მთავარი,სიახლეები

„ძალიან ახლოს ვართ მტერთან და არ ვართ მზად“ – ინტერვიუ პოლკოვნიკთან საქართველოს თავდაცვაზე

13.09.2022 • 5532
„ძალიან ახლოს ვართ მტერთან და არ ვართ მზად“ – ინტერვიუ პოლკოვნიკთან საქართველოს თავდაცვაზე

„არ არსებობს სისტემა, რომელიც ადამიანებს მისცემს საშუალებას დაიცვან სამშობლო,“ – კატეგორიულია პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე, რომელსაც საქართველოს თავდაცვის გამოწვევებზე ვესაუბრეთ: რა გვჭირდება თავდაცვისთვის დღეს?

პოლკოვნიკი მიიჩნევს, რომ საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყანა რუსულ აგრესიას მხოლოდ პროფესიული ჯარით ვერ გაუმკლავდება და აუცილებელია საზოგადოების მობილიზება, მათთვის შესაბამისი ინსტრუქციის მიცემა. „ამის ნაცვლად პრორუს მამაოებს უსმენს ხალხიო,“ – დასძენს პოლკოვნიკი და 2008 წლის ომი ახსენდება, ადამიანებს რომ სამშობლოს დაცვა სურდათ, მაგრამ სისტემა მათ ვერაფერს ახვედრებდა.

„ნახეთ, უკრაინაში სისტემამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მოსახლეობას ებრძოლა და მოსახლეობამაც იბრძოლა, მომზადებული დახვდნენ მტერს და შედეგიც ვნახეთ,“ – ამბობს პოლკოვნიკი.

რა გეგმით უნდა იმოქმედოს საქართველომ, რომ თავდაცვა შევძლოთ? რა სახის აღჭურვილობა გვჭირდება? – „ბათუმელებმა“ პოლკოვნიკ ლაშა ბერიძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის საქართველოს გენშტაბის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

  • ბატონო ლაშა, პირველ რიგში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ახალ სამხედრო დაპირისპირებაზე რომ გვითხრათ: რასთან გვაქვს საქმე, თქვენი ინფორმაციით?  

ჯერ კარგად არ ჩანს, რა ხდება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, თუმცა ფაქტია, რომ აზერბაიჯანი ცდილობს დასუსტებული რუსეთის სიტუაცია გამოიყენოს. ვფიქრობ, თუ ეს მიმართულია იქითკენ, რომ აზერბაიჯანმა დაასრულოს ყარაბაღის დეოკუპაცია და საბოლოო ჯამში შემოიერთოს ეს ტერიტორია, მისასალმებელია, მაგრამ თუ აზერბაიჯანი ცდილობს, რომ სომხეთის გარკვეულ ტერიტორიაზე გადაიტანოს კონფლიქტი, ეს გამოუსწორებელი შეცდომა იქნება და ისედაც კონფლიქტურ რეგიონს კიდევ უფრო მეტად შეიყვანს ჩიხში. ჯერ არ ვიცით ზუსტად, ვინ რა პროვოკაციას აწყობს, ერთმანეთს აბრალებენ…

ჩვენ უნდა მივესალმოთ იმას, რომ კავკასიაში რუსეთის გავლენა შესუსტდეს და აზერბაიჯანმა თავისი დაკარგული ტერიტორიები დაიბრუნოს, მაგრამ არანაირად არ არის მისასალმებელი შურისმაძიებლური პოზიციები სომხეთზე.

  • სამხედრო ანალიტიკოსების აზრით, რუსეთმა ომი უკრაინაში რომ წააგოს და დასუსტდეს, ამ შემთხვევაშიც კი, დიდია რისკი „ცხელ გულზე“ საქართველოს მაინც შეუტიოს. თქვენც ხედავთ ამ რისკს? 

როცა რუსეთზე ვსაუბრობთ, რისკი მუდმივად არსებობს… აქ ძალთა გადანაწილებაზეა ყველაფერი დამოკიდებული. როგორ რას გააკეთებს რუსეთი, არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ მუდმივად.

  • რა სჭირდება საქართველოს ეფექტური თავდაცვისთვის? მაგალითად, ამერიკელი პოლკოვნიკი რობერტ ჰამილტონი ამბობს, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს გეგმა, რათა „მაქსიმალურად დიდხანს გაუძლოს ტრადიციული ომის წესებით ბრძოლის ველზე“.

უკვე 8 წელია წამოსული ვარ შეიარაღებული ძალებიდან და ვცდილობ, დისტანცირებულად შევაფასო მოვლენები. ვიდრე მე ვმუშაობდი, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ გვქონდა თავდაცვის გეგმა, რაც გულისხმობდა გარკვეული პერიოდით თავდასხმის შეკავებას. მე იმედი მაქვს, რომ მსგავსი გეგმა დღესაც არსებობს, მაგრამ არ მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია, არ არის ცნობილი გეგმის შესახებ.

  • შეიძლება ეს გეგმა იყოს საიდუმლო დოკუმენტი და ამის შესახებ არ იცოდეს საზოგადოებამ? ეს სწორი მიდგომაა? 

გეგმის ნაწილი ყოველთვის არის საიდუმლო, მაგრამ ჩვენთან მუდმივად არასწორად ესმოდათ მსგავსი გეგმის მნიშვნელობა და ძირითადად მას ასაიდუმლოებდნენ ხოლმე მაშინ, როცა გეგმის გარკვეული ნაწილი ნამდვილად უნდა იყოს საჯარო. თუ რუსეთი დაგვესხმება ისევ თავს, ჩვენ მართლაც რეალისტურად უნდა ვიცოდეთ, რამდენი ხანი შეგვიძლია მისი შეჩერება და როგორ. გეგმა თუ გასაიდუმლოებულია, ეს გარკვეულწილად სახელმწიფოს ავტორიტარულ მიდგომას აჩვენებს, პოლიციურ სახელმწიფოს, სადაც არ არის გააზრებული, რისთვის სჭირდებათ შეიარაღებული ძალები.

ჩვენი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ჩვენი თავდაცვის ძალები არასწორადაა მოწყობილი, ჩვენი მოსახლეობა არასდროს არის მზად თავდაცვისთვის. ეს გამოჩნდა 2008 წლის ომშიც, აფხაზეთის ომშიც, როცა მოსახლეობას ჰქონდა მუხტი, დაეცვა სამშობლო, მოდიოდნენ ადამიანები მოხალისეებად, მაგრამ  საქართველოს ხელისუფლებას არასდროს არ აქვს სისტემა, რომელიც მოამზადებს ხალხს ომისთვის, არ არსებობს სისტემა, რომელიც ადამიანებს მისცემს საშუალებას დაიცვან სამშობლო. ერთია, რომ მინდა სამშობლოს დაცვა და მეორე: რამდენად ვარ მზადყოფნაში?

ჩემი აზრით, პირველ რიგში, საჭიროა შეიქმნას ეროვნული სამსახური და ყველამ იცოდეს, რომ ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფა ნებისმიერი მოქალაქის ვალია. სადავო საკითხია, მაგრამ განსაკუთრებით მამრობით სქესის მოქალაქეებისთვის სამხედრო სამსახური უნდა იყოს სავალდებულო. ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი სისტემა, რომლის ძირითადი ფუნქციაც იქნება მოსახლეობის, რეზერვების მომზადება.

  • რუსეთ-უკრაინის ომმა გაფიქრებინათ ეს, სადაც გამოჩნდა, რომ უკრაინაში მოქალაქეებიც აქტიურად ემზადებოდნენ ომისთვის, ვნახეთ წინააღმდეგობაც… 

დიახ, უკრაინა ემზადებოდა ინტენსიურად 2014 წლიდან, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდები ჰყავდათ აქტიურად ჩართული ამ პროცესში და იქმნებოდა ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფები. უკრაინაში სისტემამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მოსახლეობას ებრძოლა და მოსახლეობამაც იბრძოლა, მომზადებული დახვდნენ მტერს და შედეგიც ვნახეთ.

  • რა ქმნის თავდაცვისთვის ეფექტური მომზადების სირთულეს? – არ არის სათანადოდ შეფასებული რუსეთის აგრესიის საფრთხე ხელისუფლების მხრიდან, თუ პრობლემაა მართვა, ან შესაბამისი კანონმდებლობა? 

ჩვენთან კანონს „სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ“ უნდა განეცადა ევოლუცია, მაგრამ პირიქით, განიცადა დეგრადაცია. ფაქტობრივად, დღევანდელი კანონი კარგად განათლებულ ახალგაზრდას, ნავარჯიშევს და მომზადებულს, არიდებს სამხედრო სამსახურს. კანონში პირდაპირ იკითხება, რომ განათლებული, რეალიზებული და მდიდრის საქმე არ არის „სამშობლოს დაცვა“. ფული გაქვს, გადაიხდი და გადაავადებ სამხედრო სამსახურს. ვინ დაიცავს სამშობლოს?

საკონტრაქტო სამსახური ყველასთვის არაა. პირველ რიგში, ამისთვის უნდა გქონდეს მოტივაცია, შენი ცხოვრება და კარიერა დაუთმო სამხედრო სამსახურს. მაგალითად, მე, ლაშა ბერიძე, მზად ვარ, ეს საქმე იყოს ჩემი კარიერა, მაგრამ ჩემს შვილს არ სურს იგივე, თუმცა მას სურს სამშობლო დაიცვას. სამშობლოს დაცვა კი, არ არის ის კურსი, რასაც გადიხარ სავალდებულო სამსახურის გავლის დროს. ეს დროის ხარჯვაა მხოლოდ და ვერაფერს სწავლობ, იქ არავითარი განვითარება არაა.

ასეთ ადამიანებს უნდა მისცე საშუალება სახელმწიფომ და სისტემამ, დაიცვას სამშობლო. დღეს ჩვენ თავდაცვის სისტემა არ გაგვაჩნია, რადგან საქართველო უფრო არის პოლიციური სახელმწიფო, ვიდრე დემოკრატიული, სადაც ესმით შეიარაღებული ძალების მნიშვნელობა. არცერთ ხელისუფლებას საქართველოში არ ესმის, როგორ უნდა გამოიყენოს შეიარაღებული ძალები. წინა ხელისუფლების დროს გარკვეულ თანხასაც დებდნენ შეიარაღებულ ძალებში და იყო ძალისხმევა აქეთკენ მიმართული, დღევანდელ ხელისუფლებას ნაკლებად სჭირდება თავდაცვითი ძალები, თუმცა საფუძვლიანად არასდროს მომხდარა საქართველოში თავდაცვის რეფორმის ბოლომდე მიყვანა. ეს პროცესი ბოლომდე არასდროს მიდიოდა და არ იყო სტაბილური.

  • თქვენი აზრით, როგორ უნდა მოეწყოს საქართველოში თავდაცვის სისტემა დღეს? 

შესაძლოა, იმ მოდელის გამოყენება, რაც აქვს პატარა ქვეყნებს, მაგალითად, ფინეთს აქვს ეს სისტემა და მას ძალიან აქტიურად იყენებს, ასევე აქვს თავდაცვის გეგმა ესტონეთს, სამხრეთ კორეას, სინგაპურს. ამ ქვეყნებში 18-დან 24 წლამდე ახალგაზრდებს ინტენსიურად ამზადებენ სამშობლოს დასაცავად, ეს კურსები არის 6 თვიდან ერთ წლამდე და შემდეგ ყოველწლიურად ორკვირიანი ინტენსიური კურსებია, რომ მუდმივად იყოს მოსახლეობა მობილიზებული. ასე ყალიბდება ტერიტორიული ქვედანაყოფები, რეზერვები და ამზადებენ რეზერვის ლიდერების.

რაც მთავარია – ეს არის ნაბიჯი სოციალური თანასწორობისთვის, ანუ ყველა ჩართულია ამ პროცესში, მაგალითად, ვინც სტუდენტია, მას კრედიტებში ეთვლება ეს აქტივობა.

საქართველოს ვერ უშველის მხოლოდ პროფესიონალი ჯარი, რადგან ვერ შევინახავთ ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით. გრძელვადიანი უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება ეროვნული სამსახური, სადაც, პირველ რიგში, ახალგაზრდები მოემზადებიან ბრძოლისთვის თავიანთ ქვედანაყოფებში და იქნებიან მუდმივად გაწვრთნილები.

  • სამხედრო ექსპერტების აზრით, მინიმუმ რამდენიმე დღე უნდა მოახერხოს მტრის შეჩერება საქართველომ საომარ სიტუაციაში, რომ პარტნიორების მობილიზება მოხერხდეს. რამდენად გაიზარდა ამის შესაძლებლობები ბოლო წლებში, თქვენი დაკვირვებით? 

საქართველოს უნდა ჰქონდეს ზღუდებრივი თავდაცვა, რაც გულისხმობს შემდეგს: პირველი ეს არის შეკავება – ჩვენ ყველაფერი უნდა გვქონდეს იმისთვის, რომ მტრის შეკავება მოვახერხოთ. შეკავება ნიშნავს იმას, რომ მომზადებული გყავს თავდაცვის ძალები და მოწინააღმდეგემ ამის შესახებ წინასწარ იცის, რა დაუჯდება თავდასხმა.

მეორე გეგმა, მაგალითად, როგორ ვიყენებთ ჩვენს გეოგრაფიულ შესაძლებლობებს და შეზღუდულ რესურსებს. აუცილებელია, მოსახლეობამ იცოდეს, რამდენი იქნება შესაძლებელია ქალაქების დაცვა და ასე შემდეგ.

მესამე ზღუდეა წინააღმდეგობა, ე.წ. რეზისტენტები, რადგან ჩვენს ქალაქებს თავდაცვის დიდი სიღრმეები არ აქვს. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ მტერთან, შესაძლებელია, ჩვენი რომელიმე ქალაქი პირდაპირ ალყაში აღმოჩნდეს. ამიტომაც, აუცილებელია მოსახლეობის ბრძოლა და წინააღმდეგობა. მოსახლეობას უნდა ჰქონდეს აუცილებლად ინსტრუქცია, მაგრამ მოსახლეობას ამის შესახებ არავინ ელაპარაკება, ამის ნაცვლად მოსახლეობას მხოლოდ ის შესაძლებლობა აქვს, რომ პრორუს მამაოებს უსმინოს, სრული ქაოსია….

მე ვგულისხმობ ნებისმიერი მოქალაქის აქტივობაზე, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უწყობს. ეს სისტემა მე არ მომიგონია, ფინეთის თავდაცვის გეგმის ღია ნაწილს რომ გადახედოთ, იქაც ნახავთ ამ ჩამონათვალს.

არა მგონია, რომ დღეს ხელისუფლებას რამე მსგავსი გათვლა ჰქონდეს. სანამ პოლიციურ სახელმწიფოში ვიქნებით, თავდაცვის მსგავსი გეგმა არ იქნება. ეს პროცესიც არც დაიწყება ასე.

  • 2018 წელს დაიწყო „თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა“ და ვიცით, რომ ნატოს წევრობა როცა სურს ქვეყანას, მას უნდა შეეძლოს თავისი ტერიტორიის დაცვა. რა როლი აქვს მსგავს პროგრამებს, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, რაც ხორციელდება? 

თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა მიმართულია უფრო იქითკენ, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შეეძლოთ აქტიური თანამშრომლობა ნატოს ქვედანაყოფებთან ნატოს ოპერაციებში. ეს აუცილებელია, რომ ჩვენმა ოფიცრებმა გაიარონ თანამედროვე ოპერატიული მომზადება, თუმცა გეტყვით, რომ ამ ქვედანაყოფების რაოდენობა არასდროს არაა საკმარისი იმისთვის, რომ ომში რეალურ საფრთხეს თვალი გავუსწოროთ.

საქართველოს სჭირდება რუსეთის აგრესიის გათვალისწინებით მოსახლეობა იყოს მობილიზებული.

ეროვნული სამსახურის ფუნქცია ეს უნდა იყოს, რომ სამხედრო მომზადების გარდა, საზოგადოება შეკრას, ერთიანი მუხტი გააჩინოს. ჩვენთან ბევრი ეთნიკური ჯგუფია, მათი აქტიური ჩართულობა აუცილებელია.

  • რა სახის აღჭურვილობა სჭირდება საქართველოს ყველაზე მეტად, თავდაცვა რომ შეძლოს? 

ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია საჰაერო თავდაცვის და სარაკეტო თავდაცვის საშუალებები. 2008 წლის ომმაც აჩვენა, რომ რუსულმა დანაყოფებმა სწრაფი უპირატესობა მოახერხეს იმით, რომ ქართული დანაყოფები იყვნენ სრულიად დაუცველები რუსული საჰაერო თავდასხმისგან. უკრაინაში ვხედავთ ასევე, თუ როგორი ეფექტურია ზუსტ არტილერიაში „ჰაიმარსები“.

ჩვენ ისეთი ადგილმდებარეობა გვაქვს, გეოგრაფია, რომ, მაგალითად, თბილისს თუ შემოუტევენ, მცხეთა-თბილისის მონაკვეთის გადაკეტვით ძალიან გაუჭირდება მოწინააღმდეგეს თბილისთან მოახლოებაც კი, მაგრამ ჩვენ გვჭირდება საჰაერო თავდაცვა, შესაბამისი ჯავშანტექნიკა და საინჟინრო საშუალებები, რომ მოვახერხოთ ბუნებრივი ბარიერების გაძლიერება, ასევე ახალი ბარიერების შექმნა. ჩვენ არ ვაპირებთ არავისთან ომს და, ცხადია, რომ ჩვენი თავდაცვისთვის ძირითადი საფრთხე არის რუსეთი. არავინ იცის, პოსტუკრაინული ომის მდგომარეობა როგორი იქნება, მაგრამ მოვლენები შესაძლოა ყველანაირად განვითარდეს. ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

  • რა შეიძლება დღეს მოითხოვოს საქართველომ, რის შეძენაა აუცილებელი, პირველ რიგში? 

ეს სპეციალისტებმა უნდა განსაზღვრონ, საჯარო თავდაცვის რა სისტემებია საჭირო. ეს ორ და სამ დღეში გასაკეთებელი საქმე არ არის, ამ სისტემების შეძენას და დანერგვას წლები სჭირდება, მაგრამ რაც მთავარია, უნდა დავიწყოთ ეს პროცესი.

  • რატომ არ ვიწყებთ ამ პროცესს, თქვენი ინფორმაციით? 

რაღაც ნაბიჯებს დგამს თავდაცვის სამინისტრო, მაგრამ თვითონაც იციან, რომ ეს არაა საკმარისი არანაირად და 10 პროცენტიც კი არაა იმის, რაც სჭირდება ქვეყნის თავდაცვას… თავდაცვის სამინისტროს სჭირდება გაძლიერება, ფუფუნება უნდა მოვიკლოთ და თავდაცვის რეფორმა ჩავატაროთ, პირვე რიგში. განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომმა დაგვანახა, რომ ეს გვჭირდება უპირველესად, თუ გვინდა, რომ გადავრჩეთ, როგორც ქვეყანა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: