დღეს, 28 ივნისს, აჭარის მთავრობის სხდომაზე უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამის კრიტერიუმები დაასახელეს.
ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც აჭარაში უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა დაფინანსდება, წელს, ივლისიდან, პილოტურ რეჟიმში დაიწყება, რისთვისაც ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი გამოიყოფა.
ბენეფიციარებს წარმოადგენენ 200 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ან/და შშმ სტატუსის მქონე, არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში კანონიერ ქორწინებაში მყოფი უნაყოფო წყვილები.
უნაყოფო წყვილიდან ერთ-ერთი პირი მაინც უნდა იყოს 200 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ან/და შშმ სტატუსის მქონე.
პროგრამის ფარგლებში თითოეულ მოქალაქეზე სრული ანაზღაურება 10 000 ლარი იქნება, თუმცა დამდგარი შედეგის [ორსულობის] შემთხვევაში დაფინანსება ჩერდება ნებისმიერ ეტაპზე და ანაზღაურება ამ შემთხვევაში მოხდება ფაქტობრივი ხარჯით.
2022 წლის მარტში, როცა პროგრამა დაანონსდა, ითქვა, რომ პროგრამა გაითვალისწინებდა ყველა ბენეფიციარის დაფინანსებას, რომელიც აჭარაშია რეგისტრირებული, მაგრამ პრიორიტეტულობა დაფინანსების პროცენტულ წილთან მიმართებაში მიენიჭებოდა სოციალურად მოწყვლად ჯგუფებს და შშმ სტატუსის მქონე პირებს. მაგალითად, განიხილებოდა, რომ ის ჯგუფები, ვისაც სარეიტინგო ქულა აქვს მაღალი და არ აქვს შშმ სტატუსი, დაფინანსდებოდნენ 70 და 50 პროცენტით.
თუმცა დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე დაზუსტებული კრიტერიუმების თანახმად, პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ძირითადი პროცენტული მოცულობა 100 და 80 პროცენტი იქნება.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის თქმით, ასეთია პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების ძირითადი კრიტერიუმები:
- წყვილთაგან ორივე უნდა იყოს რეგისტრირებული აჭარის ტერიტორიაზე მომართვის პერიოდისთვის და უწყვეტად – უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში.
- გარდა ამისა, წყვილთაგან რომელიმე უნდა იყოს 0-დან 200 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე.
ქვეპროგრამის ფარგლებში სამედიცინო მომსახურება დაფინანსდება წინასწარი ანგარიშფაქტურის მიხედვით, შემდეგი პროპორციების დაცვით:
- 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარებისთვის და 200 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისათვის – 100%ით, არაუმეტეს 10 000 ლარისა;
- 100 000-დან 200 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტებისათვის და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისათვის – 80%-ით, არაუმეტეს 8 000 ლარისა.
სამედიცინო მომსახურების ღირებულების დარჩენილი ნაწილი დაიფარება პაციენტის მიერ.
ქვეპროგრამით არ დაფინანსდება:
- უშვილო წყვილისათვის დონორის ბიოლოგიური მასალის გამოყენების ხარჯები (დონორი კვერცხუჯრედი, დონორი სპერმა და დონორი ემბრიონი);
- უკვე ჩატარებული სამედიცინო მომსახურება;
- საზღვარგარეთ ჩატარებული სამედიცინო მომსახურება;
- სამედიცინო პროგრამებით გათვალისწინებული თანაგადახდა მოსარგებლის მხრიდან.
წლის განმავლობაში უნაყოფო წყვილს დაუფინანსდება უნაყოფობის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ერთი ციკლი. ხელოვნური განაყოფიერების არაეფექტურობის შემთხვევაში კი განმეორებითი დაფინანსება განხორციელდება 4 თვის განმავლობაში 3 000 ლარით.
ქვეპროგრამით არ დაფინანსდება იმ წყვილის სამედიცინო მომსახურება, რომელთაგან ერთ-ერთს მაინც უფიქსირდება წლიური შემოსავალი 40 000 და მეტი ლარი.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, ინდივიდუალური და კორპორაციული დაზღვევის მოსარგებლე პირები ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით ისარგებლებენ თავიანთი დაზღვევის შესაბამისი ლიმიტის ამოწურვის შემდეგ. ქვეპროგრამის ფარგლებში აღნიშნული კატეგორიის ბენეფიციარების მკურნალობა დაფინანსდება დარჩენილი თანხის 50%-ით, წლიური ლიმიტი შეადგენს 5000 ლარს.
სამინისტროს ინფორმაციით, ინდივიდუალური და კორპორაციული დაზღვევით მოსარგებლეებს (იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევო პირობებით არ არის გათვალისწინებული აღნიშნულ სამედიცინო სერვისი) ქვეპროგრამით გათვალისწინებული სერვისები დაუფინანსდებათ ქვეპროგრამით გათვალისწინებული პროპორციების დაცვით.
_______________
ფოტოზე: ნინო ნიჟარაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი. ფოტო: facebook