ნეტგაზეთი • RU

ბათუმში დაამონტაჟებენ მზის ელემენტებს, რომლებიც ტელეფონებს დამუხტავს

ბათუმში, ოთხ ადგილზე – ცენტრალურ პარკში, ევროპის მოედანზე [2 სტენდი] და ანბანის კოშკის მიმდებარედ – ტელეფონების დასამუხტი მოწყობილობების [სტენდების] მონტაჟი იგეგმება. ამ მოწყობილობებით, რომლებიც მზის ენერგიაზე იმუშავებს, მოქალაქეები უფასოდ ისარგებლებენ.

მოწყობილობა ასევე „აღჭურვილი უნდა იყოს როუტერით [ინტერნეტის კაბელის გარეშე], რათა მომხმარებლებს მინიმუმ 10 მეტრის რადიუსში უფასოდ მიეწოდოს ინტერნეტი“.

„ოთხი ერთეული ტელეფონების დამტენის შესყიდვა-მონტაჟზე“ ტენდერი ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა. სატენდერო თანხა 74 ათასი ლარია. სამმართველოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ტელეფონების დასამუხტი სტენდების განთავსება, მერიის კონკურსის – „შენი იდეა ბათუმს“ – გამარჯვებული პროექტია.

ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 19 სექტემბერს დაიწყება და 21 სექტემბერს დასრულდება. გამარჯვებულმა კი, სტენდები ამავე წლის 9 დეკემბრამდე უნდა დაამონტაჟოს.

სატენდერო პირობების მიხედვით:

  • „მოწყობილობას უნდა გააჩნდეს სხვადასხვა სახის სწრაფი დამუხტვის, ჯამში 12 შესაერთებელი პორტი – ერთდროულად ყველა დაერთებული მოწყობილობების სწრაფი დამუხტვის ფუნქციით;
  • სტენდს უნდა გააჩნდეს შშმ პირთა წვდომისთვის გამოყოფილი ანალოგიური პორტები;
  • პორტები და მთლიანად მოწყობილობა უნდა იყოს მდგრადი – წლის განმავლობაში არსებული ამინდის, ჭარბი ტენიანობის თუ ტემპერატურის ზემოქმედების მიუხედავად;
  • მოწყობილობამ უნდა იმუშაოს მთელი წლის განმავლობაში; ენერგიის წყაროები მოთავსებული უნდა იყოს ამინდების მიმართ მდგრად შიგთავსებში და უზრუნველყოფილი ქურდობისგან დამცავი საშუალებით;
  • პორტებს უნდა გააჩნდეს ვოლტაჟის მანიშნებელი;
  • სტენდზე უნდა განთავსდეს მოწყობილობაზე აღჭურვილი 12 ვოლტზე მომუშავე წყალგამძლე, LED განათება ღამით გამოყენებისთვის, ავტომატური ჩართვით.
  • გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს ინტერნეტის მიწოდება 3 წლის განმავლობაში.“

ტელეფონების დასამუხტი სტენდი, რომელიც მზის ენერგიაზე იმუშავებს / ფოტომონტაჟი ტენდერიდან

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com