ბათუმი,მთავარი,სიახლეები

რუსული კომპანიის დავა 5-მილიონიანი ტენდერისთვის – 5 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია ბათუმში

14.09.2022 • 1234
რუსული კომპანიის დავა 5-მილიონიანი ტენდერისთვის – 5 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია ბათუმში

ბათუმში, ხუთი საბავშვო ბაღის კეთილმოწყობაზე გამოცხადებულ ტენდერში, მერიის სამმართველოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას რუსული კომპანიის ფილიალი დავების საბჭოში ასაჩივრებს. კომისიამ მომჩივანს ტენდერში დისკვალიფიკაცია „არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო“ მისცა.

N13, 14, 22, 31 და 33 ბაღების კეთილმოწყობაზე ტენდერი [დემონტაჟი-მშენებლობა, გამაგრება-რეაბილიტაცია] 4 961 999 ლარით არის გამოცხადებული. ერთ-ერთი პრეტენდენტი – შპს „ელვას“ ფილიალი ქ. თბილისში (საქართველო) – სამმართველოს მომსახურებას ყველაზე დაბალ ფასად, 4 466 016 ლარად სთავაზობდა, თუმცა, ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს სატენდერო კომისიამ მას დისკვალიფიკაცია მისცა – „არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო“.

კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ „კომპანიის გამოცდილებასთან დაკავშირებული სატენდერო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად „ელვას“ ფილიალმა წარმოადგინა ორი ხელშეკრულება შპს „პროხოდკასთან“, რომელთა საგანია: რუსეთის ფედერაცია, ქ. ორსკი, ლენინის გამზირი, ს.116-ში მდებარე მრავალბინიანი სახლის რეკონსტრუქციის და ფუნდამენტის გამაგრება-გაძლიერების მიზნით სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის შედგენა“ და იგივე სახლთან დაკავშირებული „სანარდო სამუშაოების შესრულება“.

კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ პრეტენდენტმა დოკუმენტაცია წარადგინა რუსულ ენაზე, რასაც ახლდა თარგმანი ქართულ ენაზე. შემდეგ ეტაპზე კი, როგორც ოქმშია აღნიშნული, დოკუმენტაციის განხილვისას გამოიკვეთა შემდეგი გარემოებები:

„სატენდერო კომისიამ კომპანიებისა და ბიზნესის შესახებ რუსეთის სისტემაში მოიძია ინფორმაცია შპს „პროხოდკას“ შესახებ და დადგინდა, რომ ორგანიზაციის ლიკვიდირების თარიღია 2021 წლის 23 სექტემბერი, თუმცა პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი დათარიღებულია 2021 წლის 12 ნოემბრით“.

კომისია ოქმში მიუთითებს, რომ „პროხოდკას“ ნოემბერში აღარ გააჩნდა უფლებამოსილება გაეფორმებინა მიღება-ჩაბარების აქტი, „შესაბამისად, პრეტენდენტის მიერ მითითებულ მისამართზე სამუშაოს შესრულება სათუოა, თუმცა, შესრულების შემთხვევაშიც კი, ფაქტია, რომ არ არსებობს განხორციელებული სამუშაოების კანონიერი საფუძველი“.

„სამუშაოთა მიღების აქტში აღნიშნულია, რომ შესრულებულია 13 275 000 რუბლის [622 000 ლარის] ღირებულების საფასადე კედლების მობათქაშების სამუშაოები. Google Maps-ის საშუალებით მოძიებულ იქნა მითითებული სახლი და კომისიის წევრებმა დაადგინეს, რომ ის აგურითაა აგებული და ნათელია, რომ ფასადი არ არის მობათქაშებული. აღნიშნული კიდევ ერთხელ ამტკიცებს პრეტენდენტის მიერ სატენდერო კომისიის შეცდომაში შეყვანის მცდელობას“, – აღნიშნულია სატენდერო კომისიის ოქმში.

კომისია, ინტერნეტში მოძიებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით, ოქმში ასევე უთითებს, რომ ეს სახლი 2015 წელს აშენდა და 2016 წელს მასში შესახლდა მოსახლეობა. ამიტომ „აღნიშნული ნაკლებად სავარაუდოს ხდის იმ ფაქტს, რომ შენობას 2020-21 წლებში რეკონსტრუქციის ან/და გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები დასჭირვებოდა“.

„ზემოხსენებული გარემოების კუმულაციურად გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სატენდერო კომისიამ დაადგინა, რომ პრეტენდენტმა ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედება ჩაიდინა – წარმოადგინა მცდარი ინფორმაცია“ – აღნიშნულია კომისიის 2022 წლის 8 სექტემბრის ოქმში, რომლითაც „ელვას“ ფილიალს ტენდერში დისკვალიფიკაცია მისცეს.

12 სექტემბერს, შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოში შევიდა „ელვას“ ფილიალის საჩივარი, სადაც კომპანია „იმის გათვალისწინებით, რომ დარღვეულია ადმინისტრაციული ორგანოს დასაბუთების ვალდებულების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით [სზაკ] დადგენილი მოწესრიგება“, მოითხოვს, სრულად გაუქმდეს „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი და კანონით დადგენილი წესით გაგრძელდეს შერჩევა – შეფასების პროცესი.“

„სატენდერო კომისია, პრეტენდენტის განცხადების შინაარსობრივ ნაწილზე მსჯელობისას, საკუთარ დასკვნებს, რომ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს, აფუძნებს კერძო სუბიექტის მიერ, სახელმწიფო ლეგიტიმაციის გარეშე შექმნილი ინტერნეტ-წყაროდან მოპოვებულ არადამაჯერებელ ინფორმაციაზე, რაც ცხადია ვერ აკმაყოფილებს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის დასაბუთების სზაკ-ით განსაზღვრულ სტანდარტს“, – აღნიშნულია კომპანიის საჩივარში.

კომპანია საჩივარში ასევე ხაზს უსვამს, რომ:

  • „ბუნდოვანი წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია ვერ გახდება კანონიერი უფლების მინიჭებაზე უარის თქმის იურიდიულად ვარგისი საფუძველი…“
  • ეჭვს აჩენს ინტერნეტ წყაროებიდან მოპოვებისა და მათ საფუძველზე კონკრეტული დასკვნების გამოტანის ფაქტი, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივი პასიურობაც [და ბადებს კითხვებს კორუფციულ გარიგებებთან მიმართებაში], გადაამოწმოს და ჯეროვნად შეისწავლოს ინტერნეტ-წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის სინამდვილე და შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტურ, საამისო უფლებამოსილების მქონე ორგანოებიდან სათანადო წესით შესაბამისი დოკუმენტაციის გამოთხოვის საფუძველზე განსაზღვროს შეესაბამება თუ არა მის მიერ მოპოვებული ინფორმაცია სინამდვილეს.
  • იგივე უნდა ითქვას Google Maps-ის საშუალებით მოპოვებული ინფორმაციაზეც, ვინაიდან ასეთი ინფორმაცია უნდა დადგინდეს მხოლოდ შესაბამისი ქვეყნის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტით.“

 

„ელვას“ ფილიალის დისკვალიფიკაციის შემდეგ, მერიის სამმართველოს სატენდერო კომისიამ, მომდევნო პრეტენდენტად შპს „სამშენებლო-საპროექტო ჯგუფი“ განსაზღვრა და ის, 9 სექტემბრის ოქმით [გარკვეული დოკუმენტების დაზუსტების შემდეგ] ხელშეკრულების გასაფორმებლად მიიწვია.

ეს კომპანია სამმართველოს მომსახურებას 430 984 ლარით უფრო ძვირად სთავაზობს, ვიდრე „ელვას“ ფილიალი, ანუ, 4 897 000 ლარად.

მიმდინარე ტენდერის ბედი დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული, სადაც საჩივრის განხილვის თარიღად, 2022 წლის 15 სექტემბერია ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ იგივე რუსული კომპანია – „ელვას“ ფილიალი – ბათუმის მერიას 311 ათას 592 ლარად სთავაზობდა ჯავახიშვილის 47-ში მდებარე ავარიული კორპუსის გამაგრებას,  თუმცა საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ეს ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზე შეწყვიტა.

ამავე თემაზე უფრო ვრცლად ნახეთ ბმულზე:

რა ხდება ჯავახიშვილის ქუჩაზე, სადაც მოსახლეობა ბინებს ტოვებს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: