მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ექიმების რაოდენობა ძალიან მაღალია, ექთნებზე კი მწვავე დეფიციტია – ჯანმო საქართველოზე

13.09.2022 • 4224
ექიმების რაოდენობა ძალიან მაღალია, ექთნებზე კი მწვავე დეფიციტია – ჯანმო საქართველოზე

საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე ექიმების რაოდენობა ძალიან მაღალია, მაგრამ ექთნების მწვავე დეფიციტია – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უახლეს ანგარიშში წერია.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ ხაზს უსვამს 2013 წლიდან მიღწეულ პროგრესს საჯაროდ დაფინანსებულ ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით, რამაც ფინანსური ბარიერების შემცირების გზით მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს საშუალება მისცა ჯანდაცვის სერვისებზე ჰქონოდა წვდომა. თუმცა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები, საერთაშორისო მაჩვენებელთან შედარებით, დაბალია, დაფარვის პოლიტიკა უკიდურესად რთულია და არსებობს მაღალი თანაგადახდები.

გარდა ამისა, პირველადი ჯანდაცვის ფუნქცია სუსტია და პაციენტს აქვს ჯანდაცვის სერვისების უფრო სპეციალიზებულ დონეზე წვდომის ძლიერი სტიმული.

ჯანმოს ანგარიში წერია, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე ექთნების რიცხვი 2013 წლიდან იზრდება, მაგრამ ის ძალიან დაბალია ევროპის რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით: 2020 წელს 100 000 მოსახლეზე მხოლოდ 555 ექთანი მოდიოდა.

იმავეს მოწმობს საერთაშორისო ფონდი „კურაციოსა“ და ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის საერთო კვლევითი პროექტის 2022 წლის ანგარიშიც, რომლის მიხედვითაც ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობით საქართველო მკვეთრად განსხვავდება ევროპის საშუალო მაჩვენებლებისგან: ექიმებით უზრუნველყოფის მაჩვენებელი 100,000 მოსახლეზე 1.8-ჯერ აღემატება ევროპის საშუალოს; ექთნების რაოდენობა (100,000 მოსახლეზე) 1.3-ჯერ ნაკლებია ევროპის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით.

ჯანდაცვისა და მომსახურების სფეროების პროფკავშირის, „სოლიდარობის ქსელის“ გენერალური მდივანი, რევაზ კარანაძე ამბობს, რომ ძირითადი პრობლემა, რის გამოც საქართველოში, მიუხედავად ასეთი მაღალი მოთხოვნისა, ექთნის სპეციალობა არ არის პრესტიჟული – ძალიან დაბალი ხელფასი და კაბალური სამუშაო პირობებია.

„პირველი პრობლემა არის დაბალი ხელფასი, რომელიც არ იზრდება.

ახლა სამინისტრომ გამოსცა განკარგულება, რომ მხოლოდ სახელმწიფო კლინიკებში გაიზრდება ხელფასები, ამაში არ შედის, მაგალითად, საუნივერსიტეტო კლინიკები, ამიტომ აქ  საათობრივი ხელფასი არ იზრდება 5 ლარამდე, რაც პრობლემურია თავისთავად.

საქმე ის არის, რომ საქართველოში სახელმწიფო კლინიკები მხოლოდ 3 პროცენტია, დანარჩენი 97% კერძოა. ხელფასები არ გაზრდილა წლებია“, – ამბობს რევაზ კარანაძე.

მისივე თქმით, საექთნო საქმეში ახალი კადრები არ იქმნება, რადგან პროფესია არაპრესტიჟულია და სათანადო ანაზღაურება არ არის.

დავით კაპანაძე

„ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ექთნებისთვის არის ანაზღაურება, მაგრამ ანაზღაურების გარდა კლინიკებში არის სხვა უამრავი პრობლემა.

პაციენტების რაოდენობა არ არის განსაზღვრული სწორად და როდესაც ექთანს უწევს 10-12 პაციენტის მოვლა, დამეთანხმებით, ეს ვერ იქნება ხარისხიანი. თანაც, დღეს უკვე აღარ მზადდება ახალი კადრები და კლინიკებში ძირითადად ექთნებად მუშაობენ სტუდენტები, მათ შორის IV კურსამდე სტუდენტები, რაც კანონით დაუშვებელია. კლინიკები არღვევენ კანონს, რადგან ექთნების დანაკლისს ავსებენ სტუდენტებით“, – ამბობს სტუდენტი ექიმი და პირველი საუნივერსიტეტოს კლინიკის ექთანი დავით კაპანაძე.

„პრობლემა ის არის, რომ პროფესიით ექთნები აღარ გვყავს ბევრი. ფაქტობრივად, კლინიკებში ვერ ნახავთ ახალგაზრდა ექთანს, რომელმაც საექთნო დაამთავრა. პროფესიით ექთნები ვინც დღეს მუშაობენ, არიან უკვე ასაკოვანი ადამიანები, ანუ ხდება პროფესიის დაბერება“, – ამბობს დავით კაპანაძე. 

საქართველოში მნიშვნელოვან პრობლემად რჩება შორეულ და სოფლად დასახლებულ პუნქტებში სამუშაოდ პერსონალის დაქირავება და შენარჩუნებაც. „სამედიცინო პერსონალის მარაგთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა ცხადყოფს შეუსაბამობას მოთხოვნასა და მიწოდებას შორის“, – წერს ჯანმო.

სამედიცინო პერსონალის უმეტესობა მუშაობს სტაციონარულ დაწესებულებებში. 2019 წელს ეს მოიცავდა ექიმების 52%-ს და ექთნებისა და ბებიაქალების 71 პროცენტს – ჯანმო.

საქართველოში ექთანი/ექიმის თანაფარდობა ბოლო 5 წლის განმავლობაში არ აღემატება 0.9-ს, მაშინ როდესაც ევროპის რეგიონის და ევროკავშირის ქვეყნებში ერთ ექიმზე საშუალოდ 2 ექთანი მოდის. „ეს ყოველივე ეჭვქვეშ აყენებს მიწოდებული სამედიცინო სერვისის ხარისხს“, – წერს ფონდი „კურაციო“.

სამედიცინო პერსონალის გეოგრაფიული განაწილება ქვეყანაში არათანაბარია. მიუხედავად იმისა, რომ თბილისშია თავმოყრილი სამედიცინო დაწესებულებების დიდი ნაწილი, სამედიცინო კადრების გეოგრაფიულ განაწილებაში კვლავ დიდია სხვაობა თბილისსა და რეგიონებში.

წყარო: curatio

„ხელფასები არ იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს ადამიანებმა თავიანთი სიცოცხლე გაწირეს და პირველი ადამიანები, ვინც მართლა შეეწირნენ პროფესიის მიხედვით პანდემიას, იყვნენ ექთნები, მათ შორის იყო ჩვენი წევრი, შუახევის კლინიკის ექთანი ნადია შარვაშიძე, რომელიც გარდაიცვალა კორონავირუსის გამო“, – ამბობს რევაზ კარანაძე. 

რეზო კარანაძე

იგი საქართველოდან ექთნების გადინებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ამ საგანგაშო ტენდენციის მიზეზიც ღირსეული ხელფასის ძიებაა:

„ეს ადამიანები მიდიან ემიგრაციაში. ვიცით, რომ ძალიან ბევრი ქალი ჩვენგან საბერძნეთსა და იტალიაში მიდის ზრუნვის სფეროში. ექთნის პროფესია თუ გაქვს, იქ დასაქმების მეტი შანსია, წასულან ექთნები მუშაობის 30-წლიანი გამოცდილებით“.

რევაზ კარანაძის თქმით, საქართველოდან ევროპის ქვეყნებში მიდიან ახალგაზრდა ექთნებიც, რადგან ექთნის კადრები სხვა ქვეყნებშიც დეფიციტურია.

„წითელ წიგნში რომ არის, ხომ იცით, გადაშენების პირას მყოფი სახეობები, დაახლოებით ისეა ჩვენთან ეს პროფესია. ახალი კადრები არ იქმნება, რადგან ხელფასები არის მიზერული, რამდენიმე სამსახურში უწევთ მუშაობა და თან უცხოეთში გაედინება ეს კადრები“ ,- ამბობს ის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: