მთავარი,სიახლეები

ეს არ იყო უკან დახევა, ეს იყო გაქცევა – უკრაინის თავდაცვის ექს-მინისტრი ხარკოვის კონტრშეტევაზე

13.09.2022 • 1240
ეს არ იყო უკან დახევა, ეს იყო გაქცევა – უკრაინის თავდაცვის ექს-მინისტრი ხარკოვის კონტრშეტევაზე

უკრაინის არმიამ ფაქტობრივად გაათავისუფლა ხარკოვის ოლქი რუსეთის ოკუპაციისგან, რამდენიმე მონაკვეთზე კი რუსეთთან საზღვრამდეც მივიდა. ბოლო დღეებში რუსეთის ძალები უკან იხევდნენ და გზად ტექნიკასა და საბრძოლო მასალებს ტოვებდნენ. კონტრშეტევას რუსეთის არმიამ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დარტყმით უპასუხა.

მოსკოვში უკრაინელთა წარმატებული კონტრშეტევების კომენტირება არ სურთ, კრემლის პროპაგანდისტული მედიასაშუალებები კი ხაზს უსვამენ, რომ უკან იხევენ არა რუსი ჯარისკაცები, არამედ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკის ნაწილები, ხოლო უკრაინის შეიარაღებულ ძალებში იბრძვიან არა ჩვეულებრივი უკრაინელები, არამედ NATO-ს სამხედროები.

უკრაინის არმიის წარმატებაზე და რუსების შურისძიებაზე Настоящее Время-ს ეთერში ანდრეი ზაგოროდნიუკმა ისაუბრა, თავდაცვითი სტრატეგიების ცენტრის დირექტორმა და უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.

  • თქვენ აგვისტოში ამბობდით, რომ ომი ხანგრძლივი და მძიმე იქნებოდა, თუ უკრაინა დასავლელი პარტნიორების დახმარებით ტექნოლოგიურ უპირატესობას არ მოიპოვებდა და გარდატეხას ვერ შეძლებდა. ახლანდელი კონტრშეტევა – ეს ის გარდამტეხი მომენტია თუ ჯერ კიდევ არაა?

არა, ეს ის მომენტი არაა. ეს გარდატეხაა ჩრდილოეთის ოპერატიულ მიმართულებაზე. ეს ერთმნიშვნელოვნად არის ფსიქილოგიური გარდატეხაც და დასტური იმისა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალებსა და გენშტაბს რამდენიმე მიმართულებაზე ერთროდროულად ბრძოლა არ შეუძლიათ. ისინი კონცენტრირებულნი არიან სამხრეთში და დანარჩენი ავიწყდებათ. მათ დანამდვილებით არ შეუძლიათ სამ-ოთხ-ხუთ მიმართულებაზე ბრძოლა.

მათი ერთ-ერთი მთავარი შეცდომა იყო გადაწყვეტილება, რომ 24 თებერვალს ომი ათობით მიმართულებაზე შეტევით დაეწყოთ. მათ სამხედრო ორგანიზაციას არ შეუძლია ამ ოდენობის ინფორმაციის გადამუშავება და სწორი გადაწყვეტილებების მიღება. ის რაც ახალ ხდება – ეს, რა თქმა უნდა, ყველასთვის სიურპრიზია, მათ შორის, ჩვენთვისაც, რადგან არც ჩვენ ველოდით, რომ ადგილზე ასე სწრაფად დაიშლებოდა რუსული არმია.

  • და რატომ მოხდა ასე?

მათი პირადი შემადგენლობა ძალიან დემოტივირებულია. მათ არ ესმით, რატომ არიან იქ, რას აკეთებენ. მათ იციან, რომ გამოუშვეს „ნაცისტებთან“ საბრძოლველად, თუმცა „ნაცისტები“ ახლოსაც არ უნახავთ, რადგან არ არიან. ისინი შესანიშნავად ხედავენ, რომ ებრძვიან ჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებსაც ნორმალური ცხოვრებით ცხოვრება სურთ. მათ არ ესმით ამ სამხედრო კამპანიის პოლიტიკური, სტრატეგიული თუ ოპერატიული მიზნები.

მეორე მხრივ, ესაა ცენტრალიზაცია და „საბჭოურობა“, მართვის საბჭოთა სისტემა, რომელიც ჯარისკაცის სიცოცხლეს არაფრად აგდებს, მათ მხოლოდ საზარბაზნე ხორცად იყენებს.

როდესაც დაინახეს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა მათი თავდაცვის ხაზი გაარღვიეს, პანიკაში ჩაცვივდნენ. შესანიშნავად იციან, რომ მათზე არავინ იფიქრებს, ამიტომაც დაიწყეს პოზიციების მიტოვება.

  • რატომ ტოვებენ ამდენ ტექნიკას, ასეთი უკან დახევის შემთხვევაში ეს ნორმალურია?

რა შევადაროთ? ეს უპრეცედენტო ისტორიაა. ასეთი უკან დახევა არ ყოფილა. უკრაინის ყველა სხვა რეგიონში, ამ ომის განმავლობაში, რუსები ძალიან ორგანიზებულად იხევდნენ უკან, ცდილობდნენ ყველაფერი გაეტანათ. აქ ეს უკან დახევა კი არა გაქცევა იყო. ასე ვთქვათ, უკონტროლო უკან დახევა.

  • უკონტროლო? გულისხმობთ, რომ თუ კიევთან გასცეს ბრძანება და სისტემურად გავიდნენ, აქ უბრალოდ გარბოდნენ?

დიახ. გაიქცნენ და ყველაფერი მიყარეს. მთავარი ამოცანა გადარჩენა იყო. ნებისმიერ წუთს შეიძლებოდა მათ პოზიციებზე გამოჩენილიყვნენ უკრაინელი სამხედროები, რომლებიც მათ ან მოკლავდნენ ან ტყვედ აიყვანდნენ.

  • და როცა ჯარისკაცი ხარ და ტანკი გაქვს, ტანკით რატომ არ უნდა წახვიდე?

ტანკებითაც წავიდნენ. თუ დააკვირდით, უკან დახევა ძირითადად ტექნიკით ხდებოდა. უბრალოდ ზოგს ესმოდა, რომ შეიძლებოდა ვერ მიესწრო, ან ტანკზე ესროლათ მათთვის. ტანკი სამიზნეა. უკრაინას შეიარაღების ძალიან კარგი სისტემები აქვს, იგივე „ჯაველინები“, „ჰაიმარსები“, რომელთა პირისპირაც ტანკის ვერანაირი დინამიკური დაცვა ვერაფერს გააწყობს.

რაც შეეხება საბრძოლო მასალებს. საჭიროა მათი ორგანიზებულად დაწყობა, დატვირთვა, გატანა. ამას დრო სჭირდება, ამას სჭირდება ბრძანება. მთავარი მომენტი კიდევ ასეთია: ბრძანებებია საჭირო. აქ კი ბრძანების გარეშე გარბოდნენ, თავისით გარბოდნენ. არავის უსმენდნენ, უბრალოდ მიდიოდნენ, როგორც ახერხებდნენ ისე.

  • ზოგიერთ ადგილას უკრაინის არმია რუსეთთან საზღვრამდე გავიდა. რა იქნება შემდეგ?

არაფერი. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ძალიან ბევრი ტერიტორია, რომელიც რუსეთს არ დაუტოვებია, ამიტომაც მათ გათავისუფლებაზე ვიზრუნებთ.

  • საზღვრის გასწვრივ გულისხმობთ?

დიახ. არ არსებობს პოლიტიკური ამოცანა, გავცდეთ საზღვარს. აბსოლუტურად. ასეთი ამოცანა არავის დაუყენებია და მე ეჭვი მეპარება, რომ ამ საკითხს ვინმე წამოჭრის. ჯერ კიდევ ათასობით კვადრატული კილომეტრია, რომლის შენარჩუნებასაც რუსეთი ცდილობს, ამიტომ საქმე ნამდვილად ბევრი გვაქვს.

  • როგორ ფიქრობთ, ეს ოპერაცია, შეტევა თუ კონტრშეტევა, რა გავლენას მოახდენს დასავლელ პარტნიორებზე? ზუსტად ამ ინტერვიუმდე ვუყურებდი, ბაიდენს ეკითხებოდნენ ჟურნალისტები, გაგრძელდება თუ არა ეს ოპერაცია და მან უბრალოდ ცერა თითი აწია ზემოთ, მოწონების ნიშნად, თუმცა არაფერი უპასუხია. რა რეაქციას ელოდებით დასავლეთისგან?

პირველ რიგში, მისთვის ამის კითხვას აზრი არ ჰქონდა. ჩვენს ოპერაციებს ისინი არ გეგმავენ. რაც შეეხება დასავლეთის რეაქციას, ჩვენ შესანიშნავად გვესმის, რომ დასავლეთს ძალიან უყვარს წარმატების ისტორიებში მონაწილეობა. მათ უყვართ გამარჯვებულებთან ყოფნა, ამიტომაც ეს მათთვის ძალიან საინტერესოა.

რაც შეეხება პოლიტიკურ რეაქციას, ბევრი სვამდა შეკითხვას: „შეძლებს კი უკრაინა რუსეთის ჯარების განდევნას?“ და პასუხი ამ დრომდე ასეთი იყო: „შეხედეთ უკრაინის ჩრდილოეთს, შეხედეთ იმ რეგიონებს, საიდანაც ისინი გადიოდნენ“. აქამდე, პრაქტიკა, როგორც წესი, ასეთი იყო – უკრაინა ქმნიდა პირობებს, რომელშიც რუსები თავისით იხევდნენ უკან – ასე იყო ზმეინის კუნძულზე, კიევის გარშემო, ჩერნიგოვის გარშეო, ისევ ხარკოვის გარშემო, ოღონდ ადრე. ახლა კი ჩვენ ვხედავთ იმას, რასაც სამხედრო ენაზე „სრული ნგრევა“ „კრახი“ ეწოდება, როდესაც მთლიანად განეტირალებულია საბრძოლო პოტენციალი. უკან იხევენ, რადგან ესმით, რომ ან ტყვედ ჩავარდებიან, ან დაიხოცებიან. ეს კონტროლის სრული დაკარგვაა.

  • თქვენი პროგნოზი – როგორ უპასუხებს რუსეთი ამ შეტევას?

რუსეთმა შეიძლება უპასუხოს ამას ისევე, როგორც ახლა პასუხობს – კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის დაბომბვით. ეცდება, რაიმე ფორმით მაინც აჩვენოს საკუთარ თავსაც და მსოფლიოსაც, რომ რაღაცით პასუხი მაინც შეუძლია. თუმცა ოპერატიული თვალსაზრისით, არ ვფიქრობ, რომ მათ რაიმე შესაძლებლობა აქვთ, ამიტომაც რაიმე ძირეულ ძვრას ომის ფაზაში არ ველოდები. დიდი ალბათობით, თავის ასიმეტრიულ მოქმედებებს გააგრძელებენ, როგორიცაა ინფარსტრუქტურის დაბომბვა, ქალაქები დაბომბვაც, მეტი მათ არაფერი შეუძლიათ.

მთავარ ფოტოზე: ანდრეი ზაგოროდნიუკი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი 2019-2020 წლებში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: