მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ინსულტი საქართველოში სიკვდილის წამყვანი მიზეზია – ჯანმო

14.09.2022
ინსულტი საქართველოში სიკვდილის წამყვანი მიზეზია – ჯანმო

საქართველოს დაავადებების ტვირთის უმეტესი წილი არაგადამდებ დაავადებებზე მოდის, ინსულტი კი სიკვდილის წამყვანი მიზეზია, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმოს) უახლეს ანგარიშში წერია.

„ჰიპერტენზია, გულის იშემიური დაავადებები და ინსულტი განაპირობებენ სიკვდილიანობის და ავადობის მაღალ მაჩვენებელს. საერთო ჯამში, არაგადამდები დაავადებების შედეგად გამოწვეული ნაადრევი გარდაცვალების ტვირთი იმდენად მაღალია, რომ საფრთხეს უქმნის ქვეყნის მდგრად განვითარებას“, – წერს ჯანმო.

ანგარიშის თანახმად, სუსტი ფინანსური დაცვა და პირველადი ჯანდაცვა, ექთნების მწვავე დეფიციტი და არაგადამდები დაავადებების გავრცელება წარმოადგენს მთავარ გამოწვევებს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის და მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.

2016 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, მოსახლეობის 37.7%-ს აქვს მაღალი არტერიული წნევა (აღემატება 2010 წლის მაჩვენებელს, რომელიც 33.4%-ს შეადგენდა), რაც მნიშვნელოვნად ზრდის ინსულტის რისკს, სათანადო მართვის არარსებობის შემთხვევაში. ანალოგიურად, იზრდება ტიპი 2 დიაბეტით დაავადებულთა რიცხვი. ასევე მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორებია კვებითი რისკები, პლაზმური გლუკოზის მაღალი მაჩვენებელი უზმოზე [სისხლში გლუკოზის დონე] და ჭარბი წონა.

ანგარიშში წერია, რომ წამყვანი ქცევითი რისკ-ფაქტორებია თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარება და არაჯანსაღი კვება. თამბაქოს მოხმარებამ 2020 წელს შეადგინა 31.7% 15 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში სუსტია პირველადი ჯანდაცვის მეკარიბჭის, იგივე ოჯახის ექიმის ფუნქცია, რის გამოც პაციენტს აქვს ჯანდაცვის სერვისების უფრო სპეციალიზებულ დონეზე წვდომის ძლიერი სტიმული.

___

ინსულტის განვითარებისას დროულ სამედიცინო დახმარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. როგორ ამოვიცნოთ ინსულტი და რა უნდა გავაკეთოთ მისი თავიდან ასაცილებლად, წაიკითხეთ აქ:

რა ნიშნებით ამოვიცნოთ ინსულტი და როგორია მისი პროფილაქტიკა – ექიმის რჩევები

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: