რა ზიანი მოაქვს ჯანმრთელობისთვის მძიმე ტვირთის ხშირ ტარებას – ტრავმატოლოგის რჩევები

 სამუშაო ადგილზე მძიმე ნივთების აზიდვა ტრავმების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია მსოფლიოში. ზედმეტად მძიმე ტვირთის ხელით გადატანის მცდელობა ძლიერ დატვირთვას და სტრესს აყენებს სხეულს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კუნთების მტკივნეული დაჭიმვა, ან გაცილებით უფრო მძიმე პრობლემები – ხერხემლის ან სახსრების დაზიანებები.

ეს რისკი მხოლოდ ტვირთის ზიდვასთან დაკავშირებულ პროფესიებს არ უკავშირდება, ასეთივე საზიანოა ქალების მიერ ბაზრიდან ოჯახის სამსახურში მოტანილი ტვირთი, ბავშვისთვის შეუფერებლად მძიმე ჩანთის ტარება და ა.შ. ბათუმის სამედიცინო ცენტრის ორთოპედია – ტრავმატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, რაულ პაქსაძე ამბობს, რომ დაზიანება მძიმე ტვირთის ერთჯერადად აზიდვითაც შეიძლება განვითარდეს.

  • ბატონო რაულ, კონკრეტულად რა შეიძლება გამოიწვიოს სიმძიმეების ხშირმა აზიდვამ სამსახურის ან სახლის პირობებში?

როდესაც პროფესიისა თუ სხვა ვითარების გამო ადამიანს ყოველდღიურად უწევს სიმძიმეების აზიდვა, დროთა განმავლობაში მას უვითარდება როგორც ხერხემლის, ისე სახსრების რიგი დაავადებები. მაგალითად, მძიმე დატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს ხერხემლის დისკოების შევიწროება – „დაჯდომა“, რომელიც თანდათან იწვევს ნერვზე ზეწოლას, საბოლოოდ კი შეიძლება დადგინდეს დისკის თიაქრის დიაგნოზი. 

გარდა ამისა, სიმძიმე ძალიან ვნებს სახსრებს. შეიძლება მენჯ-ბარძაყის, მუხლის და კოჭ-წვივის სახსრების ხრტილის ნაადრევი მოცვეთა, ანუ გაფუჭება გამოიწვიოს, აქაც ვითარდება ართროზული მოვლენები, ანუ შესაძლოა ნელ-ნელა განვითარდეს სახსრების სხვადასხვანაირი დაავადება. 

 ტვირთის აზიდვისას გათვლილი უნდა იყოს მისი წონა და ზომა.

  • რა რეკომენდაციები არსებობს ტვირთის ხელით ტარებასთან დაკავშირებით?

ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ის, რომ სიმძიმის აზიდვა უმჯობესია ორივე ხელით, სიმეტრიულად.

მაგალითად, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს სასკოლო ჩანთის სიმძიმე ერთნაირად ჰქონდეს გადანაწილებული ორივე ბეჭზე, ცალი ხელით აქაჩვა და ასიმეტრიების გამოწვევა სიმძიმით არ არის რეკომენდებული. ასევეა დიდებში, ტვირთის წონა ჯობია ორივე ხელში იყოს გადანაწილებული და არა ცალ მხარეს, რადგან ასეთ დროს, ბუნებრივია, ცალი მხარე უფრო მეტად იტვირთება როგორც ხერხემალში, ასევე მენჯ-ბარძაყში, მუხლში და კოჭ-წვივში, სადაც იწვევს ტანდემობის დარღვევას, ანუ ამ სახსრების ცალმხრივ დატვირთვას, რომლებიც შემდგომში პათოლოგიებად ანუ დაავადებებად გარდაიქმნება.

სამედიცინო ქსელი Sutter Health – ის რეკომენდაციები ბავშვების მიერ სასკოლო ჩანთების ტარების შესახებ:

  • შეიძინეთ ზურგჩანთა ფართო, რბილი სახელურებით, რათა მინიმუმამდე დაიყვანოთ ზეწოლა მხრებზე და ლავიწის ძვალზე.
  • ატარეთ ჩანთა ორივე მხარზე, რომ წონა თანაბრად გადანაწილდეს.
  • დაჭიმეთ სახელურები ისე, რომ ჩანთა მოექცეს წელის ზემოთ დაახლოებით ორი სანტიმეტრით მაღლა.
  • მძიმე ჩანთის აზიდვისას წინ დახრის ნაცვლად, მოხარეთ ორივე მუხლი.
  • შეარჩიეთ მსუბუქი მასალისგან დამზადებული ზურგჩანთა. ტყავი უფრო მძიმეა, ვიდრე ნეილონი.
  • ჩაალაგეთ ყველაზე მძიმე ნივთები ზურგის ცენტრთან ახლოს, რათა მინიმუმამდე დაიყვანოთ დამატებითი დატვირთვა.
  • როგორ შეიძლება დავეხმაროთ სხეულს, თუ სიმძიმის აზიდვა პერიოდულად მაინც გვიწევს?

თუ პროფესიის გამო მაინც უწევს ადამიანს სიმძიმესთან შეხება და ეს მისი რუტინული საქმეა, მან პერიოდულად უნდა დაასვენოს, განტვირთოს სხეული. ანუ დღისით ამგვარ დატვირთვას საღამოს უნდა დაახმაროს განსატვირთი აქტივობები. ამისთვის საუკეთესო ვარიანტია ცოტა ხნით ორძელზე, ე.წ. ტურნიკზე ჩამოკიდება, ასევე ძალიან კარგია ცურვა და ცხადია, ცხოვრების ჯანსაღი წესი.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია იმ პროფესიის ადამიანებმა, მაგალითად, მშენებლებმა, რომელთაც სამსახურში უწევთ სიმძიმის აწევა, მაქსიმალური სიმკაცრით დაიცვან არა მარტო სიმძიმის აზიდვასთან, არამედ ნებისმიერ სხვა სამსახურებრივ საკითხთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომა, რაც პროტოკოლით არის გათვალისწინებული. სამწუხაროდ, ისე ხდება, რომ ასეთ სამსახურებში ძალიან მძიმე ტრავმებს იღებენ ადამიანები, ეცემათ ტვირთი, აქვთ ღია მოტეხილობები და ზოგჯერ ძალიან მძიმე შედეგებიც დგება.

  • რამდენად შესაძლებელია ერთჯერადად აზიდული სიმძიმით განვითარდეს ხერხემლის დაზიანება?

ხერხემალზე ალბათ უფრო იშვიათია, მაგრამ შეიძლება ერთჯერადმა მძლავრმა დაქაჩვამ გამოიწვიოს ზედა ან ქვედა კიდურში კუნთის გაწყვეტა, კუნთის ნაწილობრივი მწვავე რღვევა და თუ სერიოზული დაზიანებებია, საჭირო ხდება ოპერაციული ჩარევაც კი.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 12 ივლისის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 12 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 37 470 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +70]
  • ტანკი – 1 649 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 3 829 ერთეული [+1]
  • საარტილერიო სისტემა – 838 ერთეული [+0]
  • MLRS – 247 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 109 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 217 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 188 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 676 ერთეული [+0]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 155 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 699 ერთეული [+3]
  • სპეცტექნიკა – 66 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 12 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 243 თვითმფრინავი
  • 137 ვერტმფრენი
  • 1 513 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 354 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 046 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 741 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 135 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 4 165 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

რუსეთი უნდა დაიშალოს და 50 მილიონ ადამიანამდე შემცირდეს – ლეხ ვალენსა

რუსეთმა შესაძლოა უკრაინაში საბრძოლველად პატიმრები გაუშვას – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა რუსეთის არმიაში კადრების ნაკლებობაზე საუბრობს და ვარაუდობს, რომ ამან შესაძლოა, რუსეთის თავდაცვა აიძულოს, სამხედროთა არატრადიციული დაკომპლექტების მეთოდს მიმართოს.

„ეს გულისხმობს პირადი შემადგენლობის გამოყვანას რუსეთის ციხეებიდან კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერისთვის“, – წერს უწყება 12 ივლისის რელიზში.

დაზვერვის შეფასებით, თუ ეს ვარაუდი გამართლდება, ის მიუთითებს იმ სირთულეებზე, რომლებსაც რუსეთი დანაკარგების შევსებისას აწყდება.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა ჯერ კიდევ ივნისში ამახვილებდა ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ რუსეთი უკრაინაში „ვაგნერის“ დაქირავებულ მფრინავებს იყენებს. უწყების შეფასებით, რუსეთს ამ დროისთვისაც დიდი საბრძოლო დანაკარგი ჰქონდა და სათანადოდ მომზადებული პირადი შემადგენლობა აღარ ჰყოფნიდა.

რაც შეეხება აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს: „რუსეთი აცხადებს, რომ მისმა არმიამ დონეცკის ოლქის ქალაქი გრიგოროვკა დაიკავა. პარალელურად, რუსეთის ძალები განაგრძობენ შეტევას მთავარ გზაზე სლოვიანსკისა და კრამატორსკის მიმართულებით“.

უწყება აღნიშნავს, რომ გადაჯგუფებისა და ხელახალი ფორმირების შემდეგ რუსები, უახლოეს მომავალში, მომდევნო შეტევებისთვის ემზადებიან.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში დაზვერვა წერდა, რომ რუსეთის ხელისუფლება, ფაქტობრივად, ყოველგვარი შესვენების გარეშე, აიძულებს პირად შემადგენლობას, დარჩნენ აქტიური საბრძოლო მოქმედებების ზონაში, რაც არმიის მორალურ და ფიზიკურ დაუძლურებას იწვევს.

მთავარი ფოტო: „ვაგნერის“ წევრები სირიაში/ფოტო: Twitter

ჩაქვში რაგბის მოედნის მოსაწყობად 4,5 მილიონი ლარი დაიხარჯება

ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში, 15 058 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, სადაც ბუნებრივსაფარიანი სტადიონი იყო, ხელოვნურსაფარიან რაგბის მოედანს მოაწყობენ.

სამუშაოების შესყიდვაზე აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 4 559 943 ლარია.

ტენდერში წინადადებების მიღება დაიწყება 2022 წლის 27 ივლისს და ხუთ დღეში, პირველ აგვისტოს დასრულდება.

პირობის მიხედვით, რაგბის მოედანი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვეში უნდა მოეწყოს. ამასთან, „ვადის ცვლილების (გაზრდის) საფუძველს არ წარმოადგენს მეტეოროლოგიური მოვლენები, ასევე, ობიექტის მიმდებარედ მიმდინარე სხვა სამუშაოები.“

პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე არსებულ შენობას დაანგრევენ. რაგბის მოედნის ფართობი იქნება 7 850 კვ.მ. მთლიან სივრცეზე განთავსდება ტრიბუნები, რომელიც გათვალისწინებულია 349 მაყურებელზე, აქედან 6 ადგილი შშმ პირებისთვის.

ტერიტორიაზე მოეწყობა პარკირება 6 მსუბუქი ავტომობილისათვის. მთავარი შენობის ფართობი კი 895.3 კვ.მ იქნება [მასში განთავსდება: დერეფნები, სან.კვანძი/გასახდელები/სანკვანძი, საწყობი, სამზარეულო, სასადილო, კაბინეტები, სავარჯიშო სივრცე, დამლაგებლისა და დაცვის ოთახები და სხვ.]

[toggle title=„პროექტის განმარტებითი ბარათის სანახავად დააწკაპუნეთ აქ“]„მთავარ შენობას სამი შესასვლელი აქვს გზის მხრიდან და სამი მოედნის მხრიდან. შენობის მოედნის მხარე გასასვლელებით მოხვედრა შესაძლებელია ტერასაზე.

შენობა შესასვლელების საშუალებით დაყოფილია 5 ნაწილად.

პირველ ნაწილში განთავსებულია დაცვის ოთახი, დამლაგებლის ოთახი და სათავსო.

მეორე ნაწილში არის: სასადილო სივრცე, სამზარეულო და სამი სანკვანძი, ერთ-ერთი ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

მესამე ნაწილი მთლიანად მოიცავს სავარჯიშო სივრცეს ტრენაჟორებით.

მეოთხე ნაწილში განთავსებულია: გასახდელები საშხაპეებითა და სანიტარული კვანძებით, ექიმის ოთახი თავისი სანიტარული კვანძით, მსაჯისა და მწვრთნელის ოთახი თავისი სანიტარული კვანძებით, კაბინეტი და ყველასთვის განკუთვნილი 2 სანიტარული კვანძი, ერთ-ერთი ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

მეხუთე ნაწილში ელექტრონული ფარი და კაბინეტებია განლაგებული.

შენობის ძირითადი ნაწილი ვიტრაჟულია. დიდი ვიტრაჟები განთავსებულია სავარჯიშო სივრცესა და სასადილოში. გარდა იმისა, რომ შენობას მოედნის მხრიდან დამცავი ბარიერი უკეთდება, ასევე გადავწყვიტეთ, ვიტრაჟების დასაცავად და უკეთესი ვიზუალის შესაქმნელად ვიტრაჟებზე გაგვეკრა ლითონის ბადე.

შენობის ძირითადი ფერია წითელი. ხუთივე ნაწილი ფასადებზე გამოკვეთილია წითელი კონტურით, რომელსაც მიუყვება წითელი განათება, რაც შენობას უფრო ნათელს და ლამაზს ხდის.“[/toggle]

 

ჩაქვში დღეს არსებული მოედანი / ფოტო პროექტიდან
რაგბის მოედანი ჩაქვში / რენდერი პროექტიდან

ტერიტორია ჩაქვში, სადაც ახალი მოედნის აშენებაა დაგეგმილი, ბათუმი-ქობულეთის მაგისტრალთან მდებარეობს. ეს ტერიტორია ჯერ სახელმწიფოს საკუთრებაში იყო, შემდეგ – ქობულეთის მუნიციპალიტეტის და ამჯერად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია.

ამ თემაზე:

ჩაქვში ფეხბურთის სტადიონის ადგილას რაგბის მოედანს ააშენებენ

რატომ ღირს საკვები საქართველოში უფრო ძვირი, ვიდრე თურქეთში

საქართველო-თურქეთის საზღვარზე ყოველდღიურად რიგებია. საქართველოდან თურქეთში ასობით მოქალაქე გადადის ერთი დღით – წამლების, პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებებისათვის.

თუ აქამდე თურქეთში ძირითადად მედიკამენტებისათვის გადადიოდნენ, ახლა საზღვარზე ხშირად შეხვდებით მოქალაქეებს ხელში ზეთის 5-ლიტრიანი ქილებით. 5 ლიტრი ზეთი თურქეთში 145-160 ლირა (24-27 ლარი) ღირს, საქართველოში კი მინიმუმ 43 ლარი.

საზღვრის გარდა რიგებია დიდ სუპერმარკეტებშიც. საქართველოდან გადასული მოქალაქეები, პროდუქტებით დატვირთული ურიკებით დგანან სალაროს რიგში. ყიდულობენ ყველაფერს, წვრილმანების ჩათვლით.

ზეთი, ყველი, ყავა, მაკარონი, ქიშმიში, მაიონეზი, იოგურტი, კარაქი, კარტოფილი, ტომატი, ზეითუნის ზეთი, ზეთისხილი – ეს არის არასრული სია იმ პროდუქტების, რომელიც თურქეთიდან საქართველოში გადმოაქვთ.

თურქეთში გადამსვლელთა რიგი სარფის საბაჟოზე 8 ივლისი, 2022 წელი

„ბათუმელების“ კითხვაზე, რატომ ყიდულობენ პირველადი მოხმარების პროდუქტს საზღვარგარეთ, მოქალაქეები ამბობენ, რომ „ნებისმიერი რამ, გაცილებით იაფი ღირს თურქეთში, ვიდრე საქართველოში“.

საქართველოს მოქალაქეებისთვის ძირითადი სავაჭრო ცენტრი საზღვრისპირა ქალაქები – ქემალფაშა და ხოფაა. ამ ქალაქებში მოხვედრა საზღვრიდან ადვილია და თან იაფი. მაგალითად, სარფიდან ხოფამდე მგზავრობა 3.40 ლარი [20 ლირა] ღირს და სამგზავრო მიკროავტობუსი 20 წუთში ერთხელ გადის.

რა ღირს პროდუქტები თურქეთში და რა ღირს საქართველოში, ამის გადასამოწმებლად „ბათუმელებმა“ ერთი და იგივე სახეობის პროდუქციის ფასები შეადარა.

1 ლიტრი „ევინის“ ფირმის მზესუმზირას ზეთი თურქეთში 5.84 ლარი [34.50 ლირა] ღირს. „ბათუმელებმა“ გადაამოწმა და აღმოაჩინა, რომ ბათუმში, დიდ სუპერმარკეტებში ზეთების სექცია ძირითადად რუსული წარმოების ზეთითაა შევსებული.

1 ლიტრი რუსული წარმოების მზესუმზირას ზეთის ფასი ბათუმის სუპერმარკეტებში 7,50 ლარიდან იწყება და ათ ლარს აღწევს.

საქართველოს მოქალაქეები თურქეთში ძირითადად 5 ლიტრიან ბოთლებში ჩამოსხმული ზეთს ყიდულობენ. თურქეთში, 5 ლიტრი მზესუმზირის ზეთის ფასი (დამოკიდებულია მწარმოებლებზე) 24-27 ლარის ფარგლებში მერყეობს, მაშინ, როცა საქართველოში 5 ლიტრი ზეთის ფასი 43 ლარიდან იწყება და 60 ლარს აღწევს.

4 ლიტრი ზეთი 145 ლირა (24 ლარი) ღირს, 5 ლიტრი კი 155 ლირა (26 ლარი)

ყავა „იაკობს მონარქი“ 95 გრ. თურქეთში 9.30 ლარი [55 ლირა] ღირს, საქართველოში კი 15 ლარი.

1 კილოგრამი ქიშმიში (თეთრი, შავი) თურქეთში 6 ლარი ღირს, ხოლო საქართველოში 15-16 ლარი.

ისეთი პროდუქტის ფასები, რომლებიც უშუალოდ თურქეთიდან შემოდის, საქართველოში თურქეთში არსებულ ფასზე ბევრად მაღალია. მაგალითად, თურქული კომპანია „Sütaş“-ის ცხიმიანი თეთრი ყველი (ბრინზა) 900 გრამი თურქეთში ღირს 16.75 ლარი [99 ლირა], ხოლო იგივე ფირმისა და წონი ყველი საქართველოში 31 ლარი ღირს.

მნიშვნელოვანი ფასთა სხვაობაა სარეცხ საშუალებებზეც.

მაგალითად, ჭურჭლის სარეცხი სითხე „ფეირი“ (750მლ) თურქეთში 3.85 ლარი [22,50 ლირა] ღირს. საქართველოში ზუსტად იგივე მოცულობის „ფეირის“ ფასი კი 6.50 ლარია.

სარეცხი ფხვნილი „არიელი“ 9 კილოგრამიანი შეფუთვით 21.15 ლარი [125 ლირა] ღირს. საქართველოში იგივე სარეცხი ფხვნილის ფასი, ოღონდ 6 კილოგრამიანი შეფუთვა 27.50 ლარია.

მარცხნივ, 9კგ-იანი “არიელის” ფასი თურქეთში, მარჯვნივ 6 კგ-იანი “არიელის” ფასი საქართველოში

საწმენდი სითხე „დომესტოსი“, 750 მლ-იანი მოცულობის თურქეთში 17, 70 ლირა (3 ლარი) ღირს. საქართველოში იგივე მოცულობის დომესტოსი კი 5.50 ლარი. მნიშვნელოვანი ფასთა სხვაობაა სხვა თურქული წარმოების სარეცხ საშუალებებზეც საშუალოდ 2-3 ლარით უფრო იაფია თურქეთში, ვიდრე საქართველოში.

რა ფაქტორები ახდენს გავლენას სურსათის ფასებზე

ის ფაქტი, რომ საქართველო სურსათის მხრივ იმპორტდამოკიდებულია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფასებზე.

„სამომხმარებლო კალათის ძალიან დიდი წილი მოდის იმპორტირებულ პროდუქტზე. ადგილობრივი წარმოება სრულად ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. სურსათის ფასებს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საერთაშორისო ბაზრებზე, უფრო კონკრეტულად – სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენები.

ასევე განსაზღვრავს საწვავის ფასი ტრანსპორტირების კუთხით და სავაჭრო შეზღუდვები ან ექსპორტის ტარიფის ცვლილება.

ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს პროდუქტის ფასებზე, არის გაცვლითი კურსი. იმპორტირებულ პროდუქტს ჩვენ ხშირ შემთხვევაში ვყიდულობთ ამერიკულ დოლარში ან სხვა ვალუტაში,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი სალომე დეისაძე.

კითხვაზე, რა განაპირობებს იმ ფაქტს, რომ თურქეთში საკვები პროდუქტი უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში, სალომე დეისაძე პასუხობს, რომ ვალუტის კურსი.

„ამ შემთხვევაში პროდუქციის ფასებს განსაზღვრავს ის, თუ როგორია გაცვლითი კურსის მიმართება თურქულ ლირასა და  ქართულ ლარს შორის. ბოლო პერიოდის განმავლობაში თურქული ლირა ქართულ ლართან შედარებით უფასურდებოდა, შესაბამისად ლარის მსყიდველობით უნარიანობა იყო უფრო მაღალი, თურქულ ლირასთან შედარებით,“ – ამბობს სალომე დეისაძე.

სალომე დეისაძე

ის ფაქტი, რომ ერთი და იგივე მწარმოებლის პროდუქტი, თურქეთში უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში ორი ფაქტორით აიხსნება – ტრანსპორტირების ხარჯით და ვალუტის გაცვლითი კურსით.

„ტრანსპორტირების ფასი არის გაზრდილი, რადგან საწვავის ფასები გაიზარდა მსოფლიოში. ფასთა სხვაობა შეიძლება იყოს ტრანსპორტირებით გამოწვეული, ასევე სავაჭრო ტარიფებითა და გადასახადებით. ჩვენთვის იმპორტზე და მათთვის ექსპორტზე გადასახადით.

იმისათვის, რომ თურქეთიდან პროდუქტი საქართველოში აღმოჩნდეს, უნდა შემოვიდეს ჯერ ქვეყანაში. ტრანსპორტირება სჭირდება პროდუქტს, შემდეგ სჭირდება განბაჟება, მთელი რიგი საბაჟო პროცედურებია. სხვადასხვა ტიპის გადასახადები და ტარიფები. შემდეგ ნაწილდება ადგილობრივ იმპორტიორებზე, მერე დისტრიბუცია და საბოლოოდ მიდის მომხმარებლამდე. ეს ყველაფერი კი უძვირებს მომხმარებელს პროდუქტს,“ – ამბობს სალომე დეისაძე.

„ოცნების“ ამოცანაა შფოთვა და სიღარიბე შეინარჩუნოს – ინტერვიუ ფსიქოლოგთან

„ხელისუფლების ამოცანაა, საზოგადოების შფოთვა შეინარჩუნოს, სტრატეგიულად რომ იმოქმედოს“ – თავის დაკვირვებას გვიზიარებს ფსიქოლოგი დავით ჯინჭარაძე, რომელმაც აბუ დაბის ნიუ-იორკის უნივერსიტეტი დაამთავრა და ამჯერად მაგისტრატურისთვის ემზადება. დავით ჯინჭარაძე ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ასისტენტ-მკვლევარია.

5-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში დაბრუნებული დავით ჯინჭარაძე მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საზოგადოება კომპლექსებს უნდა მოერიოს და უფრო აქტიური მოქმედება შეძლოს. ფსიქოლოგის აზრით, გადამწყვეტი ახლა ე.წ. შუაში მდგომი ამომრჩევლის ქცევაა. დავით ჯინჭარაძე გვიყვება, როგორ „მუშაობს“ მმართველი პოლიტიკური ძალის გზავნილები და რამ შეიძლება შეცვალოს „ოცნების“ ამომრჩეველი.

  • დავით, 20 ივნისის ბათუმის აქციაში „შინ ევროპისკენ“ მონაწილეობდით. თქვენი დაკვირვებით, რა სახის გავლენა შეიძლება ჰქონდეს დღეს სამოქალაქო საზოგადოებას, როგორც პოლიტიკური პარტიებისგან დისტანცირებულ აქტორს? 

დაახლოებით 5 წელი არ ვცხოვრობდი საქართველოში, აბუ დაბის გარდა ვცხოვრობდი ბრიტანეთში, გერმანიასა და იტალიაში, სადაც სხვა მიდგომაა პროტესტის მიმართ. ევროპის ქვეყნებში სამოქალაქო პროტესტი არის ძალა. მაგალითად, ბრიტანეთში ხალხმა გარემოსდაცვით საკითხებზე გადაკეტა მთავარი ქუჩა, პარალიზება მოახდინეს… შესაბამისად, დასავლეთში არ არის იმის კომპლექსი, რომ პროტესტი შეიძლება იყოს რადიკალური. აქ კი, შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ლიბერალურად განწყობილ ადამიანებს აქვთ კომპლექსი, არ აღიქვან რადიკალებად.

პროტესტის და ადამიანთა ჯგუფების ჩამოყალიბების კუთხით არსებობს ორი კომპლექსი: პროტესტი მონაწილეთა არასასურველ ნაწილთან გაიგივების, რაც იყო, მაგალითად, ბოლო აქციებზე – „ნაციონალად არ მინდა ჩამთვალონ“. მეორეა საკუთარი ავტონომიურობის დაკარგვის შიში, როცა დავინახეთ, რომ შიდა ჯგუფებს შორის ვერ შეთანხმდნენ, მაგალითად, უნდა ეთქვათ თუ არა პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ეს უნდა ყოფილიყო თუ არა პროტესტის ნაწილი.

ჩემი აზრით, პროტესტი არ უნდა იყოს მხოლოდ გამოხატული თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ის უნდა გაიშალოს ყველგან და მეორე: როცა ადამიანები იკრიბებიან, შემდეგ მკაფიო უნდა იყოს: რას ვაკეთებთ ახლა? პროტესტი რომ იყოს უფრო ეფექტური, მან მაქსიმალურად უნდა შეუქმნას დისკომფორტი ხელისუფლებას.

  • საზოგადოებრივი პროტესტის პირობებში, როგორ მუშაობს „ქართული ოცნების“ გზავნილები? მაგალითად, 3 ივლისის აქციაზე „ოცნების“ დეპუტატმა აგინა აქციის მონაწილეებს და მიხეილ სააკაშვილს – სამოქალაქო აქტივისტები პოლიტიკურ ოპონენტთან გააიგივა.

ამ სტრატეგიას „ქართული ოცნება“ დიდი ხანია იყენებს და ცდილობს, რომ ადამიანის არჩევანი დაიყვანოს ერთამდე: „ოცნება“ გამუდმებით იმეორებს, რომ ნებისმიერი სხვა აქტორი რეალურად სააკაშვილია, ბუა. ჩემთვის ეს მოცემულობა ყველაზე ნათლად აჩვენებს ობსესიური იდეოლოგიის გამოყენების პრაქტიკას.

არსებობს ობსესიურ-კომპულსური აშლილობა, როცა ადამიანი კარგავს რეალობის ადეკვატურად აღქმის უნარს და აქვს აკვიატებული აზრები. ეს დაახლოებით იგივეა, როცა ადამიანი მიჯაჭვულია მწეველობაზე, ან ტკბილეულზე. „ოცნებიზმი“, „ბიძინიზმიც“ შეიძლება იყოს ობსესური იდეოლოგია. იდეოლოგიაზე დამოკიდებულების წინაპირობა არის სოციალური მიზნების დაუკმაყოფილებლობა, სიღარიბე. მაგალითად, ვირთხები, რომლებიც იზოლირებულები არიან უბრალო გალიაში, უფრო ხშირად მოიხმარენ მორფინს, ვიდრე ის ვირთხები, ვინც კეთილმოწყობილ გალიებში არიან განთავსებული. ეს აჩვენებს იმას, რომ იმ ადამიანზე ზემოქმედება უფრო ადვილია, ვინც სოციალურად ფრუსტრირებულია.

განგრძობითად სიღარიბეში ყოფნა, სადაც ჩვენ გვიწევს ცხოვრება ათწლეულებია, ადამიანს აიძულებს, გრძელვადიანი მიზნების მაგივრად მხოლოდ მოკლევადიან მიზნებზე ფოკუსირდეს, თუნდაც ტომარა კარტოფილზე, ან მოკლე დროში ქუჩის მოწესრიგებაზე… ამ შემთხვევაში ადამიანი დროს სხვანაირად შეიგრძნობს. ადამიანი, რომელიც ცხოვრობს სიღარიბეში და ვერ რეალიზდა, ხედავს მარტივ გზას, თითქოს გახდეს რეალიზებული. მაგალითად, არარეალიზებული ხალხია „ქართული მარშის“ წევრები, რომლებიც ცდილობენ ამოივსონ იდეოლოგიით სოციალური არარეალიზებადობის სივრცე. „ოცნებისთვის“ ასეთი ადამიანებით მანიპულირება ადვილია.

  • ეს „იდეოლოგიური ობსესია“ რით განსხვავდება, მაგალითად, წინა ხელისუფლების დროს მმართველი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერებისგან? 

ერთი კვლევა ჩაატარეს, როცა ლიბერალურად და კონსერვატიულად განწყობილ ადამიანებს ჰკითხეს, როგორი იქნებოდა მათი რეაქცია, თუ გაიგეს, რომ მათმა რჩეულმა პოლიტიკოსმა მოიპარა, მაგალითად, ფული. შემდეგ თანდათან მძიმდება კითხვარი: დავუშვათ, იძალადა თქვენმა რჩეულმა, ან ნარკოტიკი შემოაქვს ქვეყანაში… ამ კვლევით გამოჩნდა, რომ ლიბერალურად განწყობილი ადამიანი ნაკლებად პატიობს თავის რჩეულს შეცდომებს, თუმცა თითოეულ ადამიანს აქვს რაღაც წერტილი, საიდანაც ის შეწყვეტს ამა თუ იმ ადამიანის, ან პარტიის მხარდაჭერას.

„ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველიც შეიძლება იყოს კონსერვატიული განწყობის მქონე. „ოცნებას“ კი აქვს გაწერილი ოფიციალურად, რომ ის მემარცხენე პოლიტიკური ძალაა, მაგრამ მათი განცხადებები ადასტურებს, რომ მემარჯვენე იდეოლოგია აქვს. „ნაციონალური მოძრაობის“ და „ოცნებისაც“ მთავარი მიზანია, რომ ამომრჩევლის მობილიზება შეძლოს და იმის გამო, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის არის ზუსტად კონსერვატიული განწყობის მქონეს, ამ ხალხის მობილიზება ხდება არჩევნების მოგების წინაპირობა.

ლიბერალურად განწყობილი ამომრჩევლის მობილიზება კი, გაცილებით რთულია, რადგან მას შესაძლოა, რაღაც განცხადება, ან ქმედება არ მოეწონოს და უარი გითხრას, კონსერვატორს – შეუძლია თვალი დახუჭოს ბევრ რამეზე.

ამის მაგალითებს ჩვენ ყოველდღე ვხედავთ, მაგალითად, „ოცნების“ მხარდამჭერები აკრიტიკებენ ოპოზიციონერი გრიგოლ ვაშაძის სიტყვიერ შეურაცხყოფას, მაგრამ იგივე ჯგუფი ვერ ხედავს პრობლემას, როცა ანრი ოხანაშვილი ფიზიკურად ძალადობს სხვაზე. ეს ახასიათებს იდეოლოგიურ ობსესიას, რომ საკუთარ ჯგუფში რაღაცას მარტივად აღიქვამ და სხვა ჯგუფში ამჩნევ პრობლემას, რადგან იდეოლოგია, რომელსაც აკუთვნებ თავს, ის ხდება წამყვანი. ასეთი ადამიანებით მანიპულირება იოლია მმართველი პოლიტიკური ძალისთვის.

  • ნებისმიერი გამოკითხვით საქართველოში 85 პროცენტი ირჩევს ევროინტეგრაციას. თქვენი აზრით, ეს ხომ არ არის ის, რასაც თქვენ წერტილი უწოდეთ და რამაც შესაძლოა „ოცნების“ ამომრჩეველიც გააბრაზოს? ამის მაგალითი ხომ არაა დღევანდელი ამბები – საკრებულოებს ტოვებენ „ოცნების“ დეპუტატები, ამ შემთხვევაში აშშ-ის ელჩი რომ ღიად გააკრიტიკონ. 

დღევანდელ სიტუაციაში განსაკუთრებით ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, როგორ იაქტიურებს და რამდენად თანმიმდევრული იქნება პროევროპული, ლიბერალურად განწყობილი 40 პროცენტი, რომელიც ამ დრომდე ამბობს, რომ არჩევანი არ აქვს.

თუ დააკვირდებით: „ოცნების“ მესიჯებს აერთიანებს ის, რომ ის ეფუძნება ადამიანის შიშებს და შავ პიარს. ერთის მხრივ, „ოცნება“ ცდილობს „გააშავოს“ ადამიანი „გეობით“, ან „ნარკომანობით“, ან შეაშინოს, უთხრას, რომ „მიშა მოვა“ და „ომი გინდათ“? „ოცნება“ თვლის, რომ კარგი საშუალება ჩაუვარდა ხელში ახლა შიშებზე სამუშაოდ, როცა უკრაინაში ომია, ხოლო ომის გამოცდილება ახლო წარსულში უკავშირდება „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდს. „ოცნება“ დღეს ამბობს იმას, რომ ის თუ არ იქნება ხელისუფლებაში, მოვა სხვა, რომელიც რეალურად „სააკაშვილია“ და იქნება ომი. ადამიანების ნაწილსაც ურჩევნია საკუთარი შიშით და კომპლექსებით მოქმედება, ვიდრე ობიექტურად დაფიქრება.

როცა ადამიანს აქვს შიში და შფოთვა, გაცილებით უჭირს მას ობიექტურად არჩევანის მიღება, თუნდაც ეს არ იყოს ომთან დაკავშირებული. როცა ადამიანი ძალიან ნერვიულობს რაღაცაზე, ის თავის საქმეს ვეღარ აკეთებს. ამიტომაც, ხელისუფლების ამოცანაა ნერვიულობის მაღალი დონე – შფოთვა შეინარჩუნოს, რომ სტრატეგიულად იმოქმედოს. თუ ადამიანი ლოგიკურად იმოქმედებს, მაშინ „ოცნებას“ ამომრჩევლის მობილიზება გაუჭირდება.

მე არ ვხედავ დღეს იმის შანსს, რომ „ოცნებამ“ თავისი ამომრჩეველი დაკარგოს, რადგან ივანიშვილი, როგორც პირველწყარო, სხვადასხვა მესიჯბოქსით მუშაობს, რომ არ დაკარგოს ამომრჩეველი: ერთია, მაგალითად, „ქართული მარში“, რომელიც პირდაპირ მიემართება რადიკალურად განწყობილ ნაწილს, მეორეა სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ხელისუფლებას როცა აკრიტიკებს, იმავე დოზით აკრიტიკებს ოპოზიციასაც და რეალურად გაურბის პასუხისმგებლობას. მესამე ფრთაა ის სამი დეპუტატი, რომელიც თითქოს გაემიჯნა „ოცნებას“… მათ აქვთ საერთო გზავნილები, რომ არ დაიბნეს ამომრჩეველი, მაგრამ ეს გზავნილები გათვლილია სხვადასხვა კატეგორიის ამომრჩეველზე. მაგალითად, ადამიანი, რომელიც „ოცნების“ მხარდამჭერია და ამბობს, რომ ქვეყნის მომავალი აუცილებლად ევროპული უნდა იყოს, ის მოუსმენს სალომე ზურაბიშვილს.

ეს პოლიტიკური მანევრი როგორ იმუშავებს ამომრჩეველზე, როცა „ოცნებიდან“ წასული ადამიანები ცდილობენ „ალტ-ინფოს“ და „პატრიოტთა ალიანსის“ ჩანაცვლებას, რადგან ამ ძალებმა მუშაობა ვერ შეძლეს? 

ნაკლებად მაქვს მოლოდინი, რომ „ოცნების“ ამომრჩეველი შეიცვალოს. თუკი მათ მივაწვდით წინააღმდეგობრივ ინფორმაციას, მაგალითად, რატომ არის ცუდი ოლიგარქია და რა საფრთხეს უქმნის ქვეყანას ივანიშვილის ოლიგარქობა, ის შესაძლოა უფრო რადიკალური გახდეს.

„ქართული ოცნების“ ამომრჩევლის ნაწილი ახლაც რადიკალურია, რომლის დაკარგვად „ოცნებას“ არ უნდა. შესაბამისად, ეს აგრესია მზარდია.  როცა ადამიანი მოცულია იდეოლოგიით, მისი იდენტობაც ქვეითდება: ვინ ვარ მე? – ამ კითხვას ვპასუხობთ, რომ ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი. ეს არის ჩემი იდენტიფიცირების ხაზი, რომელ პოლიტიკურ პარტიასაც არ უნდა ვუჭერდე მხარს, მაგრამ ჩვენ გვესმის არგუმენტი, რომ კი ბატონო, ქართველი ვარ, მაგრამ რად მინდა ისეთი ევროპა, თუ ის უარს მათქმევინებს ივანიშვილზე.

  • თქვენი დაკვირვებით, რას ეყრდნობა დღეს მოშე კლუგჰაფტის [პოლიტტექნოლოგი] მიერ „ოცნებისთვის“ თავის დროზე შემუშავებული გზავნილები? 

მოშეს ბიოგრაფიიდან კარგად ჩანს, რა გზავნილებით მუშაობს ის განვითარებად ქვეყნებში, სადაც სიღარიბეა მნიშვნელოვანი და მუშაობს სიძულვილი, ასევე შიშები, კომპლექსები. მაგალითად, ავსტრიაში მოშემ კანცლერს, პოპულარიზაციის გაზრდისთვის, პიცის მიმტანობა შესთავაზა. შესაბამისად, მოშემ კარგად იცის, რა მუშაობს ჩვენისთანა ღარიბ ქვეყანაში.

მნიშვნელოვანია კულტურის გავლენაც, მაგალითად, საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის ბილბორდებზე კაცები ჩანდნენ?

მოშე ძირითადად მუშაობს ულტრამემარჯვენე პარტიებთან სხვადასხვა ქვეყანაში და ის ძირითადად ეფუძნება შავ პიარს, სიძულვილს. გახარიას შემთხვევაშიც „ოცნებამ“ ამუშავა ნარკომოხმარების თემა და პლუს სიძულვილი. ძირითადი გათვლაა კონსერვატიულ ღირებულებებზე, რადგან არამხოლოდ საქართველოში, ყველგან ადამიანებს ეშინიათ განსხვავებულობის. ჩვენი ტვინის დიდი ნაწილი არქაულია, თუმცა იგი ცხოველებისგან იმით განსხვავდება, რომ შეგვიძლია რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება ანალიზის საფუძველზე: არ უნდა ვიყოთ მხოლოდ მინდობილი ემოციებს და სიძულვილს.

ჩვენ არჩევნებზე ჯერ კიდევ სიძულვილის ფაქტორით ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ჯერ კიდევ ვმოქმედებთ, როგორც ცხოველები. ჩვენ უნდა მოვახერხოთ რაციონალური არჩევნების ჩატარება, სადაც საარჩევნო პროგრამები და ხედვები იქნება მნიშვნელოვანი და განსხვავებული, მაგრამ რაციონალური პოლიტიკური ძალები შევლენ პარლამენტში.

  • სად ხედავთ რესურსს იმისთვის, რომ ხელისუფლება იძულებული გახდეს შეასრულოს EU-ს რეკომენდაციები? 

მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის, ლიბერალურად განწყობილი ადამიანების მობილიზება და აქტიურობა.

ვფიქრობ, ყველაზე მეტად ახლა გვჭირდება ადამიანებს ერთმანეთთან საუბარი. თითოეულმა ჩვენგანმა ირგვლივ მყოფ ადამიანებს უნდა ვუთხრათ, რას ვკარგავთ, თუკი ვკარგავთ ევროპულ მომავალს. მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ შესაძლოა ჩვენი „ბრალი“ არ არის რაღაც, მაგრამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები არის და იქნება ჩვენი პასუხისმგებლობა. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობის კომპლექსი. მნიშვნელოვანია დავინახოთ სხვაობა „ბრალსა“ და „პასუხისმგებლობას“ შორის.

ამიტომაც, აქციების გამართვა კარგია, ეს იყო ერთი კარგი ნაბიჯი, მაგრამ მხოლოდ ეს საკმარისი არაა და ამას ყველა კარგად ვხედავთ. უნდა ვკითხოთ ჩვენს თავს: რის გაკეთებაზე ვარ წამსვლელი ჩემი ქვეყნისთვის? – ჯერ იქნებ ამ კითხვას ვუპასუხოთ.

„არ ვიქნები ოლიგარქი“ – ყველაზე მდიდარი უკრაინელი მედია ბიზნესიდან მიდის

უკრაინის ყველაზე მდიდარი ადამიანი, მილიარდერი რინატ ახმეტოვი აცხადებს, რომ მედია ბიზნესიდან მიდის და უარს ამბობს საკუთარ მედიაჰოლდინგზე ქვეყნის სასარგებლოდ.

შესაბამისად, ახმეტოვის მედიაჰოლდინგში – „უკრაინის მედია ჯგუფში“ შემავალი ყველა მედიასაშუალება უარს იტყვის ლიცენზიებზე სახელმწიფოს სასარგებლოდ. საუბარია ტელეარხებზე, ვებგვერდებსა და ბეჭდურ მედიაზე, სადაც 4 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

ამის მიზეზი გახდა კანონი ოლიგარქიის შესახებ.

„ეს გადაწყვეტილება ნაკარნახევი იყო კანონით – „ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის აღკვეთის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირთა (ოლიგარქების) გადამეტებულ გავლენებთან.

როგორც უკრაინის ეკონომიკაში ყველაზე მსხვილ კერძო ინვესტორს, არაერთხელ მითქვამს, რომ არ ვიყავი, არ ვარ და არ ვიქნები ოლიგარქი.

მედიის აქტივების გაყიდვისთვის კანონით დაწესებული მოკლე ექვსთვიანი ვადა და რუსული სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ არ აძლევს SCM-ს საშუალებას, გაყიდოს მედია ბიზნესი საბაზრო პირობებით“ – აცხადებს ახმეტოვი.

მისივე განცხადებით, ამ მედიაჰოლდინგში განხორციელებული ინვესტიციების მთლიანი მოცულობა 1,5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია.

ახმეტოვის მედიასაშუალებების ლიცენზიები უკრაინის სახელმწიფოს საკუთრებაში გადაეცემა.

რინატ ახმეტოვი უკრაინის უმდიდრესი ადამიანია, კომპანია System Capital Management-ის დამფუძნებელი. სწორედ ამ კომპანიაში შედის მარიუპოლში მდებარე მეტალურგიული ქარხანა „აზოვსტალი“.

______________

ფოტოზე: რინატ ახმეტოვი. ფოტო: EPA/ROBERT GHEMENT

ამავე თემაზე: 

„აზოვსტალის“ მეპატრონე რუსეთს ევროპულ სასამართლოში უჩივის

 

„ვქსოვთ და ვყიდით საყელოებს, მძივებსა და სამაჯურებს“ – ბავშვების მაღაზია ბათუმში

„ულამაზესი ნაქსოვი საყელო არ გნებავთ? თქვენს კაბას მოუხდებოდა ძალიან” – მეუბნება 10, 11 წლის გოგო ლერმონტოვის ქუჩაზე და ხის პატარა დახლისკენ მივყავარ. ახლომახლო სხვა ბავშვებიც დგანან და თვალით მზომავენ რისი მყიდველი ვარ, ძალას და ენერგიას არ იშურებენ ყველაფერი რომ მომაწონონ: აგერ მძივებიც, სამაჯურები, თმისსაბნევები, ყველაფერი გვაქვს!”.

ერთი თვეა ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის ერთ კუთხეში, უცნაური „მაღაზია“ გაიხსნა. მაღაზია ბავშვებისაა. ერთი დახლისგან და თაროსგან შედგება და ბავშვები აქ თავიანთ ხელნაკეთ ნივთებს ყიდიან: მძივებით აწყობილ ყელსაბამებსა და სამაჯურებს, კაბის საყელოებს, ზედმეტ სათამაშოებს და ა.შ.

„მაღაზიასთან“, ლერმონტოვის ქუჩაზე, მთელი ეზოს ბავშვები არიან შეკრებილი და მომხმარებლებს ელოდებიან: 11 წლის მარინა მირზოევა, მისი მეგობრები: ბარბარე არძენაძე, მარიამ ჩეჩელაშვილი, მარიამ ბაგრატიონი და ლუკა და დანიკ დავიდიანები.

ბავშვებს ფუნქციები გადანაწილებული აქვთ, მარინა მირზოევა „მაღაზიის“ მენეჯერია, ბარბარე არძენაძე „მაღაზიის“ იდეის ავტორი, მარიამ ჩეჩელაშვილს და მარიამ ბაგრატიონს საკუთარი ნამუშევრები მოაქვთ და „მაღაზიის“ დახლზე აწყობენ გასაყიდად.

მენეჯერი მარინა მირზოევა ამბობს, რომ მათ საბავშვო მაღაზიაში ასეთი პრინციპი მოქმედებს: ვის რა ნივთიც უნდა მოიტანს და დადებს მათ მაღაზიაში, რაც გაიყიდება, იმის ფული ნივთის მეპატრონეს მიაქვს დღის ბოლოს:

„იყო დღე, როცა დღის ბოლოს 36 ლარი გვქონდა, მხოლოდ ჩემი ნაკეთობებით. ჩემი მეგობარი ამავე მაღაზიაში თავის პროდუქციას ყიდის ცალკე და მან 25 ლარი შეაგროვა დღის ბოლოს ერთხელ.

რასაც ვყიდით, იმ ფულით სასუსნავებს და გემრიელობებს ვყიდულობთ.

აბა, ბავშვებს სახლში გვქონდა ნივთები, რაც არ გვჭირდებოდა და რა გვექნა? გამოვიტანეთ და ვყიდით. მჩუქნიდენ, რაც არ მჭირდებოდა, თმის სარჭებს,  მაგალითად, რასაც არასდროს ვიყენებდი, მძივებისგანაც ვაკეთებ სამკაულებს და ვყიდი.

ბეჭდები, სამაჯურები და ყელსაბამები, რასაც ამ დახლზე ხედავთ, ჩემი გაკეთებულია, ჩემი მეგობარი კი სპეციალურ საყელოებს ქსოვს. რაც არ გვჭირდება, ისეთი სათამაშოებიც გამოგვაქვს, ძალიან პოპულარულია ჩვენს უბანში ეს მაღაზია,“ – ამბობს „მაღაზიის“ მენეჯერი.

მისივე თქმით, „მაღაზიას“ ჰყავს დაცვა: ლუკა და დანიკ დავიდიანები, როცა გოგოები დროებით სადმე გადიან, ეს ბიჭები მაღაზიას „მტრის“ შესაძლო შემოსევისგან იცავენ.

გოგოები ჰყვებიან, როგორ იშოვეს ხის დახლი, სადაც ახლა გასაყიდი ნივთებია ჩამწკრივებული.

„დავინახეთ, ერთ ბებოს აივანზე ხის ეს თარო ედგა, ვაკვირდებოდით დიდხანს, არაფერში იყენებდა. რად უნდოდა? მივედით და ვთხოვეთ მოეცა. მოგვცა.

გვყვავს სარეკლამო სამსახურის გოგოებიც, მარიამ ჩეჩელაშვილი და მარიამ ბაგრატიონი გამვლელ-გამოვლელებს აჩერებენ და ჩვენი მაღაზიის შესახებ ეუბნებიან, აჩვენებენ გასაყიდ ნივთებს და ეკითხებიან, რის შეძენას ისურვებდნენ,“ – ამბობს მარინა მირზოევა.

ბავშვებს სათამაშო სალარო აპარატიც აქვთ ქვითრის გამოსაწერად. დააკვირდნენ და დილის საათები მათი მაღაზიისთვის არცთუ ისე ხელსაყრელი პერიოდია. როგორც გვიხსნიან, ამ დროს ყველა სამსახურშია და მაღაზიაში არავინ არაფერს ყიდულობს, ამიტომ ლერმონტოვის ქუჩის საბავშვო მაღაზია 4, 5 საათის შემდეგ იხსნება, როცა ხალხი სამსახურიდან ბრუნდება და ქუჩა ხალხით ივსება.

7 200 სამხედრო უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა – უკრაინის კომისარი

დაკარგულ სამხედროთა რაოდენობა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხების ომბუდსმენმა ოლეგ კოტენკომ დაასახელა. მისი თქმით, ამ რიცხვში შედიან სხვადასხვა სტრუქტურის, მათ შორის, ეროვნული გვარდიის, სასაზღვროსა და სპეცსამსახურების წარმომადგენლები.

„როდესაც ვლაპარაკობთ სამხედროებზე, ალბათ, გვესმის, რომ ვლაპარაკობთ შეიარაღებულ ძალებზე, ეროვნულ გვარდიაზე, მესაზღვრეებზე, დაზვერვაზე. ეს სხვადასხვა ინსტიტუტია. იმ მონაცემებში, რომლებსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები გვაძლევს, ყველა მათგანი არ იგულისხმება.

უკრაინის შეიარაღებული ძალები მხოლოდ 2 000 დაკარგულ სამხედროზე საუბრობს. ჩვენს ქოლცენტრში კი 7 200 ადამიანზე შემოვიდა ინფორმაცია. მაგალითად, პოლკი „აზოვი“ ნაციონალური გვარდიაა (ექვემდებარება შინაგან საქმეთა სამინისტროს) და მათ შორისაც არიან დაკარგულები. რაც „აზოვსტალიდან“ გამოვიდნენ, ზოგიერთი მათგანი ახლობლებს ვერ დაუკავშირდა,“ – ამბობს ოლეგ კოტენტკო.

ის დასძენს, რომ დაკარგული სამხედროების უმრავლესობა ტყვეობაშია და მაგალითად, 36-ე ბრიგადის პირველი ბატალიონი მოჰყავს:

„ჩვენ ვიცით, რომ ისინი რუსეთში გადაიყვანეს. პირველ რიგში, უნდა გაირკვეს, რამდენი ადამიანია იქ. თუ ასზე მეტია, მაშინ პრაქტიკულად, მთელი ბატალიონი ტყვეობაშია. მათთან კავშირი არ არის, ამიტომაც ისინი უგზო-უკვლოდ დაკარგულებად მიიჩნევიან. ადრე თუ გვიან ისინი გაცვლის სიაში მოხვდებიან და დაბრუნდებიან. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ დაკარგულები ცოცხლები არიან.“

როგორც უკრაინული მედია წერს, ქვეყნის ხელისუფლება ომში უკრაინის დანაკარგებს არ ასაჯაროებს. აქამდე არსებული ცნობებით, რუსეთის ტყვეობაში მარიუპოლის 2 500-მდე დამცველი იმყოფება. 144 სამხედრო ტყვე უკრაინამ ყველაზე მსხვილი გაცვლის ფარგლებში 29 ივნისს დაიბრუნა, მათ შორის, 95 „აზოვსტალიდან“ იყო.

7 ივნისს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთს 6 489 უკრაინელი სამხედრო ტყვე ჰყავს.

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბის ფოტო

ანსამბლი „ბერმუხა“ ზურაბიშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აჭარის უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლის „ბერმუხას“ 18 წევრი ქართული ფოლკლორის განვითარებასა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ხანგრძლივი ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

„დღევანდელ დღეს, როცა ძალიან ბევრი საუბარია ევროპაზე, ზოგიერთს რაღაცნაირად წინააღმდეგობაში მოჰყავთ ტრადიციები და ევროპა – ვითომც, თუ ევროპაში შევალთ, ამ ტრადიციებს დავკარგავთ. ეს პირიქითაა! ჩვენი ადგილი მრავალფეროვან ევროპაში სწორედ იმითი იქნება გამაგრებული, რომ ჩვენ იქ შევდივართ ჩვენი ტრადიციებითა და ჩვენი კულტურით, და ეს არის ის, რაც საუკუნეების მანძილზე აძლიერებდა მთლიანად საქართველოს; ეს არის ის, რაც ხვალ, საქართველოს იმ დიდ ევროპულ ოჯახში გააძლიერებს.

ამიტომ, თქვენი მემკვიდრეობა და ეს ტრადიციები ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისათვის, რომლებიც დღევანდელ ზეიმშიც მონაწილეობენ, მათთვის თქვენ ძალიან დიდი მაგალითი ხართ და უღრმესი მადლობა ამ მაგალითისთვის“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დაჯილდოების ცერემონიაზე.

ფოტო: president.ge

ღირსების ორდებით დაჯილდოვდნენ ფოლკლორული ანსამბლის „ბერმუხას“ წევრები: თემურ აბულაძე, მუხამედ ირემაძე, რევაზ აბულაძე, იაკობ ადაძე, რევაზ ვანაძე, ოთარ ირემაძე, ოთარ კახაძე, ეუბ მგელაძე, იოსებ მგელაძე, შოთა სოლომონიძე, ჟენია სურმანიძე, ვაჟა ფასანიძე, შოთა შავაძე. ანსამბლის ქორეოგრაფი: გურამ ბოლქვაძე და აკომპანიატორები: ზაურ ბოლქვაძე, გურამ თავართქილაძე, გია მელაძე, მერაბ ქედელიძე.

„ბერმუხას“ დაჯილდოების ცერემონია ხულოში გაიმართა და მას პრეზიდენტთან ერთად ესწრებოდნენ: აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე და აჭარის განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილი.

რუსეთი უნდა დაიშალოს და 50 მილიონ ადამიანამდე შემცირდეს – ლეხ ვალენსა

პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი და ნობელის პრემიის ლაურეატი ლეხ ვალენსა მიიჩნევს, რომ თუ რუსეთში პოლიტიკური სისტემა ძირეულად არ შეიცვალა, იმპერიის განეიტრალების ერთადერთი გზა, დღევანდელი რუსეთის ნაწილებად დაშლა იქნება. 78 წლის ვალენსა დასავლეთს მოუწოდებს, არ დაკმაყოფილდეს უკრაინის გათავისუფლებით და რუსეთიც გაათავისუფლოს.

მის მოსაზრებას გამოცემა Le Figaro აქვეყნებს.

„უკრაინამ რომც მოიგოს ეს ომი, ხუთ წელიწადში ჩვენ ისევ იგივე პრობლემის წინაშე დავდგებით, ათ წელიწადში კი ვნახავთ, როგორ აღმოცენდება ახალი პუტინი“, – აფრთხილებს ვალენსა დასავლეთს და ამ სცენარის თავიდან ასაცილებლად შემდეგ გზას სთავაზობს, – „დღეს ან უნდა დავაჩქაროთ პოლიტიკური სისტემის ცვლილება, ან ხელი უნდა შევუწყოთ ხალხების ამბოხებას.

იქ 60 ერი ცხოვრობს, რომლებიც ისევე ჩაყლაპა რუსეთმა, როგორც ახლა უკრაინელებს ყლაპავს. უნდა დავეხმაროთ ამ ხალხს, აჯანყდნენ. ან პოლიტიკური სისტემა უნდა შევცვალოთ, ან რუსეთის მოსახლეობა 50 მილიონამდე უნდა ჩამოვიდეს“.

ლეხ ვალენსა საბჭოთა კავშირის პერიოდსაც იხსენებს, როდესაც, მისი თქმით, დასავლეთი ძალიან შეცდა და რუსეთის უვნებლობა დაიჯერა: „რუსეთი უნდა დანგრეულიყო, მაგრამ გორბაჩოვი საკმაოდ ჭკვიანი აღმოჩნდა. მაშინ ვამბობდით: „იყო სტალინი, ბრეჟნევი, მაგრამ გორბაჩოვი მათნაირი არაა“ და დავტოვეთ მარტო. რუსეთმა მძიმე პერიოდი გადაიარა და ახლა სურს, ისევ ისე გააგრძელოს, როგორც საუკუნეების განმავლობაში აკეთებდა – დაიპყროს ხალხები და გააფართოოს თავისი იმპერია. ეს მაშინ ჩვენი შეცდომა იყო. მე სხვაგვარად მინდოდა, მაგრამ ამის უფლება არ მომცეს“.

პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი დასძენს, რომ ცხადია, დასავლეთიც ცდილობს თავისი გავლენის გაზრდას, NATO-სა და ევროკავშირის გაფართოების მეშვეობით, თუმცა „დემოკრატიული გზებით. რუსეთი კი ამას ძალადობით აკეთებს“.

მთავარი ფოტო: ლეხ ვალენსა/ფოტო: Polish Press Agency

მერია ავარიულ სახლებზე 3 მილიონის დახარჯვას იწყებს – რის დაზუსტებას ითხოვს ენმ

„ეს არის კორუფციული გარიგება, ბუნდოვანია ტენდერი, რადგან არ არის მითითებული, რომელ ავარიული სახლების აღდგენას მოხმარდება 3 მილიონი,“ – ამბობს რეზო ხარაზი, ბათუმის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“. მან დღეს, 11 ივლისს, ბრიფინგი გამართა და ბათუმის მერიის ტენდერს გამოეხმაურა.

ავარიული სახლების აღდგენაზე ბათუმის მერია 4 წლის განმავლობაში 80 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს. უკვე გამოვლენილია სიცოცხლისთვის საფრთხისშემცველი 118 სახლი, სადაც 3000-მდე ოჯახი ცხოვრობს.

ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა „ბათუმში, ავარიული სახლების დემონტაჟი-მშენებლობა, გამაგრება-რეაბილიტაცია ფარგლებში, არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების გამაგრება-აღდგენა-გაძლიერებაზე“.

ტენდერის სავარაუდო ღირებულებაა 2 მილიონ 999 973 ლარი. ელექტრონული ტენდერი ხვალ, 12 ივლისს, დასრულდება.

სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულია ეს: „მიმწოდებელი ვალდებულია დავალების შემთხვევაში უზრუნველყოს ერთდროულად არანაკლებ 3 (სამ) ობიექტზე მუშაობა. ხელშეკრულება 2022 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

აქვე ნახავთ კონკრეტული სამუშაოების ჩამონათვალს, რაც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა შეასრულოს, თუმცა არაა მითითებული, რომელ ავარიულ სახლებზე დაიწყება მუშაობა.

„დოკუმენტაციაში არ არის მითითებული, რა უნდა აღადგინონ. მერს მიანიჭეს უფლება კ2-ზე შეუზღუდავად მიიღოს გადაწყვეტილებები, რაც კორუფციის წყაროა, ახლა კი, ტენდერი ამგვარი პირობებით იძლევა ლავირებას შესაძლებლობას. სავარაუდოდ ეს ტენდერი მორგებულია კონკრეტულ ადამიანს,“ – ამბობს რეზო ხარაზი, ბათუმის საკრებულოს წევრი ენმ-დან.

ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს პრესცენტრში ამ თემაზე განმარტებას დაგვპირდნენ, თუმცა ამ დრომდე ინფორმაცია არ მოგვაწოდეს.

რას ჰყვება ბაირაქტარის პილოტი, რომელმაც კიევზე მტრის შეტევა შეაჩერა

დაბურული ტყის თავზე მფრინავმა სამხედრო დრონმა ბელარუსის საზღვრიდან მომავალი რუსული კოლონა შენიშნა. პილოტმა, რომელიც დრონს შორიდან მართავდა, ჯერ კამერით დაათვალიერა, სადმე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ხომ არ იყო და შემდეგ სამიზნე შეარჩია. ბომბები პირდაპირ კოლონის შუაგულს დაეცა. ერთიმეორის მიყოლებით, ჯაჭვური რეაქციით იფეთქა საწვავის ავტოცისტერნებმა და პილოტის ეკრანი ცეცხლოვანი შუქით გაანათა.

ასე იწყება ბრიტანული The Times-ის სტატია დრონების პილოტ „ოდესაზე“ და უკრაინულ ბაირაქტარებზე.

„მგონი, ეს ჩემი უდიდესი მიღწევა იყო“, – ეუბნება ჟურნალისტს სტატიის დასაწყისში აღწერილი ეპიზოდის შესახებ „ოდესა“, – „ამ დარტყმამ შეაჩერა შეტევა ჩერნიგოვისა და კიევის მიმართულებით, რადგან მტერს ჰქონდა ტექნიკა, მაგრამ აღარ ჰქონდა საწვავი“.

„ოდესა“ უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსი ოფიცერია. ის თურქულ საბრძოლო დრონებს, ბაირაქტარ TB2-ებს მართავს და უკვე 50-ზე მეტი მნიშვნელოვანი სამიზნე გაანადგურა – როგორც რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, ისე საბრძოლო მასალების საწყობები.

„ოდესა“ ბაირაქტარის პირველი პილოტია, რომელიც საკუთარ მისიაზე საჯაროდ ლაპარაკობს. „ბაირაქტარის მუშაობა ქირურგიულ პროცესს ჰგავს“, – ამბობს „ოდესა“. – „ჩემი ამოცანაა, საწვავისა და საბრძოლო მასალების განადგურებით მტრის წინსვლა შევაჩერო. მე მათ ჩვენს სამხედროებზე თავდასხმის საშუალებებს ვართმევ“.

„ოდესა“40 წელს გადაცილებულია, მოკლედ შეჭრილი ჭაღარა თმითა და წვერით. ის პროფესიონალი სამხედროა. არმიას 1999 წელს, ხარკოვის სამხედრო აკადემიის დასრულებისთანავე შეუერთდა. ის დრონის პილოტი 2014 წელს გახდა, როდესაც კრემლმა ყირიმი დაიკავა და დონბასის დაპყრობა დაიწყო.

იმისთვის, რომ TB2 ემართა, „ოდესამ“ არაერთი გამოცდა და „ბაიკარის“, დრონების მწარმოებელი კომპანიის, ტრენინგი გაიარა.

ბაირაქტარ TB2/ფოტო: კომპანია “ბაიკარის” ფეისბუქგვერდიდან

„ცნობილი იყო, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებისას უკრაინას სულ 20-მდე დრონი ჰქონდა, თუმცა ამ დრონების საბრძოლო ეფექტიანობა ლეგენდად იქცა,“ – წერს The Times. – „უკრაინელები ისე არიან შეყვარებულები თავიანთ ბაირაქტარებზე, რომ მათ საბრძოლო სიმღერაც კი მიუძღვნეს. სიმღერის ერთი მონაკვეთი ასე ჟღერს: „ცხვრის ფარა მოეხეტებოდა აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ. ბღაოდნენ და ჩვენს სიმშვიდეს არღვევდნენ. კარგმა მწყემსმა ისინი სასაკლაოსკენ გარეკა: ბაი-რაქ-ტარ!“.

წარმატებამ უკრაინული ბაირაქტარები და მისი პილოტები რუსეთის არმიის სამიზნეებად აქცია. მოწყობილობები, რომლებსაც TB2-ის მართვა 290 კილომეტრის მანძილიდან შეუძლიათ, მუდმივად ერთი ადგილიდან მეორეზე გადააქვთ, რათა საპასუხო დარტყმები აიცილონ.

„რა თქმა უნდა, პოზიციებს მუდმივად ვიცვლით, ეს აუცილებელია, თუ სიცოცხლე გინდა,“ – ამბობს „ოდესა“ და კიევისთვის ბრძოლას იხსენებს, როდესაც თითქმის უძილოს, ათი საათის განმავლობაში, უწყვეტად უწევდა დრონის მართვა. – „ძალიან რთულია იმაზე ფიქრი, რომ ჩვენი ცოლები და შვილები საფრთხეში არიან. მე ორი შვილი მყავს, მაგრამ მხოლოდ ჩემებზე არ ვლაპარაკობ, ვგულისხმობ უკრაინის ყველა ბავშვს. მე შემიძლია გავიგო, რომ ომში სამხედროები იღუპებიან, მაგრამ ვერასდროს გავიგებ, როგორ შეიძლება ბავშვების მკვლელობა. მაგრამ აქ ემოციების ადგილი არ არის. მე რომ გავბრაზდე, მხოლოდ საკუთარ თავს ვავნებ და დავალებასაც ვერ შევასრულებ. სრული სიმშვიდე უნდა შევინარჩუნო, რომ ხელი არ ამიკანკალდეს. წარმოვიდგენ ხოლმე, რომ ვიდეოთამაშს ვთამაშობ“.

თუმცა როგორც „ოდესა“ ჰყვება, რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები ზოგჯერ მაინც აღწევენ წარმატებას და ყველაზე ფრთხილი პილოტებიც კი კარგავენ საფრენ აპარატებს.

ბაირაქტარის მართვის სისტემა/ფოტო: კომპანია “ბაიკარის” ფეისბუქგვერდიდან

TB2-ის 7 600 მეტრის სიმაღლეზე 27 საათი გაჩერება შეუძლია, ფრთების შლა 12 მეტრია, მაქსიმალური სიჩქარე – დაახლოებით 220 კილომეტრი საათში. მისი მართვა 300 კილომეტრამდე მანძილიდან დისტანციურად შეიძლება. ის უფრო პატარა და ნელია, ვიდრე NATO-ს სამხედრო დრონები, თუმცა უფრო იაფიც ღირს – 5 მილიონი დოლარი.

უკრაინელები და უკრაინის მხარდამჭერები მთელ მსოფლიოში აგროვებენ ფულს, რომ უკრაინას ბაირაქტარებით დაეხმარონ. ივნისის ბოლოს უკრაინელმა ტელეწამყვანმა და მსახიობმა სერგეი პრიტულამ 20 მილიონი დოლარი შეაგროვა სამი ბაირაქტარის საყიდლად, თუმცა როდესაც კომპანია „ბაიკარმა“ კამპანიის შესახებ შეიტყო, გამოაცხადა, რომ უკრაინას სამ ბაირაქტარს უფასოდ გადასცემს.

მთავარი ფოტო: კომპანია “ბაიკარის” ფეისბუქგვერდიდან

მარიუპოლელებს ოკუპანტები საჭმლის ფასად ალაგებინებენ ქუჩებს – მერის მრჩეველი

ოკუპირებულ მარიუპოლში მოსახლეობას საკვების საფასურად ალაგებინებენ ქალაქის ქუჩებს – ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველი, პიოტრ ანდრიუშენკო წერს ტელეგრამზე.

„მიუხედავად დაპირებისა და ნაწილობრივ გადახდისა, მარიუპოლელები აგრძელებენ ქალაქის ქუჩების დასალაგებლად მუშაობას საჭმლის მისაღებად. ერთი თეფში ფაფა და ბოთლით წყალი – ერთადერთი გარანტირებული საფასურია მძიმე სამუშაოსთვის სიცხეში.

მარიუპოლის საოკუპაციო ხელისუფლებისთვის გამოყოფილია თანხა 900 მუშისთვის 12 ათასი რუბლის [დაახლოებით 6 ათასი გრივნა] გადასახდელად, ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის. რეალურად ამ სამუშაოებში ჩართულია 3-4-ჯერ მეტი ადამიანი. სწორედ ასე ქმნის ივაშენკოს [რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დანიშნული ქალაქის მერი] ოკუპაციური ადმინისტრაცია სურათს რუსებისთვის ქალაქის მართვის საკუთარი შესაძლებლობების შესახებ. ამავე დროს ის და მისი ოჯახი ჯერ ისევ იპარავს არა მხოლოდ ჰუმანიტარულ ტვირთს და დიზელის საწვავს რუს ჯარისკაცებთან ერთად, არამედ მუშების ხელფასებისთვის განკუთვნილ ფულსაც,“ – წერს ანდრიუშენკო.

მარიუპოლის მერის მრჩეველი, პიოტრ ანდრიუშენკო, ხშირად აქვეყნებს ინფორმაციას მარიუპოლში მიმდინარე სიტუაციის შესახებ ტელეგრამზე ფოტო და ვიდეომასალასთან ერთად. ძირითად შემთხვევაში მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება შეუძლებელია, რადგან ინფორმაცია შეეხება რუსეთის არმიის მიერ ოკუპირებულ ქალაქში მიმდინარე მოვლენებს.

ქალაქი მარიუპოლი მთლიანად ოკუპირებულია. უკრაინული მედიის ცნობით, განადგურებულია დაახლოებით 85 ათასი ადამიანის საცხოვრებელი სახლი, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. წინასწარი გათვლებით, მარიუპოლში დაახლოებით 22 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ქალაქში აღარ არის კანალიზაცია და წყლის დეფიციტია, რის გამოც შიშობენ, რომ მოსალოდნელია ქოლერის ეპიდემიის გავრცელება.

19 ორგანიზაცია მარნეულის მერიიდან ოთარაშვილის, ინაძისა და ზარქუას გათავისუფლებას ითხოვს

19 არასამთავრობო ორგანიზაცია მარნეულის მერიას „ქალთა ოთახის“ ხელმძღვანელის, რიმა ოთარაშვილის, მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა – ბაღების გაერთიანების დირექტორის მოადგილის, სოსო ინაძისა და კიდევ ერთი პირის, ირმა ზარქუას თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს [სოციალური სამართლიანობის ცენტრის განმარტებით, ირმა ზარქუა სავარაუდოდ, მერიის ზედამხედველობის სამსახურში მუშაობს].

ორგანიზაციების ინფორმაციით, ამ პირებმა 2 ივლისს სიტყვიერად შეურაცხყვეს სამოქალაქო აქტივისტები, მათ შორის სამირა ბაირამოვა მარნეულის ბაზარში „შინ ევროპისკენ“ საინფორმაციო კამპანიის დროს.

„ასევე ჰქონდათ ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობაც“, – ნათქვამია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორგანიზაციების შეფასებით, „ქალთა ოთახის“ პირდაპირი მოვალეობაა ხელი შეუწყოს ქალების როლის და ფუნქციის გაზრდას თვითმმართველობის საქმიანობაში და უზრუნველყოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური უთანასწორობის აღმოფხვრა.

„რიმა ოთარაშვილთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი – ირმა ზარქუა და ასევე, მარნეულის ალტ-ინფოს ოფისის მდივანი, აქციის დროს მომმართავდნენ შეურაცხმყოფელი სიტყვებით და ცდილობდნენ ხელი შეეშალათ აქციის მშვიდობიანად ჩატარებაში.

შესაბამისად, კამპანიის მონაწილეები იძულებულნი გახდნენ, ტერიტორია დაეტოვებინათ, რათა არ გამხდარიყვნენ პროვოკაციის მსხვერპლნი. ამ ჩარევის გამო აღნიშნულ ადგილზე ვერ ჩატარდა სხვა დაგეგმილი ღონისძიება, რაც აზრისა და ინფორმაციის გავრცელების უფლების (საქართველოს კონსტიტუცია, მე-17 მუხლი) შეზღუდვას წარმოადგენს“, – წერია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პეტიციის ავტორთა თქმით, პოლიცია ცდილობდა დაპირისპირების განმუხტვას, თუმცა არ ახდენდა სათანადო რეაგირებას თვითმმართველობის თანამშრომლების მხრიდან უკანონო მოქმედებების აღსაკვეთად.

„თვითმმართველობის ცალკეულმა პირებმა შეწყვიტონ შეურაცხყოფაზე დაფუძნებული გამოხატვა და დაიწყონ კონსტრუქციული თანამშრომლობა მედიასა და სამოქალაქო სექტორთან“, – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია და აღნიშნული პირების თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე პეტიციას ავრცელებს:

„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურემ თავისი საქმიანობა უნდა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, საჯარო მოსამსახურის ქცევის ზოგადი წესების შესაბამისად.

საჯარო მოსამსახურემ თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს პირადად მის რეპუტაციას, შესაბამისი საჯარო დაწესებულების ან სახელმწიფო სამსახურის/საჯარო სამსახურის რეპუტაციას.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილების „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ მე-6 მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურე თავს იკავებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას კომუნიკაციის საშუალებებით, მათ შორის, სოციალური ქსელების გამოყენებით, ისეთი ქმედებებისაგან, განცხადებებისაგან ან/და სოციალური აქტივობისაგან, რომელიც შესაძლებელია, აღქმულ იქნეს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინტერესების გატარებად.

ამავე დადგენილების მე-11 მუხლის მიხედვით, საჯარო მოსამსახურე თავს იკავებს საჯაროდ სიძულვილის ენის გამოყენების ან/და დისკრიმინაციული ხასიათის კომენტარის გაკეთებისგან, რომელმაც შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების მიუკერძოებლად და ობიექტურად განხორციელება.

აქვე საჯარო მოსამსახურე თავს იკავებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ისეთი ქმედებებისგან, განცხადებებისაგან ან/და სოციალური აქტივობისგან, რომელმაც შესაძლოა, ეჭვქვეშ დააყენოს მის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულება“, – ვკითხულობთ პეტიციის ტექსტში.

პეტიციას ხელს აწერს 19 ორგანიზაცია, ასევე, ხელს აწერენ სამოქალაქო აქტივისტები და მედიის წარმომადგენლები.

„დაუყოვნებლივ დაიწყოს დისციპლინური წარმოება საჯაროდ ჩადენილი და დღემდე მიმდინარე გადაცდომებისთვის“, – ნათქვამია პეტიციაში.

__________________

ამავე თემაზე:

ჩემი პირადი ტრაგედია დაცინვის ობიექტად აქციეს – სამირა ბაირამოვა „ოცნების“ მხარდამჭერზე

დონეცკში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დანგრეული კორპუსიდან 20 ცხედარი გამოიტანეს

დონეცკის ოლქში, ბახმუტის რაიონში, ქალაქ ჩასივ იარში, უკრაინელი მაშველები აგრძელებენ მუშაობას ხუთსართულიანი სახლების ნანგრევებში.

უკრაინის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, 11 ივლისის 11:00 საათის მდგომარეობით, დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა, მაშველებმა ნანგრევებიდან 8 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

ქალაქ ჩასივ იარში ორ კორპუსს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გასროლილი რაკეტები 9 ივლისს, ღამით მოხვდა.

უკვე მეორე დღეა ადგილზე მაშველები შეუჩერებლად მუშაობენ. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის დონეცკის მთავარი განყოფილება ფეისბუქზე პერიოდულად აახლებს ინფორმაციას ნანგრევებიდან გამოყვანილი ცოცხალი ადამიანებისა და დაღუპულების შესახებ.

__________________

ფოტოზე: სამაშველო სამუშაოები ქალაქ ჩასივ იარში, დანგრეული კორპუსების ადგილზე

ბათუმის ბულვარში 51 პირი სხვადასხვა დარღვევისთვის დააჯარიმეს

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოლო ორ თვეში ბათუმის ბულვარში 51 პირი დაჯარიმდა, შვიდს კი სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა.

ველობილიკის მიღმა მოძრაობისთვის დაჯარიმდა 51 ადამიანი. დარღვევა ითვალისწინებს 20 ლარით დაჯარიმებას, განმეორების შემთხვევაში კი – 50 ლარით დაჯარიმებას.

იმავე ოდენობის თანხით დაჯარიმდება პირი, რომელიც კვადროციკლით ან მოტოციკლით მოძრაობის  წესებს დაარღვევს ბულვარში.

ადმინისტრაციის თქმით, ბულვარში დაამონტაჟეს გამაფრთხილებელი ბანერებიც.

ამავე პერიოდში მწვანე ნარგავების თვითნებურად მოჭრა/განადგურება/დაზიანებისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ერთ პირზე შედგა. აღნიშნული ქმედება ჯარიმდება 500 ლარით.

საზოგადოებრივი ადგილების თვითნებური შეზღუდვისთვის დაჯარიმდა 5 პირი. დარღვევა ითვალისწინებს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარით, იურიდიული პირის – 2 000 ლარით.

რაც შეეხება ბულვარის ტერიტორიის დანაგვიანებას, როგორც ადმინისტრაციაში ამბობენ, ხელშეკრულებების მიხედვით მოიჯარეები ვალდებულნი არიან, მათ ტერიტორიაზე უზრუნველყონ დალაგება-დასუფთავება, ასევე, განათავსონ მცირე ზომის ნაგვის ურნები.

ვერეშჩუკი ხერსონელებსა და ზაპოროჟიელებს რეგიონის დატოვებისკენ მოუწოდებს

უკრაინის ვიცე-პრემიერმა, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა მოუწოდა უკრაინელებს, დატოვონ ზაპოროჟიასა და ხერსონის ოკუპირებული რეგიონები, რათა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საფრთხე არ შეუქმნან სამოქალაქო მოსახლეობას კონტრშეტევის დროს.

ინფორმაციას ukrinform-ი ავრცელებს.

„ეს აუცილებელია იმისათვის, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციების დროს საფრთხე არ შეუქმნან მშვიდობიან მოსახლეობას“, – თქვა ვიცე-პრემიერმა. მან მოქალაქეებს მოუწოდა, დატოვონ ეს რეგიონები ნებისმიერი მიმართულებით, თუნდაც ოკუპირებული ყირიმის გავლით.

ვერეშჩუკი უკვე მეორედ აკეთებს მსგავს განცხადებას. ივნისის ბოლოს მან მოუწოდა ხერსონის მცხოვრებლებს დაეტოვებინათ რეგიონი, თუნდაც ყირიმის გავლით. მან ასევე მოუწოდა მოსახლეობას ოკუპანტების მიერ გაცემული „ყალბი“ დოკუმენტების გამოყენებისკენ.

10 ივლისს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა ბრიტანულ „თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებულ ძალებს სამხრეთის სანაპირო რეგიონების დეოკუპაცია უბრძანა. მისი თქმით, უკრაინა ამისთვის უკვე აგროვებს მილიონობით სამხედრო ძალას.

ივლისის დასაწყისში, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ უკრაინის პირველ გამარჯვებას ამ ომში მსოფლიო აგვისტოში ნახავს და ეს იქნება პირველი მნიშვნელოვანი გარდატეხა რუსეთ-უკრაინის ომში.

რუსეთის ტყვეობაში მყოფ 2 „აზოველს“ სიკვდილით დასჯა ემუქრება – უკრაინული მედია

გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ უკრაინის დაზვერვიდან კონფიდენციალურად მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ რუსები „აზოვის პოლკის“ ორი მებრძოლის სიკვდილით დასჯას აპირებენ –  ნიკოლაის, საბრძოლო მეტსახელით „ფროსტი“ (მისი გვარი უცნობია) და კონსტანტინ ნიკიტენკოსი, მეტსახელით „ფოქსი“.

გამოცემის წყაროს ცნობით, ისინი კოლონიიდან გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. „რუსი პროპაგანდისტები ურთიერთგამომრიცხავ ვერსიებს ავრცელებენ – ერთნი ამბობენ, რომ მებრძოლები ჯერ კიდევ 9 ივლისს გაასამართლეს, სხვები კი იუწყებიან, რომ სასამართლო მალე გაიმართება“, – წერს „უკრაინსკა პრავდა“.

რაც შეეხება ბრალდებას, გამოცემის ცნობით, ამაზეც სხვადასხვა ინფორმაციაა – ერთი ვერსიით, „აზოველები“ მარიუპოლში მშვიდობიან მოქალაქეებს კლავდნენ, სხვა ვერსიით კი, მებრძოლები დაჭრილი რუსი სამხედროების კოლონას დაესხნენ თავს.

მარიუპოლის უკრაინელი დამცველები, რომლებიც მაისში „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან გაიყვანეს, დონეცკის ოლქში იმყოფებიან. ოლენოვკის კოლონიაში, გამოცემის ცნობით, 2 500-მდე უკრაინელი სამხედროა.

29 ივნისს, ყველაზე მსხვილი გაცვლის ფარგლებში, უკრაინამ 144 სამხედრო ტყვე დაიბრუნა, მათ შორის, 95 „აზოვსტალის“ მცველია.

რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაყვანიდან დღემდე „აზოვსტალის“ დამცველების საქმეზე არც ერთი სასამართლო არ გამართულა.

9 ივნისს დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა სამ სამხედრო ტყვეს – 28 წლის ეიდენ ასლინს, 48 წლის შონ პინერს და 21 წლის საადუნ ბრაჰიმს. მათ ბრალად ედებათ „ძალაუფლების ხელში ჩაგდებისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის კონსტიტუციური წყობის დამხობის მცდელობა“.

მთავარი ფოტო: პოლკ „აზოვის“ მებრძოლები/ფოტო: pravda.com.ua

რატომ მცირდება თქვენი საპენსიო დანაზოგი? – სააგენტოს განმარტება

თუ ინტერნეტბანკინგში თქვენი საპენსიო დანაზოგის ცვლილებას დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ საპენსიო დანაზოგი თვის განმავლობაში ზრდის ნაცვლად მცირდება.

„ბათუმელები“ 10 დღის განმავლობაში აკვირდებოდა ერთი პირის საპენსიო დანაზოგის ცვლილებას.

28 ივნისი იყო პირველი დღე, როცა დაკვირვება დავიწყეთ. 7 დღეში, 5 ივლისს, დანაზოგი 11 ლარით შემცირდა, ხოლო მომდევნო ორ დღეში კიდევ 13 ლარით. 28 ივნისიდან 7 ივლისამდე პერიოდში საპენსიო დანაზოგი ჯამში 24 ლარით შემცირდა.

რა იწვევს საპენსიო დანაზოგის ცვალებადობას და რამდენადაა ის დაცული? – ამ კითხვით საპენსიო სააგენტოს მივმართეთ. „ბათუმელების” კითხვებს საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ უპასუხა.

გოგა მელიქიძე: დანაზოგი შედგება ორი ნაწილისგან – კონტრიბუციები, რაც გროვდება და საინვესტიციო მოგება. ჩვენ ინვესტირებას  ვახდენთ გლობალურ ფასიან ქაღალდებში, სხვადასხვა ობლიგაციებში, დეპოზიტებში, სახელმწიფო სახაზინო ობლიგაციებში, სხვადასხვა ფინანსურ ინსტრუმენტებში. ეს ფინანსური ინსტრუმენტები ვაჭრობენ ადგილობრივ თუ გლობალურ ბაზრებზე. გლობალური ბაზრები ფასში იზრდებიან და მცირდებიან.

შესაბამისად, ჩვენი საინვესტიციო პორტფელი იზრდება და მცირდება. ახლა არის მოკლევადიანი ცვალებადობა. წლის დასაწყისიდან დღემდე გლობალური აქციების ფასები დაბლაა ჩამოსული. აქტივების ფასი შემცირებულია, რადგან მსოფლიოში არის მაღალი ინფლაცია და ეს აწვება ყველა აქტივს. ეს არის დროებითი მოვლენა.

აქციებში ინვესტირება გვაძლევს საშუალო და გრძელვადიან პერიოდში მაღალ მომგებიანობას. მნიშვნელოვნად იზრდება ფასში. ამიტომ ვყიდულობთ აქციებს, რომ ეს აქციები მოიტანს ზრდას. იმაზე მეტს, ვიდრე მოიტანდა დეპოზიტი ან რომელიღაცა ადგილობრივი ობლიგაცია.

საპენსიო სქემის მონაწილეებს [საკუთარ დანაზოგზე] თუ უჩანთ შემცირება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თანხა დაკარგეს. ჩამოეჭრათ ან რაღაცა მსგავსი. ეს არის დროებითი შემცირება, რაც გლობალურ ბაზრებს ახასიათებს.

ეს ხომ გრძელვადიანი დანაზოგია, ჩვენ ხომ ამას ახლა არ ვიყენებთ. ჩვენ არ ვართ ერთი კვირის ან ერთი თვის ინვესტორები, ჩვენ, როგორც საპენსიო ფონდი, ვართ გრძელვადიანი ინვესტორები. შესაბამისად, მოკლევადიანი რყევები საგანგაშო არ არის. მთავარია, გრძელვადიანად იმაზე მეტი სარგებელი და ამონაგები ვნახოთ, ვიდრე ინფლაციაა.

მეც, ჩემს საპენსიო დანაზოგზე, მიჩანს შემცირება. ეს არ არის საგანგაშო. აქციები ყოველდღე იცვლება. შესაბამისად, საპენსიო სქემის მონაწილეს ყოველდღე უმცირდება ან ეზრდება დანაზოგი. გრძელვადიან პერიოდში ეს მოიტანს მაღალ ზრდას.

ეს არის განვითარებული ეკონომიკების აქციები – ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, იაპონიის, ჰოლანდიის და ა.შ. სადღაც 24 განვითარებული ეკონომიკის აქციები გვაქვს ნაყიდი.

11 სექტორი, 1500 აქცია, აქ შედის ისეთი კომპანიები, როგორიცაა „ჯონსონ ენდ ჯონსონი“, „ამაზონი“ და სხვა დიდი კომპანიები.

მოკლევადიანი რყევები გარდაუვალია: დღეს რომ ეს აქცია ღირდა პირობითად 10 დოლარი, ხვალ და ზეგ ეღირება 17 დოლარი. გზაში შეიძლება ავიდე ჩამოვიდეს, რადგან ფინანსური ბაზარი ასე მუშაობს. არავის არაფერი არ დაუკარგია და არც დაკარგავს.

  • საპენსიო პროგრამაში ძირითადად ჩართულია მილენიალების თაობა, რადგან მათ არჩევანის უფლება არ ჰქონიათ და ახლა უკვე GEN-Z-იც. ყველაზე უფროსი მილენიალი ახლა 41 წლისაა. ქალ მილენიალს 19 წელი სჭირდება პენსიამდე, კაცს 24  წელი. არსებობს რაციონალური შიში, რომ როცა საპენსიო ასაკი მოვა, დაგროვებითი პენსიით გადანახული ფული გაუფასურებული იქნება. რა შეგიძლიათ გვითხრათ ამის საპირწონედ?

კი, არის მსგავსი კითხვები – „მე რომ დღეს პირობითად სამასი ლარი მაქვს, ეს რამდენად მსყიდველუნარიანობას შეინარჩუნებს 10-15 წლის შემდეგ, როცა პენსიაზე გასვლა მომიწევს“.

ჩვენი ამოცანა სწორედაც ეგ არის. მთავარი საინვესტიციო მიზანი არის ის, რომ ინფლაციაზე მეტი მომგებიანობა მოიტანოს მონაწილეებისთვის.

გრძელვადიან პერიოდში ამ 300 ლარს დავარიცხოთ იმაზე მეტი მოგება, ვიდრე ინფლაციაა. ანუ გავზარდოთ მსყიდველუნარიანობა.

იმისათვის, რომ ეს გავაკეთოთ, აუცილებელია აქციების ყიდვა. ფიქსირებული შემოსავალი, დეპოზიტზე რაც არის, ამ შემოსავალს ვერ მოიტანს. აქციები კი მერყეობს ფასში, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში აქვს აღმავალი ტრენდი. ის აუცილებლად მოიტანს მნიშვნელოვან სარგებელს.

საპენსიოს შენატანების გაცემამდე დარჩენილია 20-25 წელი. დაახლოებით 14-15 წელში იწყება აქტიური გაცემა. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ გრძელვადიანი ინვესტიციები. 14 წლიანი საინვესტიციო ჰორიზონტი გვაქვს. იმიტომ, რომ მერე იწყება აქტივიზაცია. ამიტომ უნდა გავთვალოთ ყველა ინვესტიცია გრძელვადიან პერსპექტივაზე. თუმცა მოკლევადიან პერსპექტივაში მას შეიძლება ჰქონდეს რხევები.

იმის გამო, რომ ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი საინვესტიციო ჰორიზონტი, მაგიტომ ვრისკავთ აქციებს. თორემ ჩვენი [საპენსიო სქემის მონაწილეების] საშუალო ასაკი რომ იყოს 62-63 წელი და უწევდეთ პენსიაში გასვლა მოკლე პერიოდში, მაშინ აქციებს არ ვიყიდდით.

აქციების რისკს არ ავიღებდით. რადგან გრძელვადიანია, მონაწილეებს რომ უფრო მაღალი მოგება მოვუტანოთ, ინფლაციაზე ბევრად უფრო მაღალი, ამიტომ გვინდა ასეთი აქტივის კლასები, შეიძლება მეტი რისკია, მაგრამ მეტი მოგებაა.

  • 27 ივნისს უწყების მიერ გავრცელებული განცხადებით, თუკი საქართველოში მაღალი ინფლაცია შენარჩუნდა, მომდევნო თვეებში საპენსიო ფონდის რეალური ამონაგები შესაძლოა ნულს გაუტოლდეს ან წაგებაზე გავიდესო – ეს რას ნიშნავს?

რამდენად ვჯობნით ინფლაციას – ეს ჩვენი მთავარი საინვესტიციო საზომია. მსოფლიოში დღეს, რეგიონის კრიზისიდან გამომდინარე, გვაქვს ისტორიულად მაღალი ინფლაცია.

მაგალითად, თურქეთში 72 % -იანი ინფლაციაა, საქართველოში პიკური ინფლაცია არაა, მაგრამ მაისის თვეში იყო 13,3%. 12,7%-ია ივნისში, კლება გვაქვს. ჩვენი მოლოდინია, რომ ინფლაცია მესამე კვარტლის ბოლოსკენ, სექტემბერში კლებას გვაჩვენებს და მეოთხე კვარტალში კიდევ უფრო დაიკლებს. შეიძლება ძალიან არ შემცირდეს, მაგრამ ერთ ნიშნულზე ჩამოიწევს.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მომგებიანობაა რეალური ამონაგები. უხეშად რომ ავხსნა, ნომინალური ამონაგები გულისხმობს – ნომინალურ ამონაგებს გამოკლებული ინფლაცია.

ეს განსხვავება, ამონაგებსა და ინფლაციას შორის, არის რეალური ამონაგები. თუ ინფლაცია მაღალია, ამონაგები მცირდება. ჩვენი მოლოდინი და ტაქტიკა სწორედ მაგაზეა გათვლილი.  მაქსიმალურად მაღალი მომგებიანობა მოვიტანოთ.

ეს რომ გავაკეთოთ, ამიტომ ვყიდულობთ ამ აქციებს. ამიტომაა ცვალებადობა ფასში, რადგან აქციები არის ყველაზე კარგი მზღვეველი, ინფლაციის საშუალო და გრძელვადიან პერიოდში.

ჩვენი საინვესტიციო სტრატეგია ემსახურება იმას, რომ მაქსიმალურად დავძლიოთ ინფლაცია.

ჩვენი საინვესტიციო ჰორიზონტი საკმაოდ ხანგრძლივია, ჩვენ ვუყურებთ, რომ საშუალო და გრძელვადიან პერიოდში დავამარცხოთ ინფლაცია. საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ინფლაცია დაბლა წამოვა და ერთი ნიშნისკენ ჩავა ყველა ვარიანტში. ჩვენი ინვესტიციები კი აქციების ზრდას აჩვენებენ. შესაბამისად, აი, ეგ განსხვავება, ამონაგებსა და ინფლაციას შორის, მაქსიმალურად გაფართოვდება.

საკმაოდ კარგი, რეალური ამონაგები გვექნება. სხვათა შორის, დღესაც ვინარჩუნებთ რეალურ ამონაგებს, სადღაც 2 %-იანი ამონაგები გვაქვს. მაგრამ წლის ბოლოსკენ შეიძლება ეს იყოს 6-8%.

მომავალ წელში კიდევ უფრო მეტი – აქციებში განხორციელებული ინვესტირება, კიდევ უფრო მეტ ზრდას აჩვენებს.

  • ინფლაციური რისკების დაზღვევის მექანიზმი თუ არსებობს და თუ გამოიყენეთ?

ინფლაციური რისკების დაზღვევის მექანიზმი არის სამი. სამივე ჩვენი ტაქტიკის ნაწილია. პირველი – აქციებში ყიდვა არის საუკეთესო დაზღვევა, რადგან ინფლაციას ყველაზე კარგად რაც იჭერს არის კომპანიების აქციები. სწორედ ამიტომ ვიყიდეთ ეს აქციები. იმისათვის, რომ საშუალოვადიან პერიოდში მივიღოთ ამონაგები.

მეორე – პორტფელის 17% მიბმულია რეფინანსირების განაკვეთზე. ეს იმას ნიშნავს, რომ რეფინანსირება ქვეყანაში კარგად კითხულობს ინფლაციას. ქვეყანაში სხვა ინსტრუმენტი არ არის. თუ მაღალია ინფლაცია და ეროვნული ბანკი ჩათვლის, რომ რეფინანსირება გაზარდოს, ეს ნიშნავს, რომ ყველაზე სწორად დაჰყვება ინფლაციას.

შესაბამისად, 17% იმიტომაა რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული, რომ თუ ინფლაციური ფონი კიდევ უფრო ზევით წავიდა და რეფინანსირება არ წაიკითხა, ჩვენ აი ამ პორტფელის მომგებიანობა გაგვეზრდება, ანუ გავყვებით ინფლაციას.

მესამე – მაღალი ინფლაცია ასევე ზრდის ქვეყანაში საპროცენტო განაკვეთებს. ჩვენი ამოცანაა, რომ ახლა თუ არის მომენტუმი, მაღალი საპროცენტო განაკვეთების, ვიყიდოთ ეს ფიქსირებული მაღალი საპროცენტო განაკვეთი. როცა ინფლაცია დაბლა წამოვა, საპენსიო სქემის მონაწილეებს ექნებათ შეძენილი მაღალი საპროცენტო განაკვეთი.

შესაბამისად, მათი რეალური ამონაგები, მსყიდველუნარიანობა მაქსიმალურად იქნება გაზრდილი.

საპენსიო სააგენტომ 8 ივლისს გამოაქვეყნა თვიური ანგარიში. ამ ანგარიშის თანახმად, 2022 წლის 8 ივლისის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.39 მილიარდი ლარია. ამონაგები ამავე პერიოდზე 329 მილიონ ლარს შეადგენს. საპენსიო სქემაში ჩართულია 1 მილიონ 292 ათასი ადამიანი. 8 ივლისის მდგომარეობით, პენსია 2053 პირზეა გაცემული. გაცემულმა თანხამ 4 327 858 ლარი შეადგინა.

2022 წლის ივნისის საინვესტიციო სამსახურის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგები 2019 წლიდან 2022 წლის ივნისის ჩათვლით 35.61%-ია, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 0,77% შეადგინა.

8 წლის ბიჭი ჭადრაკის თამაშით აგროვებს ფულს უკრაინის არმიისთვის

ბიჭს ტროტუარზე პატარა მაგიდაზე ჭადრაკის დაფა გაუშლია და ოპონენტებს ელოდება. 8 წლის საველი ჟუვაკი ქუჩაში გამვლელებს ჭადრაკს ფულზე ეთამაშება – მოგებული თანხით კი უკრაინელ სამხედროებს ეხმარება.

თამაშს ფიქსირებული ფასი არ აქვს, მოთამაშეები თანხას სურვილისა და შესაძლებლობის მიხედვით იხდიან. „თუ ვინმეს არ უნდა თამაში, მაგრამ ისე უნდა, რომ ფული დატოვოს, ესეც შეუძლია“, – ამბობს საველი, რომელიც ჭადრაკს უკვე ოთხი წელია თამაშობს.

ბიჭის ბაბუა, ალექსანდ კუპჩინკისკი აღიარებს, რომ შვილიშვილს ადრე უგებდა ჭადრაკში, თუმცა ახლა ვეღარ.

ერთ საათში პატარა მოჭადრაკემ სამი პარტია ითამაშა და 340 გრივნა შეაგროვა. თანხა კი ძმასთან ერთად დახმარების პუნქტში მიიტანა.

8 წლის საველი ჭადრაკის თამაშით უკრაინის არმიას ეხმარება/ფოტო: Суспільне

ჟუვაკების ოჯახი ბუჩიდანაა. ლუცკში ისინი ომის საშინელებებს გაექცნენ. საველის დედა, ალა ჟუვაკი, სამ შვილთან ერთად, ლუცკში მშობლებთან ცხოვრობს. მეუღლე, ომის პირველივე დღიდან, კიევის ოლქის ტერიტორიული თავდაცვის ძალებში იბრძვის.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც უკრაინელი ბავშვები სამხედროების დახმარებას ცდილობენ: 10 წლის ბიჭმა შეპეტოვკიდან მთელი თავისი დანაზოგი იმაში დახარჯა, რომ უკრაინელი სამხედროებისთვის მზის ენერგიაზე მომუშავე პორტატული დამტენი შეეძინა; ლვოვში მოზარდებმა მცენარეების გაყიდვა დაიწყეს, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ფული შეეგროვებინათ; 9 წლის გოგონამ ჩერნიგოვიდან თავისი გრძელი თმა ჩააბარა; 11 წლის მაქსიმმა კი ჩერნოვცის ოლქში იმდენი გამოიმუშავა, რომ უკრაინელ სამხედროებს 22 ჯავშანჟილეტი უყიდა.

მთავარი ფოტო: 8 წლის საველი ჟუვაკი/ფოტო: Суспільне

წყარო: Суспільне Новини

რა არის რუსეთის არმიის დაუძლურების მიზეზი – ბრიტანეთის დაზვერვის შეფასება

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, 10 ივლისს, კვირას, რუსეთის არმია კვლავაც განაგრძობდა საარტილერიო შეტევებს ჩრდილოეთ დონბასში, თუმცა მნიშვნელოვანი წარმატების გარეშე. პარალელურად, უკრაინის ძალებიც განაგრძობდნენ ზეწოლას რუსეთის თავდაცვის ხაზზე ჩრდილო აღმოსავლეთ ხერსონში, თუმცა ტერიტორიული წინსვლისთვის არც მათ მიუღწევიათ.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა, დღევანდელ სადაზვერვო ცნობარში, ყურადღებას ამახვილებს რუსეთის არმიის ფიზიკურ და მორალურ მდგომარეობაზე და აღნიშნავს, რომ რუსეთის ხელისუფლება, ფაქტობრივად, ყოველგვარი შესვენების გარეშე აიძულებს პირად შემადგენლობას, დარჩნენ აქტიური საბრძოლო მოქმედებების ზონებში.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვას მაგალითად მოჰყავს ივნისის ბოლოს, ერთ-ერთი რუსულენოვანი სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ვიდეო, რომელშიც რუსი სამხედროების ცოლები ადგილობრივ პოლიტიკოსს მიმართავდნენ და ქმრების ომიდან დაბრუნებას სთხოვდნენ.

„ერთ-ერთი ქალი ამბობდა, რომ აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის მე-5 ცალკეული სატანკო ბრიგადის პირადი შემადგენლობა „გამოფიტულია ფიზიკურად და მორალურად“, რადგან ისინი აქტიურ საბრძოლო მოქმედებებში 24 თებერვლიდან მონაწილეობენ“, – წერს უწყება და დასძენს, რომ  დაგეგმილი შესვენებების გარეშე აქტიურ საბრძოლო მოქმედებებში სამხედროების დატოვება, სხვა საკადრო პრობლემებთან ერთად, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ყველაზე დამაზიანებელი ფაქტორია რუსეთის არმიისთვის.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს და საბრძოლო მოქმედებებს აფასებს. გუშინდელ რელიზში უწყება აღნიშნავდა, რომ რუსეთის არმიამ  პოპასნაიასთან მცირე ტერიტორიულ წინსვლას მიაღწია.

მთავარი ფოტო: Anadolu Agency

ახალი მონაცემები ომში რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე – 11 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 11 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 37 400 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +100]
  • ტანკი – 1 645 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 3 828 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 838 ერთეული [+4]
  • MLRS – 247 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 109 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 217 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 188 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 676 ერთეული [+0]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 155 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 696 ერთეული [+2]
  • სპეცტექნიკა – 66 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 11 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 242 თვითმფრინავი
  • 137 ვერტმფრენი
  • 1 506 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 353 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 3 995 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 741 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 127 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 4 128 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

როგორ ჩამოაგდო „ძიდმა“ რუსული Су-25 – „ისე ქაღალდის კომბინატში ვმუშაობ“

 

28:19 – „ბორჯღალოსნებმა“ იტალიის ნაკრები დაამარცხეს

საქართველოს რაგბის ნაკრებმა იტალიის ნაკრები დაამარცხა ანგარიშით – 28:19.

შეხვედრა ბათუმში გაიმართა 10 ივლისს.

ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრები მსოფლიო კლასიფიკაციაში მე- 12 ადგილზე დაბრუნდება. იტალია კი მე-14 ადგილამდე დაქვეითდება, რადგან მატჩი სამოას ეროვნულმა ნაკრებმა მოიგო იაპონიის ეროვნულ გუნდთან და, შესაბამისად, მე-13 ადგილზე სამოას ეროვნულმა ნაკრებმა გადაინაცვლა.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ქუთაისში გამართავს 16 ივლისს, სადაც „აია არენაზე“ ბორჯღალოსნები პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

იტალიის ნაკრების დამარცხების შემდეგ. ფოტო: Georgian Rugby/facebook

_________________

მთავარ ფოტოზე: დავით ნინიაშვილი, საქართველოს ნაკრების წევრი. Georgian Rugby/facebook

 

როგორ ჩამოაგდო „ძიდმა“ რუსული Су-25 – „ისე ქაღალდის კომბინატში ვმუშაობ“

ივნისში 72-ე მექანიზებული ბრიგადა დონბასში შევიდა და რამდენიმე დღეში განაცხადა რუსული Су-25-ის განადგურებისა და დაჯგუფება „ვაგნერის“ პილოტის ტყვედ აყვანის შესახებ. ეს წარმატება უკრაინელი ჯარისკაცის, მეტსახელად „ძიდის“ [Дід – ბაბუა, პაპა უკრაინულად] სახელს უკავშირდება. მან მეწყვილესთან ერთად ესროლა Су-25-ს „იგლას“ სარაკეტო კომპლექსიდან. ეს იყო „ძიდის“ ამ სარაკეტო კომპლექსის მართვის პირველი საბრძოლო გამოცდილება, მან პირველივე ჯერზე გაანადგურა სამიზნე, რომლის ღირებულებაც 385 მლნ გრივნა იყო.

„ძიდს“ უკრაინული გამოცემა hromadske  შეხვდა დონბასში და მისგან მოისმინა, თუ როგორ გაანადგურა მან მეწყვილესთან ერთად რუსული Су-25.

„მე და ჩემი მეწყვილე, არტემი გაგვგზავნეს პოზიციაზე, ცაზე დასაკვირვებლად. იტყობინებოდნენ, რომ იქ ბევრი რუსულია ავიაციაა. როცა მივედით, დავინახეთ, რომ პაპასნის რაიონში მართლაც ბევრი თვითმფრინავი და „ჩიტი“ დაფრინავდა, მაგრამ ჩვენი სარაკეტო კომპლექსისთვის შორ მანძილზე იყვნენ და მათ ვერ მივწვდებოდით.

მაგრამ ერთხელ Су-25 დავინახეთ. ჩვენგან 50 მეტრზე იყო. რაციით დავუკავშირდით ჩვენებს, ვიკითხეთ, ჩვენი თვითმფრინავი ხომ არ იყო, ასე მშვიდად რომ დაფრინავდა ჩვენს მხარეს. გვაცნობეს, რომ ჩვენი არ იყო. მაშინ ერთ მხარეს [სარაკეტო კომპლექსის] მე დავდექი, მეორე მხარეს – არტემი. თვითმფრინავი შემობრუნდა და პირდაპირ ჩემკენ გამოფრინდა. ალბათ დამინახა და მკვეთრად აიღო მარჯვენა მხარე.

Су-25. ფოტო: ვიკიპედია

მას იქ არტემი „დახვდა“ – მარცხენა ძრავაში მოარტყა. მე უკვე მეორე რაკეტა დავაწიე მარჯვენა მხარეს. დავარდა. პილოტმა კატაპულტირება მოახერხა, ის ბიჭებმა იპოვეს. უკვე შემდეგ, ინტერნეტში ვნახე, რომ ის „ვაგნერელი“ იყო, დაქირავებული სამხედრო იყო.

ჩვენმა, აწ უკვე გარდაცვლილმა მეთაურმა, „პარტიზანმა“, დაურეკა ჩვენებს, ასი გრამი გაამზადეთ თვითმფრინავის ჩამოგდებისთვისო. მაგრამ ჩვენამდე ვერ მოაღწია… ასე რომ, არ აღგვინიშნავს. როგორ აღნიშნავ, სანამ პოზიციები მიმოფანტულია? ჯერ არც ერთი აღნიშვნა არ გვქონია. გავიმარჯვებთ და მერე აღვნიშნავთ.

ეს ჩემი და არტემის პირველი საბრძოლო გასროლა იყო [„იგლადან“]. აქამდე ორი დღე ვსწავლობდით. კომპიუტერულ თამაშივით იყო. ჩაფხუტს იკეთებ, იღებ რაკეტას – ნამდვილივით მძიმეა. ასე ვისწავლეთ ორი დღე; ინსტრუქტორებმა გვითხრეს, როგორ ავიღოთ სამიზნე და სხვა ყველაფერი. ინსტრუქტორები გამოცდილი მებრძოლები არიან.

„იგლა“. ფოტო: 72 ОМБр ім. Чорних Запорожців/facebook

ჩვეულებრივ ცხოვრებაში კიევის ქაღალდის კომბინატში ვმუშაობ. „ძიდს“[ ბაბუას] ასაკის გამო მეძახიან, უკვე 58 წლის ვარ. ბებერი ვარ უკვე, რთულია. ამ ომში რა არ ვიყავი, მძღოლიც, მსროლელიც, ყუმბარმტყორცნიც და ახლა საზენიტო მსროლელი ვარ.

ATO-ს გამოცდილება მაქვს [ATO – უკრაინის ხელისუფლების მიერ უკრაინის აღმოსავლეთში შეიარაღებული კონფლიქტის ოფიციალური  დასახელება 2014-2018 წლებში]. 93-ე ბრიგადაში ვმსახურობდი, მძღოლი ვიყავი. როცა 24 თებერვალს ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, შევიკრიბეთ „ატოელები“ და წავედით  სამხედრო გაწვევის ოფისში. იქ გვიბრძანეს 12 საათის შემდეგ მივსულიყავით ნივთებით და და 72-ე ბრიგადაში გაგვიშვეს. საღამოს ბროვარში [ქალაქი კიევის ოლქში] ვიყავით, დილას – სოფელ სკიბინში.

9 მარტს რუსების კოლონა გავანადგურეთ. ეს მათი გასვლის პირველი მცდელობა იყო. 19-ში ისევ შეეცადნენ. ისევ გავაჩერეთ. იქ ძალიან კარგად აღჭურვილი პოზიციები გვქონდა. იმის დამსახურებით, რომ ჩერნიგოვი და სუმი უძლებდნენ, მოვახერხეთ გაძლება. კიევის ოლქში ავიაციაც ისე იოლად ვერ მუშაობდა, როგორც დონბასში. და არც იმდენი არტილერია იყო, როგორც აქაა. ახლა ისინი დღე და ღამ ისვრიან, არ ჩერდებიან, მიწასთან ასწორებენ ყველაფერს.

_________________

მომზადებულია hromadske-ზე დაყრდნობით.

ფოტო: hromadske

უკრაინის სკოლებში ოკუპანტის ენა უნდა ისწავლებოდეს? – ომბუდსმენის განმარტება

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ენის საკითხი საკმაოდ მწვავედ განიხილება: რუსულენოვან უკრაინელებს აღარ სურთ ოკუპანტის ენაზე ლაპარაკი, ამიტომ ბევრი გადადის უკრაინულ ენაზე. თუმცა, უკრაინის სკოლებში რუსული ენის სწავლება პირდაპირი ჯერ კიდევ არ არის აკრძალული.

როგორც განათლების ომბუდსმენმა, სერგეი გორბაჩევმა „მედია დეტექტორთან“ ინტერვიუში განმარტა, თუ მშობლები თავს ეთნიკურ რუსებად თვლიან, მათ შეუძლიათ სკოლას მიმართონ თხოვნით, რომ მათმა შვილმა სკოლაში რუსული ენა ისწავლონ.

„უკრაინაში რუსულის სწავლება პირდაპირ აკრძალული არ არის. მე არ ვარ წინააღმდეგი, ვინც თავს ეთნიკურ რუსად თვლის, ისწავლოს რუსული ენა“, – განაცხადა მან.

გორბაჩევმა განმარტა, რომ უკრაინის კანონები არის გარანტია ეთნიკურ უმცირესობებისთვის ისწავლონ შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი ეროვნული უმცირესობის ენაზე სახელმწიფო ენასთან ერთად.

რაც შეეხება სკოლებში რუსული ლიტერატურის შესწავლას, ომბუდსმენის თქმით, ახლა ამის გარეშეც შესაძლებელია.

„დაე დაისვენოს ამ ლიტერატურამ, სანამ ომია. გამარჯვების შემდეგ შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ამ საკითხს და განიხილოთ, რუსი ავტორების რა ნამუშევრები შეიძლება დაბრუნდეს სასკოლო პროგრამებში“, – აღნიშნა მან.

  • რუსული ენა უკრაინაში: რა არის ცნობილი

უკრაინული UNIAN-ის თანახმად, სახელმწიფო ენის დაცვაზე პასუხისმგებელი პირი, ტარას კრემენი ქვეყანას სთავაზობს პირველი სექტემბრიდან სკოლებში საგანი – „რუსული ენა“, ჩაანაცვლონ სხვა საგნებით. მან ასევე აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უცხოური ლიტერატურის სასწავლო პროგრამის გადახედვა, რადგან იქ ჯერ კიდევ დიდ ყურადღება ეთმობა რუსი მწერლების შესწავლას.

როგორც უმაღლესი რადაში განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, სერგეი ბაბაკმა განაცხადა, ომის გამო უკრაინა გადახედავს როგორც ლიტერატურის, ისე ისტორიის სასკოლო სასწავლო პროგრამას, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მთლიანად თქვან უარი რუსული ენის სწავლებაზე სკოლებში, რადგან ამან შეიძლება დაარღვიოს ეთნიკური უმცირესობების ბავშვთა უფლებები.

სერგეი გორბაჩევმა აქამდეც განაცხადა, რომ რუსული ენის სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში შეიძლება, თუ მას კლასის ბავშვების ყველა მშობელი დაეთანხმება. მან დასძინა, რომ რუსული ენა კვლავაც ბევრი მოქალაქისთვის არის მშობლიური ენა, მიუხედავად იმისა, რომ ის აგრესორი ქვეყნის ენაა. შესაბამისად, აუცილებელია „მოქმედი კანონმდებლობის დაცვა“.

დააჯარიმეს კაცი, რომელმაც დაწერა, რომ 1 დღის სპეცოპერაციის ფასით ქალაქს ცხელი წყალი ექნებოდა

რუსეთში, ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდის ავტოზავოდსკის რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი ალექსეი პოდნებესნი 30 000 რუბლით დააჯარიმა „რუსეთის არმიის დისკრედიტაციის“ გამო, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტისთვის, რომელშიც ქალაქში საბინაო და კომუნალური მომსახურების პრობლემებზე ეწერა და სიტყვა „სპეციალური ოპერაცია“ ბრჭყალებში იყო ჩასმული.

ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედიაარხი SOTA ავრცელებს ტელეგრამზე, სასამართლოს გადაწყვეტილების ასლთან ერთად.

კრემლი უკრაინაზე თავდასხმას უწოდებს არა ომს, არამედ სპეციალურ ოპერაციას. მოსამართლემ მიიჩნია, რომ სპეციალური ოპერაციის ბრჭყალებში ჩასმას დამცინავი მნიშვნელობა ჰქონდა.

აქტივისტის პოსტში VKontakte-ზე ეწერა, რომ ქალაქში არის სახლები ცხელი წყლის გარეშე და „სპეციალური ოპერაციის“ ერთი დღის ღირებულება შესაძლოა საკმარისი ყოფილიყო ამ სახლების ცხელი წყლით უზრუნველყოფისთვის.

ახალი კანონი, რომლის თანახმადაც „რუსეთის არმიის დისკრედიტაცია“ და „რუსეთის შეიარაღებული ძალების საქმიანობის შესახებ ცრუ ინფორმაციის შეგნებულად გავრცელება“ სისხლისსამართლებრივ და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, რუსეთში უკრაინაზე თავდასხმიდან რამდენიმე დღის შემდეგ, 2022 წლის თებერვალში მიიღეს. ამ მუხლით რუსეთში უკვე ათასობით ადამიანი გაასამართლეს.

რუს სამხედროებს მწყობრიდან გამოჰყავთ ტექნიკა, რათა ომში არ წავიდნენ – უკრაინის დაზვერვა

რუსეთის არმიის სამხედრო შენაერთებში, რომლებიც უკრაინის საზღვართან არიან განლაგებული, რუს ჯარისკაცებს მწყობრიდან გამოჰყავთ ტექნიკა, რათა ომში წასვლას აარიდონ თავი – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების განცხადებით, 150-ე დივიზიის, 103-ე მოტომსროლელი პოლკის სამხედრო მოსამსახურეებმა მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში გამოიყვანეს მწყობრიდან 17 ერთეული БТР-82A და 9 ერთეული К1Ш1 სამეთაურო შტაბის მანქანა, რომლებიც უკვე მზად იყო სარკინიგზო პლატფორმებზე ჩასატვირთად.

უკრაინის დაზვერვის თქმით, სამხედრო ტექნიკის გათიშვა დანაყოფებში, რომელთა სარდლობა აპირებს გააგზავნოს აქტიური საომარი მოქმედებების ზონაში, ფართოდ გავრცელებულია.

ხარკოვის რაკეტებით დაბომბვა გრძელდება – ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, 10 ივლისის ღამეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განაგრძეს ხარკოვის დაბომბვა რაკეტებით, რის შედეგადაც ნაწილობრივ განადგურდა სასწავლო დაწესებულება და საცხოვრებელი კორპუსი.

თავდაცვის შტაბმა დააფიქსირა რაკეტების დარტყმა ხარკოვში, ოსნოვიანსკის და სლობოდსკის რაიონებში.

ბოლო ინფორმაციით, დაღუპულები არ არიან, კორპუსზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაჭრილი 62 წლის კაცი გადაიყვანეს ჰოსპიტალში.

გასული დღის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, ხარკოვის გარდა, დაბომბეს იზიუმის, ბოგოდუხოვსკისა და ჩუგუევსკის, ხარკოვის რაიონები.

სინეგუბოვი ტელეგრამზე წერს, რომ ხარკოვის რეგიონში ბრძოლა გრძელდება და უკრაინელი მებრძოლები პოზიციებს იკავებენ ყველა მიმართულებით.

_________________

ფოტო: ხარკოვის პროკურატურა/telegram

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 ივლისის 21 საათიდან 11 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან დროგამოშვებით წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების დასავლეთის ქარი 8-13 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი 
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი 

შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი
  • ღამით: 12 – 17 გრადუსი

მაღალ მთაში:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 12-13 ივლისს, საღამოს და ღამის საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

ზღვის წყლის ტემპერატურა +23 გრადუსია.

____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 10 ივლისის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 10 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 37 300 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +100]
  • ტანკი – 1 641 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 3 823 ერთეული [+8]
  • საარტილერიო სისტემა – 834 ერთეული [+2]
  • MLRS – 247 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 108 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 217 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 188 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 676 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 155 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 694 ერთეული [+7]
  • სპეცტექნიკა – 66 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 10 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 242 თვითმფრინავი
  • 137 ვერტმფრენი
  • 1 506 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 353 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 3 995 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 741 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 127 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 4 128 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]რუსეთი ფართომასშტაბიანი შეტევისთვის ემზადება – ISW[/yellow_box]

ამავე თემაზე:

ჩემი შვილი „აზოვსტალში“ დაიღუპა – დედა, რომელიც ქარხნის დაბომბვას ფანჯრიდან უყურებდა

ჩემი შვილი „აზოვსტალში“ დაიღუპა – დედა, რომელიც ქარხნის დაბომბვას ფანჯრიდან უყურებდა

წყარო: Hromadske.ua

სათაურში გამოტანილი სიტყვებით დაიწყო ჩემი ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი ნატალიასთან, „აზოველი“ ევგენი ლეპინის დედასთან. ევგენი ბოლომდე იცავდა მარიუპოლს. შვილზე მოყოლა ნატალიამ უკვე ირპენში გააგრძელა. ის იქ დასთან, ლარისასთან, ერთად ცხოვრობს. ქალები ოკუპირებული მარიუპოლიდან 15 მაისს წამოვიდნენ და ვიდრე რუსეთისა და ბელარუსის გავლით უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიამდე მოაღწევდნენ, ორი კვირა იარეს.

რა ტატუები?! ცხედრები უკვე ისეთ მდგომარეობაშია, ვერაფერს იცნობ

ნატალია და მისი რძალი ოლია ევგენის ცხედარს ელოდებიან. ის ჯერ კიდევ 6 ივნისს ჩამოასვენეს კიევში, თუმცა ბიუროკრატიის გამო ოჯახი მის დაკრძალვას დღემდე ვერ ახერხებს. სამხედრო კომისარიატი, პოლიცია, პატრონაჟის სამსახური – და ისევ თავიდან ამ წრეზე. ოლიამ უკვე აღარ იცის, კიდევ ვის მიაკითხოს. კითხვებზე ვერავინ პასუხობს.

„როდესაც ჩემი ქმარი დაიღუპა, მითხრეს, „თავის დროზე ყველაფერი იქნება, უბრალოდ დაელოდეთ. ჯგუფი შევქმენით ტელეგრამში დაღუპულთა ოჯახებისთვის, დაელოდეთ“. ცხედრები ჩამოასვენეს 5 რიცხვში. დედას შეატყობინეს, რომ მისი შვილი ცხედარი ჩამოვიდა. 6-ში დილით მირეკავს პოლიცია და მეუბნება, „მოგვეცით თქვენი ქმრის დაღუპვის დამადასტურებელი დოკუმენტი“. მე ასეთი დოკუმენტები არ მქონდა და მაშინ მითხრეს, რომ ევგენის ცხედარი კიევშია, ორანჟერეინაიას ქუჩაზე“.

ცხედრის ამოცნობა – ცალკე პროცედურაა. აქაც დიდი გაუგებრობა. პოლიციაში ამტკიცებენ, რომ ევგენი ლეპინი ტატუებით ამოიცნეს, პატრონაჟის სამსახურში კი ამბობენ, რომ – ფორმით. ოჯახს ამ პროცედურას ახლოსაც არ აკარებენ, დნმ-ის ანალიზის პასუხს ელოდებიან.

„ვურეკავ ნატაშას პატრონაჟის სამსახურში. „ნატაშენკა, პოლიცია მირეკავს დნმ-თან დაკავშირებით“… ის მპასუხობს, „რა იცის პოლიციამ, ეგ ეგრე სწრაფად არ ხდება, ეგრე იოლი არაა“. ვეკითხები, „შეიძლება გავიგო, როგორ ამოიცნეს ჩემი ქმარი?“, „ფორმით“ „ფორმით?“ „კი, შევრონით“. ვეუბნები, პოლიციამ მითხრა, რომ ტატუებით ამოიცნეს. „რა ტატუებით? იქ სხეულები ისეთ დღეშია, უკვე ვერაფერს იცნობ,“ – ჰყვება ევგენის მეუღლე.

ოლია და ნატალია/ფოტო: hromadske.ua

ოლია ქორწილის ფოტოებს მათვალიერებინებს და ჟენიას შეტყობინებებს კითხულობს:

„ჩემო გულო, მე ისეთი სენი ვარ, ვერანაირად ვერ მომიშორებ თავიდან :)) მიყვარხარ უზომოდ. ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ სამუდამოდ ერთად ვართ“.

მთელი ბინა ევგენის ფოტოებითაა სავსე. ოლია იხსენებს, როგორ შეხვდნენ პირველად ირპენში, სულ რაღაც წელიწად-ნახევრის წინ. მაშინ ჟენია (ასე ეძახდნენ ოჯახში ევგენის) მეგობართან იყო სტუმრად, ერთ თვეში კი უკვე ცოლობა სთხოვა.

„24 სექტემბერს მარიუპოლში ჩავედი, განცხადება შევიტანეთ და 25-ში ხელი მოვაწერეთ“.

კადრი საშინელებათა ფილმიდან

14 თებერვალს, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე 10 დღით ადრე, ევგენი საქმეზე ურზუფში წავიდა (მარიუპოლის რაიონის სოფელი).

„კონტრაქტი უმთავრდებოდა და კიევში უნდა გადმოსულიყო. 25 თებერვალს, მეც უნდა ჩამეკითხა მისთვის ურზუფში“, – ოლია იხსენებს, რომ 21-ში ევგენიმ დაურეკა და კატეგორიულად უთხრა, დარჩენილიყო.

მარიუპოლში ჯოჯოხეთი დაიწყო. ამ ყველაფერს უყურებდა და დღიურში იწერდა ევგენის დედა, ნატალია.

ომის პირველი დღე.

სრული გაურკვევლობაა. ვერაფერს ვიგებ. საღამოს ოლეჩკამ დარეკა. მათთანაც საშინელება ხდება. მაღაზიაში მოუწყვიათ თავშესაფარი და ყველანი იქ სხედან“.

ნატალია ყოველდღიურად აღწერდა მის თვალწინ მომხდარ ამბებს. პირველ აფეთქებებს, დანგრეულ სახლებს, მაროდიორობას… და ცალკეული მარიუპოლელების ღალატსაც. ზოგიერთი მეზობელი უყვებოდა რუსებს, სად ცხოვრობდნენ „აზოველების“ ოჯახები.

„მეზობლებმა იცოდნენ, რომ ის უკვე იქ იყო, „აზოვში“, მაგრამ არაფერს ამბობდნენ, თუმცა ერთი მაინც მოიძებნა ასეთი. ისიც მეზობელია. ვიცნობ. არ დავასახელებ. და ეგრევე მოქანდნენ კონტროლზე“, – ჰყვება ევგენის დედა.

ომის მე – 14 დღე.

გამზირზე გავედი. ყველა მაღაზია გაძარცულია, ყველგან ნაგავი ყრია. კაცები ხეებს ჭრიან, ხალხი საჭმელს ქუჩაში აკეთებს. საშინელებათა ფილმში რომ მინახავს, ისეთი კადრებია. ჰოსპიტალში შევედით. ჟეკა (ევგენი) მეუბნებოდა, რომ კავშირი ჰოსპიტლის მეშვეობით შეიძლებოდა გვქონოდა, თუმცა იქ მითხრეს, რომ მხოლოდ იმის გაგება შემიძლია, დაჭრილებში არის თუ არა ჩემი შვილი. სიაში არ აღმოჩნდა და ამით უკვე ბედნიერი ვარ.

შავი კვამლიაზოვსტალის“ თავზე

18 მარტიდან აქტიურმა საბრძოლო მოქმედებებმა ქალაქიდან „აზოვსტალში“ გადაინაცვლა. იმის მიუხედავად, რომ მარიუპოლი უკვე ოკუპირებული იყო, ქარხანა უკრაინის კონტროლქვეშ რჩებოდა. „აზოვსტალში“ სხვა მებრძოლებთან ერთად იმყოფებოდა ევგენი ლეპინიც, საბრძოლო მეტსახელით „ლიპა“.

საკუთარი ბინის ფანჯრიდან უყურებდა ნატალია, როგორ ანადგურებდნენ რუსები „აზოვსტალს“. იმის გაფიქრებაც კი, რომ მისი შვილი იქ იყო, წარმოუდგენელ ტკივილს აყენებდა.

ნატალიას დღიური/ფოტო: hromadske.ua

აზოვსტალი იქვეა, სადაც მე ვცხოვრობ, პირდაპირ ჩანს ჰორიზონტზე. ასე 7-8 კილომეტრი იქნება. ეს ჰორიზონტი სულ შავია. შავშავი კვამლი ადგასაზოვსტალს“. უბრალოდ ანადგურებენ, ყველაფერს ანადგურებენ.

თვითმფრინავები დაფრინავენ. ვუყურებ შვიდი, რვა მოფრინავს. მთელი ცა აჭრელებულია, როცა ღრუბლები არაა და ცა მოწმენდილია. იშვიათადაა მოწმენდილი. მთელი ცა თვითმფრინავებისა და რაკეტის კუდებითაა დახაზული. უკვე 20 წუთია ყოველ სამ წამში ისვრიან.

როდესაც შრომის წიგნაკისთვის მივედიილიჩში“ [იქ ვმუშაობდი], გვამების გვერდით გავლა მომიწია. სულ გაშავებულები იყვნენ, ერთს ძაღლი ჭამდა…“

„გვბომბავენ, მაგრამ არ ინერვიულო, ყველაფერი კარგადაა“

ოლია იხსენებს, რომ 15 აპრილამდე, ქმარი სულ სწერდა და ამშვიდებდა: „ძლიერები ვართ, გავუძლებთ. ხალხი კი არა, იარაღი გვჭირდება. ყველაფერი კარგად იქნება“.

„ყოველდღე ვწერდი, შენ ოღონდ ცოცხალი დაბრუნდი-მეთქი…“- იხსენებს ოლია.- „და მპასუხობდა – „რას ამბობ, დავბრუნდები, ხომ დაგპირდი, ჩვენ ხომ ამდენი გეგმა გვაქვს. ყველაფერი კარგადაა. წესიერად ჭამე და თავს გაუფრთხილდი“.

ასე იყო 15 აპრილამდე.

15 აპრილს „აზოვსტალში“ გამალებული ბრძოლები მიდიოდა. ზუსტად იმ დღიდან აღარ მიუწერია ევგენის. ოლიამ დაიწყო რეკვა ყველასთან, ვისაც კი იცნობდა – თანამებრძოლებით დაწყებული, მეთაურებით დამთავრებული.

„16-შიც არავინ არაფერი მომწერა, არავინ მიპასუხა. ვიფიქრე, იქნებ კავშირის პრობლემაა-მეთქი. 17-შიც იგივე. 18-ში მისი თანამებრძოლისგან მომდის შეტყობინება – „მიიღე ჩემი თანაგრძნობა, ის აღარ არის“. „რა მოხდა, როგორ?“ „ბომბი“.

იმ დღიდან ნატალიას დღიური დარდითა და სასოწარკვეთილებითაა სავსეა.

„მე-80 დღე. ერთი დღით ვცხოვრობ. საკუთარი სიცოცხლის გამო აღარ მეშინია. სულერთია. უბრალოდ მხეცები არიან. ისინი, ვინც ომის საშინელებებზე ყვირიან და თან ბომბავენ და კლავენ, ყველაზე სასტიკ სასჯელს იმსახურებენ“.

გლოვის მიუხედავად, ნატალია სხვებს ეხმარებოდა – მეზობლების ბავშვებს აჭმევდა, იფარებდა ადამიანებს, ვინც სახლი დაკარგა.

9 მაისს „ფილტრაცია“ გაიარა. რუსები ზეიმობდნენ და დიდად არ შეუმოწმებიათ.

გაუშვეს, თუმცა მხოლოდ რუსეთში. რუსეთისა და ბელარუსის გავლით ორი კვირა იარეს დებმა. უკრაინაში მათ ოლია ელოდათ.

ქალები ახლა მოხალისეები არიან. ეს ეხმარებათ, ხანდახან მაინც დაივიწყონ საკუთარი ტრაგედია. ნატალია საჭმელს ამზადებს, ოლია კი ირპენის ჰოსპიტალში დაჭრილ სამხედროებს უვლის, თუმცა ამბობს, რომ ჯარში წასვლაზე ფიქრობს.

ფრაგმენტი მიმოწერიდან:

ოლია: მე უსასრულოდ დაგელოდები, უსასრულოდ.

თავს გაუფრთხილდი, ჩემი ცხოვრება ხარ. მიყვარხარ უზომოდ.

ჟენია: შენც გაუფრთხილდი თავს

მეც უზომოდ მიყვარხარ.

 

ავტორი: ინა პოპოვიჩი

თარგმნა: თამარ რუხაძემ

მთავარი ფოტო: ევგენი ლეპინი/hromadske.ua

რუსეთი ფართომასშტაბიანი შეტევისთვის ემზადება – ISW

რუსი ოკუპანტები აგრძელებენ უფრო შეზღუდულ შეტევით მოქმედებებს, მაგრამ ცდილობენ თავიდან აიცილონ უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ ინიციატივის ხელში ჩაგდების შესაძლებლობა.

ლუგანსკის რეგიონში რუსული დაჯგუფებები საბრძოლო შესაძლებლობების აღდგენითა და შემდგომი შეტევისთვის ძალების გაფართოებით არიან დაკავებული.

ამის შესახებ ამერიკული საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) იუწყება.

„როდესაც რუსეთის სამხედრო სარდლობა გადაწყვეტს, რომ საკმარისად არის მომზადებული უფრო ფართო შეტევითი ოპერაციის განახლებისთვის, დიდი ალბათობით გააგრძელებს ფართომასშტაბიან წინსვლას მეტი ჯარით და მეტი შემართებით, ვიდრე ახლა. შესაძლებელია ოპერატიული პაუზიდან გამოსვლა იყოს თანდათანობითი და არა მაშინვე შესამჩნევი“, – ნათქვამია ISW ანალიზში.

ISW-ის თანახმად, ოპერატიული პაუზის მთავარი პირობაა – შექმნას წარმოდგენა, რომ ის ან არ არსებობს, ან იქნება ძალიან მოკლე, რათა მოწინააღმდეგემ [უკრაინამ] ვერ მოასწროს ინიციატივის ხელში აღება და არ გადავიდეს კონტრშეტევაზე.

ISW-ის წინა ანგარიშიდან:

2022 წლის 8 ივლისის მდგომარეობით, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ამერიკელი ანალიტიკოსების მოხსენებაში ნათქვამია, რომ რუსულმა ძალებმა მიაღწიეს მცირე გამარჯვებას სევერსკის სამხრეთ-აღმოსავლეთით და განაგრძეს შეტევითი ოპერაციები ლისიჩანსკის დასავლეთით.

ოკუპანტებმა განახორციელეს საარტილერიო დარტყმები ბარვენკოვის სამხრეთით და დაბომბეს ნიკოპოლი, ნოვოპავლოვკა და სლავიანსკის ჩრდილო-დასავლეთით რამდენიმე დასახლება.

___

მთავარი ფოტო: Emerging Europe / რუსეთი აპირებს გააგრძელოს ფართომასშტაბიანი შეტევა დიდი ოდენობით ჯარით

მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარედგინა.

„შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 8 ივლისს ქ. თბილისში, ჟონეთის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ზ.ვ.-მ გენდერის ნიშნით, მძინარე მეუღლეს ლ.ზ.-ს ჩაქუჩით თავზე დაზიანება მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად ლ. ზ. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე იმავე დღეს დააკავეს.  მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის ,,ე”,„თ“ და „კ“ ქვეპუნქტით (გენდერის ნიშნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“-წერს პროკურატურა.

პროკურატურა, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს  კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

დღეს მუსლიმები ყურბან-ბაირამს აღნიშნავენ

დღეს მუსლიმები ყურბან-ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია ისლამში.

ყურბან-ბაირამი რამაზან-ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება. მუსლიმები ამ დღესასწაულზე მსხვერპლს სწირავენ ღმერთს და აამზადებენ ჰალვას. ტრადიციულად, ასევე გადიან წინაპრების საფლავებზეც.

მუსლიმებს რელიგიური დღესასწაული ოფიციალურმა პირებმა მიულოცეს, მათ შორის ბათუმის მერმა, არჩილ ჩოქოვანმა.

ბათუმში მცხოვრები მუსლიმი მოსახლეობა მეცხრე წელია, რაც ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის ნებართვას სთხოვს ბათუმის მერიას.

2016 წელს, მუსლიმებმა თავად შეიძინეს მიწის ნაკვეთი გენერალ აბაშიძის ქუჩაზე და მერიას ახალი მეჩეთის პროექტი წარუდგინეს დასამტკიცებლად. თუმცა მერიამ მუსლიმებს მეჩეთის მშენებლობის უფლება არ მისცა.

მუსლიმებმა სასამართლოს მიმართეს. სასამართლოს ორმა ინსტანციამ მერიის მხრიდან მუსლიმების მიმართ დისკრიმინაცია დაადგინა. რადგან მერიას მუსლიმების კონსტიტუციური უფლების დაკმაყოფილება არ სურს, სასამართლო გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

ბათუმში მცხოვრებ მუსლიმებს დღემდე ღია ცის ქვეშ, სახელდახელოდ გადახურულ სივრცეში უწევთ მსახურების ჩატარება.

სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რომელიც 2014 წლის, ანუ ბოლო აღწერის მონაცემებს ეყრდნობა, ბათუმში [აღწერის ეტაპზე] 38 762 მუსლიმი ცხოვრობს.

იმავე 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით,მუსლიმი თემი, ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 10.7 პროცენტია.

____________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი./ბათუმის ახალი მეჩეთი.

სახელმწიფო ავტომანქანების ტექნიკურ ინსპექტირებას სათანადოდ ვერ ახორციელებს – აუდიტი 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესზე სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანობის აუდიტი, რომლის მიზანია შეფასდეს თუ როგორ ახორციელებს სახელმწიფო ტექნიკურ ინსპექტირებას ქვეყანაში დადგენილი სტანდარტების მიხედვით. როგორც აუდიტი წერს, გამოვლინდა ნაკლოვანებები.

კერძოდ, სახელმწიფო 2018-2020 წლებში ვერ ახორციელებდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესაბამის ტექნიკურ კონტროლს, რის გამოც სრულყოფილად არ წარმოებდა სხვადასხვა მავნე ნივთიერების კონცენტრაციების დადგენა და არეალის დაფარვა.

„ასეთ პირობებში კი შეუძლებელია განისაზღვროს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გაუმართაობით მიღებული გავლენა ჰაერის დაბინძურებაზე“-წერს აუდიტი.

მათივე კვლევის მიხედვით, ინსპექტირების ცენტრებში კვალიფიციური პერსონალი ნაკლებობაა.

„ინსპექტირების ცენტრები უნდა დაკომპლექტდეს შესაფერისი კადრებით, რათა მინიმუმამდე შემცირდეს ინსპექტორების არასათანადო კვალიფიკაციით გამოწვეული შეცდომები.

შერჩეული ინსპექტირების ცენტრებმა სრულყოფილად ვერ წარმოადგინეს 2018-2020 წლებში ინსპექტორთა წინასაკვალიფიკაციო მოთხოვნების დამადასტურებელი მტიცებულებები, თუმცა ინსპექტირების ცენტრები აკრედიტაციის ცენტრის მხრიდან მაინც იღებდნენ დადებით შეფასებებს.

ინსპექტორთა კვალიფიკაცია არასრულყოფილად შეფასდა, რადგან შეფასება გაიარა არა ყველა, არამედ მხოლოდ ინსპექტირების ცენტრების მიერ წარმოდგენილმა კანდიდატებმა“-წერს აუდიტი.

აუდიტის შეფასებით, 2019 წელს იყო შემთხვევა, როცა ინსპექტორთა სწავლებას და შემდგომ გასაუბრებით მათი ცოდნის შეფასებას, თავადვე ახორციელდება აკრედიტაციის ცენტრი. „რაც შესაძლოა უარყოფითად ასახულიყო ინსპექტირების პროცესის ხარისხსა და რეფორმის ეფექტიანად განხორციელებაზე“-წერს აუდიტი.

ინსპექტირების პროცესზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის ნაკლოვანებები

2018-2020 წლებში ინსპექტირების პროცესის კონტროლს არ ახორციელებდა კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ფუნქციის მქონე სახელმწიფო უწყება, ხოლო აკრედიტაციის ცენტრის მიერ ჩატარებული ინსპექტირების პროცესის მიმდინარე მონიტორინგი, როგორც მისი ფუნქციებისგან განსხვავებული საქმიანობა, ვერ უზრუნველყოფს დარღვევების სათანადო პრევენციას.

ინსპექტირების ცენტრები ვიდეოჩაწერების უწყვეტ რეჟიმში მუშაობის ვალდებულებას ვერ ახორციელებდნენ. „არ არსებობდა რისკებზე დაფუძნებული შერჩევის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ყველა ინსპექტირების ცენტრის/ფილიალის ვიდეომონიტორინგს;

არ არსებობდა ქმედითი მექანიზმები ინსპექტირების პროცესში დარღვევების გამომწვევი მიზეზების, მათი მნიშვნელობის დადგენასა და პრევენციასთან დაკავშირებით“-წერს აუდიტი.

საგზაო კონტროლის მექანიზმებში გამოიკვეთა შემდეგი ნაკლოვანებები:

2019-2020 წლებში ტექნიკური ინსპექტირების ვალდებულების ვადაგადაცილებაზე ქვეყნის მასშტაბით 559 ვიდეოკამერა რეაგირებდა, თუმცა „112“-ს არ გააჩნია ვიდეოკამერის მწყობრიდან გამოსვლის ფაქტის ავტომატურ რეჟიმში გამოვლენის პროგრამული უზრუნველყოფა, რის გამოც ასეთი ფაქტის აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ მანუალური შემოწმებით, რაც კამერების სიმრავლის გამო სისტემატურად ვერ ხორციელდება.

„განმეორებითი ჯარიმის ოდენობა და პერიოდულობა, სათანადოდ ვერ უზრუნველყოფდა ტექნიკურად გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის სრულყოფილ პრევენციას.

შსს-ს განმარტებით, „საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის – „112“-ის განვითარების გეგმით, ყოველწლიურად ქვეყნის მასშტაბით გათვალისწინებულია 300 ახალი ვიდეოკამერის მონტაჟი, რაც ზემოაღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრასთან ერთად მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საგზაო შემთხვევებისა და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას. ასევე, დაზოგავს ფიზიკური კონტროლის განხორციელებაზე სამართალდამცველთა დროს“-წერს აუდიტი.

ვერ ხორციელდება ფიზიკური კონტროლი და გზისპირა ინსპექტირება

აუდიტის დასკვნის მიხედვით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ გაუმართაობასთან დაკავშირებით, გზებზე ფიზიკური კონტროლის პროცესს გააჩნია ნაკლოვანებები, ხოლო გამონაბოლქვთან დაკავშირებით − პრაქტიკულად არ ხორციელდება.

ინსპექტირებაზე მიმართვიანობის ზრდა წარმოშობს ისეთ რისკებს, როგორებიცაა:

მანიპულაციის რისკი − ინსპექტირების წარმატებით გავლის მიზნით, ერთჯერადი სასურველი შედეგის დასაფიქსირებლად, სხვადასხვა დეტალის/ნაწილის თხოვება/დაქირავება, ბენზინისძრავიან ავტომობილებში ინსპექტირების გავლამდე ე.წ. სპეციალური ხსნარებით საწვავის ავზის დოზირებული გამართვა, დიზელისძრავიან სატრანსპორტო საშუალებაში ბენზინის კონცენტრანტის შერევა შეფერილი კვამლიანობის გაქრობის მიზნით და სხვ. ასევე, ინსპექტირების პროცესში არამართლზომიერი გარიგებების რისკი“-წერს აუდიტი.

არ არსებობს მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზა

აუდიტის შეფასებით, ტექნიკური ინსპექტირების ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზა 2021 წლის მარტიდან უნდა დანერგილიყო, რომელშიც აისახებოდა ინსპექტირებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

„თუმცა ინსპექტირების ცენტრების მხრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარებით არ არის წარმოდგენილი სრულყოფილი ინფორმაცია, რაც არ იძლევა სრულყოფილი სტატისტიკის წარმოებისა და ანალიზის საშუალებას“-წერს აუდიტი.

Exit mobile version