მთავარი,სიახლეები

„კორპუსი თავზე გვენგრევა“- 80 ოჯახის შიში ავტობანის მშენებლობის ზონაში

14.09.2022 •
„კორპუსი თავზე გვენგრევა“- 80 ოჯახის შიში ავტობანის მშენებლობის ზონაში

„დილის ცხრაზე იწყება აფეთქება, აფეთქების სიმძლავრისგან სახლი ზანზარებს. ყოველ დილით, აფეთქებების დაწყებამდე ბავშვი გამყავს გარეთ. იმიტომ, რომ მეშინია ერთ-ერთი აფეთქების დროს არ ჩამოგვენგრეს შენობა თავზე. დაბზარულია იატაკები, კედლები…“ – ასე აღწერს სალომე ხალვაში გარემოს, რომელშიც ბოლო ორი თვეა ცხოვრება უწევს.

სალომე და კიდევ 80 ოჯახი ზესტაფონში, უზნაძის 93-ში მდებარე ოთხსართულიან კორპუსში ცხოვრობს. აქ ადრე ქალაქის ცენტრალური საავადმყოფო იყო.

ამ საცხოვრებელი კორპუსის ქვეშ გვირაბი უნდა გავიდეს, რომელიც ერთ-ერთია რიკოთის საუღელტეხილო გზის[ავტობანის] მშენებლობის ფარგლებში ასაშენებელი 51 გვირაბიდან.

ლურჯი წრით მონიშნული ადგილი, სადაც ავტობანის გვირაბი გაივლის

„თავიდან ვიცოდით, რომ გვირაბი 20 მეტრის დაშორებით გავიდოდა. მოვიდნენ, სახლები აღწერეს და გვითხრეს, რომ თუკი რემონტი დაზიანდებოდა გვირაბის მშენებლობისას, აგვინაზღაურებდნენ. ამაზე დავთანხმდით, რადგან 20 მეტრი საკმაოდ მოშორებით გამოდიოდა და პრობლემად არ მივიჩნიეთ. ახლა აღმოჩნდა, რომ გვირაბი უშუალოდ კორპუსის ქვეშ უნდა გავიდეს. ეს ძველი საავადმყოფოს შენობაა – გასული საუკუნის 60-იან წლებშია აშენებული. საკმაოდ ღრმა საძირკველი აქვს, რადგან შენობაში იყო მორგი და შესაბამისადაა ნაშენი. ახლა გვეუბნებიან, რომ გვირაბის ჭერსა და საავადმყოფოს საძირკველს შორის მხოლოდ 20 მეტრის სიმაღლე დარჩება. ჩვენ არ ვიცით და არც არავინ არ გვიხსნის, იქნება თუ არა ეს კორპუსი უსაფრთხო საცხოვრებლად,“ – გვიყვება სალომე ხალვაში.

სალომე ხალვაში

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ზესტაფონში დ. უზნაძის ქ. №93-ში ორი საცხოვრებელი კორპუსი მდებარეობს – ერთი ორსართულიანი და მეორე ოთხსართულიანი. დეპარტამენტი ადასტურებს, რომ გვირაბი ყოფილი საავადმყოფოს შენობის ქვეშ გაივლის, სადაც ახლა 80 ოჯახი ცხოვრობს.

„ორსართულიან საცხოვრებელ კორპუსსა და გვირაბს შორის მანძილი, ჭრილში, დაახლოებით 36 მეტრია. ხოლო, მეორე ოთხსართულიან საცხოვრებელ კორპუსსა და გვირაბს შორის მანძილი, ჭრილში, არის დაახლოებით 35 მეტრი.

უახლოესი ბურღვა-აფეთქებით სამუშაოებსა და კორპუსს შორის  მანძილი, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ნებართვის საფუძველზე არის 450 მეტრი, ხოლო დღეის მდგომარეობით აფეთქებები დაბალი მუხტით 516 მეტრის მანძილზე მიმდინარეობს. კორპუსის მხრიდან აფეთქებითი სამუშაოები არ მიმდინარეობს და ხორციელდება ექსკავაციის მეთოდით.

ამასთანავე, დასავლეთი მხრიდან, გვირაბის გაყვანა საცხოვრებელი კორპუსის ქვეშ ხორციელდება ჰიდრავლიკური ჩაქუჩით და არა აფეთქებითი მეთოდით. აფეთქებითი მეთოდით ხორციელდება სამუშაოები აღმოსავლეთის მხრიდან, სადაც მოსახლეობა არ ცხოვრობს,“ – ნათქვამია გზების დეპარტამენტის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებულ წერილობით კომენტარში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

სალომე ხალვაშის თანახმად, ის ფაქტი, რომ ავტობანის გვირაბი მათი კორპუსის სიახლოვეს გაივლიდა, უზნაძის ქუჩის მცხოვრებლებმა 2021 წელს გაიგეს. 2022 წლის მარტსა და აპრილში კი საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თითოეულ ოჯახში, ბზარების აღრიცხვა და ზედ სტიკერების დაკვრა დაიწყეს.

სალომე ხალვაში ამბობს, რომ ეს სტიკერი საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2022 წლის 6 აპრილს დააკრეს მისი ბინის კედლებზე

სალომე ამბობს, რომ გვირაბის გასაყვანი სამუშაოების დაწყების შემდეგ ზოგ ადგილას კედლები დაიბზარა და გამოინგრა. ახლა სალომეს და მის მეზობლებს აინტერესებთ, არის თუ არა უსაფრთხო სახლი, სადაც ცხოვრობენ. ამ კითხვაზე დოკუმენტურად დადასტურებული პასუხი, არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, ვერცერთი ოფიციალური უწყებიდან ვერ მიიღეს.

„აფეთქებებმა, რომელიც გვირაბის გასაყვანად ხდება, კორპუსის პირველ სართულზე ნაპრალები გააჩინა. უკვე შეიძლება კედლის ერთი მხრიდან მეორე მხარეს დაინახო რა ხდება.

რომელი მხრიდანაც უფრო მოუახლოვდა გვირაბი კორპუსს, იმ მხარეს გზაც დასკდა. საყრდენი კედელიც დაბზარულია. მივმართეთ ზესტაფონის მერიას, რაღაც კვლევები ჩაატარეს, მაგრამ ამ კვლევების პასუხი ჩვენამდე არ მოსულა.

თქვენს რომ „ჯერჯერობით კორპუსში ცხოვრება უსაფრთხოა“. ვეუბნებით, რომ დაგვისახელონ ორგანო, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას, რომ კორპუსს არაფერი მოუვა. გვამისამართებენ საგზაო დეპარტამენტში. საგზაო დეპარტამენტი გვამისამართებს კერძო კომპანიასთან, რომელიც ამ ეტაპზე მშენებლობას აწარმოებს. კომპანიას საერთოდ არაფერი აინტერესებს,“ – ამბობს სალომე ხალვაში.

სალომეს თქმით, კორპუსში 50 ბავშვი ცხოვრობს. ოჯახები უსაფრთხოების გარანტიას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საპროტესტო აქციების გამართვასა და საავტომობილო გზის გადაკეტვას აპირებენ.

„ბათუმელებმა“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ჰკითხა, შეამოწმა თუ არა რომელიმე სახელმწიფო უწყებამ კორპუსის მდგრადობა და ვინ იღებს პასუხისმგებლობას იქ მცხოვრებ მოსახლეობის უსაფრთხოებაზე?

„კონტრაქტორი კომპანია,  გვირაბის აფეთქების ვიბრაციის მონიტორინგს ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს და ვიბრაციის გადაჭარბება არც ერთხელ არ დაფიქსირებულა. დეპარტამენტმა ცალკე დამოუკიდებელ პირსაც დაუკვეთა ვიბრაციის კვლევა, რომელიც განხორციელდა რამდენიმე დღის წინ. კვლევის შედეგების შესაბამისად, პროექტის ფარგლებში განსაზღვრულ უსაფრთხოების დონეზე გადაჭარბება არ ფიქსირდება და ვიბრაცია მინიმალურია.

ჩატარებული კვლევების თანახმად, გვირაბის მშენებლობისას საამფეთქებლო სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი ვიბრაცია ვერ გამოიწვევს საცხოვრებელი კორპუსების და საცხოვრებელი ბინების დაზიანებას.

აღსანიშნავია, რომ გვირაბის აფეთქებითი სამუშაოები დაიწყო 2022 წლის 15 მარტს. ხოლო, შენობა-ნაგებობებზე წინასამშენებლო კვლევა განხორციელებულია სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე. კონტრაქტორი ორგანიზაციის დაკვეთით, ზემოაღნიშნული საცხოვრებელი ბინების ტექნიკური მდგომარეობა აღწერილია 2021 წლის მაისიდან – ოქტომბრამდე.

აღწერილი საცხოვრებელი ბინების კედლების ბზარები მონიშნულია თაბაშირით და ლენტით. არსებული ბზარების მონიტორინგი სისტემატურად მიმდინარეობს.

ამასთან აგვისტოს თვეში მოსახლეობასთან გაიმართა შეხვედრა და ადგილზე ინჟინრის გუნდთან ერთად დაათვალიერეს არსებული სიტუაცია.

მონიტორინგი კვლავაც ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება და ყველა შესაძლო საფრთხეზე იქნება შესაბამისი რეაგირება,“ – მოგვწერეს პასუხად დეპარტამენტიდან, რომელსაც სტილის დაცვით გთავაზობთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: