ნეტგაზეთი • RU

მე-19 საუკუნის შენობა ხულოში ძეგლის სტატუსის გარეშე – რესურსცენტრი ხიმშიაშვილების სახლში

„დაბა ხულოში, საკათედრო ტაძრის გვერდით მდებარე სახლი, მე-19 საუკუნის 20-იან წლებში ააშენა ახმედ ბეგმა. ახმედ ბეგი ცნობილი ისტორიული პირის, სელიმ ხიმშიაშვილის ვაჟი იყო, რომელიც მამის სიკვდილით დასჯის შემდეგ ძმასთან ერთად გაიქცა და თავი გურიას შეაფარა. 

1815 წლის შემდეგ ახმედ ბეგი ისევ აჭარაში დაბრუნდა, ჯერ სოფელ ნიგაზეულში, სადაც მათი რეზიდენცია და სამემკვიდრეო ადგილია, მოგვიანებით კი – ხულოში, დღევანდელი დაბის ტერიტორიაზე, სადაც ააშენა საგვარეულო  სასახლე“,  – გვიყვება გოდერძი ბოლქვაძე. 

გოდერძი შუა საუკუნეების მკვლევარი და ისტორიის დოქტორანტია, ასწავლის სამოქალაქო განათლებას თბილისის თავისუფალ სკოლაში და პარალელურად ისტორიულ შენობებსა და მათ შესახებ მკვლევრებისა და მოგზაურების ჩანაწერებს სწავლობს.

გოდერძი ბოლქვაძის თქმით, „უნდა არსებობდეს არაერთი წყარო, მათ შორის, ფოტომასალა, რომელიც გადაღებულია მე-20 საუკუნის დასაწყისში, კერძოდ, 1919 წელს და წესით, ეს ფოტოები უნდა ასახავდეს ერთსართულიან ქვით ნაშენ შენობას დაახლოებით იმ სახით, როგორიც დღეს აქვს. 

ვფიქრობ, შესაბამისი გამოკვლევებისა და არქივში მოძიების შემთხვევაში აღმოჩნდება მასალები, რომლებიც ნათლად დაგვანახებს ამ შენობის პირვანდელი ექსტერიერის და ინტერიერის სახეს, რაც გაამარტივებს შენობის რესტავრირების პროცესს“. 

ისტორიკოსის  შეფასებით, აჭარაში არსებობს კულტურული მემკვიდრეობის ბევრი ძეგლი, რომელთაც ოფიციალური სტატუსი ჯერ კიდევ არ აქვთ მინიჭებული. შესაბამისად, სახელმწიფო მათ სათანადო ყურადღებას ვერ აქცევს. 

„ჩემი აზრით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია ახმედ ბეგის სახლი დაბა ხულოში, სადაც ახლა ხულოს რესურსცენტრია განთავსებული.

სამწუხაროდ, რუსეთ-ოსმალეთის დაპირისპირებამ ახმედ ბეგის სასახლის პირვანდელი სახე შეიწირა – შენობა 1829 წელს რუსებმა დაწვეს (გენერალ ოსტენსაკენის მეთაურობით). 

ისტორიკოსების თქმით, ხულოს რესურსცენტრი განთავსებულია ისტრიულ შენობაში, რომელიც ხიმშიაშვილებს ეკუთვნოდათ

გადამწვარ სასახლეს გარკვეული პერიოდის შემდეგ უბრუნდება და აღადგენს ახმედ ბეგის  შვილიშვილი. ის საკმაოდ მაღალ, ქვით ნაგებ ერთსართულიან, აივნებიან  შენობას აშენებს.  

ამ სახლის ისტორია ისევ დრამატულად ვითარდება საქართველოსა გასაბჭოების შემდეგაც – კომუნისტები შევიდნენ ხულოშიც და არსებული ხიმშიაშვილების სასახლე, რომელიც იმ ხანად ერთადერთი მყარი ქვის შენობა იყო, ადმინისტრაციულ შენობად გადააკეთეს, დააშენეს მეორე სართული და ცვლილებები შეიტანეს როგორც ინტერიერში, ასევე  ექსტერიერშიც.

ბუნებრივია, ბეგის სახლს არ ჰქონდა მხოლოდ საცხოვრებლის დატვირთვა. სასახლე ასრულებდა  სამართლებრივი სივრცის ფუნქციას, მართვის საკითხების აღსრულებას და ა.შ. ანუ ადმინისტრაციული შენობის ფუნქცია ამ სახლს ნაწილობრივ ისედაც ჰქონდა“, – ამბობს გოდერძი ბოლქვაძე. 

გოდერძი ბოლქვაძე: „შენობა, რომელშიც დღეს რესურსცენტრია განთავსებული ნამდვილად ეკუთვნოდათ ხიმშიაშვილებს. ამ საკითხზე მოგვეპოვება ისტორიული წყაროები – დიმიტრი ბაქრაძის „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში” [დ. ბაქრაძემ 1878 წელს იმოგზაურა აჭარაში], თედო სახოკიას “მოგზაურობა აჭარაში” და სხვა“.

გოდერძი წუხს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ნიშნების მქონე თითქმის ორსაუკუნოვან შენობას, რომელიც  დაბა ხულოში დგას, სათანადო ყურადღებას არ აქცევენ შესაბამისი უწყებები.

ისტორიკოსის თქმით, ბევრი მეთოდით სცადეს პასუხისმგებელი პირებისთვის, მაგალითად, ხულოს მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისთვის, აჭარის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებისთვის, ინფორმაციის მიწოდება, თუმცა მათი დაინტერესება ვერ მოახერხეს. გოდერძის იმედი აქვს, რომ საზოგადოების სათანადოდ ინფორმირების შემთხვევაში, ამ შენობას ბოლოს და ბოლოს მიანიჭებენ ძეგლის სტატუსს.

„ვისურვებდი, რომ ბეგის სახლად წოდებულ შენობას რესტავრაცია ჩაუტარდეს, განახლდეს და იქ რაიმე კულტურული სივრცე მოეწყოს, თუნდაც მუზეუმი. ვფიქრობ, შენობის რესტავრირება ხულოს კულტურულ ისტორიას გაამრავალფეროვნებს და მოიზიდავს ტურისტს“.

გოდერძი ბოლქვაძე

კულტურული მემკვიდრეობის ნიშნის მქონე თითქმის ორსაუკუნოვან შენობის ბედი გოდერძის გარდა სხვა აქტივისტებსაც აწუხებთ. სწორედ ამიტომ თანამოაზრეებმა შექმნეს საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ხიმშიაშვილების საგვარეულო შენობისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.

საინიციატივო ჯგუფის კდევ ერთი წევრი, ზაზა მიქელაძე ამბობს, რომ ამ შენობის ბედის მიმართ ინტერესი დღითი დღე მატულობს. „საინიციატივო ჯგუფში საწყის ეტაპზე მხოლოდ სამი ადამიანი ვიყავით: მე, გოდერძი ბოლქვაძე და გიორგი რიჟვაძე, თუმცა ადამიანებს სურთ შემოუერთდნენ საინიციატივო ჯგუფს და თანდათან ვიზრდებით.  

პირველ ეტაპზე საინიციატივო ინფორმაციის გავრცელება სოციალურ ქსელში პოსტების გამოქვეყნებით დავიწყეთ, რათა საზოგადოების პოზიცია მოგვესმინა. 

შემდეგი ეტაპი ოფიციალურ უწყებებთან კომუნიკაცია, კონსულტაციების გავლა და  საკითხის ადვოკატირებაა. 

ამ საკითხზე,  როგორც მოქალაქეებმა, ასევე პასუხისმგებელმა უწყებებმა, მიზანმიმართული პროცესები უნდა წარვმართოთ საჭირო შედეგის მისაღწევად.  

მნიშვნელოვანია, როგორც ხიმშიაშვილების საგვარეულო სასახლის, ასევე ხულოში არსებული ხიმშიაშვილების სასაფლაოს რესტავრირება. ვფიქრობ, ორივე მათგანი მნიშვნელოვანი ძეგლია და აუცილებელია შევამჩნიოთ, დავაფასოთ და შევინარჩუნოთ“, – ამბობს „სოლიდარობის თემის“ თანადამფუძნებელი.

___ 

მე-20 საუკუნის დასაწყისში გაზეთ „საქართველოში“ აპოლონ წულაძე აქვეყნებს სტატიას, სადაც ამ სიტყვებით აღწერს ბეგის სახლს: „უახლოვდები აჭარის მძლეთა-მძლის ჯემალ ბეგ ხიმშიაშვილ-აჭარელის დიდებულ სასახლეს, ევროპულ გეგმაზე აგებულს, თლილი ქვის შენობას, ალებასტრით შელესილს“.

ეს ამ სახლის ზოგადი დახასიათება.

ჯემალ ბეგი ახმედ ბეგის შვილიშვილია. სტატიის ავტორი სახლს ჯემალ ბეგის კუთვნილებად იქიდან გამომდინარე მოიხსენიებს, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში ამ სახლის განახლებაში ჯემალ ბეგს დიდი წვლილი მიუძღოდა.

ხულოს რესურსცენტრის შენობა – სახლს ერთი სართული საბჭოთა ეპოქაში დააშენეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი