა, ძალის წართმევა.

შესაძლებელია მარცხენა ან მარჯვენა მხარეს ხელ-ფეხში იგრძნობოდეს დაბუჟება, განვითარდეს მეტყველების მოშლა, მხედველობის ველის გამოვარდნა, ანუ როცა ადამიანი მარჯვენა ნახევარს ვერ ხედავს და მარცხენას ხედავს, ან პირიქით.

ხშირად ინსულტის გარეგანი ნიშანია სახის ასიმეტრია – ცალ მხარეს პირის კუთხე ჩამოეშვება ხოლმე, რაც ძალიან თვალშისაცემია. ეს ნიშანი უკვე აშკარად მიუთითებს, რომ რაღაც პრობლემა არის.

ეს არის ძირითადი ნიშნები, მაგრამ გარდა ამისა, არსებობს ნიშნები, რომლებიც შეიძლება მხოლოდ ნევროლოგმა დაადგინოს,  შეიძლება ადამიანი მძიმედ იყოს ინსულტის დაწყებისთანავე, შეიძლება გონება დაკარგოს, გაბრუებული იყოს, ყლაპვის პრობლემა ჰქონდეს, წონასწორობა დაკარგოს და ა.შ.

  • ახასიათებს თუ არა ინსულტს ტკივილი?

ინსულტი არის ძირითადად ორი ტიპის, ერთი არის ტვინის ინფარქტი და მეორე – ტვინში სისხლჩაქცევა. ტვინის ინფარქტის ანუ იშემიური ტიპის ინსულტის დროს ტკივილი, როგორც წესი, არ აქვს ადამიანს. შეიძლება დიდი ზომის ინფარქტიც იყოს და ტკივილი არ ჰქონდეს, მაგრამ თუ არის ტვინის გარსებში სისხლჩაქცევა, საშინელი ტკივილი იცის, შეიძლება განვითარდეს ღებინება, კრუნჩხვა და ა.შ.

  • რას ნიშნავს, როცა ინსულტის გარეგანი ნიშნები ჩნდება და მალევე ლაგდება?

ზოგადად, ინსულტი არის თავის ტვინის სისხლძარღვის დაზიანებით მიმდინარე პათოლოგია, რომელიც 24 საათზე მეტ ხანს გრძელდება. თუ 24 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში თუნდაც 5 წუთში, 15 წუთში ან 15 საათში სრულად ალაგდა, ანუ უკუგანვითარდა ეს განვითარებული დეფექტი – ვთქვათ, სისუსტე ხელ-ფეხში, დაბუჟება… ასეთ შემთხვევაში ჩვენ არ ვამბობთ, რომ ამ ადამიანს ინსულტი განუვითარდა. ვამბობთ, რომ თავის ტვინში მოხდა სისხლის მიმოქცევის გარდამავალი მოშლა. ამას ტრანზიტორული იშემიური შეტევა ჰქვია სამედიცინო ენაზე. თუმცა ეს საკმაოდ ყურადსაღები მომენტია, რადგან ეს არის ერთ-ერთი პრედიქტორი იმისა, რომ მომავალში ამ ადამიანს აქვს დიდი რისკი ჩამოუყალიბდეს ინსულტი. შესაბამისად, აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს.

  • შეიძლება ინსულტის დროს ადამიანი სრულფასოვნად ვერ აზროვნებდეს?

თქვენ ალბათ გულისხმობთ ალიტერაციას, როცა პაციენტმა შესაძლოა ლიტერატურულად, აზრობრივად გაუმართავი წინადადება გვითხრას. საქმე ის არის, რომ ამ შემთხვევაში შესაძლებელია დაზიანებული იყოს საფეთქლის წილი, განსაკუთრებით მარცხენა საფეთქლის წილი, სადაც არის მეტყველების ცენტრი, ამიტომ შეიძლება ადამიანმა არეულად ისაუბროს, ამას ჰქვია სენსორული დისფაზია, ანუ მეტყველების მოშლის ერთი ვარიანტი. სულ რამდენიმე ვარიანტია, მაგრამ მათგან ორი არის ყველაზე ხშირი.

მეორე ვარიანტი არის – მოტორული დისფაზია, როცა ადამიანს ყველაფერი ესმის, იცის რას ვეუბნებით, მაგრამ თვითონ ვერ გვპასუხობს ან გვპასუხობს დიდი გაჭირვებით, თუმცა აზრობრივად შეიძლება დალაგებულად გვიპასუხოს. მოტორულად წარმოთქმა უჭირს და ეს, როგორც წესი, არის მარცხენა შუბლის წილის დაზიანების დროს. თუ ტვინის მარცხენა ნახევარი (შუა არტერიაში) დაზიანების დიდ კერად ყალიბდება, მაშინ შეიძლება ორივე ტიპის მეტყველების მოშლა განვითარდეს.

ეს არის ურგენტული დაავადება და ყველა შემთხვევაში უნდა გადავიყვანოთ პაციენტი საავადმყოფოში. უპირველესი ამოცანაა ნევროლოგმა ჩამოყალიბების პროცესში მყოფი თრომბი გახსნას ან მექანიკური ჩარევებით, ან ვენაში სპეციალური პრეპარატის შეყვანით, რითაც შეიძლება პაციენტს ავარიდოთ დაავადების გართულება, შემდგომი უნარშეზღუდულობა და ა.შ. .

  • პრევენციისთვის რას ვაკეთებთ?

ინსულტს თავისი რისკფაქტორები აქვს. რისკფაქტორების ერთი ჯგუფი არის თვითონ დაავადებები, რომელთა ფონზეც ინსულტი ხშირად ვითარდება, მაგალითად, წნევა, გულის არითმია, დიაბეტი, გულის ინფარქტი, გულის უკმარისობა და სხვ. ამ დაავადებების სწორი მკურნალობა და შესაბამისი მედიკამენტების მიღება ცალსახად ამცირებს ინსულტის განვითარების რისკს. მაგრამ მეორე ტიპის რისკფაქტორები არის ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: ცხოვრების სტილი, მავნე ჩვევები, გარემო ფაქტორები და სხვ.

მაგალითად, ნიკოტინის მოხმარება პირდაპირ კავშირშია ინფარქტებთან და ტვინში სისხლჩაქცევებთან, ისევე როგორც გულის ინფარქტთან, ფილტვის კიბოსთან, კუჭის წყლულოვან დაავადებებთან და ა.შ. ასევე, ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებლებში უფრო ხშირია თავის ტვინში დიდი ზომის სისხლჩაქცევები, მათ ასევე უზიანდებათ პერიფერიული ნერვული სისტემა, კუჭ-ნაწლავი, ღვიძლი და ა.შ. შემდედებელ სისტემაშიც უვითარდებათ პრობლემები.

ასევე რისკფაქტორია უმოძრაობა, იგივე ჰიპოდინამია, სუფრის მარილის ჭარბად მოხმარება, ქოლესტერინის მაღალი დონე, რომელიც ცხოველური ცხიმის ჭარბად გამოყენების შედეგია. ეს ყველაფერი არის ცხოვრების სტილთან და დიეტასთან დაკავშირებული რისკები.შესაბამისად, მათი კორეგირება ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციისთვის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: