მთავარი,სიახლეები

აჭარის ტელევიზიის წამყვანი რეკლამაში – კანონის დარღვევაზე არავინ რეაგირებს

13.09.2022 •
აჭარის ტელევიზიის წამყვანი რეკლამაში – კანონის დარღვევაზე არავინ რეაგირებს

„ეს რეკლამა არ არის“ – ამბობს აჭარის ტელევიზიის თოქ-შოუს წამყვანი და დირექტორის მოადგილე ვახო ხუზმიაშვილი რეკლამის შესახებ, სადაც ის ერთ-ერთი კომპანიის თმის გადანერგვის მომსახურებას არეკლამებს და ამით კანონს არღვევს „მაუწყებლობის შესახებ“.

საუბარია სარეკლამო ვიდეორგოლზე, რომელიც სოციალურ ქსელში კომპანიამ „DeaMed“-მა 11 აგვისტოს გაავრცელა და რომელშიც აჭარის ტელევიზიის გადაცემის – „თავისუფალი სივრცე“ – წამყვანი მონაწილეობს. ჟურნალისტი ვახო ხუზმიაშვილი ვიდეორგოლში თმის გადანერგვის სერვისით კმაყოფილებას გამოხატავს და ამბობს, რომ თავადაც ემზადება შესაბამისი ოპერაციისთვის. „იყო ბევრი ვარიანტი, მაგრამ ავირჩიე DeaMed“, – ამბობს ჟურნალისტი იმ ვიდეოში, რომელიც ჟურნალისტის შეფასებით, რეკლამა არ არის.

ვიდეორგოლი ვახო ხუზმიაშვილის გადაცემის ქუდით იწყება იმის ხაზგასასმელად, რომ ის აჭარის ტელევიზიის ერთ-ერთი გადაცემის წამყვანია, ეთერში ხშირად ჩანს, მისი ვიზუალი მნიშვნელოვანია და ამ კომპანიას ენდობა.

სარეკლამო რგოლში მონაწილეობს აჭარის ტელევიზიის გასართობი გადაცემების ხელმძღვანელი აკაკი გოგიჩაიშვილიც. ის, ვიდეორგოლის მიხედვით, კლინიკაში მოულოდნელად აკითხავს ვახო ხუზმიაშვილს. მისი გზავნილი მაყურებლისთვის ესაა – „ტელევარსკვლავი“ სარგებლობს კონკრეტული კომპანიის მომსახურებით, რომლის სერვისსაც აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები არეკლამებენ. „აქ უნდა იყოს სადღაც ჩვენი ტელევარსკვლავი ვახო ხუზმიაშვილი,“ – ამბობს ვიდეოში აკაკი გოგიჩაიშვილი.

საქართველოს კანონის „მაუწყებლობის შესახებ“, მუხლი  63:

იკრძალება ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და წინასაარჩევნო დებატების პროგრამის წამყვანის ან ჟურნალისტის ნებისმიერი სახით მონაწილეობა რეკლამაში ან ტელეშოპინგში.“

„მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მუხლი 30-ე: „მაუწყებელი არ უნდა გამოხატავდეს მხარდაჭერას რომელიმე ორგანიზაციის, მისი პროდუქტის, ქმედებების ან მომსახურების მიმართ. ჟურნალისტს არ აქვს უფლება მაუწყებლის სახელი გამოიყენოს პირადი ინტერესებისათვის“.

იმის მიუხედავად, რომ ამ ვიდეოს გავრცელებიდან, ანუ 11 აგვისტოს შემდეგ, ერთ თვეზე მეტი დრო გავიდა, კომუნიკაციების კომისიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ ფაქტის შესახებ ჩვენგან გაიგეს. აჭარის ტელევიზიაში კი წარმოებაც არ დაუწყიათ მინიმუმ იმის დასადგენად, დაარღვია თუ არა გადაცემის წამყვანმა კანონი.

„ეს რეკლამა არ არის… ამ მოტივით თუ ვისაუბრებთ, გამოდის, რომ მთელი პანდემიის განმავლობაში ექიმებს რომ მადლობებს ვუცხადებდით, ესეც ყოფილა რეკლამა, თანამშრომლებს რომ საკუთარ ფეისბუქგვერდებზე უწერიათ, ბინებს ვაქირავებთ და სხვადასხვა ობიექტებს, ესეც რეკლამა გამოდის. „პრივეტთან“ რომ ვსხდებით ყავის დასალევად და ფოტოს ვაქვეყნებთ ფეისბუქში, ესეც რეკლამაა,“ – ასეთია ჟურნალისტის და აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილის, ვახო ხუზმიაშვილის დასაბუთება იმაზე, თუ რატომ არაა მისი აზრით რეკლამა ვიდეო, როცა ის კონკრეტულ კომპანიაში თმის გადანერგვის სერვისს აქებს: „ერთი ადამიანიც არ მინახავს, რომელიც უკმაყოფილო არ არის“, – ამბობს ვიდეორგოლში ვახო ხუზმიაშვილი.

ვახო ხუზმიაშვილის მტკიცებით, ვიდეორგოლისთვის მას ფინანსური სარგებელი არ მიუღია, გაწეულ მომსახურებაში თანხა გადაიხადა, ვიდეორგოლში კი მონაწილეობა იმიტომ მიიღო, რომ კომპანიის „DeaMed“-ის პრესსამსახურმა სთხოვა, ვინც მისი ყოფილი კოლეგაა.

ვახო ხუზმიაშვილი მიიჩნევს, რომ ვიდეორგოლში მისი მონაწილეობა კანონდარღვევა არ არის, რადგან ეს ვიდეო რეკლამადაც რომ მივიჩნიოთ, ის განთავსდა არა მაუწყებლის ეთერში, არამედ სოციალურ ქსელში. „არ დამირღვევია არანაირი კანონი, დანარჩენი იურისტებს ჰკითხეთ. თუ ვინმეს პრეტენზია აქვს, მიჩივლოს შესაბამის სამსახურებში,“ – აღნიშნა ვახო ხუზმიაშვილმა „ბათუმელებთან“.

„დამატებით მოკვლევა არც სჭირდება ამას, ჩანს, რომ წამყვანი მონაწილეობს რეკლამაში და ეს არის დარღვევა. დარღვეულია მაუწყებლობის შესახებ კანონი,“ – ამბობს მარიამ გოგოსაშვილი, იურისტი და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი.

მარიამ გოგოსაშვილის განმარტებით, არ არის „საპირწონე არგუმენტი“ ის, რომ რეკლამა მაუწყებლის ეთერში კი არ გავიდა, არამედ სოციალურ ქსელში გავრცელდა. იურისტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ კანონი არ აკონკრეტებს პლატფორმას – სად გავრცელდება რეკლამა და კანონისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ჟურნალისტი და წამყვანი არ მონაწილეობდეს რეკლამაში.

„ნორმა არ გულისხმობს მაინცადამაინც სატელევიზიო ეთერში გასულ რგოლს, ეს კანონშიც არაა დაკონკრეტებული… ჩვენ უნდა ამოვიდეთ ნორმის შინაარსიდან, რომელიც ამბობს, რომ ნდობის ფაქტორი არსებობს ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანის მიმართ და ამიტომ არ უნდა მონაწილეობდეს წამყვანი, ან ჟურნალისტი რეკლამაში. მნიშვნელობა არ აქვს, ეს რეკლამა ფასიანი იქნება, თუ უფასო. ასევე მნიშვნელობა არ აქვს, სად განთავსდება ეს რეკლამა – სატელევიზიო სივრცეში, თუ ონლაინპლატფორმაზე,“ – ამბობს მარიამ გოგოსაშვილი.

„მოკვლევა დაწყებული არ არის, წინასწარი შეფასება მოხდება და თუ გამოჩნდება შესაბამისი იურიდიული საფუძველი, დაიწყება წარმოება,“ – გვითხრა ფირუზ ბოლქვაძემ. ის აჭარის ტელევიზიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელია. მან არ დაგვიკონკრეტა, როდის გაიგო აჭარის ტელევიზიის ადმინისტრაციამ ამ ფაქტის შესახებ, როცა ვიდეოს გავრცელებიდან ერთ თვეზე მეტი დრო გავიდა.

„კომისია საჩივარს, რომელიც ონლაინ შემთხვევას ეხება, არ განიხილავს,“ – მოგვწერეს კომუნიკაციის კომისიიდან, სადაც ვიკითხეთ, რატომ არ განიხილა კომისიამ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის მონაწილეობა რეკლამაში.

„კომუნიკაციების კომისია ონლაინ სივრცეს არ ამონიტორინგებს, ონლაინ სივრცე საკანონმდებლო რეგულირების მიღმაა, ჩვენს მიერ მოწოდებული კონკრეტული მუხლი – „იკრძალება ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და წინასაარჩევნო დებატების პროგრამის წამყვანის ან ჟურნალისტის ნებისმიერი სახით მონაწილეობა რეკლამაში ან ტელეშოპინგში“ ეხება მხოლოდ სატელევიზიო მაუწყებლობას“, – მოგვწერეს კომუნიკაციების კომისიიდან და უპასუხოდ დატოვეს შემდეგი კითხვა: სად ჩანს კანონში, რომ ის არ ეხება და რეგულირების მიღმა ტოვებს ონლაინსივრცეში გავრცელებულ რეკლამას?

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით, ამ შემთხვევაში პირდაპირი საკანონმდებლო რეგულირება არ გვაქვს, თუმცა კანონის მიზნიდან გამომდინარე, კანონიერი იქნება, თუკი კომუნიკაციების კომისია ამ შემთხვევაზე აჭარის ტელევიზიის რეაგირებით დაინტერესდება.

„ის უნდა დაინტერესდეს მაუწყებლის რეაგირებით, როდესაც დაირღვა მაუწყებლობის შესახებ კანონი… კომისია ვალდებულია აკონტროლოს მაუწყებელი რამდენად იცავს არსებულ საკანონმდებლო ნორმებს,“ – დასძინა მარიამ გოგოსაშვილმა „ბათუმელებთან“.

____

მთავარი ფოტო: სქრინი სარეკლამო რგოლიდან, რომელში ვახო ხუზმიაშვილი მონაწილეობს. რეკლამაში გამოყენებულია აჭარის ტელევიზიის ლოგო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: