მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ერთჯერადი დახმარება შშმ დედებს – რა ახალ პროგრამებს გეგმავს 2023 წლიდან აჭარის ჯანდაცვა

13.09.2022 • 1436
ერთჯერადი დახმარება შშმ დედებს – რა ახალ პროგრამებს გეგმავს 2023 წლიდან აჭარის ჯანდაცვა

2023 წლიდან აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე პაციენტების სტაციონარული მომსახურებას დააფინანსებს.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განმარტებით, ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე პაციენტების სტაციონარული მომსახურება მოიცავს ამ დარღვევების კუპირებასა და მათ მკურნალობას. მინისტრის თქმით, პროგრამის შემუშავება მოსახლეობის მხრიდან საკმაოდ მაღალმა მოთხოვნამ განაპირობა.

„ამიტომ კომპონენტის სახით ეს დაემატება მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამას” – ამბობს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი.

კიდევ ერთი სიახლე ის იქნება, რომ მომავალი წლიდან შშმ სტატუსის მქონე დედებსა და შშმ ორსულ ქალებს გაეწევათ ერთჯერადი მატერიალური დახმარება 2000 ლარის ოდენობით.

მინისტრმა ასევე თქვა, რომ მომავალი წლისთვის სამინისტრო გეგმავს მოზარდებისთვის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელებას, რომელიც, ნინო ნიჟარაძის განმარტებით, ფსიქიკური პრობლემების მქონე 8-დან 25 წლის ასაკის ადამიანებს მოიცავს, „მათ, ვისაც შშმ სტატუსი არა აქვთ, მაგრამ რომლებიც ასევე საჭიროებენ სერიოზულ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას” – ამბობს ნიჟარაძე.

დღეს, 13 სექტემბერს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტების განხილვისას ითქვა, რომ სამინისტრო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად 36 პროგრამას განახორციელებს. შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ მოქალაქეთა მომართვიანობისა და მოთხოვნების გათვალისწინებით გაგრძელდება მიმდინარე წლის მოქმედი პროგრამები. ამავდროულად დაგეგმილია რიგი ცვლილებები, კერძოდ, ამოქმედდება ახლი პროგრამები.

ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით:

გეგმის თანახმად, 3 900 000 ლარამდე გაიზრდება „ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების“ პროგრამის ბიუჯეტი, რომლის ფარგლებში პირველად დაფინანსდება:

  • თვალის ბადურის მძიმე მკურნალობა ახალი თაობის ანტიანგიოგენური პრეპარატებით;
  • ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე პაციენტების სტაციონარული მომსახურება;
  • ამავე პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება ღვიძლის, ძვლის ტვინისა და გულის ტრანსპლანტაციების დაფინანსება. გაიზრდება ძვლის ტვინისა და ღვიძლის ტრანსპლანტაციის დასაფინანსებელი ბენეფიციარების რაოდენობა;
  • იგეგმება იდიოპათიური მაანკილოზირებული სპონდილიტით, ფსორიაზითა და ფსორიაზული ართრიტით დაავადებული პაციენტების ძვირადღირებული ბიოლოგიური მედიკამენტებით მკურნალობის დაფინანსების პროცენტული წილის გაზრდა;
  • გაიზრდება გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტების რაოდენობა.

სოციალური მიმართულებით:

  • პირველად ამოქმედება ახალი პროგრამა – ბავშვთა/მოზრდილთა ფსიქოსოციალური აბილიტაცია/რეაბილიტაცია და შშმ სტატუსის მქონე დედათა და ორსულთა ერთჯერადი მატერიალური დახმარება;
  • მილიონ ლარამდე გაიზრდება ბავშვთა სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამების დაფინანსება;
  • ცვლილების თანახმად, დაგეგმილია რიგ პროგრამებში ბენეფიციარების და სეანსების რაოდენობის გაზრდა;
  • ასევე გაიზრდება ზრდასრულთა დამხმარე საშუალების რაოდენობა და თავშესაფრის ბენეფიციართა დაფინანსება;
  • 2023 წელს ბიუჯეტით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია არასამთავრობო სექტორს, სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს წარედგინა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მომავალი წლის ბიუჯეტი მიმდინარესთან შედარებით 8,9%-ით, კერძოდ 2 827 205 ლარით გაიზრდება და 31 735 000 ლარი იქნება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: