მთავარი,სიახლეები

პუტინს კიევთან სამშვიდობო შეთანხმებას სთავაზობდნენ, თუმცა მან ომი დაიწყო – Reuters

14.09.2022 • 804
პუტინს კიევთან სამშვიდობო შეთანხმებას სთავაზობდნენ, თუმცა მან ომი დაიწყო – Reuters

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, პუტინს მისი ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, წარმოშობით უკრაინელი დიმიტრი კოზაკი არწმუნებდა, რომ უკრაინა დაითანხმა, უარი ეთქვა NATO-ზე, თუმცა პუტინმა სრულმასშტაბიანი ომი მაინც დაიწყო.

სააგენტო ამის შესახებ რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულ სამ კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

Reuters-ის წყაროების მტკიცებით, დიმიტრი კოზაკმა აცნობა პუტინს, რომ მისი აზრით, შეთანხმება, რომელსაც მან კიევთან მიაღწია, აღარ ტოვებდა ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის აუცილებლობას, თუმცა როდესაც პრეზიდენტს ეს ინფორმაცია მიუტანეს, ცხადი გახდა, რომ პუტინი დათმობით უკმაყოფილო იყო და უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციას გეგმავდა.

სამიდან ორი წყარო აცხადებს, რომ ამგვარი შეთანხმება კიევთან 24 თებერვალს რუსეთის შეჭრიდან ძალიან მალე შედგა.

„24 თებერვლის შემდეგ კოზაკს კარტ-ბლანში მისცეს, მწვანე აუნთეს, მან შეთანხმებას მიაღწია, თუმცა დაბრუნდა და უთხრეს, რომ ყველაფერი უნდა გაუქმდეს. პუტინმა უბრალოდ გეგმა შეცვალა,“ – ამბობს წყარო.

სააგენტოს კიდევ ერთი წყარო ამტკიცებს, რომ ამგვარი შეთანხმება კოზაკმა პუტინს უკრაინაში შეჭრამდე შესთავაზა და უარი მიიღო.

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა Reuters-ს უთხრა, რომ ამ ინფორმაციას „არანაირი კავშირი არ აქვს რეალობასთან და ასეთი რამ არ მომხდარა“.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა კი განაცხადა, რომ რუსეთი იყენებდა მოლაპარაკებებს, როგორც კვამლის ფარდას, რომლის მიღმაც სრულმასშტბიანი ომისთვის ემზადებოდა, თუმცა პოდოლიაკს არ დაუდასტურებია, მართლაც შედგა თუ არა ასეთი შეთანხმება.

„დღეს ჩვენ ცხადად ვხედავთ, რომ რუსული მხარე არასდროს ყოფილა დაინტერესებული პრობლემის მშვიდობიანი დარეგულირებით,“ – თქვა პოდოლიაკმა.

სააგენტოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გააკეთა დიმიტრი კოზაკმა.

ომის პირველ დღეებში მოსკოვში აცხადებდნენ, რომ მზად იყვნენ უკრაინასთან ნეიტრალურ სტატუსზე მოლაპარაკებებისთვის, ამ საკითხს კრემლი ერთ-ერთ აუცილებელ პირობად ასახელებდა.

დღეს, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთი უკრაინის სწრაფვას NATO-სადმი და ალიანსში შესაძლო გაერთიანებას რუსეთისთვის საფრთხედ განიხილავს – ასეთი კომენტარი გააკეთა პესკოვმა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიის დოკუმენტზე, რომელიც ოფიციალურმა კიევმა 13 სექტემბერს წარადგინა და რომელშიც აღნიშნულია, რომ უკრაინა კვლავაც მიისწრაფვის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობისკენ.

„არავინ მალავს, რომ ეს დოკუმენტი იმოქმედებს NATO-ს წევრობამდე, NATO-ს წევრობის სურვილი რჩება. შესაბამისად, რჩება ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხე და მეტ აქტუალობასაც იძენს ერთ ერთი მიზეზი, რამაც აუცილებელი გახადა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარება,“ – განაცხადა პესკოვმა.

მთავარ ფოტოზე: ვლადიმერ პუტინი და დიმიტრი კოზაკი/ფოტო: EPA

გადაბეჭდვის წესი


ასევე: