მთავარი,სიახლეები

რუსეთი უკრაინაში 4 ჩეჩნური ბატალიონის გაგზავნას გეგმავს – ISW

15.09.2022
რუსეთი უკრაინაში 4 ჩეჩნური ბატალიონის გაგზავნას გეგმავს – ISW

„ვაგნერის“ დამფუძნებელი და დამფინანსებელი, პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ სახე ხდება – მიიჩნევს აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) და მიუთითებს, რომ ომში პატიმრების გაგზავნით, პრიგოჟინი იყენებს „სტალინის“ მეთოდს, რომლითაც საშუალებას აძლევს კრემლს, არ გამოაცხადოს საყოველთაო მობილიზაცია.

„კრემლის სამხედრო ბლოგერები მუდმივად ხაზს უსვამენ პრიგოჟინის წარმატებებს, ზოგიერთი იმასაც წერს, რომ პრიგოჟინმა უნდა შეცვალოს თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, რომელსაც ბლოგერები და კრემლიც ხარკოვის მარცხზე მთავარ პასუხისმგებლად მიიჩნევენ,“ – აღნიშნავს ISW უკრაინის შესახებ მომზადებულ დღევანდელ ანგარიშში.

ინსტიტუტის მკვლევრები დასძენენ, რომ პრიგოჟინის პიარი, სავარაუდოდ, კრემლის იმ საინფორმაციო კამპანიის ნაწილია, რომლის მიზანიც ხარკოვის მარცხზე პუტინისთვის პასუხისმგებლობის არიდებაა.

ინსტიტუტის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო სარდლობა უკრაინაში თავისი ძალების გასაძლიერებლად ომში ახალი ჩეჩნური ბატალიონების ჩართვას აპირებს, თუმცა ეს ბატალიონები დაუკომპლექტებელია და დაქირავებული მებრძოლებისა და რუსეთის ეკონომიკურად დეპრესიული რაიონების მცხოვრებლებისგან შედგება.

ISW ეყრდნობა უკრაინის დაზვერვის ცნობებს, რომელთა მიხედვითაც, რუსეთის ხელმძღვანელობა გეგმავს უკრაინას ოთხი ჩეჩნური ბატალიონის გაგზავნას.

ISW-ის სხვა მთავარი მიგნებები:

  • რუსეთის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს უკრაინულ ჰიდროტექნიკურ ინფრასტრუქტურას დნეპროპეტროვსკში, რათა უკრაინის ძალების მდინარე ენგულეცზე გადასვლა შეეფერხებინათ.
  • უკრაინის კონტრშეტევა ხარკოვის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში გრძელდება და რუსულ ძალებს ასუსტებს.
  • რუსული და უკრაინული წყაროები იტყობინებიან უკრაინის ძალების სახმელეთო თავდასხმებზე ხერსონის ოლქში ჩრდილოეთ, დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილებში, თუმცა ინფორმაცია სერიოზული მიღწევების შესახებ არ გავრცელებულა,
  • რუსეთის ძალები განაგრძობდნენ სახმელეთო შეტევებს ბახმუტის გარშემო და ქალაქ დონეცკთან.
  • მოხალისეთა ბატალიონების დაფინანსება, სავარაუდოდ, დამატებით ტვირთად აწვება რუსულ ქალაქებსა და ოლქებს.
  • რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 14 სექტემბერს მობილური ინტერნეტი გამორთეს ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქში, რათა შეინარჩუნონ ოპერატიული უსაფრთხოება და უკეთ გააკონტროლონ საინფორმაციო სივრცე, რადგან ხედავენ, რომ რუსეთის ჯარები, საოკუპაციო ხელისუფლების ჩინოვნიკები და კოლაბორაციონისტები ახლახან გათავისუფლებული ხარკოვის ოლქიდან რუსეთში გარბიან.

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის გუშინდელი ანგარიშის ძირითადი თემა უკრაინის წარმატებული კონტრშეტევაზე მოსკოვის რეაქცია იყო. ISW წერდა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კრემლმა პირველად აღიარა დამარცხება ხარკოვის ოლქში და ახლა ცდილობს, მარცხზე და თითქმის მთელი ოკუპირებული ხარკოვის „დაკარგვაზე“ პასუხისმგებლობა პუტინს ააცილოს. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: