მთავარი,სიახლეები

ოჯახები მარიუპოლიდან, რომლებიც 300-ლარიან დახმარებას ვერ იღებენ

13.09.2022 • 1106
ოჯახები მარიუპოლიდან, რომლებიც 300-ლარიან დახმარებას ვერ იღებენ

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველი აგვისტოდან საქართველოში უკრაინიდან ლტოლვილი ოჯახების ნაწილი დახმარების სახით თვეში 300 ლარს იღებს, თუმცა დახმარებას იღებენ მხოლოდ ის ოჯახები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ სასტუმროებში იყვნენ დაბინავებული რამდენიმე თვის განმავლობაში.

300-ლარიანი დახმარების გარეშე დარჩნენ უკრაინიდან ლტოლვილი ის ოჯახები, რომლებიც საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დროებით შეიფარეს ნაცნობ-მეგობრებმა, ახლა კი მათ წასასვლელი არსად არ აქვთ.

მათ შორისაა ოქსანა ვასილენკო, რომელიც მეუღლესთან და 2 შვილთან ერთად მარტში ჩამოვიდა ბათუმში მარიუპოლიდან.

უკრაინიდან ლტოლვილი სხვა ოჯახების მსგავსად მანაც მიაკითხა ბათუმში სოციალური დაცვის სააგენტოს, სადაც ოქსანას უთხრეს, რომ რადგან სასტუმროში არ უცხოვრია, დახმარებას ვერ მიიღებს.

ოქსანა ბათუმში დასაქმდა, ხელფასი 500 ლარი აქვს, რითაც ბინის ქირაც უნდა გადაიხადოს, შვილებიც უნდა ატაროს სკოლაში, საკვებით უზრუნველყოს ოჯახი და ტანსაცმელიც უნდა იყიდოს.

„მარიუპოლიდან გამოვიქეცით იმით, რაც გვეცვა. 4 მარტიდან აქ ვართ, საერთოდ უფულოდ ჩამოვედით, თავიდან ნაცნობმა ქართველებმა შეგვიფარეს და ამიტომ არ მოვითხოვეთ მთავრობის მიერ გამოყოფილ სასტუმროებში ღამის გასათევი, ნაცნობებმა ბინა დაგვიქირავეს 2 კვირით.

ამ პერიოდში სამსახური ვიპოვე,  მაგრამ 500 ლარი ბინას და საკვებს ძლივს ჰყოფნის, ძალიან დიდი იმედი გვქონდა ამ 300-ლარიანი დახმარების.

ბავშვები რამდენიმე დღეში სკოლაში წავლენ. მათთვის ვერაფერს, საერთოდ ვერაფერს ვყიდულობ. ჩვენც იგივე საბინაო და საყოფაცხოვრებო პრობლემები გვაქვს, რაც იმ უკრაინულ ოჯახებს, დახმარება ვისაც გამოუყვეს.

ახლა ნაქირავები ბინის პატრონი სახლიდან გვიშვებს, გვეუბნება, რომ ასე იაფად ბინის გაქირავება არ უღირს. ახალ ბინას ამ ფასად ვერსად ვპოულობ“ – გვითხრა ოქსანამ.

ოქსანა ვასილენკო

ბინას დასაქირავებლად ვერც ვიქტორია ზაზიულჩიკი პოულობს. თავიდან, როცა ბათუმში ჩამოვიდა ორ შვილთან და დედასთან ერთად, მათ ბათუმში ბინა დროებით დაუთმეს, თუმცა უკრაინაში ომი მეექვსე თვეა გრძელდება და ვიქტორიას ბინის მეპატრონე ბინის დაცლას სთხოვს.

ალიონა ზაზიულჩიკი ორი შვილის დედაა, მისი ერთი შვილი  8 წლისაა, მეორე – 9 თვის. ალიონამ გვითხრა, რომ უმცროსს შვილს, 9 თვის დანიელს რაქიტის დიაგნოზი აქვს და ეპილეფსიის ნიშნები აღმოაჩნდა. ბავშვი მუდმივად საჭიროებს მასაჟებს და ექიმის მეთვალყურეობას. მაგ გვითხრა, რომ რამდენჯერმე დასჭირდა სასწრაფოს გამოძახება, რადგან ბავშვს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, თუმცა უსასყიდლოდ დახმარება ვერ გაუწიეს.

ალიონა პენსიონერ დედასთან და შვილებთან ერთად ერთოთახიან ბინაში ცხოვრობს. მან გვითხრა, რომ ოჯახის ოთხივე წევრს ერთ საწოლზე სძინავს.

ალიონა მარტოხელა დედაა, დამხმარე არავინ ჰყავს, ცხოვრობს ადგილობრივების შემოწირულებებით.

„საბავშვო ეტლსაც კი ვერ ვატევთ, ისეთი ვიწრო ოთახი გვაქვს. არ ვიცი, ვის უჭირს ჩვენზე ძალიან, რომ ჩვენ არ დავიმსახურეთ ეს 300-ლარიანი დახმარება.

ჩვილით საქართველოდან ვერსად მივდივართ, არ ვიცით სად რა დაგვხვდება, მარიუპოლში ახლა ვერ დავბრუნდებით. კარგი იქნებოდა ჩვენც ჩავერთეთ სახელმწიფოს დახმარების ამ პროგრამაში, პურის ფული ხომ მაინც გვექნებოდა“ – ამბობს ალიონა.

ვიქტორია ზაზიულჩიკი შვილებთან და დედასთან ერთად

ოლენა მეხუთეკლასელ შვილიშვილთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში. ბავშვის დედა სამხედრო პირია და უკრაინაში იბრძვის. ბებია და შვილიშვილი ერთმა სასტუმრომ შეიფარა, თუმცა ოლენა ამბობს, რომ არ იცის, როდის გამოასახლებენ. მას ხშირად აფრთხილებენ, რომ დატოვოს სივრცე და რამე სხვა იპოვოს, თუმცა ქალი დასაქმებას და ბინის დაქირავებას ვერ ახერხებს:

„სოციალურ სააგენტოში მივედით. როგორც ყველა უკრაინელი ლტოლვილი, გაგვაფორმეს, გვითხრეს, რომ შეგვეძლო გაგვეხსნა საბანკო ანგარიში ნებისმიერ ბანკში, მერე გვითხრეს, რომ მხოლოდ ლიბერთი ბანკში გაგვეხსნა.

გაგვიხსნეს ანგარიში, დიდი სიხარულით ველოდი როდის ჩამერიცხებოდა პირველი 300 ლარი. ყოველდღე მივდიოდი ბანკში და ვამოწმებდი, რამე ხომ არ იყო ანგარიშზე. არაფერი გამოჩნდა, არავის არაფერი ჩაურიცხავს. რატომ მომცეს ტყუილი იმედი? რატომ მარეგისტრირებდნენ თუ დახმარება არ მეკუთვნოდა?“ – ამბობს ოლენა.

ოლენა, უკრაინელი ლტოლვილი შვილიშვილთან ერთად

ოლენას მეხუთეკლასელი შვილიშვილი 15 სექტემბერს დაიწყებს სწავლას საქართველოში, ბებიას კი ბავშვისთვის აუცილებელი სასკოლო-საკანცელარიო ნივთების და შემოდგომისთვის შესაფერისი ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ყიდვის შესაძლებლობა არ აქვს.

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის ანგარიშის მიხედვით უკრაინელ ლტოლვითა დასახმარებლად საანგარიშო პერიოდში 1 336,5 ათასი ლარია გამოყოფილი.

პროგრამის ფარგლებში უკრაინის მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრების მხარდაჭერის მიზნით, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის კოორდინაციით, 25 თებერვლიდან დაიწყო საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენილი უკრაინის მოქალაქეების სასტუმროებში განთავსება და კვებით უზრუნველყოფა. ჯამში საანგარიშო პერიოდში შესაბამისი მომსახურებით ისარგებლა 487 უკრაინის მოქალაქემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: