განათლება,მთავარი,სიახლეები

გამოჩნდა, რომ შეფასების სისტემა არ არის სანდო – მასწავლებელი გამოცდების შესახებ

14.09.2022 •
გამოჩნდა, რომ შეფასების სისტემა არ არის სანდო – მასწავლებელი გამოცდების შესახებ

„ვალიდური, სანდო, გამჭვირვალე და ობიექტური, თუ ამ კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებს გამოცდა, მაშინ ცენტრის მიმართ, გაჩნდება უნდობლობა“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ბათუმის მეორე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი, მინდია ფუტკარაძე. მან სხვა, 12 ათას მასწავლებელთან ერთად სტატუსის ასამაღლებლად გამოცდა ზაფხულში ჩააბარა. რა სისტემური ხარვეზები გამოაჩინა გამოცდამ? – ის ამ თემაზე საუბრობს ჩვენთან ინტერვიუში.

  • ბატონო მინდია, როგორც ვიცით, ამ ზაფხულში თქვენც ჩააბარეთ მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდა, რომელიც წამყვანი და მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად იყო საჭირო. როგორც ვიცით, ახალი ფორმატით ჩატარდა გამოცდა, როგორი იყო ტესტები და რა სირთულის?

დიდი ამბებია ამ ტესტებთან და გამოცდებთან დაკავშირებით, რადგან უპრეცედენტო რაღაცები ხდება. როგორც ჩანს, ისევ მასწავლებლებისგან უნდა წამოვიდეს რეფორმაზე ხედვა, თუ რა გვინდა და საითკენ უნდა წავიდეთ, რადგან, როგორც ვხედავთ, ამაზე ფიქრს არც „ნაეკში“ აპირებენ და არც განათლების სამინისტროში. ამ გამოცდებმა ბევრი პრობლემა წამოსწია წინ, ის, რაც არსებობს სისტემაში.

  • რა არის ეს პრობლემები, თქვენი დაკვირვებით?

პირველი, რაც ამ გამოცდამ გამოავლინა ეს არის პრობლემა შეფასების სისტემაში. ზოგადად, გამოცდების მომხრე ვარ, უნდა დავიტესტოთ კიდეც, სიახლეებსაც გავეცნოთ, მეტიც უნდა ვისწავლოთ, მაგრამ მე უნდა მჯეროდეს, რომ გამომცდელი იქნება სანდო, ობიექტური და გამჭვირვალე.

თუ ამ კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებს გამომცდელი, მე აღარ მექნება განვითარების მოტივაცია და სურვილი, რომ მონაწილეობა მივიღო მსგავსი ტიპის გამოცდაში.

  • ის, რა კრიტერიუმებიც დაასახელეთ, აკლდა ამ გამოცდას?

დიახ, რა თქმა უნდა. გამოჩნდა, რომ შეფასების სისტემა არ არის სანდო. დავიწყოთ თუნდაც იქიდან, რომ გამოცდაზე ორი ტესტი იყო და თავიდან არავის უთქვამს, რომ ეს ტესტები ერთმანეთისგან სირთულით განსხვავდებოდა. ითქვა, რომ აპლიკანტები წამყვანის და მენტორის გამოცდას ერთი ტესტით ჩააბარებდნენ.

თუმცა, გამოცდის შედეგების დადების შემდეგ დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ პირველი ვარიანტი იყო უფრო რთული და მეორე – არა. შესაბამისად, პირველ ვარიანტი ვინც დაწერა, მათ სკალირებით დაუმატეს ქულები, მეორე ვარიანტს კი არა.

სწორედ აქედან დაიწყო პრობლემები და უნდობლობა შეფასების სისტემის მიმართ.

როგორ შეიძლება ერთი დონის ტესტი შეფასებისას იყო სხვადასხვა? რა კრიტერიუმით მოხდა შერჩევა, საიდან დადგინდა, რომ პირველი ტესტი იყო რთული და მეორე მარტივი?

ისიც ითქვა, რომ ვინც ბარიერი ვერ გადალახა, უმრავლესობამ პირველი ვარიანტი წერა და ამიტომ ჩაითვალა ეს ვარიანტი რთულადო. იქნებ, პირველი ვარიანტი ვინც წერა, ის მასწავლებლები არ ემზადებოდნენ და ამიტომ დადგა ეს შედეგი და არა იმიტომ, რომ რთული იყო.

  • რა განსხვავება იყო ტესტის პირველ და მეორე ვარიანტს შორის?

არაფერი. ფორმა ერთი და იგივეა. ამბობენ, რომ კითხვები იყო რთული, მაგრამ თავიდან ხომ გვითხრეს, რომ ერთნაირი ტესტი იყო. თუ განსხვავებული იყო, მაშინ არჩევანის უფლება უნდა გვქონოდა. მე მინდა დავწერ რთულ ტესტს და შემდეგ დამიმატონ ქულა და თუ დავწერ მარტივს, არ მექნება პრეტენზია ქულის მომატებაზე.

  • მასწავლებელს არჩევის შესაძლებლობა არ ჰქონდა?

არანაირი არჩევანის უფლება არ გვქონდა, რადგან თავიდანვე ითქვა, რომ ერთ ტესტით ბარდებოდა ორივე გამოცდა.

თუ ასე არ იყო, მაშინ ჩვენთვის უნდა მოეცათ არჩევანის უფლება. ჩვენ ასე ვაკეთებთ მოსწავლეებთან. ვაწვდით სასწავლო მენის და მოსწავლე ირჩევს რა შეასრულოს, როგორ შეასრულოს და რა დონეზე შეასრულოს. „ნაეკი“ რატომ არ აკეთებს ამას ვერ გავიგე. რასაც ჩვენ გვთხოვენ, იმას რატომ არ აკეთებენ თავად.

ავიღოთ თუნდაც ტესტის შინაარსი, ჩვენ გამოცდებამდე მოგვაწოდეს ლიტერატურა და გვითხრეს, რომ კითხვები იქნებოდა კონსტიტუციიდან, კანონმდებლობიდან, პროფესიული ეთიკიდან და ასე შემდეგ. ერთი კითხვაც კი არ შემხვდა აქედან.

7-8 ჩამონათვალი იყო, რომელიც უნდა გვესწავლა და ჩვენ ამას ვაპროტესტებდით თავიდან, ვამბობდით, რატომ უნდა იცოდეს ზეპირად ეს ყველაფერი მასწავლებელმა? თუმცა ტესტში მაინც არ იყო შეტანილი ეს საკითხები, აი ეს არის პრობლემა. თუ ჩვენ არ გვეცოდინება რას ვაბარებთ, იმას ვერასდროს ვერ ჩავაბარებთ.

  • თუ არც კონსტიტუცია არ იყო, არც კანონმდებლობა, მაშინ რა ტიპის შეკითხვები იყო შეტანილი ტესტში?

ტესტი მორგებული იყო სასკოლო ცხოვრებას, იმას, რასაც ვაკეთებთ ან უნდა ვაკეთებდეთ კლასში, რა მეთოდებსაც ვიყენებთ, აი ამის განხილვა, არგუმენტირებას მოითხოვდა ტესტი. რატომ შეიძლება გამოიყენოს მასწავლებელმა ეს მეთოდი, ან რომელ მეთოდს გამოვიყენებდი ამ პრობლემის გადასაჭრელად და ასე შემდეგ.

ზოგადად, ტესტი მომეწონა, როგორიც იყო, არ ვამბობ, რომ რთული ტესტი იყო, მაგრამ პროტესტი მაქვს იმის გამო, რომ ჩვენ სხვა მიმართულებით ვმეცადინეობდით და ვემზადებოდით. გვეუბნებოდნენ, რომ ეს იქნება ტესტში და იყო სხვა.

სამი წელი ამას ველოდებოდით მასწავლებლები, გვქონდა მოლოდინი, რომ ძალიან კარგი რაღაც კეთდებოდა, რადგან ერთი ტესტით შეგვეძლო პროფესიული წინსვლა და აი ასეთ გაუგებრობაში თუ ჩაგვაყენებდნენ, მართლა არ მეგონა. მეტის გაკეთება შეგვეძლო, თუ ჩვენ სწორ მიმართულებას მოგვცემდნენ.

  • აქცენტი სხვა რამეზე გადაატანინეს მასწავლებლებს გამოცდის წინ, ამის თქმა გინდათ?

კი, ასე იყო. მოგვცეს რამდენიმე ათასგვერდიანი ლიტერატურა, წაგვაკითხეს და შემდეგ აქედან არცერთი კითხვა არ იყო ტესტში. წარმოგიდგენიათ? ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდით.

რა თქმა უნდა, გამოცდა „ნაეკმა“ უნდა ჩაატაროს, ტესტიც განათლების მიმართულებით გამოცდილმა ექსპერტებმა უნდა შეადგინონ, მაგრამ პირველ რიგში, უნდა მითხრან, რა უნდა ჩავაბარო.

ტესტი აგებული იყო იმაზე, რასაც ვაკეთებთ ჩვენ ყოველდღიურად გაკვეთილზე და მე, პირადად, სწორედ ამის ხარჯზე ჩავაბარე გამოცდა. დავწერე ის, რასაც ვაკეთებ. პირველად მოხდა ასეთი რამ, რომ გამოცდიდან გამოვედი და ვთქვი, „ტყუილად ვიმეცადინე“, „აი, ამდენი ნამეცადინები ჩავყარე წყალში“.

„ნეტა არ მემეცადინა“, ასე რომ იტყვი მასწავლებელი გამოცდიდან გამოსვლის შემდეგ, ეს არის ცუდი. ვფიქრობ ეს არის განათლების რეფორმის კრახი.

  • სამინისტრო ან თუნდაც გამოცდების ცენტრი (Naec) გეტყოდათ, რომ თუ კანონები წაიკითხეთ და ისწავლეთ, რატომ არის ეს „წყალში გადაყრილი“, ცოდნა ხომ გამოგადგებათ?

ცოდნა არასდროს არ არის ზედმეტი, რა თქმა უნდა გამომადგება, მაგრამ მე სხვა რამეს ვამბობ. ეს ყველაფერი დამეხმარება უკეთესი გაკვეთილის ჩატარებაში? აი, ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. გამოცდა იყო პროფესიული წინსვლისთვის ხომ? ესე იგი, მე ხვალ უკეთესი გაკვეთილი უნდა ჩავატარო, უკეთესი მასწავლებელი უნდა ვიყო, მაგრამ თუ ეს გამოცდა მე ამაში არ დამეხმარება, მაშინ ფუჭი ყოფილა ეს გამოცდაც.

მაშინ რატომ არ ვაბარებ რაღაც სხვა გამოცდას, მაგალითად ეკონომიკური მიმართულებით, ეგეც ხომ ცოდნაა, საჭიროა ცხოვრებისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ხომ სკოლაზე, მოსწავლეზე ორიენტირებული უნდა ვიყოთ, მესამე თაობის სასწავლო გეგმა ხომ ამაზე მიუთითებს, რომ შრომაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული?

ის, რომ მასწავლებელი უნდა იყოს სიახლეების მიმღები და მზად იყოს ამისთვის, კი, ეს მუხტი შემოიტანა გამოცდამ, მაგრამ ფსიქოლოგიური ზეწოლის და სტრესის ხარჯზე ეს არ უნდა ხდებოდეს. მასწავლებელს ასე არ უნდა ექცეოდეს სისტემა, ამაზე მაქვს საუბარი.

  • თქვენ ტესტი მოგეწონათ, ფიქრობთ, რომ ადეკვატური იყო, თუმცა აკრიტიკებთ წინასაგამოცდო პროცესს და შეფასების სისტემას, სწორად გავიგეთ?

დიახ. ტესტი არ იყო რთული, თუმცა არც მარტივი იყო.

ცუდი იყო – პირველი, ტესტისთვის განკუთვნილი დრო, რადგან მოგვეცა 4 საათი და ეს იყო ძალიან ცოტა ამ გამოცდისთვის, იყო უამრავი საკითხი, ღია, დახურული ტიპის შეკითხვები, ფუნქციური წერა, რაც დროს ითხოვს. გამოდიოდნენ მასწავლებლები და ამბობდნენ, რომ ვერ მოასწრეს ნამუშევრის გადატანა და ასე შემდეგ.

პრეტესტი როცა ჩაატარეს, მაშინ უნდა განესაზღვრათ დრო, რადგან ვინც გამოდიოდა გამოცდიდა, ყველა ამბობდა, რომ „ვერ მოვასწარი“. რაღაც დასკვნა ხომ უნდა გამოიტანო პრეტესტიდან. ესეც კი არ გაითვალისწინეს.

  • თქვენ ამბობთ, რომ მოსამზადებელი ლიტერატურა და ტესტი ძალიან განსხვავებული იყო, როცა პრეტესტი წერეთ, ის თუ ჰგავდა ამ ტესტს, დაახლოებით მაინც რომ განგესაზღვრათ, როგორი ტესტი იქნებოდა გამოცდაზე?

პრეტესტი მე არ დამიწერია, ამიტომ ასეთ შეფასებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ პრეტესტზეც არ იყო ყველა მიმართულება განხილული. საბოლოო წარმოდგენას ვერ გიქმნიდა, რადგან სრულად არ იყო იმიტირებული.

წელს მასწავლებლების უპრეცედენტო რაოდენობა გავიდა გამოცდაზე, ბევრმაც თავი შეიკავა, იმიტომ რომ არ იცოდნენ რა ფორმატით ჩატარდებოდა, რა კითხვები მოვიდოდა და დღეს ისინი კმაყოფილი არიან სხვათა შორის.

  • ზოგი სოციალურ ქსელში წერდა, ზოგიც პირად საუბრებში იმაზე, რომ აპელაციის შემდეგ ქულები აუმაღლეს. რას ნიშნავს, როცა გასაჩივრების შემდეგ აპლიკანტს მაგალითად 7 ან 8 ქულას უმატებენ, შეიძლება ამხელა ცდომილება იყოს შეფასებისას?

ეს არის ყველაზე მთავარი კითხვა და ამაზე პასუხი უნდა გასცეს „ნაეკმა“. მე დავწერე ტესტი, მეორე ვარიანტი ვწერე და არცერთი ქულა არ დაუმატებიათ. მაგრამ ვინც დაწერა პირველი ვარიანტი და შედეგი გაასაჩივრა, მას 7 ან 8 ქულაც კი დაუმატეს. როგორ ხდება ეს? ორივე ტესტი ხომ ერთმა გამსწორებელმა გაასწორა? გამოდის, ერთ ტესტში 8 შეცდომა დაუშვეს შეფასებისას და ჩემთან არცერთი?

ამიტომ გამოიწვია ამ შეფასებამ ამდენი მღელვარება და უნდობლობა. ვიღაცას 8 ქულას უმატებ, მე კი არც ერთს. მე მყავს მეგობარი, რომელიც მენტორის სტატუსისთვის გავიდა გამოცდაზე – 52 ქულა აიღო, დაწერა მეორე ვარიანტი და 0,5 ქულა აკლდა, რომ მენტორის სტატუსი მიეღო. დარწმუნებულია, რომ მისი ნამუშევარიც არასწორად იყო გასწორებული, მაგრამ არ დაუმატეს არცერთი ქულა. ის აპირებს, სასამართლოს მიმართოს.

არის შემთხვევები, ვინც პირველ ვარიანტი დაწერა, აიღო 44-46 ქულა და სკალირებით დაემატა 7-8 ქულა. როცა ეს ხდება, გიჩნდება განცდა, რომ არასწორია შეფასება. არ არის ვალიდური და არასანდოა.

  • რეალურად იყო არსებითი განსხვავება ტესტების შინაარსში?

საკითხი შეიძლება ყოფილიყო განსხვავებული, მაგრამ ფორმატი იყო ერთნაირი. მაგალითად, ერთ-ერთი დავალება იყო ფუნქციური წერა ხომ? მე შეიძლება დავწერე ინკლუზიური განხრით, ვიღაცამ კი დაწერა ვთქვათ, სპორტის განხრით. თუმცა, ფორმატი ერთი და იგივეა.

ამის მიუხედავად, მეორე ვარიანტს სკალირება საერთოდ არ შეეხო, პირველს კი. თუ ნაეკი იტყვის, რომ ეს განსხვავებები თავიდანვე იყო, მაშინ ეს დისკრიმინაციაა, რადგან გამოდის, რომ ვიღაცას რთული ტესტი დაუდო და ვიღაცას მარტივი.

მაშინ თავიდანვე უნდა გვქონოდა ამაზე ინფორმაცია და ჩვენ გადავწყვეტდით რთულს ავირჩევდით თუ მარტივს. თუმცა ამას ვერ იტყვიან, რადგან არ ყოფილა თავიდან ამაზე საუბარი.

  • თქვენ თუ გააპროტესტეთ შედეგი?

იმ ვარიანტში, სადაც სხვას 8 ქულა დაუმატეს, მე კი 3 ქულა მეწერა, არ გავასაჩივრე, რადგან წამყვანის სტატუსისთვის გავედი და ამისთვის საკმარისი ქულები დავაგროვე. თუმცა, მენტორობისთვის რომ გავსულიყავი, გამოდის ქულას მაინც არ დამიმატებდნენ, რადგან მეორე ვარიანტი ვწერე.

ზოგადად, მე ვენდობოდი გამოცდების ცენტრს და თუ ასე არ იქნება, სხვანაირად ვერც განვვითარდებით. მომავალშიც ვაპირებ გამოცდაზე გასვლას, მაგრამ თუ ასე შეაფასებენ, ასეთი არასანდო და არაობიექტური თუ იქნება შეფასება, როგორც უნდათ ისე იტყვიან და გააკეთებენ, ვიღაცას 8 ქულას დაუმატებენ და ვიღაცას არცერთს, ეს ძალიან ცუდი იქნება.

რვა ქულა როგორ უნდა გაგეპაროს ტესტის შეფასებისას? ეს ძალიან ბევრია. ეს იყო განსხვავება მენტორსა და წამყვანს შორის, მეტი კი არა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ არ აწყობდათ ბევრს აემაღლებინა სტატუსი, ამიტომ გააკეთეს არაობიექტური შეფასებები.

ერთი სიტყვით, თუ გვინდა, რომ გამოცდების ცენტრის მიმართ ნდობა არ გაქრეს, უნდა შემცირდეს გამოცდებისთვის გათვალისწინებული პროგრამა, წინასწარ უნდა მოგვცენ ლიტერატურა, საიდანაც იქნება შეკითხვები და მასალა უნდა იყოს იმაზე ორიენტირებული, რომ მასწავლებელი გახდეს უკეთესი. უნდა ვისწავლი ის, რაც გამომადგება გაკვეთილზე.

გადაიხედოს დრო, რადგან 4 საათი ძალიან ცოტაა ამდენი დავალების შესასრულებლად. ყველა დავალება იყო განსხვავებული, ინდივიდუალურად სამსჯელო და საფიქრი. თუმცა, მგონია, რომ ესეც განზრახ არის გაკეთებული.

მე დავემორჩილები გამოცდების ცენტრს მაშინ, თუ იქნებიან კომპეტენტურები, თუ მეცოდინება, რომ მათი ტესტი ვალიდურია, შეფასება სანდო, გამჭვირვალეა და ობიექტური.

თუ ამ ოთხს კომპონენტს ვერ დააკმაყოფილებენ, აღარ მექნება ნდობა მათ მიმართ.

რადგან 12 ათასი მასწავლებელი გავიდა გამოცდაზე, ეს ნიშნავს, რომ ისინი არიან მზად ცვლილებებისთვის, განვითარებისთვის, თუმცა „ნაეკი“ არ დახვდა მზად. ამდენი გავიყვანოთ, ამდენი არა, ვიღაცას დავუმატოთ და ვიღაცას არა –  მასწავლებელს ამის განცდა არ უნდა დარჩეს, რადგან არა მგონია ამით ვინმემ მოიგოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: