ნეტგაზეთი • RU

„მურუსიძეს ვკითხე, რატომ?“ – რას ამხელს აშშ-ში სამუშაოდ წასული ყოფილი მოსამართლე კლანზე

„მთავარი კრიტერიუმი მათდამი ერთგულება იყო,“ – ამბობს ყოფილი მოსამართლე ანა ღელეყვა სასამართლო კლანის შესახებ courtwatch.ge-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. ანა ღელეყვა ახლა აშშ-ში ემიგრაციაში ცხოვრობს და აღწერს სასამართლოს კლანის მოქმედებას, მაგალითად, როგორ ჩამოაშორეს სისტემას იმიტომ, რომ კლანს „გვერდით არ დაუდგა“.

ყოფილი მოსამართლე ანა ღელეყვა კონკრეტულად ლევან მურუსიძის შესახებ საუბრობს, რომელიც წლებია სასამართლო კლანის ყველაზე გავლენიან ფიგურად სახელდება. ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი იყო 2013 – 2017 წლებში, ანა ღელეყვა კი, სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ მუშაობდა 2016 წელს, როცა მოსამართლეობას ჩამოაშორეს, თუმცა მანამდე ის პირისპირ ლევან მურუსიძეს შეხვდა.

„…როცა არ დამნიშნეს, საბჭოს მდივანთან ვითხოვე შეხვედრა. იმ დროს მურუსიძე გახლდათ და ვკითხე, რატომ? ამდენი წლის თავდაუზოგავი შრომა რატომ არ უნდა გაითვალისწინო? ძალიან პირდაპირ და გულწრფელად მიპასუხა: იმიტომ, რომ შენ გვერდით არ დაგვიდექი კონფერენციაზე საბჭოს წევრად ჩვენი კანდიდატის არჩევის დროსო. აბა, რაღა არჩევნებია, თუ ჩემი ნების შესაბამისად არ ვიმოქმედე-მეთქი? სხვებს, ვინც გვერდით დაგვიდგნენ, რა პასუხი გავცეთო – მომიგო. მომავალში რა მოტივაცია ექნებათ [სხვა მოსამართლეებს] მხარდასაჭერადო? საერთოდ არ დაუმალავს ეს ამბავი,“ – აღნიშნავს ყოფილი მოსამართლე ანა ღელეყვა courtwatch.ge-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ანა ღელეყვას თქმით, ეს შემთხვევა უკავშირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრად ლევან თევზაძის არჩევას [2015 წელი] – კონფერენციაზე ღელეყვას ლევან თევზაძის კონკურენტისთვის დაუჭერია მხარი. კენჭისყრა ფარულია, თუმცა ყოფილი მოსამართლე ჰყვება, რომ ორივე კანდიდატმა წინასწარ შეადგინა მოსამართლე მხარდამჭერების სია.

„მე ჩემმა ახლობელმა მოსამართლემ დამირეკა და მკითხა, ვის ვუჭერდი მხარს. ვუთხარი, რომ გასიტაშვილს. ასე აღმოჩნდი გასიტაშვილის მხარდამჭერთა სიაში… შემდეგ მოსამართლე ლევან თევზაძე მოვიდა ჩემთან სამსახურში. ასე დადიოდნენ – საარჩევნო კამპანია ჰქონდათ. მასაც ვუთხარი, რომ შანსი უნდა მიგვეცა ახალი ძალისთვის… კარგად მახსოვს ლევან თევზაძის სიტყვები დამშვიდობებისას: მომცემ ხამს, მოგცემ ხმასო,“ – აღნიშნა ყოფილმა მოსამართლე ანა ღელეყვამ.

ყოფილი მოსამართლე ინტერვიუში ამბობს იმასაც, რომ სასამართლო სისტემაში აღარც კი აპროტესტებენ, როცა მოსამართლეებს მოიხსენებენ, როგორც „კლანს“.

„კლანი“ როგორი მორგებული სიტყვაა. მგონი, თავადაც აღარ აპროტესტებენ. თუ კლანია,  სასამართლოს ხელმძღვანელიც [სასამართლოს თავმჯდომარე] კლანის წევრი იქნება – დაახლოებული პირი, სანდო და დასაყრდენი,“ – აღნიშნავს ანა ღელეყვა და ადასტურებს იმასაც, რომ სასამართლოს თავმჯდომარეები მოსამართლეებთან განსახილველი საქმეების შინაარსზეც კი მსჯელობდნენ.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესცენტრს, სადაც ვითხოვეთ განმარტება იმაზე, რასაც ყოფილი მოსამართლე ამბობს. პრესცენტრის წარმომადგენელს ასევე ვუთხარით, რომ მოვუსმენდით მოსამართლეების ლევან თევზაძის და ლევან მურუსიძის პოზიციებს, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.

———–

ლევან მურუსიძე წლებია, სასამართლო სისტემაში მუშაობს. ის იყო სანდრო გირგვლიანის, სულხან მოლაშვილისა და სხვა გახმაურებული საქმეების მოსამართლე. სასამართლო რომ დამოუკიდებელი არ არის საქართველოში და კლანი მართავს, ამის შესახებ წლებია საუბრობს სამოქალაქო სექტორი, ექსპერტები. „მოსამართლეთა კლანი“ – ეს ტერმინი 2019 წელს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმაც გამოიყენა თავის ანგარიშში.

ლევან თევზაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა 2021 წლიდან. ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო 2015 – 2018 წლებში. ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უკვე ყოფილი წევრის, ირაკლი შენგელიას ცოლის ძმაა. ირაკლი შენგელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო 2021 წელს, როცა იუსტიციის საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად პარლამენტს ლევან თევზაძე წარუდგინა.

მთავარი ფოტო: ანა ღელეყვა – ფოტო courtwatch.ge-ის ინტერვიუდან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი