მთავარი,სიახლეები

არ მეშინია მოვკვდე უკრაინისთვის – ბუღალტერი ქალი, რომელიც სამხედრო გახდა

15.09.2022 • 904
არ მეშინია მოვკვდე უკრაინისთვის – ბუღალტერი ქალი, რომელიც სამხედრო გახდა

„მე არ მეშინია იარაღით ბრძოლის. ერთადერთი რამის მეშინია – მოვკვდე ჩემს საწოლში, მარტო, ღამით. საშინელებაა მოკვდე საკუთარ საწოლში, ისე როგორც კვდებიან ჩვენი თანამოქალაქეები, როდესაც რუსული ბომბები ცვივა  უკრაინაში. მაგრამ თუ იარაღით ხელში მოვკვდები სამშობლოს დაცვისას, ამის არ მეშინია,“ – ამბობს უკრაინელი ოლენა ნოსაჩი.

ოლენა 38 წლისაა. 24 თებერვლამდე ეკონომისტი და ბუღალტერი იყო. ორი შვილი ჰყავს. ომის შემდეგ მისი ცხოვრება შეიცვალა. ოლენას შვილი ფრონტზეა და იბრძვის. თავადაც გადაწყვიტა მოხალისეთა რიგებს შეუერთდეს, სამხედრო წვრთნა გაიაროს და ომში წავიდეს.

ოლენას „ბათუმელები“ კიევში იმ დროს შეხვდა, როცა ის სარეკრუტო ცენტრში იყო გასაუბრებაზე მისული. მცირე დროის მიუხედავად, რომელიც ინტერვიუსთვის გვქონდა, მისთვის რამდენიმე კითხვის დასმა მოვახერხეთ. ოლენა 47-ე ბატალიონის შემადგენლობაში ჩაეწერა.

47-ე ბატალიონი მიმდინარე წლის აპრილში შეიქმნა, უკრაინის მთავრობის პატრონაჟით და მას 30 წლის ვალერი მარკუსი 25 წლის ივან შალამაგასთან ერთად ხელმძღვანელობს.

„მინდა, რომ ირგვლივ იყო მოტივირებული ადამიანები, რომ ვგრძნობდე გარშემომყოფებისგან მხარდაჭერას. სამხედრო კომისარიატთან ურთიერთობა საკმაოდ რთულია, რადგან იქ მიჰყავთ ადამიანები ვისაც საკუთარი სურვილით, მოხალისეობრივად არ სურთ ომში წასვლა. აქ სხვა სიტუაციაა,“ – ასე გვიპასუხა ოლენა ნოსაჩმა კითხვაზე, თუ რატომ აირჩია 47-ე ბატალიონის რიგებში ჩაწერა.

მისი თქმით მას აქამდე სამხედრო გამოცდილება არ ჰქონია, მაგრამ შეუძლია იყოს ქვეითი.

„რაც შეეხება მოტივაციის, ჩემი მოტივაცია არის სამშობლოს დაცვა. მეორე ჩემი შვილია. ორი ბიჭი მყავს. კიდევ ერთი მოტივატორი არის ის, რომ ფრონტის წინა ხაზზე სულ ახალგაზრდები არიან. და ეს ახალგაზრდა ადამიანები ხდებიან ომის ვეტერანები. წარმოიდგინეთ, რომ 18-19 წლის ბიჭები ომში უკვე ატარებენ ვეტერანის სტატუსს.

ეს საშინელებაა.

ვფიქრობ, თუკი იქნება ბევრი ზრდასრული, რომელიც მოხალისეობრივად ჩაეწერება არმიაში, ასეთი ახალგაზრდები აღარ გახდებიან ვეტერანები.

მე მყავს 20 წლის შვილი. არც კი მინდა წარმოვიდგინო, რომ მისმა ტოლებმა უნდა იბრძოლონ. რადგან ისინი უნდა მოგზაურობდნენ, უყვარდეთ და არ უნდა იბრძოდნენ,“ – ამბობს ოლენა.

ომი მის ოჯახსაც შეეხო.

„ჩემი შვილის ძალიან ახლო მეგობარი მძიმე ბრძოლაში დაიღუპა. მე არ ვიცნობდი, მაგრამ ის ბიჭი ჩემს შვილთან ერთად იბრძოდა. ჩემი შვილის მეორე ახლო მეგობარიც ომში დაიღუპა. ახლა უნდა დავკრძალოთ. ისინი  ყველანი ბავშვები არიან. ისინი აძლევენ უკრაინას ყველაზე ძვირფასს, თავიანთ სიცოცხლეს,“ – ამბობს ოლენა.

ენა, როგორც მაკავშირებელი და ზღვრის გამვლები

ოლენას თქმით მისი ოჯახი რუსულენოვანი იყო, მაგრამ 2014 წლის შემდეგ ყველამ უკრაინული ისწავლა.

„მე რუსულენოვანი ოჯახი მყავს, მაგრამ 2014 წლის შემდეგ ჩვენ აღარ ვლაპარაკობთ რუსულად. 2014 წელი ათვლის წერტილი იყო ჩვენთვის. როდესაც ჩვენ ვიდენტიფიცირდით ენობრივადაც უკრაინელებად.

რუსულ წრეებს საერთოდ ჩამოვშორდით.

მე ვცხოვრობ პავლოგრადში, სადაც ძირითადად რუსულენოვანი ოჯახები ჩამოდიოდნენ საცხოვრებლად. მაგრამ 2014-მა წელმა ყველაფერი ამოაყირავა.  ჩვენ [უკრაინელებმა] არამხოლოდ ერთმანეთში დავიწყეთ უკრაინულად საუბარი, არამედ გარეთაც. ქუჩაში, მაღაზიებში, სამსახურში. თავიდან ყველასთვის რთული იყო უკრაინული ენაზე გადასვლა, მაგრამ  ბოლოს უკვე ძალიან კარგად საუბრობდნენ. ახლა უკრაინულ ენაზე მოსაუბრე ჩემს ირგვლივ დაახლოებით 80 %-ია.

[რუსები] ძალიან ცუდად უყურებდნენ იმას, რომ ჩვენ აღარ ვსაუბრობდით რუსულ ენაზე და გამოვეყავით რუსულ საზოგადოებას.

იმხელა იყო კმაყოფილება, ქუჩაშიც კი გვეუბნებოდნენ „ილაპარაკეთ ნორმალურ ენაზე, თქვენ ხომ ასე კარგად გამოგდიოდათ რუსული“.

ჩემთვის არ არსებობს კარგი რუსი. ჩემთვის ეს მონების ერია. ჩემი აზრით, მალე რუსეთი, ასეთი ქვეყანა აღარ იარსებებს და ეს იქნება პატარა, დაქუცმაცებული ტერიტორია.

მონა ყველგან მონაა. მე მეცოდებიან ისინი. როცა მათ უყურებ, შეუძლებელია გძულდეს ისინი, მეცოდებიან. ეს ფსკერია. მათ მიმართ მხოლოდ სიბრალულს ვგრძნობ.

არაფერი არ მაქვს სათქმელი რუსებისთვის. ისინი არ იმსახურებენ ჩვენს ყურადღებას.

ისინი დაკარგული ერი არიან“.

 

გადაბეჭდვის წესი