მთავარი,სიახლეები

როგორ იბრძვის უკრაინელი ბლოგერი და მწერალი ქვეყნის დასაცავად

13.09.2022 • 1432
როგორ იბრძვის უკრაინელი ბლოგერი და მწერალი ქვეყნის დასაცავად

„მე შთამაგონებს სიცოცხლის სურვილი. ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ იმიტომ, რომ ვიცოცხლოთ. ეს არის ჩვენი არგუმენტიც და მოტივაციაც,“ – ამბობს ცნობილი უკრაინელი სამხედრო, ბლოგერი და მწერალი ვალერი მარკუსი. მას ვკითხეთ, რა იყო მთავარი მოტივატორი, როდესაც გადაწყვიტა სათავეში ჩასდგომოდა 47-ე მსროლელ ბატალიონს უკრაინაში.

ვალერი მარკუსს „ბათუმელები“ კიევში შეხვდა და ესაუბრა.

47-ე ბატალიონი მიმდინარე წლის აპრილში შეიქმნა, უკრაინის მთავრობის პატრონაჟით და მას 30 წლის ვალერი მარკუსი 25 წლის ივან შალამაგასთან ერთად ხელმძღვანელობს.

  • ვინ არის ვალერი მარკუსი

ვალერი მარკუსი მებრძოლია უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, ის ცნობილი იუთუბერია და ერთი წიგნიც აქვს დაწერილი. ვალერი მარკუსი 2014 წელს 25-ე ბრიგადის შემადგენლობაში ირიცხებოდა და იბრძოდა დონბასში. სწორედ მაშინ გახდა სამხედრო ბლოგერი და იუთუბერი.

2016 წელს ის რეაბილიტაციის კურსს გადიოდა. კურსის დასრულების შემდეგ სამხედრო სამსახურისთვის შეუსაბამოდ მიიჩნიეს და არმიიდან წამოვიდა.

მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაცია 2022 წლის 24 თებერვალს თავს დაესხა უკრაინას და ომი გამოუცხადა, ვალერი მარკუსი ისევ ბრძოლაში ჩაერთო. ის სამხედრო კომისარიატის გვერდის ავლით 30-ე ბრიგადაში ჩაეწერა, სადაც პირველი ორი თვე დაზვერვის ოფიცერი იყო.

მიმდინარე წლის აპრილში ვალერი მარკუსს და 30-ე ბრიგადის მეთაურის მოადგილეს, ივან შალამაგას უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესთავაზა შეექმნათ ცალკე, 47-ე ბატალიონი და მისთვის ეხელმძღვანელათ. ამჟამად მარკუსი 47-ე ბატალიონის მთავარი სერჟანტია და ხელმძღვანელობს მის ფორმირებას. მას ახლო კავშირები აქვს უკრაინის მთავრობასთან.

გარდა ამისა, ვალერი მარკუსი საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და ასე ეხმარება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. მან რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დააარსა „მარკუსის ფონდი“, რომლის საშუალებითაც 60-დან 70 მილიონ გრივნამდე (დაახლოებით 1.8 მილიონი დოლარი) შეაგროვა. ვალერი მარკუსი ამბობს, რომ თანხა მთლიანად არმიას და მის საჭიროებებს მოხმარდა. იყიდეს ავტომანქანები, ჯარისკაცებისთვის ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებები და ყველაფერი, რაც ჯარს სჭირდებოდა ბრძოლისთვის.

„ფონდის შექმნა არ იყო ჩვენი იდეა, ეს იყო მმართველი ხელმძღვანელების იდეა და უბრალოდ ჩვენ დავთანხმდით წინადადებას. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ყველაფერი იყოს ხარისხიანად. „მარკუსის ფონდით“ ვქოლავთ იმ ხვრელებს, რომლის დახურვაც სისტემას არ შეუძლია, რომელსაც უკრაინის ეკონომიკა ვერ უმკლავდება. ჩვენი არმია არის 200 ათასი და ძალიან მცირე დროში გაიზარდა მილიონამდე,“ – უთხრა ვალერი მარკუსმა „ბათუმელებს“.

  • 47-ე მსროლელი ბატალიონი

47-ე ბატალიონი მალე პოლკად გადაკეთდება. ეს არის ადგილი, სადაც უკრაინელი სამოქალაქო პირები ჯერ ფრონტზე წასასვლელად ეწერებიან, განაცხადის შევსების შემდეგ კი გადიან შერჩევის პროცესს. თუკი აარჩევენ, შემდეგ უკვე სპეციალურ მომზადებას გადიან ფრონტზე წასვლამდე.

47-ე მსროლელ ბატალიონში მოსახვედრად, მსურველი რამდენიმე წინაპირობას უნდა აკმაყოფილებდეს. შერჩევის კრიტერიუმებში, პირველ რიგში, ყურადღებას აქცევენ ფიზიკურ გამძლეობას, შემდეგ კი პროუკრაინულ პოზიციას და უკრაინული ენის ცოდნას.

კითხვაზე, რა შეცვალა ომმა მისთვის, ვალერი მარკუსი პასუხობს, რომ დიდად არაფერი.

„არმიაში მოვხვდი 2011 წელს. სანამ ეს ყველაფერი დაიწყებოდა მანამდე დიდი ხნით ადრე. ჩემთვის  2014 წლის შემდეგ არაფერი არ შეცვლილა. უბრალოდ, ახლა არის ომის აქტიური ფაზა, რომელიც მეცხრე წელია გრძელდება.

შეიძლება შეიცვალა მხოლოდ ის, რომ ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს სხვანაირად ხედავდნენ, მათში რაღაცები შეიცვალა. მათ უკვე რაღაც ახლის გაგება დაიწყეს. თუმცა ჩემთვის არაფერი შეცვლილა,“ – ამბობს ვალერი მარკუსი.

მისივე თქმით, მას „უკრაინის უმაღლესი მთავარსარდლობისგან 100 %-იანი მხარდაჭერა აქვს“.

„თუმცა უმაღლესი სამხედრო პირების გარდა არსებობს დაბალი წოდების სამხედრო პირებიც, რომელთაც სხვადასხვაგვარი გაგება აქვთ. ხანდახან ჩვენს შესახებ საჭირო ინფორმაცია არ მიდის სწრაფად საჭირო ადგილებამდე, თუმცა ჩვენ ეს არანაირად არ გვიშლის ხელს მუშაობაში. ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენ გვაქვს 100%-იანი მხარდაჭერა უკრაინის უმაღლესი მთავარსარდლობის, უკრაინის ხელისუფლების,“ – ამბობს ვალერი მარკუსი.

ინტერვიუ ვალერი მარკუსთან მხოლოდ ათ წუთს გაგრძელდა და რამდენიმე კითხვის დასმა შევძელით.

ბოლო კითხვა საქართველოს და მის მხარდაჭერას ეხებოდა.

„ქართველებისადმი გვაქვს დიდი მოკრძალება და პატივისცემა. ჩვენ ვიცით, რა გადაიტანა 2008 წელს საქართველომ. დიახ, ყველა უკრაინელი ხედავს მსგავსებას ჩვენსა და საქართველოს მდგომარეობას შორის. მთელი გულით ვუხდით მადლობას ქართველ ხალხს იმისთვის, რომ ეხმარებიან და მხარს უჭერენ ჩვენს ერს,“ – თქვა ვალერი მარკუსმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: