ნეტგაზეთი • RU

რა აღარ ევალებათ სკოლებს ახალი სასწავლო წლიდან – ცვლილებები კოვიდრეგულაციებში

ხვალ, 15 სექტემბერს, საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი იწყება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე შეიცვალა კოვიდრეგულაციებთან აქამდე დაწესებული რეკომენდაციებიც.

სამინისტროს ინფორმაციით, გაუქმებულია სკოლის შენობაში დეზობარიერის გავლით შესვლის, თერმოსკრინინგისა და პირბადის ტარების ვალდებულება.

პირბადე, დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტირებულმა პირებმა უნდა ატარონ 10 დღის განმავლობაში.

„ამასთან, პირბადის ტარება მიზანშეწონილია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის იმ შემთხვევაში, თუ მათი სამუშაო მოითხოვს მოსწავლესთან პირისპირ კონტაქტს 1 მეტრზე ნაკლები დისტანციით“ – წერს სამინისტრო.

მათივე ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლიდან საკლასო ოთახებსა და დერეფნებში მოსწავლეებს შორის ერთმეტრიანი დისტანციის დაცვისა და მოსწავლეთა ცვლებში გადანაწილების ან საგაკვეთილო ცხრილის განტვირთვის მიზნით ჰიბრიდული სწავლების შემოღების ვალდებულებაც მოიხსნება.

2022-2023 სასწავლო წლიდან დისტანციური სწავლების არჩევის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ მოსწავლეებს, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო რისკჯგუფს წარმოადგენენ – შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობისა და მშობლის მიმართვის საფუძველზე, მათ ექნებათ საშუალება გადავიდნენ შინ სწავლების რეჟიმზე.

Covid-19-ის გამოვლენის შემთხვევაში, ვირუსის შიდა გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მოსწავლე, მასწავლებელი ან სკოლის სხვა პერსონალი დაექვემდებარება იზოლაციას ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ვადით.

აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტირებული პირები აღარ დაექვემდებარებიან კარანტინს.

„შესაბამისად, ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში, სკოლებზე არ გავრცელდება წერტილოვანი შეზღუდვები, რაც ცალკეული კლასის ან სკოლის სრულად დისტანციური სწავლის მოდელზე გადასვლას გულისხმობდა.

ამასთან, ახალი სასწავლო წლიდან სკოლებს არ ექნებათ ვალდებულება, ორ კვირაში ერთხელ ჩაატარონ მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირება “ – ამბობს სამინისტრო.

შეზღუდვები მოეხსნებათ სკოლის ტერიტორიაზე არსებულ საკვებ დაწესებულებებსაც. რაც იმას ნიშნავს, რომ განახლდება სასკოლო ბუფეტებისა და სასკოლო წრეების ფუნქციონირება.

სამინისტროს ინფორმაციით, პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით წელს სკოლებში 632 726 მოსწავლე ისწავლის.

აქედან, 55 717 ბავშვი პირველკლასელია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com